ვინ არის დირექტორი, ვინც ქართველების წინააღმდეგ ბაგრამიანის ბატალიონში იბრძოდა?
დიდი ხანია უკვე დავის საგანია, რა გავლენები აქვს ქართულ პოლიტიკურ რეალობაზე იმ კომპანიებს, რომლის უკანაც ხშირად უცხო ქვეყნების ინტერესები მოიაზრება...
ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ მათგანზე. ეს არის „თელასი"...
ჩვენი რესპოდენტი ვინაობას არ ამჟღავნებს, თუმცა დეტალურად გვიამბობს იმ ვითარებაზე, რაც ამ კამპანიაში.
მაშ ასე, ვინ მართავს პროცესებს „თელასში"?
რატომ ჩივიან უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები?
ვინ ვის რა მიზნით უდგამს კამერებს?
რატომ უხდის ქართველი გადამხდელი ხელფასს ადამიანს, ვინც ბაგრამიანის ბატალიონში იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ?
რა კავშირები ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას რუსულ კომპანიასთან?
რა სქემით დააფინანსა რუსეთმა ნაციონალები 2012 წლის არჩევნებისთვის?
ეს და კიდევ სხვა არცთუ ნაკლებად სკანდალური საკითხი იყო ჩვენს რესპონდენტთან საუბრის თემა.
„თელასი" ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მაშინ მოექცა, როდესაც 2012 წლის ნოემბერში გასაოცარი კორუფციული სქემა გაშიფრა ფინანსურმა პოლიციამ, რომლის მიხედვითაც გაირკვა, როგორ ფინანსდებოდა „ნაციონალური მოძრაობა" კომპანიიდან, რომლის უკანაც ყველა დროში პუტინის ადმინისტრაცია მოიაზრებოდა... როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ სკანდალს აერიდა საქართველოს სახელმწიფო და სასამართლომ თავისი განაჩენით ეს სქემა არ დაადასტურა. არადა, ამ საქმეში ბრალდებულებად იყვნენ წარმოდგენილი ნაციონალური ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები - ალეკო ხეთაგური, ნიკა გვარამია, კახა დამენია და სხვანი... სქემა შემდეგი მდგომარეობდა: „თელასმა", „მტკვარმა" და „ხრამი 1-2"-მა უზენაესი სასამართლოს მანდატურის მიერ ერთი კვირით ადრე შექმნილ შპს-ს, ჯამში, მილიონი დოლარი გადაუხადეს ანალიტიკური სამუშაოების ჩატარებისთვის. ეს ის დრო იყო, როცა 2012 წლის არჩევნები ახლოვდებოდა. ცხადია, პარტიას ფული ძალიან სჭირდებოდა, ოლიგარქის ფინანსურ შესაძლებლობებთან დასაპირისპირებლად...
როგორც ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობა" ამ სკანდალის შემდეგაც ინარჩუნებს „თელასში" გავლენებს...
დაახლოებით ორი წლის წინათ „თელასის" გენერალური დირექტორი ვინმე სერგეი კობცევი გახდა, რომელიც, როგორც მისი დანიშვნის დროს ელექტრონული მედია იუწყებოდა, მანამდე, ტაჯიკეთში მუშაობდა, სადაც რუსული ფულით აშენებული ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი იყო. ამ დროს გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური იყო, ვინაიდან ყოფილი დირექტორი, აშოტ მანუკიანი 2012 წლის 10 ნოემბერს ისე გაქრა საქართველოდან, რომ მისი ლანდიც აღარავის უნახავს...
აშოტ მანუკიანიც დაიბარეს 9 ნოემბერს ფინანსურ პოლიციაში, სადაც ზემოხსენებულ კორუფციულ სქემას იძიებდნენ. დილით გამოუშვიათ. მანუკიანი პირდაპირ სომხეთისკენ გაიქცა. მას შემდეგ „თელასში" მისთვის თვალი აღარავის მოუკრავს...
კობცევმა კი საქართველოში დანიშვნისთანავე გაუშვა სამსახურიდან „თელასის" კომერციული დირექტორი, ცნობლი ნაციონალი ზურაბ არსოშვილი, რომელიც ნაციონალურმა ხელისუფლებამ იქ თავის დროზე სიტუაციის საკონტროლებლად ჩასვა. მას მიაყოლეს ფინანსური და ტექნიკური დირექტორებიც. ეს ის ხალხი იყო, ვინც „თელასში" საკადრო წმენდებს ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით...
ამ საკადრო წმენდამ სულ ცოტა ხნით დატოვა შთაბეჭდილება, რომ „თელასი" ნაციონალების კონტროლისგან თავისუფლდებოდა. მალე ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა ვახტანგ ქინქლაძე, რომელიც პირდაპირ ასოცირდებოდა ზემოხსენებული კორუფციული სქემის ავტორებთან - ალეკო ხეთაგურთან და დევი კანდელაკთან. ქინქლაძე ნიკა გილაურის უახლოეს გარემოცვაშიც მოიაზრება.
ქინქლაძის პროტექტორად სახელდება ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი, რომელიც მანამდე ვანო მერაბიშვილის მიერ დაკომპლექტებული „ნიუ ენერჯის" დირექტორი იყო...
როგორც ამბობენ, „თელასში" „ნაცმოძრაობის" ინტერესებს უკვე ოთხი წელია რუსეთის „გრუ"-ს ოფიცერი ლევონ სტეპანიანიც იცავს. სწორედ მის დიდ მცდელობას უკავშირდება ნაციონალური ხელისუფლების დროს სამსახურიდან ოპოზიციურად განწყობილი 19 თანამშრომლის დათხოვნა...
„პრაიმტაიმს" ატყობინებენ, რომ ეს ადამიანი აფხაზეთის ომის დროს ბაგრამიანის ბატალიონში იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ. დღეს კი „თელასში" ქართველი გადამხდელებისგან მიღებული თანხით საკმაოდ სოლიდურ ხელფასს იღებს...
„პრაიმტაიმმა" ინკოგნიტო წყაროსგან მოწოდებული ეს ინფორმაცია, თავის მხრივ, მაინც გადაამოწმა სამხედრო ექსპერტ ტრისტან წითელაშვილთან: „ვადასტურებ, რომ ეს ადამიანი ნამდვილად იბრძოდა ამ ბატალიონში. მასზე მე ბევრი ინფორმაცია მაქვს. ამ ეტაპზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ მისი სპეცსამსახურული მეტსახელი იყო „შვარციკა", - განაცხადა ექსპერტმა.
ლევონ პეტროსიანს სხვა სკანდალებიც უკავშირდება. როგორც „პრაიმტაიმმა" შეიტყო, დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება სასამართლო „თელასის" უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომლის სარჩელის საფუძველზე. ეს ის ხალხია, ვისაც სტეპანიანმა სამუშაო ოთახში ფარულად დაუმონტაჟა კამერები. თუმცა, თავის მხრივ, არც ისინი დარჩნენ ვალში... როგორც ირკვევა, გრუს გენერალს ისეთივე კამერები დაუმონტაჟებია საკონფერენციო დარბაზშიც, სადაც კომპანიის გენერალური დირექტორი ზოგჯერ კონფიდენციალურ შეხვედრებს მართავს მაღალი რანგის სტუმრებთან...
ვფიქრობთ, ჩამოთვლილი ფაქტები საკმარისად ქმნის სურათს ეჭვისთვის, რომ, თუ დღეს თბილისის მოსახლეობა წუხს ელექტროენერგიის ხშირი გათიშვების გამო, ეს პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს ერთი პოლიტიკური პარტიის სურვილებთან.
მარიამ ნადირაძე
გაზეთი „პრაიმტაიმი"