reportiori.ge - ვალერი გელბახიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გეგმა, რომ მაისის ბოლომდე მიიყვანონ საქმე კულმინაციამდე!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 06:09
პრეს-დაიჯესტი
ვალერი გელბახიანი: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს გეგმა, რომ მაისის ბოლომდე მიიყვანონ საქმე კულმინაციამდე!“
ავტორი:
16 მარტი, 2015. 15:44


 

 

მარტის კატის სინდრომშეყრილი „ნაციონალური მოძრაობა" ისეა ატეხილი, რომ შურისმაძიებელი ხალხის კომბალს დაახტება. მკვლელი, მწამებელი და მოძალადე ძალა რომ აქციას გაგიმართავს, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, ყველაფერს უნდა ელოდო, მათ შორის, საკუთარი თანამზრახველების სისხლისღვრასაც. გვამების შეკვეთის სპეციალისტები, ერთ გვამსაც „იჩალიჩებენ", რომ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრონ. მაშ ასე, რა მოლოდინები და ინფორმაციები არსებობს 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით? „კვირის ქრონიკის" კითხვებს იურისტი ვალერი გელბახიანი პასუხობს:



- 21 მარტის აქციის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?


- ჩემი ინფორმაციით, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობა" მეხამრიდის როლს ასრულებს „ოცნებასთან" მიმართებაში, „ნაციონალურ მოძრაობას"  აწყობს, რომ ეს მთავრობა იყოს ხელისუფლებაში, რადგან ეს მთავრობა ბევრ რაღაცაში არის უუნარო, სუსტი მმართველობის ფორმაა, ბატონობს არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმი, რაც ყველა საფუძველს ქმნის იმისას, რომ მთავრობის საქმიანობა შეფასდეს უარყოფითად. „ნაცებს" აწყობთ უუნარო მთავრობა, ამიტომ გამოდიან მოთხოვნით, გადადგეს ეს ხელისუფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობის გადამყენებელი არც ივანიშვილია და არც ღარიბაშვილი. აქ არის წმინდა პოლიტიკური ტექნოლოგიური თამაში, „ნაციონალური მოძრაობა" შედეგად თვლის  ი, რას - რაც უფრო გაუარესდება სოციალური, ეკონომიკური ვითარება, მით უფრო წარმატებული იქნება „ნაცების" მოღვაწეობა ამ ქვეყანაში. „ოცნება" კი ფიქრობს, ვიდრე პოლიტიკურ არენაზე იქნებიან „ნაცები" არ გაუჭირდებათ არჩევნების მოგება, ვინაიდან სხვა ალტერნატივა არ არის. ამიტომ არჩევანის წინაშე თუ დადგება ამომრჩეველი, ისევ „ოცნებას" აირჩევს და არა „ნაცებს", თამაშის ეს წესები ორივეს აწყობს. ამ ორი ძირითად მოთამაშის ხელში ტრიალებს ქართული პოლიტიკა, სხვა ძალები ამინდს ვერ ქმნიან, ვერც ქუჩაში და ვერც პარლამენტში და ამიტომ არის ეს  სურათი, რასაც ვხედავთ. რაც შეხება 21 მარტის მოვლენას, „ნაციონალები" სასტარტო  საჩვენებელ აქციას იწყებენ, მსოფლიოსა და საქართველოს მოსახლეობას აჩვენებენ, რომ ის არის ერთადერთი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ხალხის მხარდაჭერა, რომელსაც შეუძლია, შეკრიბოს ხალხი და აფიქსირებს, რომ არის მთავრობის ოპონენტი, ამიტომ „ნაცების" აქცია, არის ორმხრივად, პოლიტიკურად მომგებიანი მათი პოლიტიკური მომავლისთვის.

 

- კი მაგრამ, მათ არ აქვთ კეთილი ზრახვები, ისინი ემზადებიან ერთ თვეში სათავეში მოსასვლელად ხელისუფლების გადატრიალების გზით...


- 21 მარტი არის პროცესების დასაწყისი, ამიტომ დასაწყისში ჩვენ არ უნდა ველოდოთ ექსცესებს, ანარქიას, ისინი დაიცავენ მშვიდობიანი მანიფესტაციების წესებს, თვითონ არაფრის პროვოცირებას არ გააკეთებენ, თუ ვიღაცამ გარედან არ ისულელა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ამით ამთავრებს. არა, ბატონო, „ნაციონალური მოძრაობა" ამით იწყებს! მათ აქვთ გეგმა, რომ მაისის ბოლომდე მიიყვანონ საქმე კულმინაციამდე და იგივე გააკეთონ, რაც 2003 წლის ნოემბერში გააკეთეს. ამიტომ ჯერჯერობით საშიშროება და საფრთხე ამ აქციას დასაწყისში არ აქვს, რასაც ვარაუდობენ, რომ აჯანყება, გადატრიალება, რევოლუცია უნდათ. თავდაპირველი თავდასხმა უშედეგო იქნება, ამასაც თვლიან, თუ მშვიდობიან მანიფესტაციას ვიღაცა თავს დაესხმება, ცხადია, საქმე გვექნება დემოკრატიის ხელყოფასთან, ამას უცხოეთი კვლავ ნეგატიურად შეაფასებს. „ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიტიკაში, რომელსაც სრული მონოპოლია ჰქონდა, ის იყო ხელისუფლება, რომელიც მოვიდა „ვარდების რევოლუციით" და არა არჩევნების გზით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" დანერგა ძალადობა, ზონდერბრიგადები, სპეციალური ჯგუფების გამოყენება მანიფესტაციებში და ეს ისევ ის პარტიაა, რომელიც ახლა უკვე ოპოზიციიდან იბრძვის. 21 მარტის აქცია დაიშლება, შეიძლება 2-3 დღე გასტანოს, შემდეგ იქნება ანალოგიური აქციები, მთავრობას მისცემენ 20 დღის ვადას და ეტყვიან, თუ ქვეყანას კრიზისიდან არ გამოიყვანთ, მაშინ გადაგაყენებთო. ამ პირველ აქციას არავინ არ შეუერთდება, მეორეზე კი ბევრი მსურველი გამოჩნდება. მაგალითად, „პადოშა" გამოჩნდა და „ნაცებს" გვერდით დაუდგება, ეს პოლიტიკაა და თუ კუკავასთან მოილაპარაკებენ, შეიძლება ისიც ჩაებას რაიმე ფორმით. კუკავას მთავრობა არ ელაპარაკება, ის მეხუთე კოლონად, გარიყულ პოლიტიკოსად გამოაცხადეს. ასე რომ, ვინც გარიყულად გრძნობს თავს, არ გამორიცხოთ, მათი ინტერესებიც ვნახოთ „ნაციონალების"  მომდევნო აქციაზე. ახლა დავსვამ კითხვას, რომელი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ასეთი გზა გაიარა, ვის აქვს ასეთი მეთოდოლოგია და ვინ არის მზად, ხელისუფლების ხელში ასაღებად? არც ერთი! მათ შორის „ოცნების" ხელისუფლებაც, მათაც კი არ აქვთ ღონისძიებათა გეგმა, თუ როგორ შეიძლება ქუჩის მანიფესტაციების დროს მოქმედება, დამრბევიც არაა ამ ქვეყანაში, ჩვენ გვყავს შეშინებული პოლიცია, თუკი მოხდება ექსცესი, თავგანწირვას ადგილი არ ექნება პოლიციელთა მხრიდან, რადგან ისინი დაუცველნი არიან მძიმე სიტუაციაში. სინამდვილეში ჩვენ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, როცა ან მთავრობა უნდა გადახალისდეს და ამით „ოცნებამ" არსებობა გაიხანგრძლივოს, რითაც კარგა ხანს „ნაცებსაც" გამოეცლებათ საფუძველი, ქუჩაში პოლიტიკური მოთხოვნებით გავიდნენ, ან ჩვენ თუ „ნაციონალური მოძრაობა" ქუჩაში გავუშვით და თავის მოედანზე მივუშვით, ამას ის თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. აქედან გამომდინარე, საფრთხე რეალურია და ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ „ნაცებმა" აქეთ წაიყვანონ თავიანთი მოქმედების ტაქტიკა, ხელისუფლებას სწორად არ აქვს გაცნობიერებული, როგორ უნდა იმოქმედოს, ძალიან მწყინს, რომ კვლავ „ნაცების" სათარეშო გახდა ეს ქვეყანა, მაგრამ შეხედეთ, რა ხდება - პრეზიდენტი არ ელაპარაკება მთავრობას, არ ელაპარაკება პარლამენტს, პრეზიდენტი ნიშნავს რიგგარეშე სესიას „ნაციონალების" მოთხოვნით, უმრავლესობა სესიას შლის,  არაკონსტიტუციური, არასახელმწიფოებრივი ვითარება მივიღეთ... ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის.

 

- პრეზიდენტი „ნაციონალების" წისქვილზე ასხამს წყალს, თქვენი აზრით, ამას რატომ აკეთებს?


- მორალური თვალსაზრისით, პრეზიდენტი ასე არ უნდა მოქმედებდეს, ის ხალხის მიერ არჩეული კი არ არის, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტია, ამიტომ ივანიშვილის დღევანდელი მოქმედებები მას თუ არ მოსწონს, არსებობს მორალური გზა - გადადგეს! მაგრამ, ნახეთ რა ხდება, ის ირჩევს პოლიტიკურ გზას, პრეზიდენტი გაორებულია, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნის, თვითონ არ ქმნის არაფერს და პრაქტიკულად, მისი ყველა, თუნდაც კეთილი ნებით წამოწყებული მოქმედება მთავრდება იმით, რომ „ნაცების" წისქვილზე ასხამს წყალს. აქედან გამომდინარე, გამოსავალია მოსაძებნი, მაგრამ ვინ ფიქრობს ამაზე? თუ მთავრობა შეჰყურებს ბიძინა ივანიშვილს და ისინი ელოდებიან, რა გამოსავალს მოძებნის ის, ძალიან შემცდარან, თავის დროზე ჩვენ გვეგონა, რომ შევარდნაძე იყო ყოვლისშემძლე და ვნახეთ, რომ არაფერი მან არ იცოდა. ასე გვეგონა სააკაშვილზე და ვნახეთ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ისიც არარაობა აღმოჩნდა! ახლა, გვგონია, რომ ბიძინა ივანიშვილია ყოვლისშემძლე, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა და იმ დიდი დამსახურებისა, რაც მას ქართველი ერის წინაშე  მიუძღვის, ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, არ გაუვლია პოლიტიკური გზა, მან არ იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები და რა სასწაულს ველით მისგან ისეთს, რომ ქვეყანაში კულისებიდან მოხსნას კრიტიკული სიტუაცია? ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გამოვიდეს პოლიტიკური კულუარებიდან, მობრუნდეს პოლიტიკაში და ეს მთავრობა გაუშვას სახლში!

 

- აღმასრულებელი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან რადიკალური ცვლილებების მოლოდინშია, ლაპარაკია, რომ მინისტრები პოსტებს დატოვებენ, გუბერნატორები და გამგებლები გადადგებიან...


- ჰოდა, უნდა გაუშვას, „ნაციონალები" სწორედაც რომ ასრულებენ მეხამრიდის ფუნქციას ღარიბაშვილისთვის, გადაარჩინონ და დიდხანს გაგრძელდეს მათი უნიათობა, მაგრამ თუკი ივანიშვილი ფიქრობს, რომ „ნაცების" შეძახილზე  მთავრობას არ გადააყენებს, მე გეუბნებით, რომ ეს არის შეცდომა! რადგან თუ დღეს მთავრობა არ შეიცვალა და ახალმა მთავრობა არ მოითხოვა დრო მდგომარეობის გამოსასწორებლად, მაშინ „ნაცებს" კიდევ მეტი საფუძველი ეძლევათ, არა მარტო ქუჩაში გავიდნენ, არამედ ძალები მოიკრიბონ. მე ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ „ნაცებს" ქუჩაში ნუ გაუშვებს.


როცა თქვენს კითხვაში საუბრობთ, რომ გამგებლებისა და გუბერნატორების წმენდა დაიწყება, რანაირად? გამგებლები არიან არჩეულები, ან რას ირჩევდნენ ისეთებს, რომელთაც არ ჰქონდათ უნარი, რაიონი ემართათ, ნეპოტიზმია გამეფებული, ყველგან ნათესაობით შეირჩა ხალხი და დღეს წუწუნებენ, რომ შედეგი არ აქვთ! როდის იყო, ნათესავი შედეგს იძლეოდა და უინიციატივო, შეშინებული კაცი საქმეს აკეთებდა?! მოიწყვეს ცხოვრება, კარგი მანქანები ემსახურებათ, კარგი ხელფასები აქვთ და ხალხის ეშინიათ. იცით ეს, რატომ ხდება? თავის დროზე არც პარლამენტის და არც მთავრობის შერჩევის დროს არ იყო სწორი პრინციპი, ხომ ჰქონდათ 2 წელი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში შეერჩიათ ნორმალური  კადრები, ამ ხალხს უცოდინარი და გამოუცდელი ხალხი დაასვეს თავზე, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში თანხებს ვერ ითვისებენ, გამგეობების ორ მესამედში ტენდერებს არ აცხადებენ და უკან აბრუნებენ მთავრობის მიერ მიცემულ თანხებს. აი, ამ მთავრობასთან გვაქვს საქმე. წმენდა რომ დაიწყო, ხომ უნდა მოიყვანო ახალი კვალიფიციური კადრი, ნახეთ, რა ხდება, ინიშნება კონკურსი, მაგრამ იმარჯვებენ მათი ნათესავები. ან კონკურსს რატომ აცხადებენ, ან ხალხს რატომ ააღიზიანებენ? ამიტომაც ვამბობ, რომ შედეგი არ ექნებათ განახლებულ სიტუაციაშიც კი. მე რასაც ვუყურებ პროფესიონალი და ჯანსაღი კადრები უფრო არიან ოპოზიციაში, ვიდრე ხელისუფლებაში. სახელმწიფო კი ყველას უყვარს და ყველას აქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს მართვაში. თავის დროზე რომ შეკრიბა ივანიშვილმა ოპოზიცია, ახლა რატომ არ შეუძლია იგივე ოპოზიციიდან შეკრიბოს კვალიფიციური ხალხი? მაგრამ არ აკეთებენ, როგორც ჩანს, დითირამბები თუ არ იმღერე, არავის მოსწონხარ!

 

- რომელ ოპოზიციას გულისხმობთ, ვისი კადრებით უნდა დააკომპლექტოს „ოცნებამ" აღმასრულებელი რგოლი?


- ბურჯანაძე, „პატრიოტთა ალიანსი", ნათელაშვილი და ასე შემდეგ, ოპოზიციის მეტი რა არის?!


- ბურჯანაძე-უსუფაშვილს შორის შეხვედრა შედგა, შეიძლება დიალოგმა პოლიტიკურ მაგიდასთან გადაინაცვლოს?


- არა, არ ველოდები, რაღაც ელემენტებია შეუთავსებელი ერთმანეთთან. შეიძლება მათ შორის სამომავლოდ კოალიციურ ვითარებაში იყოს პარტნიორობა, მაგრამ ისე, რომ ერთ გუნდში ვიხილოთ, ამას გამოვრიცხავ.

 

- თქვენ რას ამბობთ, რომ ამ პარტიებისგან გააკეთოს „ოცნებამ" სამთავრობო სელექცია?


- დიახ, ბატონო, უნდა გააკეთოს ეს ყველა ვარიანტში, მაგალითად, ზაზა სოფრომაძე, ნინო ბურჯანაძის პარტიიდანაა, რომელიც პროფესიონალია და მოძებნონ სხვებიც.

 

- მათ შორის, დავით ნარმანიაც, რომელიც ბურჯანაძის პარტიის ბუღალტერი იყო, მაგრამ ვერ გაამართლა...


- ნარმანია კეზერაშვილის ბუღალტერიც იყო, ასე ამბობენ... დავით ნარმანიას გადმოუყვანეს გამოცდილი კადრი ქუმსიშვილი, მან საკადრო წვრთნა გაიარა, ლექვინაძეს არ ვიცნობ, მაგრამ ისიც გამოცდილი კადრია, გაამაგრეს ნარმანია, მაგრამ თავად ნარმანიაა უინიციატივო და უნიათო... ვერ გააჯანსაღებენ პროცესებს, თანაც კორუფცია საკმაოდ დამძიმდა, ბიუროკრატიაა გამეფებული. ერთი თვე რომ იარო მერიაში, ნებართვას ვერ აიღებ, გადაწყვეტილებას ვერავინ იღებს. 2 თვეა დადიანზე 200 მეტრზე ასფალტს აგებენ, ხომ ეტყობა, რომ პატრონი არ ჰყავს ქალაქს, მე ისევ და ისევ ვვარაუდობ, რომ თუკი საკადრო სისხლის გადასხმამაც არ უშველა  ნარმანიას, მას მოსთხოვენ, რომ მერის თანამდებობიდან წავიდეს.

 

- აშშ ახალ ელჩს გზავნის საქართველოში, უნდა ველოდოთ, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის წინაშე დავდგებით და ხელისუფლება შეიცვლება?


- თუ დააკვირდებით, როცა ახალი ელჩი ჩამოდიოდა, საქართველოში ყოველთვის იცვლებოდა ხელისუფლება, რიჩარდ მაილსი ჩამოვიდა და შეიცვალა შევარდნაძის ხელისუფლება სააკაშვილით, ნორლანდი გამოუშვეს და მოვიდა ახალი ხელისუფლება. ასე რომ, ტყუილად არ ცვლის დიპლომატიურ კორპუსს აშშ-ს ადმინისტრაცია, მით უმეტეს შეუძლიათ, რომ ვადა გაუგრძელონ. ამ ელჩმა, როგორც ჩანს, ამოწურა მთავრობასთან მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი, ამიტომ ცვლიან, რომ ახალი უკვე არ შევა სამთავრობო ურთიერთობებში ისე ღრმად, როგორც არსებული და ცვლიან იმიტომ, რომ, ალბათ, არის სხვა გეგმა, ახალი გეგმის მიმართულება კი არის ის, რომ დასავლეთისთვის საქართველო კვლავ რჩება გეოპოლიტიკურ ცენტრად და რუსეთის საფრთხის შემადგენელ ნაწილად. ამიტომ ყოველთვის შეეცდება ამერიკა, საქართველოში იყოს ანტირუსული ძალები, აქ არაფერია ახალი. თუ ხელისუფლების განახლებაა ჩაფიქრები, ეს აუცილებლად მოხდება.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016