reportiori.ge - რა ბერკეტები აამუშავა მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებელი ექსპერტიზის წინააღმდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:30
პრეს-დაიჯესტი
რა ბერკეტები აამუშავა მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებელი ექსპერტიზის წინააღმდეგ
ავტორი:
11 მარტი, 2015. 11:51

 

 

 

 

„როგორი გულსატკენია ზოგიერთი (საბედნიეროდ, არცთუ ბევრი) პროკურორის მხრიდან ჩემი პროფესიული ნიშნით დისკრედიტაციის მცდელობა. გაიგეთ, ცოდნაც მაქვს (ეს უმთავრესია), სერტიფიკატიც (ეს ჩემი ცოდნის დასტურია), შპს-ს ლიცენზიაც და თქვენი პროფესიული უცოდინრობის გადაფარვას ჩემი პროფესიული დისკრედიტაციით ნუ შეეცდებით. მაინც არაფერი გამოგივათ. სერტიფიკატი და ლიცენზია იხილეთ შპს „რეალექსპერტის" „ფეისბუკ-გვერდზე", - ეს არის, არც მეტი, არც ნაკლები, დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის პოსტი „ფეისბუკის" გვერდიდან. ცხადია, „პრაიმ-ტაიმი მიზეზებით დაინტერესდა და ახლა მკითხველს უამბობს, რა ტიპის საბოტაჟს უმზადებს პროკურორთა ერთი ჯგუფი პროკურატურის წიაღში ახლად შექმნილ დეპარტამენტს და, ზოგადად, სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რა მიზნით ხდება 2005-2012 წ.წ. პერიოდის საქმეებიდან დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების „ამოგდება" და ვის სჭირდება ეს.

 

 

მაშ ასე, მაია ნიკოლეიშვილი „პრაიმტაიმთან" თავისი პოსტის ადრესატებსაც შიფრავს და სქემასაც, რითაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნას დამოუკიდებელი ექსპერტის დამოუკიდებლობას:

 

 

- სამწუხაროდ, საშუალო რგოლის პროკურორთა ერთმა ჯგუფმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც, ჩემი აზრით, „ძველ რელსებზე" რჩებიან, რომელთაც არ უნდათ ან არ შეუძლიათ, ბრალი მტკიცებულებებით გაამყარონ და „მიშასდროინდელი მეთოდებით აგრძელებენ მუშაობას. წამოიწყეს, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, კამპანია ჩემი საქმიანობის წინააღმდეგ. ე.წ. „ძველ" საქმეებზე, რაც 2005-2012 წლებს მოიცავს (და სასამართლოში ძველი საპროცესო კოდექსით მიდის). მე მესმის, ჩემი დასკვნები ბევრ პრობლემას უქმნის სასამართლოში გამოძიებას მაშინ, როცა ის უხარისხოა მტკიცებულებების ნაწილში, როცა მტკიცებულებითი ნაწილი ძლიერია, მე ასეთ საქმეზე მასალების გაცნობის შემდეგ უარს ვამბობ. არ ვიცავ არც ერთი მხარის ინტერესს, ჩემი დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ საქმის მასალებს - ეს ჩემი სამუშაოს 99 %-ია. თუ გამოძიება სუსტია, რა ვქნა, არ ვიმუშაო? რა, ნაციონალური გამოძიების სტილზე გადავეწყო? ეს ხომ შეუძლებელია! ისინი უნდა „გადმოეწყონ" მტკიცებულებით სიმართლეზე, თუ ამის უნარი და ცოდნა აქვთ.

 

 

ჩვენ ვხედავთ, რომ ბადაშვილის პროკურატურა ფორმასა და კონტურებს იძენს, რამდენიმე რეზონანსული საქმის გამოძიება უკვე გამოიკვეთა, რომ მაღალ დონეზე მიმდინარეობს. რომ მთავარი პროკურატურის გამოძიება მაღალი სტანდარტებით მუშაობაზე გადადის და საშუალო და ქვედა რგოლი „ვერ ეწევა". ეს აშკარაა. ჰოდა, იმ საქმეებში, სადაც ამ „ჩამორჩენილ" იურისტებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გამო უჭირთ, ამ დასკვნების ავტორის წინააღმდეგ ილაშქრებენ, თან რით და რა პერიოდის საქმეებზე? ინსტრუმენტი ჭორაობაა, სხვა სახელი ამას არ ჰქვია - პროკურორი პირდაპირ მიმართავს მხარეს, რომ არ დანიშნოს ექსპერტიზა მაია ნიკოლეიშვილთან, ვინაიდან მას არ აქვს ლიცენზია!


- მართლა არ გაქვთ ლიცენზია?

 

- მაქვს! თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარია, როგორ მიგორებენ ამ თემას. ფაქტია, რომ ისანი-სამგორის პროკურორ ლაშა ამირანაშვილს ჩემი დასკვნით საქმე უფუჭდება და მიმართავს ასეთ ხერხებს, რომ თავი გადაირჩინოს: აპელაციაში მიმდინარეობდა პროცესი ბაღაშვილის ბრალდების საქმეზე, 2008 წლის პროცესით. საქმეზე, რომლის მიხედვითაც დაჭრილია 4 ახალგაზრდა კაცი. სხეულებსა და ტანსაცმელზე დაზიანებების ზომებით ჩანს, რომ გამოყენებულია ორი სხვადასხვა ტიპის ცივი იარაღი. პროკურატურას კი საქმეში მხოლოდ ერთი აქვს. პროცესზე დგება პროკურორი ლაშა ამირანაშვილი და ამბობს, - ქალბატონი მაია, ამას წინათ ქალაქის პროკურატურაში რაღაცას ამბობდნენ ერთ საქმეზე  (სტილი დაცულია), რომ თურმე თქვენ არ გქონიათ ექსპერტიზის ჩატარების უფლება, და ა.შ. ეს იმ აწეწილი საქმის გამო! რეალურად, ზურაბ ჟვანიაზე ჩეს მიერ გაკეთებული განცხადებების მერე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არა, მაგრამ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირების კანონში შევიდა ისეთი ცვლილება, რომელიც პირდაპირ კლავდა დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას - გაიძულებდა, შეგექმნა შპს და მინიმუმ მილიონი დოლარის ღირებულების აპარატურა-მოწყობილობით აღგეჭურვა. შედეგად მე, ფიზიკურმა პირმა, საგადასახადო ინსპექციაში დავწერე განცხადება, რომ დროებით ვაჩერებდი საექსპორტო საქმიანობას. ეს „დროებით" 2012 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდისთვის მიშამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო პირდაპირ კანონით დაიქვემდებარა და ამავე კანონში სახელობით ჩაუწერა, რომ მას ლიცენზირება არ სჭირდებოდა! რატომ არის დაშვებული დღემდე სახელმწიფო პროტექტორატი? ეს ლიცენზია მართლა წარმოადგენს რაიმე აუცილებლობას დაწესებულებისთვის? არა, რა თქმა უნდა, ეს იარაღია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზა მოეკლათ. არც ერთ სხვა დარგის სასამართლო ექსპერტიზის სამსახურს ლიცენზია არ მოეთხოვება დღემდე! ისევ დისკრიმინაცია! ბოლოს და ბოლოს, 2005 -2012 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობდა არც ერთი კერძო და სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო საექსპერტო დაწესებულება, რომელსაც ჰქონდა ლიცენზია! საოცრება კი ამ ფონზე ის არის, რომ მე მთხოვს ზოგიერთი პროკურორი სასამართლო პროცესზე, და მოსამართლეებმაც სად არკვიონ ტონობით ჯანდაცვის დოკუმენტი, სადაც უამრავი კოლიზიაა?! იგივე ისანი-სამგორის პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის უკვე სხვა პროცესზე ქცევიდან მივხვდი, რომ ჩემს მიმართ პროკურორების შემოტევას უკვე კამპანიური ხასიათი ჰქონდა: სასამართლო სხდომის დისკებს მოვუსმინე, და ისევ მაია ნიკოლეიშვილი, ოღონდ სხვა ბრუნვაში... არ მინდა პრესის ფურცებზე იმ ყველაფრის გამოტანა, რაც იმ დისკებზე მოვისმინე და გავოგნდი, მაგრამ კარგი იქნება, თუ მისი ხელმძღვანელობა მოისმენს ადე ოზმანიანის ბრალდების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომის ოქმებს 28.10.2014 წ. 12:14 სთ-სა და 30.10.2014 წ. 11:32 სთ-ზე. იმ პროცესზე, რომელზეც ჯერ დასკვნაც არ მიმიტანია! პროკურორმა იცის, რომ შეიძლება დასკვნამ საქმის კვალიფიკაციაზე იმოქმედოს, იმიტომ, რომ ამ საქმეში, ტრავმის მიღების მექანიზმზეა ყველაფერი დამოკიდებული და მას ეს მექანიზმი არც დაუდგენია გამოძიების მსვლელობისას. აკი სამხარაულის დაკითხულმა ექსპერტმაც დაადასტურა, ამ საკითხს მე ვერ ვწყვეტ, ეს კომისიის პრეროგატიავააო! ჰოდა, სასამართლო დარბაზსა თუ კორიდორში ეს პროკურორი ბრალდებულს უკიჟინებს, არ გინდთ მაიას დასკვნაო, იმიტომ, რომ მაიას ამ პროკურორის წონა წიგნი აქვს ქალა-ტვინის ტრავმაზე წაკითხული. პროკურორისგან ასეთი ძალადობა გაგონილა? ან ასეთი თვითნებობა გაგონილა? ყველაფერი კი გრიშა ბიბილაშვილისგან, ქალაქის პროკურატურის პროკურორისგან დაიწყო - დავით ტყაბლაძის ბრალდების საქმეზე. მკვლელობა 2000 წელს მოხდა. დაიღუპა ორი ადამიანი - სიძე და ცოლისძმა და ერთი პირი დაიჭრა. სამივეს ერთად სხეულზე 9 დაზიანება ჰქონდა, პლუს ტანსაცმელზე. თუ არ ჩავთვლით ამ პირთა ტანსაცმელზე ნაოჭში გავლილ დაზიანებებს, სულ 13 დაზიანება გამოდის. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ დაზიანებების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ერთ „მაკაროვში", ერთ მჭიდში ჩაეტეოდა და საქმის მასალების მიხედვით ტყაბლაძეს მჭიდი არ გამოუცვლია! ყველა მიხვდება, რომ ერთი „მაკაროვი" არ კმარა ამდენი დაზიანების მისაყენებლად. თან ერთი გაუსროლელი ტყვია შემთხვევის ადგილზე ეგდო! ჩემი დასკვნის შემდეგ გრიშა ბიბილაშვილი საკითხს სვამს ასე - ჰქონდა თუ არა მაია ნიკოლეიშვილს ლიცენზია 2000 წელს (საქმე იმ საპროცესო კოდექსით მიდიოდა). მაშინ მე ვმუშაობდი როგორც კერძო, ფიზიკური პირი და იგივე კანონში შავით თეთრზე ეწერა, რომ ლიცენზია კერძო პირს არ სჭირდებოდა. კიდევ არაფერს ვიტყოდი, მაგრამ ამ კვირაში უკვე სულ სხვა პროცესზე, სადაც ამირან ხუციშვილი გამოდის პროკურორად და რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, (ზემოხსენებული ლაშა ამირანაშვილის თანამშრომელია, ისანი-სამგორის პროკურატურიდან), გამოდის ეს პროკურორი და პირდაპირ ეუბნება სასამართლოს, რომ მაია ნიკოლეიშვილს არ აქვს მუშაობის უფლება. ეს მაშინ, როცა მან მხოლოდ ხელშეკრულება ნახა, რომელიც ბრალდებულის ოჯახთან მაქვს გაფორმებული ექსპერტიზის ჩატარებაზე საქმის მასალებით და ჯერ არ ჩამიტარებია, იმიტომ, რომ მასალებია გამოთხოვილი ციხიდან, რომელშიც უნდა ეწეროს, აქვს თუ არა ამ პირს დაზიანებები, ანუ სცემეს თუ არა! როგორც ვიცი, ციხის დოკუმენტებში წერია, რომ ამ ახლაგაზრდას დაზიანებები აქვს. გაუჭირდა პროკურორს და რა ქნას? მაია ნიკოლეიშვილი უნდა „ამოაგდოს" საქმიდან, რომელიც შეიძლება თავზე დაენგრეს, ვინაიდან საქმე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის მუხლსაც შეიცავს! აქ უკვე ყველაფერი გასაგებია! ზოგიერთი პროკურორი ხან იმას უხსნის მხარეს, რომმაია ნიკოლეიშვილი ნასამართლევია, მეორე მე მიწევს ხალხმრავალ დარბაზში მტკიცება, რომ ნასამართლობის არმქონე ვარ (იურიდიულად) და ჩემს პროფესიულ საქმიანობას და ამ კონკრეტულ საქმეს ეს არ ეხება, მეორე პროკურორი „ამუშავებს" ადვოკატებს და ასე შემდეგ! ამ ყველაფრის მიზეზი მარტო ამ პერსონების „თვითშემოქმედება" არ უნდა იყოს. ამ ყველაფრის თავი და თავი სამართლიანობის აღდგენის პროცესია. თუ ეს პროცესი წარმატებით განხორციელდება, უამრავი საქმე ამოყოფს თავს, ზგიერთი პროკურორის „ნაკაიკაცარი"! ამ საქმეების გადახედვით „ამოიყრება" ახლად აღმოჩენილი გარემოებები  იმ საქმეებში, სადაც ადამიანები წლებია მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანებების მუხლით, ან უვადო პატიმრობის სასჯელით ზოგჯერ სრულიად დაუსაბუთებლად იხდიან სასჯელს. ამ ახლად აღმოჩენილი გარემოებების ეშინია 2005-2012 წლების საქმეებზე საშუალო რგოლის პროკურორთა გარკვეულ წრეს და ქექეს, ქექეს არა საპროცესო კანონმდებლობა, არამედ ჯანდაცვის მარეგულირებელი დოკუმენტები, სანამ „დათვისხელა კოლიზიას არ მიაგნეს და ეს კოლიზიაა სწორედ მიშასდროინდელი ხიფანგი.


- დღეს რა ხდება?

 

- დღევანდელმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსმა საერთოდ ამოიღო ლიცენზიის, როგორც ისეთის მოთხოვნა, ჯანდაცვის კანონებში კი რჩება ისევ და ისევ მხოლოდ კერძო სამედიცინო ექსპერტიზისთვის! სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელი ექსპერტი იძულებულია, შექმნას შპს, თუნდაც ამ შპს-ში ისევ მარტო მუშაობდეს (ბიზნესის გაადვილებაა, ნუ იტყვით!), მთელი შესაბამისი ფინანსური ტვირთით. და რისთვის? იმისთვის,რომ ხელშეკრულება დადოს სასექციოსთან, ვითომ გვამის გაკვეთას აქამდე ვინმე სახლში აკეთებდა? დადოს ხელშეკრულება ლაბორატორიასთან, რომლის მომსახურებაც შეიძლება არასდროს დასჭირდეს, დადოს ხელშეკრულება იმ სამედიცინო ნარჩენების გატანაზე, რომელი სამედიცინო ნარჩენებიც არ აქვს! ხო, ოფისი აუცილებლად უნდა ჰქონდეს, თან ცალკე შესასვლელით, ცალკე სანკვანძით და საშხაპეთი. ჩემს მიერ შხაპის მიღებას რა კავშირი აქვს მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზასთან, რომელსაც მე საქმის მასალებით, ანუ დოკუმენტებით, ანუ ქაღალდებით ვაკეთებ? ამაზე პასუხი არ არსებობს! 99 % საქმეებისა, რომლებიც ჩემთან შემოდის, ექსპერტიზებია საქმის მასალებით, რომლებიც ყველაზე მეტად უფრთხობთ ძილს ზერელედ გ ამოძიებული საქმეების გამომძიებლებსა და პროკურორებს, ხოლო დარჩენილ 1 %-ს შეადგენს გვამის ექსპერტიზა. როგორც წესი, ეს ექსპერტიზები „სამხარაულში„ ტარდება და მე მათში ვმონაწილეობ, და ცოცხალ პირთა  ექსპერტიზა, რომელიც ასევე, ძილის დამაფრთხობელია ზოგიერთებისათვის. ვინაიდან ამ დროს, როგორც წესი, მოდიან პოლიციის მიერ ნაცემი პირები ან ვნახულობ ციხეში ასეთ პირებს. აქ მხოლოდ ფოტოაპარატი, ლუპა, პასტა-ფურცელი და სახაზავი მჭირდება, ხელითაც კი არ ვეხები. და რაც ყველაზე სასაცილოა ლიცენზირების მოთხოვნაში, არის კიდევ სტერილიზატორი, რომელიც ვიყიდე და დავდგი ოფისში, ოღონდ, ჯანდაცვის სამინისტროში არავის აქვს პასუხი, რაში მჭირდება ეს სტერილიზატორი, რა უნდა გავასტერილო მასში, ფოტოაპარატი, პასტა, ლუპა, ლეპტოპი თუ ქაღალდები? ხელშეკრულებები ხომ მაქს ლაბორატორიასა და სასექციოსთან (რომელთა მომსახურებას რეალურად არ ვსაჭიროებ). ისიც ვიკითხე, ზრდილობისთვის, მითხარით, მედიკებო, დედამიწის ზურგზე ვინმე კვეთს გვამს სტერილური ხელსაწყოთი-მეთქი? ვის არ ვესაუბრე  ამაზე, თვით ბატონ სერგეენკოსაც, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, ავუხსენი, რომ საექსპერტო ლიცენზირება, ანუ ხელსაწყო-აპარატურის სახელმწიფო კონტროლი სჭრდება სწორედ იმ სასექციოს, რომელსაც ეს არ აქვს - „სამხარაულს"! ლიცენზირების კანონი ითხოვს, რომ სახელმწიფო კონტროლი ლიცენზირების სახით უნდა განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ ეს საქმიანობა (და არა სპეციალობა) ქმნის მომეტებულ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. და ვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი - გარდაცვლილისას? თუ პატიმრისას ციხეში? თუ პოლიციის მიერ ნაცემისას, რომელსაც სურათს გადაუღებ, დაზიანებებს ჩაიწერ და ხელით მხოლოდ მისალმებისას, ხელის ჩამორთმევისას ეხები? თუ საქმის მასალებზე, ქაღალდებთან მუშაობისას, რომელიც ადვოკატს მოაქვს? ვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნი მომეტებულ საფრთხეს, ქაღალდებს?! სტერილიზატორი რომ დამადგმევინა ოფისში, ამით სახელმწიფომ ეს ვირტუალური საფრთხე შეამცირა? ცინიზმია! მაგრამ დამოუკიდებელ ექსპერტზე ზემოქმედების რამდენი ბერკეტი დევს! ამაზე სასწრაფოდ უნდა იმსჯელოს პარლამენტმა, თორემ დადგება დღე და კიდევ სხვა ნაღმებს ამოყრიან ნაციონალური ხელისუფლების დროს მომუშავე და იმ საქმეებში ჩახედული ადამიანები და უკუღმა წაიყვანენ ახალ გამოძიებულ საქმეებს!


- რა ნაღმებს გულისხმობთ?

 

- მაპატიეთ, არ მინდა ამ „ნაღმებზე" პრესის ფურცლებიდან საუბარი... ფაქტია, ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი სასამართლო ექსპერტიზების საკითხებში და ვიღაცამ ჩვენს ქვეყანაში ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მე კი, ჩემი მხრიდან, მზად ვარ, ყველანაირად დავეხმარო, მასალების მოგროვებით დაწყებული, განზოგადებისა და „დრაფტების" მომზადების ჩათვლით, სანაცვლოდ არაფერს ვითხოვ, მაცადეთ მუშაობა და მიხედეთ საშუალო რგოლის „საბოტაჟნიკებს"!


მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016