4 მარტს ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სამმა პოლიტიურმა ძალამ - „რეფორმატორებმა", „თავისუფალმა საქართველომ" და „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" აქცია გამართა, სახელწოდებით - „შემოულაწუნე". არ ვიცი, აქციის ორგანიზატორები ვისთვის აპირებდნენ შემოლაწუნებას, მაგრამ, ეს აქცია კონკრეტული შედეგით მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძისთვის დასრულდა, რომელსაც თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო სასტიკად გაუსწორდნენ.
- ირაკლი, პირველ რიგში, რა მოხდა და რატომ?
- მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი. ცუდი არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირადად მე შემეხო. მთავარი ის გახლავთ, რომ ეს ჟურნალისტზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და, როგორც ჩანს არც უკანასკნელი იქნება! დღესაც ისევე დაუცველები ვართ, როგორც უახლოეს წარსულში, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს.
რაც შეეხებაკონკრეტულად ინციდენტს: ჩემს მოვალეობას ვასრულებდი და აქციის მიმდინარეობას ვიღებდი. ამ დროს მოვიდა დაახლოებით 20 წლის ახალგაზრდა და მითხრა, რომ ჩემს მიერ გადაღებულ კადრებში მოხვდა, რის გამოც გადაღებული მასალის ჩვენებას და წაშლას მოითხოვდა. მე ვარ ჟურნალისტი და ცხადია, მასალას არ ვაჩვენებდი. წაშლაზე მითუმეტეს ლაპარაკი ზედმეტი იყო. ამის შემდეგ ეს ახალგაზრდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ივანე ბეგიაშვილი, ჯერ გინებაზე, შემდეგ კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდა.
- კადრებიდან ჩანს - შვილი ბეგიაშვილი გირტყამდა, მამა გიორგი ბეგიაშვილი კი გაკავებდა. ეს უკანასკნელი ნაციონალების დროს პოლიციის პოლკოვნიკი ყოფილა...
- სწორედ იმის გამო, რომ ამ პიროვნებას, გიორგი ბეგიაშვილს დაჭერილი ვყავდი, თავდაცვის საშუალება არ მქონდა. თუმცა, იმ წუთებში თავდაცვაზე მეტად იმაზე ვფიქრობდი, რომ კამერა არ დაემტვრიათ და მასალა არ დამეკარგა. საინტერესოა, რომ ეს პიროვნება, გიორგი ბეგიაშვილი „ფეისბუქზე" მეგობრებში მყოლია. სხვათაშორის, სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობა ივანე ბეგიაშვილზე მეტად სწორედ მისი მამის გიორგი ბეგიაშვილის დასჯას ითხოვდა, ხალხი მისმა საქციელმა მეტად აღაშფოთა.
- თუმცა, პროკურატურამ განაცხადა, რომ კანონი გიორგი ბეგიაშვილის დასჯას არ ითვალისწინებს, რადგან უშუალოდ მას არ დაურტყამს.
- ეს პროკურატურამ უკეთ იცის. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ნაცვლად სინანულისა, ივანე ბეგიაშვილის მშობლები მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ.
აქვე მადლობას გადავუხდი სამართალდამცავებს იმისთვის, რომ საქმის გახსნა და თავდამსხმელის დაკავება უმოკლეს დროში მოახერხეს.
- ირაკლი, ამბობ, რომ დაუცველობის განცდა ისევ არსებობს და ჟურნალისტებზე ძალადობაც გრძელდება...
- მიზეზი ერთია - დაუსჯელობის სინდრომი, რამაც ქვეყანაში ძალადობა კიდევ უფრო წაახალისა. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ამართლიანობის აღდგენა დღემდე ვერ მოხერხდა. შესაძლოა, რაღაც დანაშაულები გაიხსნა, მაგრამ დამნაშავეთა დასჯა არ ხდება.
- ისევე როგორც თქვენი, ფოტორეპორტიორების საქმის შემთხვევაში!
- უკვე რახანია, ვითხოვთ, რომ ჩვენს საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნას, მაგრამ უშედეგოდ. არადა, ეს ბევრ რამე მოჰფენდა ნათელს. ფაქტია და, ალბათ, უკვე ხელისუფლებაც ხვდება, რომ დამნაშავეები დაუსჯელობამ წაახალისა, რაც საზოგადოებისთვის სერიოზული საფრთხეა. ძალადობის მორიგი მსხვერპლი ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს.
- ირაკლი, როგორც ფოტორეპორტიორმა, არაერთი ხელისუფლება გამოიცვალე. ამ პერიოდებს შორის შედარება თუ შეგიძლია გააკეთო?
- სხვათაშორის, ფოტორეპორტიორად მუშაობის ჩემი მრავალწლიანი მოღვაწეობიდან „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებული ერთი გამორჩეული ფოტორეპორტაჟიც შემიძლია გავიხსენო. ეს დღე, ალბათ, ბევრ თბილისელს ახსოვს. 1992 წელს, 20 ივლისს თბილისში, ალექსეევკას დასახლებაში ავიაკატასტროფა მოხდა, ლაინერი „ტუ-154" ჩამოვარდა. გვიანი ღამე იყო, გაზეთის გამოსვლის წინა დღე, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამბავი რომ გავიგეთ, ადგილზე გავედით, ალაგ-ალაგ ნაწილებს ცეცხლი ეკიდა. ისეთი სიბნელე იყო, ვერაფერს ვხედავდით. რაც შევძელით, გადავიღეთ და სასწრაფოდ რედაქციაში დავბრუნდით, რომ მასალის ნომერში ჩადება მოგვესწრო.
რაც შეეხება იმ პერიოდს და დღევანდელობის შედარებას, მინდა ვთქვა და ასეც არის, რომ მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს შედარებით დაცული ვართ. თუმცა, მეორე მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გახშირებული ფაქტები სხვაგვარი შეფასების საშუალებასაც იძლევა. კიდევ ვამბობ, თუ დანაშაულისთვის ერთხელ მაინც არ დაისაჯა ვინმე, ძალადობა ცხოვრების წესად იქცევა!
P. S. სხვათაშორის 2011 წელს გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა" ირაკლი გედენიძის მიერ გადაღებული 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ერთ-ერთი კადრი წლის ფოტოდ აღიარა. გამოცემამ საკუთარ ვებ-გვერდზე ფოტოს ასეთი მინაწერიც გაუკეთა - „პოლიცია არბევს მომიტინგეებს საქართველოში...". ეს ის ფოტოა, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილმა ოთხი ქართველი ფოტორეპორტიორი, მათ შორის, ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლა. „ვაშინგტონ პოსტის" აღიარება, შეიძლება ითქვას, ფოტოგრაფის და საერთოდ, ქართულიჟურნალისტიკის, თავისუფალი სიტყვის პირველი გამარჯვება იყო სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ოღონდ საერთაშორისო გამარჯვება. იმედია, ასეთი გამარჯვებები არც ქვეყნის შიგნით მოგვაკლდება და ყველა ბრძოლა, მათ შორის, სააკაშვილისა და ნაციონალების ჯერ კიდევ მთელი სიმძაფრით მიმინარე ბრძოლა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ბოლოს და ბოლოს, მარცხით დასრულდება!
P. P. S. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ირაკლი გედენიძეზე მოძალადე ბეგიაშვილი სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - ისევე, როგორც „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ ზაზა დავითაიაზე ხელის აღმმართავ კემულარიას დააკისრა ბიუჯეტის სასარგებლოდ მხოლოდ 3000 ლარის გადახდა...
მოკლედ, კუბლაშვილების საქმე უკვდავია და იმარჯვებს!
(წყარო: "ასავალ-დასავალი", ნონა ბენდელიანი)