„საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება რომ სდომოდა, ამ მოძრაობას პოლიტიკურ პენსიაზე არ გაუშვებდა",- ამის შესახებ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ზედმეტ ყურადღებას უთმობს ოპოზიციური ძალის აქტივობას. ადვოკატი ფიქრობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები" არ შეუერთდებიან 21 მარტის აქციას ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ისინი საზოგადოებამ დისკრედიტირებულ ძალებთან არ გააიგივოს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება ზედმეტ ყურადღებას უთმობს „ნაციონალური მოძრაობის" აქტივობებს. ამ შემთხვევაში, 21 მარტის აქციას ხელოვნური, არაჯანსაღი აჟიოტაჟი ახლავს თან. ეს აქცის ორგანიზატორების წისქვილზე ასხამს წყალს და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ასეთი რიგითი აქციები არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის ნორმალური მოვლენა,"- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.