reportiori.ge - რა მისიით აგზავნის უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე 21 მარტისთვის სპეცჯგუფს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 06:15
პრეს-დაიჯესტი
რა მისიით აგზავნის უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე 21 მარტისთვის სპეცჯგუფს?
ავტორი:
10 მარტი, 2015. 17:12

 

 

 


რა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებამ და როგორ უნდა მოიქცეს 21 მარტს? რა მისია დაეკისრებათ უკრაინელ ინსტრუქტორებს? რა მიმართულებით უნდა გააძლიეროს შსს-მ კონტროლი?


„ალიას" ესაუბრება „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე:


- მიხეილ სააკაშვილმა, ჯერ კიდევ 2007 წელს, 7 ნოემბრის მიტინგის დასარბევად ძალიან აქტიურად გამოიყენა აზერბაიჯანიდან ჩამოტანილი მხუთავი აირი და სხვადასხვა ქიმიური საშუალებები და მთელი სისასტიკით დაარბია მიტინგი. გაიხსენეთ „სოროკაზე" გამოქვეყნებული ვანო მერაბიშვილის სატელეფონო საუბარი აზერბაიჯანის შს მინისტრთან, მადლობას რომ უხდის გაწეული დახმარებისთვის. მაშინ ამის შესახებ თქვენი გაზეთიც წერდა, რომ მიტინგის დასარბევად ყაზახები გამოიყენეს და ამ საშინელ დარბევაში ქართველები ნაკლებად მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, ქართველებიც იყვნენ, მაგრამ უმეტესობა ნამდვილად ყაზახი გახლდათ და სხვათა შორის, უკრაინელებიც ჰყავდათ. ახლაც, ანალოგიურად, „ნაციონალებმა" გაითვალისწინეს 2007 წლის პერიპეტიები, აპირებენ ისევ იმ ხერხს მიმართონ და კვლავ უცხოელები შემოიყვანონ საქართველოს ტერიტორიაზე. 2014 წლის 15 ნოემბერს „ნაციონალებს", ფაქტობრივად, მიტინგი ჩაუვარდათ, მიტინგზე ხალხის ის რაოდენობა არ მივიდა, რასაც იმედოვნებდნენ. სამაგიეროდ, ახლა სურთ, მოხდეს გარკვეული პროვოკაციები და ამისთვის გამოიყენებენ უკრაინის პოლიციური ძალების გარკვეულ დანაყოფებს. კარგად მოგეხსენებათ, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზღულაძეა და მის განკარგულებაშია დიდი რაოდენობა ხალხის რესურსისა, ჰყავს უდიდესი რაოდენობა პოლიციელებისა და ასევე, შინაგანი ჯარი, ამას დაუმატეთ უკრაინაში მოქმედი უამრავი სხვადასხვა ბატალიონი, რომელებიც შექმნილია საომარი მდგომარეობის გამო. მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ გარკვეული სახის პროვოკაციებს ამზადებენ დაქირავებული პირების დახმარებით, რომლებსაც საქართველოში გადმოისვრიან. ბატალიონი აქ არ შემოვა, მაგრამ შემოვლენ მათი ინსტრუქტორები, რომლებიც მოახდენენ თავდასხმების ინსცენირებას. გავიხსენოთ წიკლაურის თვითგვემის ინსცენირება, ასევე „ნაციონალური მოძრაობის" სხვა პირების ინსცენირებები. ჩემი ინფორმაციით, ამჟამად მასობრივი სახე მიეცემა შეხლა-შემოხლას ვითომ მომიტინგესა და გარეშე პირებს შორის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს აქცია დარბეულად და სისხლდაღვრილად მოინათლოს. ეკა  ზღულაძე სააკაშვილის ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელია, ეს ადამიანი დღეს ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ საქართველოში დიდი არეულობა დაიწყოს. სააკაშვილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია, იყენებს ამ უცხო ქვეყნის რეზერვს და ეს ინსტრუქტორები გამოყენებული იქნებიან როგორც მიტინგის დაწყებამდე, ისე უშუალოდ აქციის პერიოდში. ამიტომ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ გაკონტროლდეს საქართველოს საჰაერო და  სახმელეთო საზღვრები, რათა მსგავსი ტიპის ადამიანებმა ვერ შემოაღწიონ. ასევე, უნდა გააქტიურდეს ოპერატიული მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ამ დანაყოფების გადაადგილება თვალთახედვის არეში იყოს, რადგანაც ეს ადამიანები, დაბეჯითებით ვიმეორებ, ყველანაირად ეცდებიან, ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

 

- საზოგადოებამ რა უნდა იცოდეს და მიტინგის დროს რა უნდა გაითვალისწინოს?


- კინოს სახლთან რაც მოხდა, ხომ გვახსოვს, პოლიციელებმა თავად გახსნეს ცეცხლი, მერე კი ყველამ ვნახეთ, რომ ეს დადგმული სცენარი იყო, მაგრამ ამას მოჰყვა ადამიანების სიკვდილი. ამიტომ მოსახლეობამ ეს უნდა გაითვალისწინოს და ამ მიტინგზე არ გავიდეს, რადგანაც ისინი გარკვეული სამიზნეები იქნებიან ამ პროვოკაციისა და შესაძლებელია, თითოეული მათგანის სიცოცხლე დადგეს საფრთხის ქვეშ. ამ ქვეყანაში, როცა ყოფილი პრეზიდენტი გვყავს ისეთი, რომელიც ხან ავტობუსებს აფეთქებდა, რომ ეს რუსებს დაჰბრალებოდათ და ეს დადგენილი ფაქტია, ეს პირი ხალხის ლიკვიდაციას აწარმოებდა და ახლა დაინდობს ვინმეს? რა შორს მივდივართ, გაიხსენეთ, ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, რომ ეს გვამები მერე სხვებს დაჰბრალებოდათ, ამ ხალხის ხელწერა ესაა, მათი მიზანია 21 მარტის შემდეგ დაიწყოს საქართველოში ტოტალური აჯანყება. ასტროლოგიის მე არ მჯერა, სიმართლე გითხრათ, რადგანაც მორწმუნე ვარ, მაგრამ ხომ ამბობენ ასტროლოგები, რომ სპეციალურად შეარჩიეს 21 მარტი, მზის დაბნელების დღე, „ნაციონალებმა" თავისი აქციისთვის? მაგრამ მზე დაუბნელდებათ მაგათ, რადგანაც ასეთ დიდ უბედურებას ამზადებენ საქართველოში. ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს სამუშაოები და გაატაროს პრევენცია ასეთი ხიფათის არსებობის გამო. აუცილებელი კი არ არის, დანაშაულის შემდეგ დაისაჯოს ვიღაც. სანამ ეს უბედურება მოხდება, მანამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ უკრაინელები არ იყვნენ ბრმა იარაღად გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ სამარცხვინო შეტაკებებში.

 

- თქვენ ეროვნებით უკრაინელებზე საუბრობთ და იქ ჩვენი თანამემამულეებიც არიან...


- კარგი მითხარით: მე ამ შემთხვევაში მარტო გენეტიკურ უკრაინელებზე არ ვსაუბრობ, იმ შეიარაღებულ დაჯგუფებებში ამ წუთას არიან ქართველებიც, რომლებიც იქ უკრაინის სახელით ომობენ და შესაძლებელი რომ ინსტრუქტორები ამ დანაყოფებიდანაც იყვნენ. მოგეხსენებათ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები შეჩერებულია და არ გამოვრიცხავ, ამ ქართველების ნაწილი მათი ინტერესებისთვის იყოს გამოყენებული, რადგანაც სააკაშვილი ყოველ თავის გამოსვლაში აცხადებს, რომ არჩევნებამდე მოვა საქართველოს სათავეში და არჩევნებამდე როგორ დაბრუნდება, თუკი ან რევოლუცია და ან სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდა?

 

- კი მაგრამ, რასაც თქვენ ამბობთ, იგივე ინსტრუქტორების ჩამოყვანა და აქ ექსცესების მოწყობა, არ დაძაბავს ისედაც დაძაბულ ვითარებას უკრაინასთან? ესენი რომ გაიშიფრებიან, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გამოგზავნა ისინი საქართველოში?


- ორ სახელმწიფოს შორის ამაზე მეტი ვითარების დაძაბვა რაღად გინდათ? ვერ გავიგე, კაცი არის საერთაშორისო ცირკულარით ძებნილი, ზურაბ ადეიშვილზე მაქვს საუბარი, ჩადის უკრაინაში, იქ იბარებს ხალხს და იქაური ბიზნესმენების დარეკეტებას იწყებს? ანდა სააკაშვილი, რომელიც ასევე ძებნილია, ჩვენი მტერია და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ხდება? ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა გინდათ? ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლების უკრაინაში ვიზიტის განხორციელება, მხედველობაში მყავს პრემიერი ღარიბაშვილი, არის საფრთხის შემცველი, რადგანაც სააკაშვილი ის პირია, ვინც შეიძლება, დივერსია მოუწყოს, რადგანაც ძალოვან სტრუქტურებში თავისი ხალხი ჰყავს და ეს გაგიკვირდებათ თუ რაა? ჩვენ კი ვამბობთ, რომ უკრაინელ და ჩვენს ხალხს შორის მეგობრობაო, მაგრამ დღეს რეალობა ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სახეში სილა გააწნა საქართველოს და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აქ რომ ჩამოეყვანათ და პრეზიდენტის მრჩევლად დაესვათ იანუკოვიჩი, უკრაინელებს როგორი რეაქცია ექნებოდათ? დიდი ალბათობით, შესაძლოა, იქაური ქართველების დეპორტაცია მოეხდინათ და იქიდან ისე გამოეყარათ, როგორც რუსეთმა გამოგვიყარა მოქალაქეები. ვიმეორებ, ეს ძალა ყველაფერზეა წამსვლელი და რატომ უკვირთ, როცა ასეთ რამეს ისმენენ, ან კითხულობენ? ჩემი აზრით, უნდა გაკონტროლდეს ფოთის პორტიც, რადგანაც ამ ობიექტზე გარკვეული გავლენა აქვს თემურ ალასანიას და ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს არ მიეცეთ ამ დიდი პროვოკაციის აგორების საშუალება. ამის რეალური საფუძველი კი ნამდვილად არსებობს.


თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016