გვესაუბრება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აქტივისტი, მწერალი ლაშა გვასალია:
- როგორც ყოველთვის, ახლაც „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ცრუობენ. ამას ადასტურებს ზუგდიდში ჩატარებული სხვა მსვლელობები. ხალხი ღიად გამოხატავს აღშფოთებას - არ სურთ, 21 მარტს სამეგრელოდან იქ ხალხი წავიდეს, არავის აქვს სურვილი, დაეხმაროს „ნაცმოძრაობის" მარგინალურ ძალას ძალების მოკრებაში.
გუშინ (14.03.2015) არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით „ყველა თაობა საქართველოსთვის" ჩატარდა ღონისძიება - გვაჩვენეთ ფილმი, სადაც აღწერილია ყველა ის უბედურება, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მმართველობის დროს.
- „ნაცმოძრაობას" სამეგრელოში იმდენი მხარდამჭერი კიდევ ჰყავს, რომ ეს, შეიძლება, რეალურ ძალად მივიჩნიოთ?
- „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები დღემდე აგრძელებენ მათთვის ჩვეულ პოლიტიკას და სურთ, ხალხი კვლავ ტყუილში ამყოფონ. აშინებენ, ზაფრავენ ხალხს, თითქოს ქვეყანა იღუპება, საქართველო დაიქცა და ა.შ. ფილმიც იმიტომ ვაჩვენეთ, რომ კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ხალხისთვის, რას აკეთებდნენ ნაციონალები და ვინ იყვნენ ისინი. როგორც ყორანი არ გათეთრდება, ისე მაგათი გამოსწორება არ იქნება. ესენი არიან რევანშისტები და მოღალატე, ქართველთმოძულე ხალხი.
სამეგრელოში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, არის პრობლემები, ეკონომიურად უჭირს ხალხს, ამიტომაც ზოგიერთი წამოეგო ნაციონალების დემაგოგიურ პროპაგანდას და აპირებდნენ, 21-ში თბილისში აქციაზე წასვლას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს ფილმი ვაჩვენეთ, მოვიდნენ ჩვენთან შტაბში და გვითხრეს: ვაპირებდით, თბილისში ჩვენი ჩასვლით შეგვეფხიზლებინა ხელისუფლება, უფრო აქტიურად რომ ემუშავათ, თორემ „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები არასდროს ვყოფილვართო.
- რა პრეტენზია აქვთ, ძირითადად, ხელისუფლების მიმართ?
- ხალხს ყველაზე მეტად სამართლიანობის აღუდგენლობა აწუხებს. სამეგრელოში ბევრია შეურაცხყოფილი, ღირსებააყრილი ადამიანები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია არა გზების დაგება და სხვა სოციალური პროექტები, არამედ ღირსების აღდგენა და ის, რომ სახელმწიფო იცავს და სჯის მათი ღირსების შემლახველებს.
ჩვენი ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის" და ზუგდიდის საზოგადოებრივი აზრი ვართ ერთად და აღარ დავუშვებთ, „ნაცმოძრაობამ" კვლავ იპარპაშოს სამეგრელოში. „ნაცმოძრაობა" დამნაშავე ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს!
- როლანდ ახალაიას სახლთან აქცია გაიმართა. რატომ გახდა ეს აუცილებელი?
- არ ვაპირებდით იქ მისვლას, მაგრამ ახალგაზრდები ფილმის ნახვის შემდეგ ახალაიას სახლისკენ გაემართნენ. ჩვენც მივედით, პროვოკაციებს ადგილი რომ არ ჰქონოდა. საკმაო რაოდენობით ხალხი შეიკრიბა - პედაგოგები, ზუგდიდის ინტელიგენციის წარმომადგენლები. იქვე დაიბადა აზრი, რომ შემდეგი აქცია „ნაცმოძრაობის" ოფისის წინ გამართულიყო.
21 მარტამდე თითქმის ყოველ დღე აქციებს ვგეგმავთ ნაციონალების - ყოველგვარი ქართულის მტრების წინააღმდეგ.
- ლაშა, როლანდ ახალაია მოგმართავდათ - მოვა დრო, დაისჯებიო. ნაციონალები დაბრუნებას აპირებენ, როგორც ჩანს.
- კი, მე მითხრა: საკუთარი თვალით ნახავ, რასაც დაგმართებ - სულს ამოგხდი ციხეშიო.
ეს სიტყვებია, მე მათ ქმედებებს არ ვუშინდები ცხრა წელიწადი... არავის ჰგონია, რომ ესენი კვლავ დაბრუნდებიან, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს - „ნაცმოძრაობა" არის კონფრონტაციული ძალა, რომელიც ცდილობს, ხალხი კვლავ ერთმანეთს დაუპირისპიროს, ცეცხლი გააღვივოს და სამეგრელო კვლავ უბედურების ადგილად აქციოს. ამას არავიარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.
ერთი რამ უნდა გითხრათ კიდევ, რაც მართლაც ძალიან გამიკვირდა: ახალაიების სახლთან რომ მივედით, გამოცვივდნენ მეზობლები, ვფიქრობდით, მხარს დაუჭერდნენ, მეზობელია, მაინც. ხომ გაგიგიათ ანდაზა - მეზობელო კარისაო, მაგრამ მოხდა საოცრება. გვლოცავდნენ მეზობლები, სასწაული სიტყვებით მოიხსენიებდნენ და მიმართავდნენ ახალაიებს, მათ ოჯახს. მერე ძაღლი გამოუშვა როლანდ ახალაიამ, თითქოს ეზოში შესვლას ვაპირებდით. სახლში რა გვინდოდა. ჩვენი აქცია სახალხო იყო და რა საოჯახო...
- ანუ სიტუაცია მაინც ფეთქებადსაშიშია...
- კი, ასეა, არაა სტაბილური ვითარება. რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, რადგან მოსალოდნელია სერიოზული დაპირისპირებები. ხალხს გონებას ურევენ, დემაგოგიით ცდილობენ გადაფარონ და დაავიწყონ ხალხს მათი ნამოქმედარი, გადაიბირონ ისინი. დიდი ძალისხმევა გვიხდება, რომ სიტუაციის სტაბილურობა შევინარჩუნოთ.
- გადაბირებას თანხებითაც ახორციელებენ თურმე. ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება?
- გვაქვს ინფორმაციები, რომ ფულს ურიგებენ ხალხს, რადგან მათ არავინ ენდობა და ფულით სურთ, ადამიანები მოისყიდონ. ფული, სიცრუე, ძალადობა - სატანური მეთოდებით მოქმედებენ, გაოგნებული ვარ.
ჩვენთან იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გვითხრეს, რომ მისცეს ფული, რომ დადგომოდნენ გვერდით ოცდაერთში. ვიცით, მოსყიდული ხალხით ბევრს ვერაფერს გააკეთებენ, მაგრამ მათი წასვლით, შეიძლება, კონფრონტაცია შეიქმნას დედაქალაქში, რადგან თბილისის მოსახლეობასაც უკვე ყელში აქვს ამოსული ნაციონალების ბინძური დემაგოგია.
- რა თანხებზეა საუბარი, რამდენს ურიგებენო?
- 30, 50 და ასსაცო. კატეგორიებით არჩევენ მოსახლეობას. თვითონ განსაჯეთ, რა უსინდისოები არიან.
- ამბობენ, სამეგრელოში კვლავ აქვს გავლენა „ნაცმოძრაობას" და, კერძოდ, ახალაიებსო. კვლავ აშინებს სამეგრელოს ახალაიების „აჩრდილი"?
- თქვენ გეღიმებათ და სამწუხაროდ, ასეა ისევ. ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში კვლავ არიან შემორჩენილი ახალაიების და „ნაცმოძრაობის" თანამოაზრეები და ძველი თანამებრძოლები, მათთან ვალში მყოფი ხალხი, ალბათ, იმის ილუზია არ აქვთ, რომ ნაციონალები კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან და თავს იკავებენ მკვეთრი აზრის გამოხატვისგან.
სხვათა შორის, იმ ე.წ. კოჰაბიტაციამაც ითამაშა მავნებლური როლი. ეს რომ არ ყოფილიყო, „ნაცმოძრაობა" დღეს პრობლემა აღარ იქნებოდა.
ირანდა კალანდაძე
გაზეთი „საერთო გაზეთი"