„ნაცმოძრაობის" ლიდერები 21 მარტის აქციაზე პროვოკაციებსა და მრავალ უბედურებას რომ გეგმავენ, ეს ახალი არ არის. თუმცა, „ალიას" „ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულმა წყაროებმა სააკაშვილის ბანდის სამოქმედო გეგმის მეტად საყურადღებო დეტალები მოაწოდეს.
„ალია" რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ „ნაციონალები" პანიკაში არიან, რადგან უკვე დაზუსტებული ინფორმაცია აქვთ პარტიის რეგიონული ოფისებიდან, რომ რეგიონებიდან ხალხი არ ჩამოვა აქციაზე, ხალხი მათ ბინძურ ფულსაც კი არ ჰკიდებს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, კაცზე 100 ლარს იხდიან. მხოლოდ თბილისის იმედი აქვთ და დიდად აქტიურები არც თბილისელები არიან. ნეიტრალურ მოქალაქეებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ „ნაცების" აქცია, მხოლოდ თავიანთი ერთგული მომხრეების იმედად არიან და 5 000 კაცს თუ თავი მოუყარეს რუსთაველზე, ესეც დიდი საქმე იქნება. ამ ეტაპზე ამის იმედიც არ აქვთ. არადა, მინიმუმ, 80-100 ათასი კაცი სჭირდებათ, მერე კი, ხალხს ისე გაშლიან რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე, რომ ხალხმრავალი აქციის იმიტირებას მიახდენენ, იტყვიან, რომ 200 ათასი კაცი მაინც იყო აქციაზე. ამიტომ, სხვა გზა აღარ დარჩათ, ხელოვნურად უნდა ასწიონ ხალხში ტემპერატურა, საპროტესტო მუხტი უნდა გააღვივონ და ვინც არც „ნაცებს" უჭერს მხარს და არც ხელისუფლებას, ამ ხალხის ნაწილი უნდა გამოიყვანონ გარეთ. თავად უნდა მოაწყონ პროვოკაციები, მერე ხელისუფლებას დააბრალონ და ეს ხალხი დაარწმუნონ, რომ ხელისუფლება ხალხზე მოძალადეა. ამ პროვოკაციებს კი „ნაცები" 21-22 მარტსვე გეგმავენ, რადგან იციან, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია ნამდვილად არ არის და რამდენიმე დღით, თავიანთი მომხრეების გაჩერებაც კი გაუჭირდებათ რუსთაველზე. 21 მარტს, ღამით, დაგეგმილია „ნაციონალთა" რამდენიმე აქტიური მხარდამჭერისა და ასევე, მათი ერთ-ერთი პოლიტიკური სახის გატაცება, ცემა და მერე მათი დაგდება თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ნაცნობი სახე შესაძლოა, დეპუტატიც იყოს.
ამას „ნაცების" „ზონდერები" განახორციელებენ. ამ ხალხს საამისოდ დიდი გამოცდილება აქვს. 2008 წელს, ოპოზიციის აქციების დროს, იტაცებდნენ ხალხს, სასტიკად სცემდნენ და მერე მათ ტყეში პოულობდნენ. შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს იმჟამინდელი წევრის, „მემარჯვენე" ბიძინა გეგიძის, ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერის, ამირან ბიწაძის, სპორტული ჟურნალისტის მამუკა კვარაცხელიას გატაცების ფაქტებს. ეს ადამიანები ოპოზიციაში ედგნენ სააკაშვილის რეჟიმს, მამუკა კვარაცხელია კი პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო შიმშილობის აქციაში მონაწილეობდა. ეს ხალხი ერთნაირი სცენარით გაიტაცეს. მანქანებიდან ძალით და მუქარით ჩამოსვეს, საკუთარ მანქანებში გადასვეს, თბილისის გარეთ ტყეში გაიყვანეს, უმოწყალოდ სცემეს და იქვე დაყარეს. მაშინ ამას ვანო მერაბიშვილისგან გათამამებული შსს-ს „ზონდერები" აკეთებდნენ და დღეს ეს უმუშევრად დარჩენილი ადამიანები იმავეს დიდი სიამოვნებით გააკეთებენ. ადრე ვანო მერაბიშვილი აძლევდა მათ პრემიებს ოპოზიციონერთა გატაცებისა და ცემისთვის, ახლა კი „ნაციონალები" გადაუხდიან ფულს.
საზოგადოების აღშფოთების მიზნით, დაგეგმილია „თავისუფალი ზონის" არასრულწლოვანი წევრების გატაცება და უმოწყალოდ ცემა. უკვე გამზადებული ჰყავთ 3-4-კაციანი ჯგუფები და უკვე ყოფილა იმ ხალხის სია, ვის გატაცებასაც აპირებენ.
თუ ამ ყველაფერმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ნეიტრალური ადამიანები „ნაცების" აქციას არ შეუერთდნენ, უარესი გეგმა აქვთ მოფიქრებული. შესაძლოა, რომელიმე დეპუტატის მცირეწლოვანი შვილი გაიტაცონ და ხელისუფლებას გადააბრალონ. ამასაც „ნაცების" „ზონდერები" გააკეთებენ. ცხადია, მეტად სარისკო გეგმაა და დიდი შანსია, გამოძიებამ ამ სპექტაკლის ყველა დეტალი გახსნას, მაგრამ „ნაცები" 21 მარტის აქციისთვის ყველა რესურსს, ყველა საშუალებას გამოიყენებენ. მათი ლიდერები ერთი წამითაც კი არ უშვებენ იმას, რომ აქციების შემდეგ, ხელისუფლებაში არ დაბრუნდებიან. მერე კი, ცხადია, მოტაცებულ ბავშვსაც იპოვიან, ამ დანაშაულს რომელიმე კრიმინალს შესტენიან, რომელიც ტელევიზიით გამოვა და იტყვის, რომ ბავშვის მოტაცების დავალება, დავუშვათ, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო. „ნაცები" უზომოდ არიან გათავხედებულნი, იმდენი მხარდამჭერიც კი არ ჰყავთ, რომ რუსთაველი გაავსონ და რევოლუციის მოწყობაზე არათუ ხელს არ იღებენ, მეტიც, ყველა საშინელებაზე მიდიან, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიონ, ხალხი ერთმანეთს დაატაკონ, სისხლი დაღვარონ და ხელისუფლებას სიტუაციაზე კონტროლი დააკარგვინონ. აი, მერე კი რევოლუცია იწყება.
როგორც წყარო ამბობს, რამდენიმე რეგიონში დაგეგმილია „ნაცმოძრაობის" ოფისების ღამით გადაწვა და ამის „ქართული ოცნების" აქტივისტებისთვის გადაბრალება. ცხადია, არ გაუჭირდებათ ადგილებზე რაიმე ისეთი კვალის დატოვება, რომელიც „დაადასტურებს", რომ ეს ხელისუფლების მომხრეებმა ჩაიდინეს. ასევე, ღამით გეგმავენ ერთ-ერთი ოფისის აფეთქებას და, სავარაუდოდ, იმ დროს, როცა ოფისში რამდენიმე ადამიანი მაინც იქნება. გეგმის თანახმად, აფეთქება იმდენად მძლავრი არ იქნება, ვინმე იმსხვერპლოს, მაგრამ იქნებიან დაჭრილები. ყველა ვარიანტში ეს ვა-ბანკზე წასვლაა, რადგან ნებისმიერი აფეთქების შედეგების ბოლომდე განსაზღვრა და მსხვერპლის წინასწარ გამორიცხვა შეუძლებელია. მოკლედ, „ნაცებს" ფეხებზე ჰკიდიათ თავიანთი პარტიის წევრები, ოღონდ საწადელს მიაღწიონ, საპროტესტო მუხტი გაზარდონ, ხალხი დაძრან და ხელისუფლებას იმიჯი შეულახონ.
ასევე, დაგეგმილია რაიონებიდან აქციაზე წამომსვლელი თავიანთი მხარდამჭერების პროვოცირება. ავტობუსებსა და „მარშრუტკებს", ისეთ ადგილებზე, სადაც ეს შესაძლებელია და ვერავინ დააფიქსირებს, ნიღბიანი „ნაცზონდერები" დახვდებიან. ზოგს ტრანსპორტში შეუცვივდებიან და იქ მიაყენებენ შეურაცხყოფას, ზოგს იძულებით ძირს ჩამოსვამენ, რამდენიმე კაცს სცემენ კიდეც, მერე კი დაამტვრევენ ამ ავტობუსებს და „მარშრუტკებს" ცხადია, „რუსთავი 2"-ის რეგიონული კორესპონდენტები მხოლოდ მაშინ მივლენ შემთხვევის ადგილას, როცა თავდამსხმელები უკვე გაქცეულნი იქნებიან და დაზაფრული ხმით გვაუწყებენ, რომ „ქართული ოცნების" მომხრეებმა ხალხი შეურაცხყვეს, სცემეს და ტრანსპორტი დაამტვრიეს. რაიონებიდან თბილისისკენ მომავალ ყველა სახის ტრანსპორტს რომ ლურსმნებსა და მჭრელ საგნებს დაუყრიან გზაზე, ვითომ ეს ხელისუფლებამ იმისთვის გააკეთა, რომ მათი მხარდამჭერები არ ჩამოვიდნენ თბილისში, ეს უკვე ნაცადი მეთოდია და ამის გამოყენებასაც აპირებენ. შარშან, ნოემბერშიც, გააკეთეს იგივე „ნაცებმა", თავად იზრუნეს, რომ სატრანსპორტო საშუალებებს საბურავები გასკდომოდათ და მერე გაჰკიოდნენ, „ქართული ოცნების" მომხრეებმა დაყარეს ტრასაზე მჭრელი საგნებიო, თუმცა ეს სისულელე მაშინ არავინ დაიჯერა და არც ვინმე აღშფოთებულა, რადგან ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რა ვირეშმაკა ხალხია შეყრილი სააკაშვილის დამნაშავე პარტიაში. ცხადია, ამჯერადაც ტყუილად გაირჯებიან „ნაცები" და მათიეს პროვოკაცია ვერც ხელისუფლებას დააკლებს რამეს და არც ერთი ნორმალური ადამიანი, არიქა, „ნაციონალებს" ჩაგრავენო, არ გამოვა სახლიდან მათ მხარდასაჭერად. 9 წელი ტყუილებში აცხოვრეს მთელი საქართველო „ნაციონალებმა" და ბოლოს რაც მოიმკეს, ყველამ კარგად ვიცით. მთელი მათი პოლიტიკა სიცრუეზე იყო აგებული და კისერიც წაიტეხეს, თუმცა თავისას ვერ იშლიან, ოპოზიციაშიც ტყუილითა და უსაფუძვლო პიარით აპირებენ თავის გატანას, მაგრამ მათი ეს ბინძური ტყუილებიც მალე დასრულდება.
წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ ნაცები" საწადელს ვერ მიაღწევენ და რევოლუციას ვერ ააგორებენ, 21 მარტი და მისი თანამდევი მოვლენები, კიდევ ერთხელ გამოააშკარავებს მიხეილ სააკაშვილისა და მისი „შპანას" რეალურ, მახინჯ სახეს და „ნაცები" საბოლოოდ დასამარდებიან.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „ალია"