დღეს თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ორგანიზებით ტარდება.
ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
გაიმათება 6 კონცერტი, საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით. ორკესტრი, საგანგებოდ ფესტივალისთვის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალპროფესიონალი მუსიკოსებით დაკომპლექტდა. მას მაესტრო არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.
მსმენელისა და მაყურებლის წინაშე წარსდგებიან: ელისო ვირსალაძე, კოლა (ლუკას ნიკოლაი) ბლაჰერი, ინგოლფ ტურბანი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, ბენჟამინ გილმორი, მიხეილ ქართველიშვილი, ნოდარ ჟვანია, ჩულ გინ პაკი, გიორგი ქობულაშვილი, ჯააკო ლუომა, თამაზ ბათიაშვილი, პჟემისელ ვოიტა, მიხეილ ქართველიშვილი. ფესტივალში მონაწილეობენ, ასევე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "რუსთავი" და სიმებიანი კვარტეტი "იბერი".
წლევანდელ პროგრამაშია საოპერო მუსიკის კონცერტიც, 13 ოქტომბერს თელავში სოლისტები მზია ნიორაძე და ტიფანი ობანი იმღერებენ.
კონცერტები, ტრადიციულად, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება. საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ბელგიელი ფოტოხელოვანის დერეკ პრაჟერის ნამუშევრების ფოტოგამოფენა.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 20 ოქტომბერს დასრულდება.