„სიჭინავა არის ძალადობრივი ხელისუფლების ნაყოფი, რომელიც დაუმსახურებლად მოვიდა ქართული ფეხბურთის სათავეში",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლორთქიფანიძის თქმით, ზვიად სიჭინავას პრეზიდენტობის ვადა 2015 წლის იანვარში ამოეწურა, მან კი თანამდებობაზე ყოფნის ვადა არაკანონიერად გაიხანგრძლივა.
„სიჭინავა არავის აურჩევია. ვინც აირჩიეს - გიორგი ნემსაძე - მიხეილ სააკაშვილის ახირებების გამო აიძულეს და უარი ათქმევინეს თანამდებობაზე. ეს იყო საერთაშორისო დონის სკანდალი, ფიფას და უეფას პრაქტიკაში ასეთი რამ არ მომხდარა.
სიჭინავას 2015 წლის იანვარში გაუვიდა პრეზიდენტობის ვადა. დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას განაგებს არალეგიტიმური პრეზიდენტი. არ არსებობს წესდებაში ისეთი მუხლი, სადაც წერია, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აქვს უფლება, გაიხანგრძლივოს თავისი პრეზიდენტობის ვადა",- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
დეპუტატი სპორტის სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდეს ამ საკითხით. მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესები საერთაშორისო არენაზე ქართული ფეხბურთის იმიჯს აზიანებს.