რაზე ხუჭავს თვალს თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური? რას საქმიანობენ მერიაში დანიშნული „ოდეერები"? რა საქმეებით მიდის კვალი მერიის მაღალჩინოსნებთან?
„ალიას" „ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე ესაუბრა:
- ზედამხედველობის სამსახურში ბოდოკიას დაკავების შემდეგ არაფერი შეცვლილა, პირიქით, მდგომარეობა უარესდება, რადგან შოკში არიან დღემდე მისი თანამშრომლები. თბილისში არის რაიონები, ტერიტორიები, რომლებიც მერიის ზედამხედველობის ქვეშაა და მას ეკუთვნის. ხშირ შემთხვევაში ნიადაგი არ იძლევა საშუალებას, რომ იქ მაღალსართულიანი სახლები აშენდეს. ამ დროს მერიის შესაბამისი სამსახურები გასცემენ ნებართვას მშენებლობაზე და პრობლემები სწორედ 2-3 წლის თავზე იჩენს თავს.
- კი, მაგრამ მერიას ევალება, რომ იქ გეოლოგიური შემოწმება ჩაატაროს... არ ატარებენ?
- სწორედ მაგაზე აქვს თვალი დახუჭული ზედამხედველობის სამსახურს და სწორედ მანდაა კორუფციული ელემენტები, რაც ინვესტორს საშუალებას აძლევს ფული გააკეთოს და მერე სადღაც გაიქცეს. დღეს უამრავი შენობა-ნაგებობაა თბილისში და ქალაქგარეთ, რომელთა ნიადაგებიც შესწავლილი არაა და იქ ახალი მშენებლობები უკვე დაწყებულია. ახლო მომავალში კონკრეტულ ფირმებს გეტყვით, რომლებმაც გრანდიოზული მშენებლობები წამოჭიმეს და ამ დროს ეს შენობები უხარისხოა. მერიას არ აინტერესებს ჩვენი მოსახლეობის ბედი. იცით, რა ხდება? მოსახლეობა, რომელსაც მერიაში დღეს საქმე აქვს, დაღლილია ოთახებში უაზრო სიარულით და არ იციან, ვის მიმართონ, როგორ მოიქცნენ და რა გააკეთონ: არქიტექტურის სამსახური ამისამართებს ამ ადამიანებს ზედამხედველობაში, იქიდან გზავნიან ისევ არქიტექტურაში და არის ასე. დააკვირდით მშენებლობებს, არ არის დაცული არც მუშების და არც იქვე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების ნორმები. სადღაც რომ კედელი ჩამოწვა და ლამის ხალხი გასრისა, ასეთი აგდებული დამოკიდებულების ბრალია მერიის მხრიდან და, ღმერთმა იცის, ხვალ და ზეგ რას გადავაწყდებით. კაბინეტებში ჯდომისგან რომ გასქელდნენ და ვეღარ ეტევიან კანში, გამოვიდნენ და დაათვალიერონ ქალაქი.
- ამას რომ მეუბნებით, კონკრეტული მაგალითები გაქვთ?
- ქალაქში სერიოზული პრობლემებია და მაგალითისთვის გეტყვით. ერთი თვის წინათ გიამბეთ, რომ მერიამ გადაწყვიტა „სითი პარკისგან" შევიწროებული ქალაქისთვის შვება მიეცა და ეზოების წინ რომ შლაგბაუმები იყო, ამ შლაგბაუმების აღება გადაწყვიტა. ამ სტატიის გასვლის შემდეგ უამრავი ადამიანი გვირეკავს და გვეუბნება, რომ ქალაქის ნაწილს აქვს ეს შლაგბაუმი და ნაწილს - უარს ეუბნებიან მის დაყენებაზე, ამ შემთხვევაშიც ზედამხედველობის სამსახურზე მაქვს ლაპარაკი. ვერ გავიგე, თუ ეს კანონია, ყველას შეეხოს, თუ არა და რა ხდება? არ შეიძლება არსებობდეს შერჩევითობის ფორმა, ბატონო ნარმანია და ბატონო ზედამხედველებო! ვინაა ეს უცხოელი აუდიტი, რომ ჩამოვიდა „სითი პარკის" შესასწავლად, რით ვერ დაწერა დასკვნა, რომ გავიგოთ, „სითი პარკს" პრობლემა აქვს თუ არ აქვს? ამით ჩვენ, მობინადრეებს, პრობლემები გვექმნება, კანონმორჩილი ადამიანები ელოდებიან გადაწყვეტილებას და ვინმემ გვითხრას, შეუძლია თუ არა მოსახლეობას, დააყენოს ის შლაგბაუმი, რადგანაც ეს ადამიანები დამოკიდებულები არიან ისევ და ისევ მერიის გადაწყვეტილებაზე. მაგრამ როცა მერია წელავს გადაწყვეტილების მიღებას და ამისგან მობინადრეები მორალურ და ფიზიკურ ზარალს იღებენ, თქვას მერიამ თავისი სიტყვა, რომ დროებით მაინც მიეცეთ ამ ადამიანებს საშუალება, დაყენდეს ეს შლაგბაუმები და დაცული იყოს მათი ეზოები, არა? მაგრამ ეს ყველაფერი დღეისათვის აბსოლუტურად იგნორირებულია და რა ქნას მოსახლეობამ? ამ დროს მერია იმიტომ ფინანსდება მილიონებით, რომ იაზროვნონ და გამოსცენ დადგენილებები და აქტები, რათა მოსახლეობას გადაუწყვიტონ პრობლემები, მაგრამ ამის თავიც არ აქვს ზედამხედველობის სამსახურს. ეს ხალხი მოსულია ფულის საკეთებლად, გაიგეთ, ხალხო, რაც უფრო მეტი ჭაობი და პრობლემური საკითხი იქნება ქალაქში, მით უფრო უკეთესია ასეთ აურზაურში ფულის კეთება. ალბათ, ქუჩაში ხვდებიან ერთმანეთს და იქ „უმაზავენ" ქეშ ფულს, ესა და ეს საკითხი მომიგვარეო. ახლა კიდევ ერთი საკითხი მინდა განვიხილო: მერიის შესასვლელში რომ ხალხი დგას, აზომვით ნახაზებს ვაწარმოებთო, ხომ იცით?
- პატარა გოგო-ბიჭები რომ დგანან ფურცლებით ხელში, იმათ გულისხმობთ?
- კი და აგიხსნით, ამ აზომვით ნახაზებთან დაკავშირებით რა ხდება. დავუშვათ, მერიაში შედის პროექტი თავისი ნახაზით. იქ მერიის მაღალჩინოსანი მოქალაქეს ეუბნება, რომ ეს პროექტი არ მომწონს, ჩადი აგერ შპს, პირობითად, „პეპელაში" და იმას გააკეთებინე ნახაზი და მერე განვიხილავო. მიდის მოქალაქე იმ „პეპელაში", სხვა რა გზა აქვს, რადგანაც ფიქრობს, ნახაზში უკვე გადაყრილი მაქვს 150 ლარი, ჯანდაბას, ბარემ 100 ლარსაც გავიმეტებ და წავალ იქ, სადაც მერიამ გამგზავნაო. მოაქვს ახალი ნახაზი და საქმე კეთდება.
- კი, მაგრამ რა განსხვავებაა ამ ორ ნახაზს შორის, სინამდვილეში რა ხდება?
- საქმეც ეგაა: ამ მოქალაქეს წინ უდევს ორი ერთნაირი ნახაზი და ვერ ხვდება, ესენი რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან? სინამდვილეში ხდება ის, რომ ამათ თავიანთი შპს-ები აქვთ ჩამოყალიბებული. ქვეყანა გვენგრევა თავზე და ამ შპს-ებს ვინ დაუწყებს დევნას, ან იმ 50 და 100 ლარს? რომ გაჰყვე, სერიოზული თანხებია. ასე რომ, ზედამხედველობა ქალაქ თბილისს არ ჰყავს, არ არსებობს ასეთი სამსახური და თუკი ქამრების შემოჭერაზე ვსაუბრობთ, მაქვს ასეთი იდეა: ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ავდგებოდი და თუნდაც იმ შლაგბაუმზე კაცურად ვეტყოდი ჩემს ქალაქელებს, რომ, რადგანაც ამ ფულს იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ეს „სითი პარკი" ადგილიდან ვერ დავძარი, ამიტომ, მაპატიეთ, თბილისელებო, და აჰა, თქვენ 1500 ლარი და თავად დაიყენეთ ეს ოხერი შლაგბაუმებიო. აი, ამ შემთხვევაში გაცილებით დიდ პატივისცემას დაიმსახურებდა ნარმანია ხალხის თვალში.
- მეტი საქმე არა აქვს ნარმანიას, ასე არიგოს ფულები...
- ხოდა, ამიტომ გადააქციეს ადმინისტრაცია უფუნქციოდ. ბოდოკიაზე დავიწყე ლაპარაკი და ამ საქმის კვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა სააგენტომ. ამ სამსახურში ძველი პროფესიონალები მოვიდნენ და ამან მაგრძნობინა, რომ წინსვლა იქნება ამ საკითხში, მაგრამ ეს ნაბიჯები ადრე რომ გადადგმულიყო და პრევენციის მიზნით მოქმედებები ჩატარებულიყო, ბოდოკიები არ გაჭაჭანდებოდნენ ამ სამსახურში.
კომენტარისთვის დავუკავშირდით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს მაგდა პოპიაშვილს: „თუ შეიძლება დაწერეთ, რომ დაგვიკავშირდით და მერიაში განაცხადეს, რომ გიორგი ბურჯანაძის სრულიად აბსურდულ, არაარგუმენტირებულ და ფაქტებზე დაუფუძნებელ განცხადებებსა და ბრალდებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია აქვს, შეუძლია მიმართოს თავად მერიას და თუკი თვლის, რომ უფრო ღრმა დანაშაულის ნიშნებია, მაშინ შეუძლია, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს".
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია"