reportiori.ge - 21 მარტის აქციის საიდუმლო გეგმა - როგორ უწყობენ „ნაცები“ ხელს ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 06:13
პრეს-დაიჯესტი
21 მარტის აქციის საიდუმლო გეგმა - როგორ უწყობენ „ნაცები“ ხელს ივანიშვილის პრემიერად დაბრუნებას?!
ავტორი:
09 მარტი, 2015. 14:29



სააკაშვილი 21 მარტს სისხლისღვრის აუცილებლობას, თურმე, კიდევ ერთი მიზეზით ამართლებს. მას თანაგუნდელებისთვის უთქვამს, რომ მსხვერპლი აუცილებელია იმისთვისაც, რომ ირაკლი ალასანიასა და ჩვენს პარტნიორ სხვა ლიბერალურ ძალებს, საბაბი მიეცეთ, რომ რუსთაველზე გამოვიდნენ და ჩვენ გვერდით ღიად დადგნენო.

 

ნაციონალები 21 მარტის აქციისთვის გულმოდგინედ ემზადებიან. არეულობა, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა, შემდეგ რევოლუციური პროცესის დაწყება და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ეს არის 21 მარტის აქციის ერთადერთი მიზანი, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის სხვა რესურსი მათ აღარ გააჩნიათ და ეს 2 წელიწადში ჩატარებულმა სამმა არჩევნებმაც დაადასტურა. ნაციონალები რომ ნამდვილად არეულობისთვის ემზადებიან, სისხლისღვრასა და უბედურებას უქადიან ამ ქვეყანას, ამის შესახებ ქრონიკაც არაერთხელ წერდა და ქართული მედია გაჯერებულია ამის დამადასტურებელი ინფორმაციებით. თუმცა, ამჯერად, ნაციონალებთანდაახლოებული წყაროების მეშვეობით, მათი ავი ზრახვების შესახებ დამატებით ინფორმაციებს მოგაწვდით, კერძოდ, რა განწყობაა ნაცმოძრაობის მთავარ ოფისში და მათი 21 მარტის გეგმების მნიშვნელოვან დეტალებს გაგაცნობთ. ბევრს აინტერესებს, რატომ შეარჩიეს ნაციონალებმა 21 მარტი და არა სხვა თარიღი აქციების დასაწყებად. მოგახსენებთ, რატომ აირჩიეს ეს პერიოდი, ანუ მარტი. ნაციონალები საგაზაფხულოდ აქციებს რომ გეგმავდნენ, ამის შესახებ ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვწერდით და გასაკვირი არაფერია, უკვე გაზაფხულია. თუმცა, აქციების დაწყება, დავუშვათ, აპრილში უკეთესი იქნებოდა, რადგან მარტში მაინც ცივა და ხალხის ღამით გაჩერება შედარებით გაუჭირდებათ ორგანიზატორებს. თუმცა, მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა ყოფილა, რომ აქციები მარტში დაწყებულიყო და თავისი პარტიის ლიდერებს ამის მიზეზიც განუმარტა. ახლა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე დროებითი მშვიდობაა, მაგრამ მეტად მყიფე ვითარებაა. 2-3 თვეში, შესაძლოა, აქ ისეთი ომი ატყდეს, გასასწრებად იყოს საქმე. შესაბამისად, თუ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, მერე საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, ჩვენს მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებსა და მედიას, ჩვენთვის აღარ ეცლებათ, მთლიანად უკრაინის მოვლენებზე გადაერთვებიან. ახლა კი, თუ დროულად დავიწყებთ აქციებს, მთელ ყურადღებას ჩვენ მოგვაპყრობენ და პოლიტიკურადაც და საერთაშორისო პიარის თვალსაზრისით, ეს მომგებიანი პერიოდიაო, შემოუთვლია თანაგუნდელებისთვის კიევიდან სააკაშვილს.

 

„ნაციონალები“ სისხლისღვრისთვის რომ ემზადებიან და რუსთაველზე კიევური „მაიდანის“ კოპირებას აპირებენ, ამის შესახებ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი ღიად ლაპარაკობს. გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა კონკრეტული გვარებიც დაასახელა იმ ქართველი ზონდერებისა, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ და 21 მარტის აქციისთვის თბილისში ჩამოიყვანეს ნაციონალებმა, მათ შორის, ერთი სნაიპერია. აქვე შეგახსენებთ ქრონიკის მიერ რამდენიმე თვის წინ დახურულ წყაროზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ ნაცმოძრაობამ თებერვლის დასაწყისში, ვითომ ტურისტებად, კიევში გაამგზავრა თავისუფალი ზონისა და თავისი სატელიტი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიული აქტივისტები, სულ 300 კაცი. მათ ერთთვიანი სწავლება უნდა გაევლოთ კიევის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე, ისინი იმ ინსტრუქტორებს უნდა მოემზადებინათ, ვინც კიევში მაიდანის ორგანიზატორები იყვნენ და სხვადასხვა სახის პროვოკაციებს გეგმავდნენ და თავადაც მონაწილეობდნენ მათ შესრულებაში. 15 მარტისთვის ეს 300 ზონდერი თბილისში ჩამოვა და 21 მაისის აქციაზე, სავარაუდოდ, ხალხში არეულობის შეტანის, ცემა-ტყეპისა და სხვა უბედურების მოთავე იქნება. წყარო აცხადებს, რომ ნაცმოძრაობის თითქმის ყველა ლიდერი ერთ აზრზეა 21 მარტს რუსთაველზე თუ სისხლი არ დაიღვარა, წასულია ჩვენი საქმე, ბიძინა ივანიშვილი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს და ამ არჩევნებში სასტიკად დავმარცხდებით, ამიტომ, საქმე არჩევნებამდე არ უნდა მოვიყვანოთ და ეს ხელისუფლება რევოლუციის გზით დავამხოთ, რაც მეტი ხალხი დაშავდება, მით უარესი ხელისუფლებისთვის და მით უკეთესი ჩვენთვისო. მიხეილ სააკაშვილს სულ ფეხებზე ჰკიდია, რამდენი ადამიანი შეეწირება მის პოლიტიკურ ამბიციებსა თუ არაადამიანურ ვნებებს. მისთვის მთავარია, ხელისუფლება დაიბრუნოს და მსხვერპლთა რაოდენობა არ ადარდებს, სისხლისღვრა და კაცის კვლა ხელისუფლებაში ყოფნისას „ნაციონალთათვის ქვეყნის მართვის საშუალება იყო და დღეს, როცა ოპოზიციაში მყოფებს არანაირი პასუხისმგებლობა არ აკისრიათ, მართლა ნაკლებად აინტერესებთ უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილი 21 მარტს სისხლისღვრის აუცილებლობას, თურმე, კიდევ ერთი მიზეზით ამართლებს. მას თანაგუნდელებისთვის უთქვამს, რომ მსხვერპლი აუცილებელია იმისთვისაც, რომ ირაკლი ალასანიასა და ჩვენს პარტნიორ სხვა ლიბერალურ ძალებს, საბაბი მიეცეთ, რომ რუსთაველზე გამოვიდნენ, ჩვენ გვერდით ღიად დადგნენ, თუ დაინახეს, რომ ხალხი დაიხოცა, უკვე არ გაუჭირდებათ რუსთაველზე მოსვლა და ჩვენთან დგომა, მერე უკვე აღარავინ არ წამოაძახებთ, რა გინდათ ნაციონალებთანო, რადგან სახეზე იქნება იმის ნიშნები, რომ ხელისუფლება ხალხზე ძალადობს, ხალხიც კი დახოცა და მის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე ყველას ვალი იქნებაო. მოკლედ, რუსთაველზე სასაკლაოს მოწყობას მრავალი მიზანი აქვს ნაციონალთათვის და ერთ-ერთი მათი ფარული მოკავშირე ძალებისთვის ხელ-ფეხის გახსნა ყოფილა, რომ რუსთაველზე გაქანდნენ, ნაციონალებსგვერდი დაუმშვენონ და ამ ხელისუფლებას სისხლიანი რეჟიმი და მტარვალები ეძახონ.

 

„ნაციონალები“ დარწმუნებულნი არიან, რომ მიზანს მიაღწევენ, სისხლს დაღვრიან და ქვეყანაში რევოლუციურ ტალღას ააგორებენ. ცხადია, თუ ასე მოხდა, მერე პროცესები უმართავი გახდება, რევოლუცია ვის შეჭამს, ეს კაცმა არ იცის, რომელი პოლიტიკური ძალის მომხრეები დაიღუპებიან, ეს რევოლუციისთვის სულ ერთია. ამიტომ, ნაციონალების წამყვანმა ლიდერებმა თადარიგი დაიჭირეს, ზოგმა უკვე გაგზავნა თავისი ცოლ-შვილი, ოჯახის სხვა წევრები უცხოეთში, უმეტესობას კი მათთვის აეროპორტში დაჯავშნილი აქვს ბილეთები 21 მარტამდე, ამბობს წყარო. ასეა, ნაციონალებისხვისი ხელით აპირებენ ხელისუფლების დაბრუნებას, სხვას აბრძოლებენ და საკუთარ შვილებს, ძმებს, დებს ცხრა მთის იქიდან, უსაფრთხოდ აყურებინებენ იმ უბედურებას, რის დატრიალებასაც ქვეყანაში გეგმავენ. სხვისი ხელით ნარი მიხეილ სააკაშვილმა 2003 წლის ვარდების რევოლუციისდროსაც გლიჯა, როცა 20-კაციანი დაცვითა და ჯავშანჟილეტით დადიოდა და შევარდნაძის ხელისუფლებას ძალა რომ გამოეყენებინა, თავად ნაკლები საფრთხე ელოდა და ისევ მისი მხარდამჭერები გაიჭყლიტებოდნენ. სააკაშვილს ძალიან, ძალიან არ უნდა, რომ 21 მარტის აქციას და მისი გეგმით, შემდგომ განვითარებულ სისხლიან მოვლენებს, კიევიდან ადევნოს თვალყური. ეს არც ნაციონალებს აწყობთ, ხალხი იტყვის, თვითონ უხიფათოდ არის კიევში და აქ ხალხს ახოცვინებსო. ამიტომ, სააკაშვილი შესაძლოა, 21 მარტს და შემდგომ დღეებში, როცა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება, სარფში, თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოვიდეს და იქიდან თან აკონტროლოს სიტუაცია და თან, ხალხი დააბოლოს. თუ ეს გააკეთა, ნაციონალთა  ომხრეებს შეუქმნიან განცდას, რომ მიშა ძალიან ახლოს არის და მალე შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზეც შემოვიდეს, რაც ამ ხალხისთვის ერთგვარი სტიმული იქნება. მეორე მხრივ, სააკაშვილის მხარდამჭერი მედია ააგორებს პიარს, რომ მას საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთა სურს, მაგრამ სამართალდამცავები ამის საშუალებას არ აძლევენ, რადგან მასზე საქმეებია აღძრული, შიდა ძებნაა გამოცხადებული და საზღვარს გადმოკვეთს თუ არა, მაშინვე დაიჭერენ. ცხადია, არც იმის თქმას დაიზარებენ, რომ სააკაშვილის დასაჭერად სარფში სპეცრაზმებია მობილიზებული და ესეც გეგმის ერთ-ერთი დეტალია. მოკლედ, მიშას უნდა გმირად წარმოჩნდეს, რომელსაც სამშობლოს გადასარჩენად ქვეყანაში არ უშვებენ და თან თავისი მომხრეები გაამხნევოს. თქმა რად უნდა, რომ ვიდრე მიშა სარფში იქნება, მასთან რუსთავი 2-ის ჟურნალისტებიც იქნებიან და დღეში რამდენჯერმე ჩართავენ პირდაპირ ეთერში ამ ისედაც გამოთაყვანებული მიშისტებისკიდევ უფრო გამოსაშტერებლად...

 

აქვე მთავარი კითხვა ჩნდება, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების ხელისუფლება?

 

ქრონიკასსანდო წყაროებმა აცნობეს,რომ ბიძინა ივანიშვილი არათუ საქართველოდან წასვლას არ აპირებს, პირიქით, უკვე სერიოზულად ფიქრობს პოლიტიკაში დაბრუნებაზე. მართალია, მან განაცხადა, თუ რაღაც უბედურება არ მოხდა, პოლიტიკაში არ დავბრუნდებიო, მაგრამ, როგორც ჩანს, ან გადაიფიქრა, ან ეს უბედურება, მისი ვარაუდით, უკვე კარს მოგვადგა. ხალხმა, ვინც ეს ინფორმაციები მომაწოდა, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრებთან სისტემატურ კონტაქტშია და შესაბამისად, იციან, რა აზრისაა ქვეყნის დე ფაქტო მმართველი ქვეყანაში მიმდინარე მთავარ პოლიტიკურ პროცესებზე. ქრონიკა ადრე, ასევე, დახურულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ზედმეტად სერიოზულად არ უყურებდა ნაციონალთამოსალოდნელ აქციებს, თბილისში მაიდანის მოწყობის გეგმასა და მიშას დამქაშებისგან მოსალოდნელ საფრთხეებს. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი თვლიდა, რომ ნაციონალები ვერაფრის დიდებით ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში და მაქსიმუმი, რასაც მათ ამ აქციებით შეიძლება მიაღწიონ, ეს არეულობა, დესტაბილიზაციაა და ამით ქვეყანას კი აზარალებენ, მაგრამ უპირველესად, საკუთარ თავს გამოუტანენ განაჩენსო. ამას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. წყარო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ეტაპზე უფრო სერიოზულად უყურებს სააკაშვილის ბანდის დაანონსებულ აქციას და მისგან გამომდინარე მთელ ამ პოლიტიკურ პროცესს. წყაროს თქმით, ივანიშვილს, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნების გავლენიანი პოლიტიკოსებისგან და ნაციონალთა რიგებში მყოფი მისივე აგენტურისგან აქვს საგანგაშო ინფორმაციები მოსალოდნელი არეულობის მასშტაბების, მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ და ახლა გაცილებით მობილიზებულია. მართალია, ის კვლავ არ განიხილავს სერიოზულად ნაციონალთა ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს, მაგრამ მისი გარემოცვის წევრები ლაპარაკობენ, რომ სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროებას ხედავს და ამის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ხშირად ეთათბირება. ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერთან შეხვედრისას უთქვამს, თუ დავინახე, რომ პროცესები უმართავ ფაზაში გადაჰყავთ ნაციონალებს, ქვეყანას დანგრევასა და სამოქალაქო ომს უქადიან, ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დაემართოს ამ ქვეყანას, სამოქალაქო ომს საქართველო ვეღარ გადაიტანს, ეს ქვეყნის საბოლოო დაშლის დასაწყისი იქნება და ეს საშინელება თუ რეალური გახდება, მაშინ ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, ავდგები და განცხადებას გავაკეთებ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ და ხელისუფლებას ოფიციალურად ჩავუდგები სათავეშიო. ეტყობა, ივანიშვილმა მათი მზაკვრული საიდუმლო გეგმების შესახებ მართლაც შემაშფოთებელი დეტალები იცის და ამიტომაც წამოსწია პოლიტიკაში დაბრუნების თემა.

 

ქრონიკის წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილი ახლა ძალიან სერიოზულად ფიქრობს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და ეს ნაციონალებთანბრძოლის იარაღად მიაჩნია. ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილი სამართლიანად მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები ნაცმოძრაობას წირვას გამოუყვანს, ხმების მინიმალურ რაოდენობას მიიღებენ და მაქსიმუმ, 20 კაცით მოხვდებიან პარლამენტში. ეს კი მათ, როგორც თავად უყვართ თქმა, ერთადერთ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის სტატუსს დაუკარგავს, რადგან ახალ პარლამენტში აუცილებლად მოხვდებიან ე.წ. ნაციონალური ძალები, რომლებიც კოალიციას შექმნიან და დეპუტატთა საერთო რაოდენობით, ნაცებზე მეტნი უეჭველად იქნებიან. შესაბამისად, ქართული ოცნების უმრავლესობის მთავარი ოპონენტებიც ისინი იქნებიან. ეს უსტატუსობა ნაციონალებს რიგით ოპოზიციურ პარტიად გადაქცევს და ამით დასრულდება მათი პარპაში. დასავლეთი უკვე სხვა პოლიტიკურ ძალაზე გააკეთებს ფსონს და მათ აღარც პოლიტიკური და აღარც ფინასური მხარდაჭერა აღარ ექნებათ უცხოეთიდან. აი, ამის გამოა, რომ ხალხი ჯერ ბიძინა ივანიშვილს, ახლა ირაკლი ღარიბაშვილს ეხვეწება, რომ საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მიიყვანონ და მერე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ამ არჩევნებს დანიშნავს, სხვა რა გზა ექნება? ბიძინა ივანიშვილმა ჩვენზე უკეთ იცის, რა კატასტროფაა ნაციონალთათვის“ ვადამდელი არჩევნები და ახლა, როცა რევანშისტები სისხლისღვრისთვის, ქვეყნის დაქცევისთვის ემზადებიან, მზად არის, ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს. ივანიშვილის გათვლა ასეთი ყოფილა. თუ ნაცმოძრაობამ მართლა საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას, ის დაბრუნდება პოლიტიკაში, თუნდაც გაუარესებულ, მეტ-ნაკლებად არეულ სიტუაციას კარდინალურად შემოაბრუნებს, რადგან ფიქრობს, რომ ხალხის ნდობის დიდი რესურსი მაინც აქვს. ის ქართული ოცნების ვადამდელ ყრილობას ჩაატარებს, სადაც მას პარტიის თავკაცად აირჩევენ და კვლავ პრემიერ-მინისტრად დაბრუნდება. აი, ამის შემდეგ კი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ისე, ამ ლოგიკას  უ მივყვებით, გამოდის, რომ „ნაცები“ თავიანთი სისხლიანი გეგმებით, ირიბად ხელს უწყობენ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

 

ივანიშვილი კოალიციიდან რამდენიმე პარტნიორი პარტიის ჩამოცილებასაც აპირებს, კონკრეტულად რომლის, ამის შესახებ ჯერ ვერაფერს მოგახსენებთ. მას უთქვამს, რომ ზოგიერთმა პარტნიორმა არათუ არ გაუმართლა იმედები, მეტიც, უღალატა მას და იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც იყვნენ გაერთიანებულნი და იმის ნაცვლად, რომ ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ერთად ებრძოლათ, პირიქით, მის ზურგს უკან ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ნაციონალები მოეძლიერებინათო. ცხადია, აქ ირაკლი ალასანია და თავისუფალი დემოკრატები არ იგულისხმებიან, რომელთა შესახებ თავისი პოზიცია ივანიშვილმა მკაფიოდ უკვე ჩამოაყალიბა და ეს პარტია დღეს კოალიციის წევრი არც არის. ძალიან საინტერესოა, რომელ პარტიას მოისვრის ივანიშვილი. თუმცა, იმ ნიშნების მიხედვით, რაც სახეზეა, ერთერთ ასეთ პარტიაში, სავარაუდოდ, „რესპუბლიკელებს“ უნდა გულისხმობდეს. წყარო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან ახალი კოალიციის შექმნის თაობაზე. ამის შესახებ მისი გარემოცვა ლაპარაკობს. ჯერჯერობით, ივანიშვილი არც ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს თავად არ შეხვედრია, მოლაპარაკებებს მისი წარმომადგენლები აწარმოებენ რამდენიმე პარტიის ლიდერთან და ნიადაგს ამზადებენ მათი და ივანიშვილის შეხვედრებისთვის. ეს ინფორმაცია მეტყველებს, რომ ექსპრემიერს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე უჭირავს თვალი, თორემ საეჭვოა, არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე მომავალი პარტნიორების ძიება დაეწყო. არა, თადარიგიანი ხალხი უფრო ადრეც კი იწყებს ამ საქმეს, მაგრამ ეს ნორმალურ ქვეყანაში. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში კლასიკური მაფიოზური კანონები ბატონობს, როცა თავის გადარჩენა უპირველესი საზრუნავია და ქვეყნის ინტერესები ყველას ფეხებზე ჰკიდია...

 

 

 

 

ლევან ჯავახიშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016