გვესაუბრება სამხედრო ექსპერტი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია:
- 21 მარტს ნაციონალები დიდი აქციის მოწყობას ვარაუდობენ.
- ნაციონალები სულს ღაფავენ და სურთ, რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში. თუმცა ნაციონალებს დღეს ისეთი რეიტინგი აქვთ, როგორიც კომუნისტურ პარტიას. ნაცმოძრაობა გახდა მარგინალური პოლიტიკური ძალა და ახლა, როცა პარლამენტში დეპუტაცია ჰყავთ გაყალბების შედეგად, ფიქრობენ, რომ ეს ვინმემ არ იცის.
უკრაინაშიც ფიასკო განიცადეს. ამაზე, რატომღაც არავინ წერს და არავინ ლაპარაკობს, არადა, სარიოზული ჩავარდნა მოხდა საააშვილის და მისი გუნდის მისიის. როგორც კი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო უკრაინისთვის ლეტარული იარაღის მიწოდების ლობირება, ფაქტობრივად, ჩაფლავდა ეს ინიციატივა თვით მიხეილ სააკაშვილის პიროვნული ფაქტორიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ. ეს გახდა ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, რათა არ მიეწოდებინათ უკრაინისთვის იარაღი, რომელიც მისთვის, ამ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
უკრაინული არმია დღეს ისეთი დემორალიზებულია, როგორიც იყო ქართული არმია განთიადისა და გაგრის დაკარგვის დროს და ამაში გარკვეული წვლილი „ნაცმოძრაობასაც" უდევს. უკრაინის პრესა და ტელევიზია თითქმის ყოველ დღე სააკაშვილს უთობდა დროს და უკვე ორი კვირაა, რაც არ გამოჩენილა. ისეა გასუსული უკრაინის პრესა, ხმას არ იღებს სააკაშვილის ინტერვიუებზე. სერიოზული მარცხი იწვნიეს სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მეშვეობით და ის რეფორმები, რაც უკრაინაში ზარ-ზეიმით იყო ინიცირებული, ფაქტობრივად, ჩაფლავდა.
სიტყვა გაგვიგრძელდა და მოკლედ გეტყვით: უკრაინაში წარუმატებლობების ფონზე ცდილობენ საქართველოში გამოიჩინონ თავი და უშნოდ ფხაკურობენ - 21-ში მთავრობის გადადგომას მოვითხოვთო - ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას აპირებენ.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს აქცია მათთვის წარუმატებელი იქნება?
- 21 მარტის აქცია იქნება ისეთივე, როგორიც იყო 19 აპრილს და 15 ნოემბერს.
- ხომ არ არის, იმის ალბათობა, რომ სამართლიანობის დამკვიდრების მოსურნე ხალხი, რომლებიც ამ ხელისუფლებისგან ელოდნენ ამას, სოციალურად მძიმე ვითარებაში მყოფნი და ნაციონალების მიერ გარკვეული თანხის საფასურად მოსყიდულნი, არცთუ ისე უმნიშვნელო მასა იქნება აქციაზე.
- არ მგონია, სოციუმის რომელიმე სერიოზულმა წარმომადგენელმა მოისურვოს იმ აქციაზე მისვლა. რაც შეეხება ფულის დარიგებას, წინა აქციებზე ვიღაცებმა აიღეს ფული, მივიდნენ მიტინგზე, მაგრამ რამდენიმე წუთში მოკურცხლეს იქედან.
სოციალური პრობლემები არის, მაგრამ ნაციონალების დროშის ქვეშ არავინ აპირებს პროტესტის გამოხატვას. თუ გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც, შესაძლოა, სულაც არ იყოს პოპულარული, მაგრამ წამოწევს სოციალურ საკითხებს, არაა გამორიცხული, გაჰყვეს მას ხალხი. არ გამოვრიცხავ ამას.
- პროვოკაციებს მათ მხრიდან გამორიცხავთ?
- პროვოკაციებს ექნება ადგილი, მაგრამ არა მასშტაბურად. „ნაცმოძრაობა" ვერ მოაგროვებს იმდენ ხალხს, რომ პროვოკაციები ეფექტური იყოს.
დიდი იმედი მაქვს, ჩემი ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდება, თუ არა, ექსპერტობაზე ხელს ვიღებ.
კიდევ ვიმეორებ: საპროტესტო მუხტი არსებობს და თუ ამ ძალას რომელიმე ოპოზიციური გაერთიანება გამოიყენებს, არ არის გამორიცხული ხალხი ქუჩაში გამოვიდეს. თუმცა არა ახლა. ასე რომ, თუ ხელისუფლება რეფორმებს არ დაიწყებს და პროფესიონალებს არ მოიზიდავს, არეულობა გარდაუვალი იქნება.
ირანდა კალანდაძე
გაზეთი „საერთო გაზეთი"