იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სასტუმრო "რედისონში" სისხლის სამართლის რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში რამდენიმე ცვლილება იგეგმება.
"ჩვენ მეორე ფაზა წინ გვაქვს და მნიშვნელოვანი სიახლეა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში, რომლის მიხედვით ბავშვებს ხელისუფლებამ უნდა მისცეს შესაძლებლობა, როდესაც გზას აცდებიან, უკან დაბრუნების საშუალება ჰქონდეთ. ასევე დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, გვეყოლება ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც ეცოდინებათ როგორ შეისწავლონ ბავშვების საქმეები. არასრულწლოვანები არ უნდა ისხდნენ საპატიმროებში დიდებთან ერთად; თუმცა ეს კანონის მიღებამდე სოზარ სუბარმა უკვე გააკეთა. ჩვენ ჩავატარეთ სასამართლო რეფორმის პირველი ნაწილი, ამ საბჭოში ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები შემუშავდა, როგორც სასჯელაღსრულების სისტემის, ასევე პრობაციის სისტემის და იურიდიული დახმარების შესახებ. რეფორმა უკვე შევთავაზეთ პარლამენტს. უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩავრთეთ რეფორმის განხორციელებაში, ვიდრე ჩემს წინამორბედს ჰყავდა ამ საბჭოში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოში მოვიწვიე ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც მანამდე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სისხლის სამართლის რეფორმაში მონაწილეობას არ იღებდა" - განაცხადა წულუკიანმა.