ვინ გადასცა სადღობელაშვილის საუბრის ჩანაწერი „ნაცმოძრაობას"?
ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" განცხადებით, ჩანაწერი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა, ფალსიფიცირებულია და ის ტელეკომპანია „ტაბულაში" დამონტაჟდა. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, ჩანაწერში საუბრის ფრაგმენტები ამოღებულია მისი და მისი ორგანიზაციის წევრის გიორგი მუხიგულაშვილს შორის არსებული დიალოგებიდან, რომელიც სხვადასხვა დაკავების დროს წარიმართა.
„მას შემდეგ, რაც „თავისუფალმა თაობამ" გიგა ბოკერიას საცხოვრებელ სახლთან აქცია გამართა, უშუალოდ ბოკერიას ცოლის, „ტაბულა-ბიცოლად" წოდებული თამარ ჩერგოლეიშვილის ტელევიზიის მიერ განხორციელდა ფალსიფიცირებული ჩანაწერის შექმნა. ეს გახლავთ ერთგვარი შურისძიება ჩვენ წინააღმდეგ. როგორც ჩვენმა მეგობარმა გვაცნობა, რომელიც ტელეკომპანიაში მუშაობს, ჩანაწერი მთელი ღამის განმავლობაში უშუალოდ ჩერგოლეიშვილის მითითებით მონტაჟდებოდა. სადღობელაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ასახულია ვითარება, როდესაც ლადო სადღობელაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრება და მათგან მითითებებს იღებს.
სად გაკეთდა ფარული ჩანაწერი? ვისი გვარები გადაეცა შსს-ს? რას აპირებენ 21 მარტისთვის?
„ალიას" ლადო სადღობელაშვილი ესაუბრა:
- ლადო, შეიტანე უკვე საჩივარი პროკურატურაში?
- ჩემმა ადვოკატმა განცხადება უკვე შეიტანა პროკურატურაში და აპირებს შსს-ში შეტანას. ჯერ არ ვაპირებთ სასამართლოში შეტანას, რადგან დაველოდებით ხელისუფლების პასუხს. ველოდებით ადეკვატურ პოზიციას ყველაფერზე, რადგან ჩემს პირად ცხოვრებას ეხება. საუბარი შედგა ჩემსა და ჩემს მეგობარს შორის, მერე საუბარი არის დამახინჯებული და ერთმანეთზე მიწებებული. ეს ყველაფერი კი იყო ერთგვარი შურისძიება, რადგან ორი დღე გადავაბით, აქციები მოვაწყვეთ ჯერ თარგამაძის, შემდეგ კი - ბოკერიას სახლთან. ფსიქოლოგია მუშაობს, როცა გაივლის ადამიანი და კედლებზე დაინახავს წარწერას: „შენ ხარ მკვლელი", თან ამას კითხულობენ მისი მეზობლებიც.
- სად გაკეთდა ეს ჩანაწერი?
- პატრულის მანქანაში. აუდიოფირში ბევრ რამეს ხუმრობით ვსაუბრობ, ცრუ სიგნალებსაც ვიძლევი, მაგრამ ხედავთ, რომ არც მთაწმინდაზე ჩამიტარებია აქცია და არც საბურთალოზე. ეს ამბავი არის დაახლოებით ერთი წლის წინანდელი, რომელიც გამომზეურდა ჩანერგილი პატრულის მიერ. რატომღაც ორივე შემთხვევაში სამიზნე არის ვინმე ზუზაძე, რომელსაც არც კი ვიცნობ.
- არ გაიკითხე, ვინ შეიძლება იყოს ეს პოლიციელი? რატომ აქვთ მის მიმართ ასეთი ინტერესი?
- არ ვიცი, რატომ არის სამიზნე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს პიროვნება „ნაციონალებს" ძალიან აღიზიანებს. როგორც საუბრებიდან გავარკვიე, საგამოძიებოს უფროსია და „ნაციონალების" წმენდით არის დაკავებული. ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა. რატომ არიან „ნაციონალები" ამ პიროვნებაზე გაგიჟებულები? „ნაციონალები" ასეთ ადამიანებს მტრად თვლიან, ჩვენ კი დაუძინებელი მტრები ვართ „ნაციონალების".
- კახა კუკავამ, რომ ნომრიანი აგენტი გიწოდათ, იცით?
- დიახ, დიდი თავდასხმები მოდის ბატონი კუკავასგან, თითქოსდა მესამე მხარედ არის შემოსული ჩვენი და „ნაციონალების" ბრძოლაში. არადა, ფაქტია, რომ ის აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას". დიდი ხანია, მაქვს ინფორმაცია მის შესახებ, რა უნდა და რას გეგმავს, მაგრამ თავს ვიკავებ საუბრისგან. როგორც კი გავაკეთე განცხადება, 50 000 არის გამოყოფილი, რომ აქტივობები დაიწყონ ძალებმა, რომლებიც „ნაციონალების" წისქვილზე დაასხამენ წყალს-მეთქი, მეორე დღესვე გამოვიდა კუკავა და ამბობს, არაფერს არ ვაპირებთო, თავი „დაიწვეს". ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს, მაგრამ ეს კუკავა ჩვეულებრივი ინტრიგანია. ჩემზე ვარაუდს გამოთქვამს და მაბრალებს რაღაცებს, მაგრამ მეტი ინფორმაცია მაქვს მასზე, ის რეალური „ნასედკაა. ადამიანებს უსმენდა, „დანოსებს" წერდა და მერე იმ ადამიანს უსწორდებოდნენ. არც კი ავყვები, რეაქციაც არ მაქვს მაგის სულელურ გამოთქმებზე. მაგის განცხადებების კომენტირებაზე მეტად ის მადარდებს, რომ საქმე გვაქვს ჩანერგილებთან, რომლებიც უკვე თავს გავიდნენ. გამიკეთეს ჩანაწერი პირდაპირ პატრულის მანქანაში.
- როგორ მოხდა ამ ჩანაწერის გაკეთება?
- სავარაუდოდ, როცა მეგობართან ერთად დამაკავეს და პატრულის მანქანაში ვიმყო ფებოდი. მაქვს ამ პატრულის სახელები და გვარები, უკვე გადავეცი შსს-ს.
- ჩანაწერი რომ მოისმინეთ, რა დაასკვენით, სატელეფონო საუბრებიც ხომ არ არის გამოყენებული?
- არა, პატრულის მანქანაშია საუბარი. ერთ-ერთი დღის აქციიდან არის აღებული ეს საუბრები. საუბარი ჩემსა და ჩემს მეგობარს შორის შედგა, რომელიც „გააკეთეს". ხელისუფლებას ვთხოვ ამ ჩანაწერის შესწავლას, ექსპერტიზას. ეს ჩანაწერი გასულ წელს არის გაკეთებული, თავიდანვე მივხვდით მე და ჩემი მეგობარი, რომ მოგზავნილები იყვნენ ეს პატრულები, რადგან პროვოკაციულ კითხვებს სვამდნენ. მე მკითხეს, რამდენი ადამიანია გაწევრიანებული თქვენთანო. ინტერესდებოდნენ ისეთი რამეებით, რაც პატრულის საქმე არ იყო ნამდვილად. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს ჩამრჩენია გულში ისეთი საუბრები, რაც ამ შემთხვევაში მოხდა. ესენი ცდილობდნენ, საუბარი გამეგრძელებინა, გამოვეტეხე, რაღაცაში დავეჭირე.
- ანუ ჩაგწერეს და გადასცეს „ნაციონალებს"?
- დიახ, ეს აუდიომასალა არის 3-4 საათის და მერე მოკლე მონტაჟია გაკეთებული. გული მწყდება, ეს რომ მომხდარიყო კრიმინალი „ნაციონალების" დროს, ამ ყველაფერს ადეკვატური პასუხი გაეცემოდა, მაგრამ ხელისუფლებას შიში ამოძრავებს. ბევრი მომენტი აქვთ და ხელიდან უშვებენ. ყველაფერს ისე უშვებენ ყურადღების მიღმა, რომ მერე თავის გამართლების რეჟიმში არიან და ამით „ნაციონალები" ხეირობენ. ეს არის უბედურება.
- ანუ მეხუთე კოლონამ მძევლად აიყვანა ხელისუფლება?
- ასე გამოდის. გადაცემული აქვთ ამ ადამიანების ვინაობები და აბა, ვნახოთ, რას გააკეთებენ. ყველაფერი ისე ფასდება, თითქოს თავდასხმა მოხდა ოპოზიციურ პარტიაზე. პარტიას კი არ ვესხმით თავს, კრიმინალებს ვებრძვით, რადგან ხელისუფლება არის სუსტი და დროულად არ რეაგირებს. ეს კი, იმის მაგივრად, რომ მიხვდეს, მის საქმეს ვაკეთებთ, აქეთ ეშინია „ნაციონალების" და ხმას ვერ იღებს. პროვოკაციების სერიები იდგმება, მივდივართ მანქანით, გვხვდებიან ბოკერია და გაბაშვილი, გვაგინებენ, რომ პასუხისთვის გამოგვიწვიონ, მერე ეძახის „ნაციონალების" ახალგაზრდებს. პატრული მიჭერს და მცემენ მიზანმიმართულად. ასეთი ფაქტების მერე რა ვიფიქრო? ჩვენ რეალურად „ნაციონალებსაც" ვებრძვით და სხვა ოპოზიციურ ტყავში გადაცმულ „ნაციონალების" „გამპრავებელ" ძალებსაც. ხელისუფლების თანადგომას კი ვერ ვგრძნობთ. ჩვეულებრივი პუტჩი იწყება და ხელისუფლება ამას ვერ გრძნობს, ამტყუნებს იმ ხალხს, ვის გვერდითაც უნდა დადგეს. ხელისუფლება აკრიტიკებს იმ ძალას, რომელიც აკეთებს მის გასაკეთებელს, რადგან ის უმოქმედოა და ვინმემ ხომ უნდა იბრძოლოს ამ ქვეყანაში? სულ დაგვასხდნენ თავზე ეს „ნაციონალები". წლებია, ველით სამართლიანობის აღდგენას, კრიმინალებს ციხეში კი არ უშვებს, აქეთ იმართლებს თავს. ეს კი რისკს უფრო მეტად ზრდის.
- რას აპირებთ?
- ვიღებთ ტაიმ-აუტს 21 მარტისთვის, მერე დავგეგმავთ ორგანიზაციის შიგნით, როგორ მოვიქცეთ. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოში სიტუაცია დაიძაბა, არ გვინდა, ორგანიზაციის საქმიანობა გამარგინალდეს, თავს ამიტომ ვიკავებთ. უჩვენოდ ჩაივლის 21 მარტი, თუმცა ეჭვი მეპარება, მშვიდობიანად ჩაიაროს. ველოდებით შედეგებს და მერე ვიმოქმედებთ.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „ალია"