ვინ და როგორ დაგეგმა 21 მარტის ნაუცბადევი მიტინგი, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით. რატომ არის სააკაშვილი მერაბიშვილის, უგულავასა და ახალაიას შანტაჟის ქვეშ, რა შიდადაპირისპირება გამოიწვია „ნაციონალურ მოძრაობაში" 21 მარტის აქციის დაგეგმვამ და რით დასრულდება მათ მიერ დაანონსებული აპოკალიფსი. „კვირის ქრონიკის" კითხვებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, სანდრო ბრეგაძე პასუხობს.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებაა, პარტიის რიგებს აქტივისტების ტოვებენ, რა ინფორმაციას ფლობთ, რა ხდება „ნაცმოძრაობაში"? რა განწყობაა 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით?
- 21 მარტის აქციის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო კიევში ემოციურ ფონზე, იმყოფებოდა თუ არა არაფხიზელ მდგომარეობაში, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ის, რომ 21 მარტი მან ემოციის ფონზე დაგეგმა, ეს ინფორმაცია შიგნიდან ჟონავს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალებმა" ფაციფუცი დაიწყეს, რეგიონები დაირბინეს, ძველ აქტივისტებს ჩამოუარეს, ისინი მიხვდნენ, რომ 21 მარტს მომხრეების იმ რაოდენობის შეგროვება გაუჭირდებოდათ, რასაც გეგმავდნენ, რადგან ძალიან ბევრმა ძველმა აქტივისტმა მათ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ამ ხელისუფლების პირობებში ბევრი მათგანი ქვედა რგოლებში ინარჩუნებს პოზიციებს და სამსახურების დაკარგვას „ნაციონალებთან" ხიდების დაწვა ამჯობინეს, ამიტომაც „ნაციონალების" ამ ავანტიურაზე არ წამოვიდნენ. „ნაციონალების" შიგნით ძალიან დიდი დაპირისპირებაა, დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება ამ აქციას, რადგან მიიჩნევენ, რომ იმ ეფექტის მომცემი არ იქნება, რასაც ელოდებიან. წინააღმდეგობა კი იმდენად დიდია, რომ ბევრი ცდილობს, ამ პროცესს გაემიჯნოს, ზოგიერთებს სხვა გზა არ აქვთ და იძულებული არიან, „ნაციონალების" ლიდერებს იმ მორევში ჩაჰყვნენ, რომელიც უკვე წამოწყებულია. მე ვფიქრობ, 21 მარტის აქცია მათთვის ძალიან დიდი კატასტროფის მომტანი იქნება, „ნაციონალები" აქცენტს აკეთებდნენ გაჭირვებულ ფენაზე, პრობაციონერებზე, მათ უმტკიცებდნენ, რომ აქციაში მონაწილეობის შემთხვევაში სოლიდურ ანაზღაურებას მისცემდნენ, ისიც ითქვა, ერთ თვეში ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდებით და პრობლემებს გადაგიჭიროთო, მაგრამ ამ კატეგორიის ბევრმა ადამიანმა უარი განაცხადა მათ მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე. სხვათა შორის, „ნაცმოძრაობაში" ვისაც თავში ჭკუა აქვს, ფიქრობენ, რომ ამ აქციას ეფექტი არ ექნება, ვგულისხმობ დავით ბაქრაძის ფრთას... გეტყვით, რომ „ნაციონალებს" სხვა ტაქტიკა ჰქონდათ არჩეული და 21 მარტის აქცია სპონტანურად დაიგეგმა სააკაშვილის მიერ, მათი ტაქტიკის მიხედვით, ეს უნდა ყოფილიყო ხელისუფლების წინააღმდეგ წერტილოვანი დარტყმები, მათი სცენარის მიხედვით, ყოფილ გამგებლებს მისცეს დავალება, რომ თბილისში გამგებლების წინააღმდეგ დაეწყოთ მცირემასშტაბიანი აქციები, რომელიც, მათი აზრით, ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ერთი ფართომასშტაბიანი აქცია, რომელიც, ფაქტობრივად, არაფრისმომტანი იქნება პარტიისთვის, სააკაშვილის თავსმოხვეულმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ სერიოზულად დააზარალა „ნაცმოძრაობა" და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ისინი დაშლის პირას არიან მისულები, იმიტომ, რომ მათ იმედი ჰქონდათ ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანის, განსაკუთრებულ იმედს ამყარებდნენ სამეგრელოზე, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დადგნენ, აღმოჩნდა, რომ სამეგრელოში მათ მიმართ მხარდაჭერა ძალიან მცირეა და ეს იმედები მათ გაუცრუვდათ. როცა სამეგრელოს ფაქტორი გამოირიცხა და უარი თქვეს აქციაში მონაწილეობაზე, „ნაციონალები" პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ. სხვა რეგიონებზე აღარაფერს ვამბობ. კახეთმა, ფაქტობრივად, უარი განაცხადა აქციაში მიეღო მონაწილეობა, ქართლის რეგიონმაც, სადაც აქტივისტები ეგულებოდათ. ამიტომ ისინი ელოდებიან, რომ მათ აქციაზე მივა მათი სექტა, რომლებიც არსებობდნენ მათ გვერდით და მუდმივად იარსებებენ, ალბათ. ესენი გახლავთ პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც მერაბიშვილის პოლიცია იყო და დღეს გაგდებულები არიან. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ახალაიას მომხრეები იყვნენ და მივლენ ამ აქციაზე თავისი ოჯახებითურთ... თუმცა ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რომელიც მიდის „ნაციონალური მოძრაობის" შავი ყულაბიდან, რომლის ბატონ-პატრონიც გახლავთ დავით კეზერაშვილი.
- თქვენი ინფორმაციით, რა თანხას ურიგებენ მომიტინგეებს, დაახლოებით რამდენს ხარჯავენ 21 მარტის აქციის მოსამზადებლად და რა გარანტიები აქვთ „ნაციონალებს", როცა ამბობენ, რომ ერთ თვეში ხელისუფლებაში მოვლენ?
- რა თქმა უნდა, მათ ამის არავითარი გარანტია არ აქვთ, ერთ თვეში კი არა, საერთოდ, გამორიცხულია ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ეს არის განწირული ადამიანის ხავილი, რომელიც ცდილობს, რაღაცით ყურადღება მიიქციოს, მუხტი აწიოს და მომხრეებს იმედი გაუჩინოს. დღეს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები ერთგვარად მძევლები არიან „ნაციონალური მოძრაობის" დაპატიმრებული ყოფილი ლიდერების მხრიდან შანტაჟისა. მერაბიშვილი, უგულავა, ახალაია, სააკაშვილს პირდაპირ ულტიმატუმს უყენებენ და აიძულებენ, რომ ციხიდან გამოიხსნას. ვანო მერაბიშვილი რომ ალაპარაკდეს და დანაშაულებში ამხილოს, გარწმუნებთ, რომ მიშას საქმე მართლაც ვერ იქნება კარგად და არათუ უკრაინაში, მსოფლიოს არც ერთ წერტილში აღარ დაედგომება, ვეღარც მისი დასავლელი პარტნიორები უშველიან და ვეღარც პოროშენკო. ამიტომაც, ციხიდან მას ყოფილი ლიდერები უთვლიან, რომ შეცვალოს ხელისუფლება და ციხიდან გამოიხსნას. ამიტომ სააკაშვილი ერთგვარ იმიტაციას ქმნის მათ დასანახად, თითქოსდა, ის იბრძვის ხელისუფლების შესაცვლელად. შეგახსენებთ სააკაშვილის ცნობილ ფრაზას, რომ 2015 წლის ბოლოს ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და ბიძინა ივანიშვილს ქვეყნიდან გასაქცევად გაუხდის საქმეს, ეს არის მესიჯი უგულავასთვის, მერაბიშვილისთვის და ახალაიასთვის და აჩვენებს, თითქოს ის იბრძვის, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. 21 მარტის აქციასაც ის ატარებს მერაბიშვილის, უგულავასა და ახალაიას გასაჩუმებლად, რამდენადაც ვიცი, მათ ძალიან სერიოზული პრეტენზიები აქვთ სააკაშვილის მიმართ და ეს კიდევ რბილად ნათქვამი სიტყვაა, მას ადანაშაულებენ უმოქმედობაში და თავისი ერთგული თანამებრძოლების, თანამოაზრეების ღალატში. შენ ჩვენ მიგვატოვე, კარგად ცხოვრობ, არაფერს იკლებ და ჩვენ აქ ციხეებში ვლპებით და შენ გეწირებითო... ამიტომაც სჭირდება სააკაშვილს აქ ბრძოლის იმიტაცია... ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ სწორედ ციხის ექსლიდერების შანტაჟით მიიღო 21 მარტის აქციის გადაწყვეტილება. 21 მარტის ჩაფლავების შემდგომ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ უფრო მეტად დაიძაბება მდგომარეობა „ნაციონალურ მოძრაობაში", კვლავ გაგრძელდება შიდაკლანური გარჩევები.
- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვითარების ესკალაციის მიზნით უკრაინიდან გამოგზავნეს ბოევიკები. „ალია" წერდა, რომ სააკაშვილი სკაიპით ჩაერთო „ნაცმოძრაობის" ლიდერებს და თანამზრახველებისთვის უთქვამს, წავიდნენ სისხლის ღვრაზეც კი და გამოიწვიონ უმართავი პროცესები. მზად არის ხელისუფლება, რომ უმართავი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები არ დაუშვან?
- ვიდრე პოლიტიკურ ასპარეზზე იქნება „ნაცმოძრაობა", მუდმივად იარსებებს ესკალაციისა და დესტაბილიზაციის საფრთხე, რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერზე წავლენ. აქციების დარბევისა და ესკალაციის მოწყობის სპეციალისტები „ნაციონალები" არიან, მათ ძალიან კარგად იციან, როგორ გამოიწვიონ ქაოსი და როგორ გადაზარდონ ის უმართავ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის დამნაშავე ძალის წარმომადგენელი, მათ არავინ უშლით, ჩაატარონ მშვიდობიანი მიტინგი-მანიფესტაცია, მაგრამ როგორც კი ერთი ნაბიჯი მაინც გადაიდგმება დესტაბილიზაციისკენ, როგორც კი რაიმე ავანტიურისტული ნაბიჯი და პროვოკაცია იქნება, რა თქმა უნდა, დაისჯებიან უმკაცრესად. ამას გეუბნებით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, დღეს სამართალდამცავი სტრუქტურები ბევრად უფრო მობილიზებული არიან, ვიდრე ეს იყო წლების წინათ. რაც მთავარია, სამართალდამცავი ორგანოები არიან აპოლიტიკურები, ისინი დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ დადგებიან რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარეს. ამიტომ, მე აპოკალიფსური პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ერთი რამ არის, ადრე თუ გვიან, „ნაცმოძრაობა" ეცდება კუდის მოქნევას, რაც გახდება მათი საბოლოო დასასრულის საფუძველი.
- უკრაინაში მცხოვრები ქართველები 21 მარტს თბილისის აქციის პარალელურ რეჟიმში, კიევში შეიკრიბებიან, მანამდე კი ისინი მოუწოდებენ ქართველებს, რომ აქციას „მთავრობის გადადგომის" მოთხოვნით შეუერთდნენ. ქართველ ემიგრანტებთან ერთად უკრაინაში მსახური მამა კირიონიც მოუწოდებს ქართველ ერს, დაიცვან საქართველოს დამოუკიდებლობა, ღირსება, სახელმწიფოებრიობა, გაათავისუფლონ ქვეყანა ოლიგარქი ივანიშვილისგან. ხომ არ იცით, ვინ არის მამა კირიონი?
- ეს გახლავთ კომიკური ადამიანი, ის არანაირი სასულიერო პირი არ არის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიკეროს ანაფორა და ჩაიცვას, გამოვიდეს და თქვას, რომ ის არის სასულიერო პირი. რამდენადაც ვიცი, იგი არ ეკუთვნის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, არც სხვა ეკლესიის წარმომადგენელია, არის ჩვეულებრივი შარლატანი, რომელმაც ჩაიცვა ანაფორა და ცდილობს, შექმნას იმიტაცია, თითქოს სასულიერო პირი მოუწოდებს ხალხს „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ, ემიგრანტების პრობლემები ეხება უშუალოდ ჩვენს სამინისტროს და დავადგინეთ ამ პიროვნების შესახებ ყველა ინფორმაცია. როგორც გითხარით, ის არის ჩვეულებრივი შარლატანი, რომელიც დღეს კიევში მიკედლებულია „ნაცმოძრაობას", ორ კაპიკს იღებს იმისთვის, რომ მათი მხარდამჭერი იყოს, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
- არის საუბრები, რომ „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი სასულიერო პირები მრევლს უქადაგებენ, რომ 21 მარტის აქციაზე მივიდნენ.
- მსგავსი რამ არ მსმენია, ერთი კია, რომ გიგა ბოკერია არის პატრიარქის დაუძინებელი მტერი, ისინი გუშინაც ებრძოდნენ საქართველოს პატრიარქს, დღესაც ებრძვიან და ხვალაც იბრძოლებენ, რადგან იციან, რომ სანამ საქართველოს საჭეთმპყრობელი იქნება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოს ეკლესიას ვერ მოერევიან.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"