reportiori.ge - უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:30
პრეს-დაიჯესტი
უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?
ავტორი:
10 მარტი, 2015. 18:39

 

 

"ასავალ-დასავალის" შეკითხვას ქვეყანაში შექმნილი ვითარების საპასუხოდ, უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები პასუხობენ: 

 

 

 

გოგი ქავთარაძე, რეჟისორი:


- რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს!


თუმცა, დღეისთვის, 2012 წლისგან განსხვავებით, მას სხვა სიტუაცია და სხვა განწყობები დახვდება ქვეყანაში, ამიტომ, სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება, რომ დაბრუნდეს!



ირმა ინაშვილი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი:


- კარგი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და ბოლომდე მიიყვანოს მისი დაწყებული საქმე.


ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია დაარეგულიროს ვითარება. ზუსტად ეს იყო ჩვენი მთავარი პრეტენზია ხელისუფლებასთან და კონკრეტულად ბატონ ბიძინასთან, როდესაც ის პოლიტიკური სივრციდან გავიდა. ამ ეტაპზე მისი პოლიტიკაში ყოფნა დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას.



ვალერი გელაშვილი, პარლამენტარი:


- საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდება.


მას აქვს  ეფექტური და დროული გადაწყვეტილებების მიღების უდიდესი გამოცდილება. ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებას, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი სჭირდება.


 

მერაბ თავაძე, რეჟისორი:


- სააკაშვილის მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ აუცილებლად მანვე უნდა მიიყვანოს ბოლომდე ეს ცვლილებები და საქართველო ძლიერ, დემოკრატიულ, ეკონომიკურად წელში გამართულ ქვეყნად უნდა აქციოს.


სამწუხაროდ, იმ ხალხმა, ვინც მან ქვეყნის სამართავად დატოვა, ვერ გაუმართლეს!



ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი:


- ორივე ხელის აწევით მივესალმები ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას აქტიურ პოლიტიკაში, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება ჩვენს ქვეყანაში!



რამაზ საყვარელიძე,  პოლიტოლოგი:


- ძალიან კარგი იქნება, თუკი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება ქვეყნის შიდა პროცესების მართვაში. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, პრობლემები საკადრო პოლიტიკაში და საზოგადოების კრიტიკული განწყობა, გამოწვეულია ნაწილობრივ იმით, რომ ისეთი გავლენიანი ფიგურა, რომელსაც საზოგადოების განწყობის ხელისუფლებისადმი სასიკეთოდ წარმართვა შეუძლია, არ არის აქტიურ პოლიტიკაში. ამ და კიდევ სხვა მრავალი მიზეზის გამო, ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში და ყველანაირად ეცადოს სიტუაციის სასიკეთოდ შემობრუნებას. ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ბედი რომ არ ადარდებდეს, საერთოდ არ გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ჰორიზონტზე და იცხოვრებდა თავისთვის ბედნიერად!



მედეა ამირანაშვილი, ოპერის მომღერალი:


- ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, რადგან ვთვლი, რომ მხოლოდ მას შესწევს უნარი საქართველო დააყენოს სწორ რელსებზე, მისცეს ჩვენი ერის და ქვეყნის განვითარებას სწორი მიმართულება. ბიძინა ივანიშვილი დღეს ქართველ ხალხს ჰაერივით სჭირდება! ის უამრავი სიკეთე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს, მაძლევს იმედს, რომ იგი არასოდეს მიატოვებს ქართველ ხალხს გაჭირვებაში. სამებისა და სხვა მრავალი ეკლესიის აღმშენებელი ყველაზე უკეთ შეძლებს ქვეყნის მართვას!



პეტრე მამრაძე, „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი:


- ბატონმა ბიძინამ არაერთხელ თქვა, რომ ის არ არის და არ სურს იყოს პოლიტიკოსი. პირადად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, რამდენჯერმე შევხვედრივარ და სწორედ ისეთი ადამიანის შთაეჭდილება დატოვა ჩემზე, რომელსაც არანაირი მიდრეკილება არა აქვს პოლიტიკოსობისა და პრემიერ-მინისტრობისაკენ. არ ვარგა, როცა ადამიანს ვითარება აიძულებს, აკეთოს ის, რაც სინამდვილეში არ სწადია, თუმცა, ზუსტად ვიცი, ქვეყანაში კრიზისული ვითარება რომ იყოს, ბიძინა ივანიშვილი დროებით შემოვიდოდა პოლიტიკაში და შეასრულებდა სასიკეთო როლს.


იმედი მაქვს „ოცნების" ხელისუფლების უნიათობა და არაეფექტური ქმედებები ქვეყანას არ მიიყვანს კრიზისამდე. მაშინ ბიძინა ივანიშვილის ჩარევა პოლიტიკაში სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდება.



კახა კუკავა, პარტია „თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე:


- უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა, ის დღესაც მართავს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ვალდებულიც არის მართოს, რადგან სწორედ მას გამოუცხადა ნდობა ქართველმა ხალხმა 2012 წლის არჩევნებზე.



მარინა მოლოდინი, ყოფილი პარლამენტარი:


- ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ გააქტიურდა ნაციონალური მოძრაობა, სახელმწიფო სამსახურები ისევ დაკომპლექტებულია ნაცმოძრაობის მხარდამჭერი კადრებით, რომლებიც საბოტაჟს უწყობენ მმართველ გ უნდს.


დღეს ქვეყანას სჭირდება მკაცრი ხელი და ბატონი ბიძინას მეტი, სიტუაციის დარეგულირებას ვერავინ შეძლებს.



ლაშა ჩხარტიშვილი, - უფლებადამცველი: - რადგან პოლიტიკაში დღესაც მონაწილეობს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალური სტატუსი დაიბრუნოს და ბოლომდე აიღოს პასუხისმგებლობა მის მიერვე დაკომპლექტებულ მთავრობაზე!

 

 

 

"ასავალ-დასავალი"

 

მოამზადა მეგი საჯაიამ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016