reportiori.ge - რობაქიძის სქემიდან გამქრალი მტკიცებულება - სადავო ნივთმტკიცების სკანდალური ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 06:14
პრეს-დაიჯესტი
რობაქიძის სქემიდან გამქრალი მტკიცებულება - სადავო ნივთმტკიცების სკანდალური ისტორია
ავტორი:
10 მარტი, 2015. 11:07


ბუტა რობაქიძის საქმემ სასამრთლოში გადაინაცვლა, სადაც მალე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება იმის დასადგენად, რა წვლილი მიუძღვით უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს რობაქიძის მკვლელობაში. სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ავტომობილში იარაღი იდო თუ ის შემთხვევის ადგილზე პოლიციამ მიიტანა. გამოძიების პირვანდელი ვერსიით, ავტომობილში, სადაც ბუტა რობაქიძე და მისი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ, რამდენიმე იარაღი იდო, მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა „ბარაბნიანი" პისტოლეტის ისტორია, რომელიც ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული, თუმცა მოგვიანებით საქმის მასალიდან გაქრა.


აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ნივთმტკიცება პროკურატურის გამომძიებელმა, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარ ძმაკაცს, ყვარლის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს, ნუგზარ გვაზავას უსახსოვრა. სისხლის სამართლის საქმიდან ნივთმტკიცების გაჩუქების ფაქტზე, პროკურატურაში ცალკე გამოძიებაა დაწყებული. სხვებთან ერთად, დაიკითხა ყვარლის პოლიციის ყოფილი უფროსი ნუგზარ გვაზავაც. „პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა გვაზავას დაკითხვის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ პროკურატურის გამომძიებელმა შალვა ნიქაბაძემ, რომელმაც რობაქიძის მკვლელობის ადგილიდან ნივთმტკიცებები ამოიღო, 2008 წლის 22 ნოემბერს მართლაც გააჩუქა „ბარაბნიანი" პისტოლეტი, ანუ ერთ-ერთი ნივთმტკიცება, რომელიც ამჟამად სასამართლო დავის საგანია.


სანამ ნუგზარ გვაზავას ჩვენებას გაგაცნობთ, მანამდე ორიოდე სიტყვით ზემოხსენებული პისტოლეტის შესახებ გიამბობთ. როგორც გავარკვიეთ, „ტაურუსის" ფირმის რევოლვერი „მაგნუმ 357" 1996 წელს ყაზბეგის გამზირზე მდებარე იარაღის მაღაზიიდან ვინმე გიორგი კაშიამ შეიძინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პიროვნება კოლექციონერია და სახლში სხვა ძველებურ იარაღსაც ინახავდა. 2001 წელს, როდესაც კაშიების ოჯახი ბათუმში ახალი წლის აღსანიშნავად იმყოფებოდა, დაუდგენელმა პირებმა თბილისში, ანტონოვსკაიას ქუჩაზე მათი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და, სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად, ჩემოდანში ჩალაგებული იარაღიც მოიპარეს. მოგვიანებით ერთ-ერთი ეს იარაღი, „მაგნუმ 357" ბუტა რობაქიძის საქმეში გამოჩნდა. მაშინ სამართალდამცველები ამტკიცებდნენ, რომ წერეთლის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ავტომობილიდან სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღეს, მათ შორის „ტაურუსის" ფირმის რევოლვერი „მაგნუმ 357". აღნიშნული ნითმტკიცება კარგად ჩანს იმ ვიდეოკადრებშიც, რომელიც პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი ფირცხალავამ რობაქიძის საქმეზე ბრალის წარდგენის შემდეგ გაასაჯაროვა. ზემოხსენებული იარაღი სისხლის სამართლის საქმის მთავარ ნივთმტკიცებად ითვლებოდა, საქმის დახურვის შემდეგ ის კანონიერ მფლობელს, ანუ გიორგი კაშიას უნდა დაბრუნებოდა. თუმცა, 2008 წელს ეს ნივთმტკიცება ყვარლის პოლიციის უფროსის ხელში აღმოჩნდა. ირკვევა, რომ პროკურატურის გამომძიებელმა შალვა ნიქაბაძემ კაშია ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შსს-ს მომსახურების სააგენტოში დაიბარა და ნუგზარ გვაზავასთვის იარაღის გადაფორმება მოსთხოვა.


იცოდა თუ არა თავად ნუგზარ გვაზავამ, რომ მისთვის ნაჩუქარი რევოლვერი რობაქიძის სისხლის სამართლის საქმის ნივთმტკიცებას წარმოადგენდა? ამის გასარკვევად მის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას მოვიშველიებთ, სადაც ის ყვება:


„2003 წლის მარტიდან 2004 წლის გაზაფხულამდე ვმუშაობდი თბილისის სატრანსპორტო პოლიციის რეგიონალურ განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებროს უფროს ინსპექტორად. ამ პერიოდიდან ვიცნობ შალვა ნიქაბაძეს, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა თბილისის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურატურაში. ის იყო ჩვენი სამსახურის ზედამხვედველი პროკურორი. მოკვლეულ მასალებსა და სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებას ზედამხედველობა. ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთთან ახლო მეგობრული ურთიერთობა, რაც გაგრძელდა ჩემი სხვა სამსახურში გადასვლის შემდეგაც. 2005 წელს მე დავინიშნე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 2006-2007 წლებში ვიმუშავე ქალაქ ფოთის შინაგან საქმეთა სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილების უფროსად. 2008 წლის ივნისში წარმადგინეს ყვარლის რაიონის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო ნიქაბაძე წარდგენილი იყო ყაზბეგის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. ნიქაბაძემ მითხრა, როგორც კი თანამდებობაზე დავინიშნებოდი, მაგარ იარაღს მაჩუქებდა, იარაღს თბილისში არ მომცემდა, ჩამომიტანდა ყვარელში. მე შევეკითხე, რა იარაღი უნდა ეჩუქებინა ჩემთვის, თუმცა მან არ მიპასუხა. ასე დავცილდით ერთანეთს. როგორც კი ორივე დავინიშნეთ, ჩვენ ერთმანეთთან გვქონდა სატელეფონო ურთიერთობა. 2008 წლის 22 ნოემბერს მობილური ტელეფონით დავუკავშირდი ნიქაბაძეს და დავპატიჟე ყვარელში გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად, იქვე ვთხოვე იარაღი, რომელიც შემპირდა, თუ არ გადაუფქრებია, წამოეღო. შალვამ მითხრა, რომ ყაზბეგში ვერ მიდიოდა, გზა იყო ჩაკეტილი და აუცილებლად ჩამოვიდოდა და შეპირებულ იარაღსაც ჩამომიტანდა. ყვარელში, სუფრასთან ყოფნის დროს ნიქაბაძეს არ გადმოუცია შეპირებული იარაღი. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შალვამ მითხრა, რომ შეპირებული იარაღი ჰქონდა მანქანაში, მთხოვა, გარეთ გავსულიყავით და მაჩუქებდა. მე და შალვა გავედით გარეთ, მან გააღო მანქანა, შიდა საბარგულიდან ამოიღო ნაჭერში გახვეული იარაღი და  გადმომცა. იარაღი იყო „ტაურუსის" ფირმის რევოლვერი „მაგნუმ 357". მე მომეწონა იარაღი და ვკითხე კიდეც შალვას, როგორ მჩუქნიდა ასეთ იარაღს. მადლობის ნიშნად გადავკოცნე და იარაღი ჩავდე ჩემზე განპირობებულ მანქანაში, რის შემდეგაც ორივენი დავბრუნდით სუფრასთან. შალვას  შევეკითხე, აღნიშნული იარაღი იყო თუ არა სუფთა, კერძოდ, ვისზე იყო გაფორმებული და ხომ შემეძლო გადმოფორმება. მან მიპასუხა, რომ არ იყო არანაირი პრობლემა, როგორც კი თბილისში ჩამოვიდოდი, იარაღს მაშინვე გადმომიფორმებდა. 2008 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩამოვედი თბილისში და თან ჩამოვიტანე ნიქაბაძის ნაჩუქარი ცეცხლსასროლი იარაღი გადასაფორმებლად. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ქავთარაძის ქუჩაზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წინ. ნიქაბაძეს ახლდა ორი პიროვნება, ქალი და მამაკაცი (ჩვენი ინფორმაციით, გიორგი კაშია და მისი მეუღლე - ავტ.). შალვამ მითხრა, რომ აღნიშნული იარაღი გაფორმებულია ამ ქალბატონზე, ჩემი ახლობელია და იარაღს შენ გადაგიფორებსო. ჩემს მიერ წარდგენილ იქნა იარაღი, რომელიც შემოწმდა ბალისტიკურ შემოწმებაზე და შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში ავიღე მოწმობა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლებით სამი წლის ვადით. ამის შემდეგ აღნიშნულ იარაღს ვატარებდი, როგორც სატაბელო საშტატო იარაღს, რაც დაფიქსირებულია შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურში. 2012 წლის თებერვალში ნიქაბაძის მიერ ნაჩუქარი იარაღი სამოქალაქო რეესტრში გავატარე ხელმეორედ ბალისტიკურ შემოწმებაზე და გავიფორმე უვადო შენახვის უფლებით", - წერს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვარლის პოლიციის ყოფილი უფროსი ნუგზარ გვაზავა.


კითხვაზე - იცოდა თუ არა, რომ ნიქაბაძის მიერ ნაჩუქარი ცეცხლსასროლი იარაღი წარმოადგენდა ნივთიერ მტკიცებულებას სისხლის სამართლის საქმეზე, გვაზავა პასუხობს: „ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, რომ მცოდნოდა, იარაღს ხელს არ მოვკიდებდი".


„პრაიმტაიმი" კომენტარისთვის შალვა ნიქაბაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად „საქართველოს ფოსტის" თანამშრომელია. მან სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის დასრულებამდე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.


„სანამ სასამართლო არ დამთავრდება, მაგ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემს მიმართ რაიმე სამართლებრივი პრეტენზია არ ყოფილა, რადგან ჩემს ქმედებაში არანაირი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება" - მხოლოდ ამ მცირე განმარტებით შემოიფარგლა შალვა ნიქაბაძე.


მისგან განსხვავებით, ინტერვიუზე უარი არ უთქვამს რობაქიძის საქმეში ბრალდებულ, დიდუბის პოლიციის ყოფილ უფროსს მამუკა გვაზავას:


- „ბარაბნიანი" პისტოლეტი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, პირველივე წუთებში იქნა ნანახი, რაც კადრებშიც კარგად ჩანს, ეს ნივთმტკიცება წესის შესაბამისად დაილუქა და ინახებოდა შალვა ნიქაბაძესთან, რომელმც შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოახდინა.


- თქვენი ინფორმაციით, როგორ აღმოჩნდა ის ნუგზარ გვაზავას ხელში?


- შაკო ნიქაბაძე ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი დაუდევრობით. ამას ადასტურებს ეს შემთხვევაც. პარადოქსია, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული იარაღის გაჩუქება მოხდა. ნუგზარ გვაზავა და შაკო ნიქაბაძე მეგობრობდნენ. როდესაც გვაზავა ყვარლის განყოფილების უფროსად დაინიშნა, ნიქაბაძემ ამის აღსანიშნავად მას სისხლის სამართლის საქმის ნივთმტკიცება აჩუქა, კერძოდ, თქვენ მიერ ნახსენები  იარაღი. მანამდე ნიქაბაძე მივიდა ანტონოვსკაიას ქუჩაზე, კაშიების ოჯახთან, საიდანაც თავის დროზე მოიპარეს ეს იარაღი და მათ მოსთხოვა, რომ გადაეფორმებინათ მის მიერ მითითებულ პიროვნებაზე. მათ უთხრა, ამ იარაღიდან კაცია მოკლულიო. ოჯახმა ეს რომ გაიგო, დასთანხმდა ნიქაბაძის მოთხოვნას და იარაღი ნუგზარ გვაზავას გადაუფორმა. დღეს ეს პიროვნება ყურებით ჰყავთ დაჭერილი და რასაც უნდათ, იმას ალაპარაკებენ, არა მარტო რობაქიძის, არამედ სხვა საქმეებზეც. ასეთივე მოწმეა ნუგზარ გვილავა, რომელიც ნარკორეალიზატორობაზე იყო დაკავებული და თუ არ ვცდები, 11 წელი ჰქონდა მისჯილი. ეს გახლავთ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი. ციხიდან გამოუშვეს და იმავე დღეს მიაცემინეს ჩვენება ჩვენს წინააღმდეგ, თითქოს მე მას დავავალე,რომ 3 შეკვრა ვაზნებიმოეტანა შემთხვევის ადგილზე, რაც სრული აბსურდია. როდესაც ამოღებულია 290 ვაზნა, დამატებით 3 შეკვრა ვაზნის ჩადება რატომ უნდა მომდომებოდა?!

 

- ფირცხალავას მიერ გასაჯაროებული ფირის ექსპერტიზამ რა შედეგი აჩვენა?.. სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, ამ ფირზე ზემოხსენებული „ბარაბნიანი" იარაღიც ჩანს და ამიტომ გეკითხებით...

 

- გერმანიიდან ჩამოვიდა პასუხი, მაგრამ პროკურატურამ არ ჩადო საქმეში, რადგან დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ ფირი ავთენტური და უწყვეტია.


P.S. მკითხველს შევახსენებ, რომ ამჟამად ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელები წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ არიან განთავისუფლებულნი, გარდა ირაკლი ფირცხალავასი, რომელსაც წინასწარი პატიმრობა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე შეუფარდეს.

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016