რა ინსტრუქციებს გზავნის სააკაშვილი „ნაციონალების" ოფისში აქციების მოსამზადებლად?
რა განკარგულებებს იძლევა სააკაშვილი და რა დაპირისპირებაა „ნაციონალების" სხვადასხვა ჯგუფებს შორის? რა შემოუთვალეს მარნეულელებმა ღარიბაშვილს?
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „ალიას" მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის:
- 21 მარტს ადამიანები სავარაუდო ექსცესების მოლოდინში არიან. „ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ აი, ხელისუფლებას ჩვენი ეშინია. ჯერ ერთი, ხელისუფლების შიშში არ არის საქმე, საზოგადოებას ეშინია განა იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეშინია, რომ მოაწყობენ დესტაბილიზაციას. ახლა მე მოგიყვანთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს. კვირას ჩემთან მოსულები იყვნენ აზერბაიჯანელი მოქალაქეები, ისინი დარწმუნებული არიან, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ 21 მარტის აქცია სპეციალურად დაამთხვია მათს სახალხო დღესასწაულს - „ნოვრუზ ბაირამს". მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდეს, რომ მარნეულში დაგეგმილია პროვოკაცია იმისთვის, რომ მოხდეს ქართველებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირება. მე არაფერს ვამატებ, მხოლოდ მათ სიტყვებს ვიმეორებ. ისინი თვლიან, რომ 21 მარტს ისეთი რამ მოხდება მარნეულში, რომელიც მსხვერპლით დამთავრდება და მსოფლიოში გავრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქრისტიანებმა მუსლიმანებს დღესასწაული ჩაუშალეს. იცით, მათ რა მთხოვეს? გადაეცით პრემიერ-მინისტრს, რომ ამ დღეს ან მარნეულში არ ჩამოვიდეს, რომ ეს დესტაბილიზაცია მას არ დაჰბრალდეს, ან თუ ჩამოვა, ძალიან ფრთხილად იყოსო...
- რას ნიშნავს ფრთხილად იყოს, პრემიერზე თავდასხმა ხომ არ იგეგმება?
- ბუნებრივია, მათ ვკითხე, - პრემიერი რომ არ ჩამოვიდეს და იქ მართლაც რამე მოხდეს, ეს ხომ შეფასდება ისე, რომ ოფიციალური თბილისის მიერ ესკალაცია ხელოვნურად არის მოწყობილი? ისინი სპეციალურად ჩამოვიდნენ ჩემთან ამ ამბის სათქმელად, მე მათ ვკითხე, გაქვთ ინფორმაცია, კონკრეტულად ვინ რას აპირებს? მითხრეს, რომ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, მაგრამ ფრაგმენტული ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია. რაც მთავარია, მათ ქართულად მითხრეს შემდეგი ფრაზები: „ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს", ეს ხალხი არის შიშში, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თვისებიდან გამომდინარე, ისინი თვლიან, რომ შეიძლება რაღაც ექსცესი მოხდეს. მინდა „ნაციონალური მოძრაობის" მესვეურებს მივმართო, - მათი კი არავის ეშინია, მათ მიერ მოწყობილი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის შიშშია, რადგან იციან, რომ ეს ძალა არის ამის სპეციალისტი.
- თქვენ „ალიასთან" ინტერვიუში განაცხადეთ, რომ „ნაცმოძრაობა" იბარებს პრობაციონერებს და ეუბნება, თუ მათთან ითანამშრომლებენ და აქციაზე მივლენ, ერთ თვეში ხელისუფლებაში მოვლენ და ნასამართლობას მოუხსნიან. გრძელდება ასეთი აქტივობები მათი მხრიდან?
- „ნაცმოძრაობას" შექმნილი ჰყავს ჯგუფები, რომლებიც კარდაკარ დადიან და ხალხს იბარებენ აქციაზე, ისინი ფულს სთავაზობენ, ოღონდ ყველას არა... ზოგს ჰპირდებიან, მოსვლის მერე მოგხედავთო, ზოგს კი ფულს სთავაზობენ. ჩემი ინფორმაციით, ჯგუფის ხელმძღვანელს შესთავაზეს 50 ლარი, როცა ამ თანხაზე უარი თქვა, მაშინ გაზარდეს თანხა 100 ლარამდე. არ გამოირიცხება ამ აქციაზე ისეთი ტიპის ექსცესი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება. ჩემი ინფორმაციით, სასულიერო პირები მრევლს აფრთხილებენ, რომ, თუ შაბათს საქმე არ აქვთ, წირვას არ დაესწრონ. არ გამოირიცხება ისეთი ტიპის ექსცესი, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება და ამის მიზანია ის, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს საქართველო და მთელმა მსოფლიომ გაიგოს ეს შემზარავი ამბავი. „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიგვაჩვია იმას, რომ მათგან ყველა ტიპის ღონისძიებას უნდა ველოდოთ.
- მოვლენების განვითარების ლოგიკა პირადად თქვენ რას გკარნახობთ?
- მე არ მომწონს ის, რაც აჭარაში ხდება, მიმაჩნია, რომ აჭარაში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როდესაც უაღრესად დასუსტდა ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აჭარა არის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ავტონომიური რესპუბლიკა. აჭარას გარკვეულწილად საერთაშორისო დოკუმენტი იცავს, რომელსაც ყარსის ხელშეკრულება ჰქვია. წარმოიდგინეთ, რომ იქ ერთ მშვენიერ დღეს შემოვიდა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ექსცესური სიტუაცია შექმნა და მოინდომა ხელისუფლების უზურპირება. შესაძლებელია ასეთი რამ, თუ არა?.. მით უმეტეს, ამისთვის მათ ნოყიერი ნიადაგი დახვდებათ. რა, „ნაციონალებს" აჭარის ხელისუფლების ხელში აღება გაუჭირდებათ?!. რასაკვირველია, აჭარაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ და ამას არ დაუშვებენ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ბევრი რამ ყელში აქვთ ამოსული. სულ მცირე, ნეიტრალურები იქნებიან მოვლენების ასეთი განვითარების მიმართ.
- საინტერესო ლოგიკას ავითარებთ, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" აიღოს ხელში მმართველობა, შეიჭრან აჭარის ხელისუფლებაში და სულაც მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მმართველად მოგვევლინონ. სხვათა შორის, პრეზიდენტობის ბოლოს ხშირად იწერებოდა, რომ სააკაშვილი აჭარის ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებდა და გახდებოდა აჭარის მმართველი.
- თუ საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ასეთი რამ ხშირად ხდებოდა... მახსოვს, როცა ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა პარლამენტში ალყაშემორტყმულ მდგომარეობაში, იყო უმძიმეს ვითარებაში, ის ზუსტად ბათუმში ბედავდა წასვლას. გახსოვთ, რა სიტუაცია მეფობდა აჭარაში, ასლან აბაშიძემ ავტონომიის სტატუსი კარგად გამოიყენა, პრაქტიკულად ის იქცა ცენტრმოწყვეტილ რეგიონად, ასლან აბაშიძეს კი უნდა დავუფასოთ ის, რომ მან ბევრი რამ გააკეთა იმ მიმართულებით, რომ აჭარაში ქართული სული დარჩენილიყო. არ გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოინდომოს აჭარის ხელისუფლების ხელში აღება, შეიძლება სააკაშვილმა იქ სტატუსი ვერ მიიღოს, მაგრამ აჭარაში სიტუაცია რომ აქეთკენ მიდის, ამას ვერ ხედავთ?.. რომ „ქართული ოცნება" გავლენებს კარგავს აჭარაში და ის ძალა, ვინც ხელში იღებს მმართველობას, ვის დაუჭერს მხარს და რას მოიმოქმედებს, ჩვენ ეს არ ვიცით. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს მოწყვეტენ აჭარას, მაგრამ რეგიონი ჩაიკეტება და იქნება ავტონომიური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილმა ამ აქციამდე დაიქადნა, 2015 წელს საქართველოში ვიქნებიო. ეს არის მისი მორიგი პიარაქცია, მან იმდენი იძახა, აფხაზეთში შევალ, ოსეთში შევალო, ხალხი დააჯერა, მაგრამ შევიდა?!. ასე დაბრუნდება ის საქართველოშიც... გამოვრიცხავ, რომ ის საქართველოში დაბრუნდეს, არც ისეთი გულადია. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი ბუნებით მშიშარა ადამიანია და ის ამას ვერ გაბედავს.
- თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, ძირითადად რომელი რეგიონებიდან ჩამოიყვანენ ხალხს?
- ცოტ-ცოტა ყველა რეგიონიდან ჩამოვა, უკმაყოფილო ხალხი ყველგანაა. აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, აღმოსავლეთ საქართველო, მაგრამ ეს იქნება ხალხის დიდი რაოდენობა, ფულს იხდიან ნორმალურად და შეიძლება ამას ვინმე წამოეგოს. აქციაზე, სავარაუდოდ, მივლენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთაც არაფერი აკავშირებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან", მაგრამ ისინი აქ მოვლენ საკუთარი პროტესტის დასაფიქსირებლად. მე ამ აქციაზე აუცილებლად ველოდები ცემა-ტყეპას, დაპირისპირებას. სამწუხაროდ, ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა რაც ცუდი ჰქნოდათ, ყველაფერი ისწავლა „ნაციონალური მოძრაობისგან. მე მახსოვს, ჩვენი მიტინგების მოწყობის დროს როგორ ფურებივით გვესხმოდნენ თავს, ხან ფურცელაძის, ხან ჩიტაძის ქუჩიდან „ნაცმოძრაობის" „ზონდერები" და აქტივისტები. არ გამოვრიცხავ, ანალოგიური ახლაც გამეორდეს, მაშინ ეს ხალხი იყო ჩვენზე თავდასასხმელად დაგეშილი და დღეს უკვე, ამ დაგეშილების გარდა, ის ხალხი იქნება, ვინც იმავე ტერიტორიაზე, იმავე რუსთაველის ქუჩაზ სასტიკად სცემეს, სისხლის გუბეები დააყენეს, წიხლქვეშ გაიგდეს, ვინც გააუბედურეს და ყელში აქვთ ამოსული „ნაცმოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის სითავხედე. მაგალითად, ახლა ქალბატონი ანი ნადარეიშვილი პრესით გამოდის და ამბობს, როცა ოპოზიციას ხელისუფლება ქუჩებში დასდევს, ხელკეტებით სცემს, წარმოუდგენელია, ასეთი რამ რომელიმე ქვეყანაში ხდებოდესო. ჯერ ერთი, ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება და მეორეც, ნადარეიშვილს დაავიწყდა ეტყობა, რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს საქართველოში. ტყვიებით ადამიანებს თვალები ამოთხარეს, ოთხი ასეთი მომიტინგეა თვალამოთხრილი. აღარაფერს ვამბობ 7 ნოემბრის სასტიკ დარბევაზე, 26 მაისზე, სამწუხაროა, რომ ამას ლაპარაკობს თამაზ ნადარეიშვილის შვილი, ანი ნადარეიშვილი. ამ კაცმა ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მაგრამ რას იზამ!..
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ მითხარით, რომ ექიმთა ჯგუფი ჰყავდათ ჩაყვანილი კიევში „ნაციონალებს" თავისი ფინანსებით, ისინი შეხვდნენ ადეიშვილს, რომელმაც ექიმებს საპროტესტო აქციაზე მხარდაჭერა სთხოვა. დღევანდელი ინფორმაციით, რა ხდება?
- ჩემი ინფორმაციით, მარტო კიევში არ არის შეხვედრები, „ნაციონალები" შეხვედრებს მართავენ ტრაბზონში, ხოფაში, სტამბულში. ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით, სტამბულში შეკრება ხდება ერთი ქართველი ქალბატონის ბინაში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს დაპატიმრებული იყო. ის იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა და საცხოვრებლად თურქეთში გადასულიყო, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. ჩემთვის გაუგებარია, დღეს რატომ გაიგიჟა ამ ქალბატონმა ასე თავი და რატომ უთმობს საკუთარ ბინას „ნაციონალურ მოძრაობას", რომ იქ კონსპირაციული შეხვედრები გამართონ. ამ ქალბატონის გვარი ვიცი, მაგრამ შეგნებულად არ ვასახელებ. მოკლედ, ბევრ ადგილას ხდება შეხვედრები, მოქმედებების დაგეგმვა. როგორც ინფორმაცია მომდის, „ნაციონალურ მოძრაობაში" არის ჯგუფი, რომელიც ითხოვს, რომ დღესვე დავამთავროთ ხელისუფლება, მაგრამ არის ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ დღესვე ამის გაკეთება შეუძლებელია და ნუ „გვაწვებითო". ამას ამბობენ ის ჯგუფები, ვინც თბილისში არიან და ეუბნებიან, რომ შორიდან იოლია ბრძანებების გაცემა. რამდენადაც ამბად მომივიდა, სააკაშვილი აძლევს დავალებებს აქ მყოფ ლიდერებს. ყველას თავისი გუნდი ჰყავს და ცალცალკე მოითხოვენ თავისი გუნდებისგან აქტიურობას, მაგრამ ამ გუნდის წევრები ხშირ შემთხვევაში პასუხობენ, რომ ამდენის გაკეთების თავი მათ არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური რესურსი საკმარისზე მეტი აქვთ. აქვე გეტყვით, ქართულ მედიაში ხშირად იწერება, რომ „ნაციონალებმა" ფული შემოიტანეს უცხოეთიდან. რად უნდათ უცხოეთიდან ფულის შემოტანა, როცა უამრავი საწარმო და ობიექტი მათ ხელშია და დღემდე იღებს ფულს კეზერაშვილი ამ ობიექტებიდან. ეს ფული აქვე რჩება და „ნაციონალურ მოძრაობას" ხმარდება, „ნაციონალებს" ფინანსური რესურსიი კი აქვთ, მაგრამ ელექტორალური რესურსის დეფიციტი აქვთ და საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოგვარება „ნაციონალებს" არ შეუძლიათ.
- ირმა ნადირაშვილს, რომელიც პრემიერის ხარჯებზე ლაპარაკობს, როგორც ჩანს, ავიწყდება, მისი პრეზიდენტი აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა და რაში ხარჯავდა მილიარდებს... ჰო, მართლა, სხვათა შორის, გასულ კვირას, როცა გიგი უგულავას სასამართლო დარბაზიდან გამოვიდნენ „ნაციონალები" და პროტესტი გამოუცხადეს ქართულ მართლმსაჯულებას, ირმა ნადირაშვილს იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა და მარნეულში აზერ სულეიმანოვმა საკუთარ რესტორანში მთელი „ნაცმოძრაობა" დაპატიჟა და ირმას დაბადების დღე გადაუხადა. ძალიან მოულხენიათ და ბევრი რამ იქ დაუგეგმავთ. თქვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა სწორედ ამ ღრეობის შემდეგ ხომ არ შეიტყვეს იმ მოსალოდნელი ექსცესის შესახებ, რასაც „ნაციონალები" მარნეულში გეგმავენ?
- აზერ სულეიმანოვი „ნაციონალური მოძრაობის" ძირძველი წევრია, რომელიც წლების მანძილზე „ნაცმოძრაობას" აფინანსებდა. მე ირმა ნადირაშვილის ის მაოცებს, გაკვირვებული თვალებით რომ გამოდის და სხვის ხარჯებზე ლაპარაკობს. მაგალითად, გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილმა 181 000 ავეჯისთვის გადარიცხა. ჯერ ერთი, კანცელარიაში რემონტია და ავეჯით აღჭურვაა საჭირო და იმ 181 000-ს ღარიბაშვილი ჯიბეში იდებს, თუ როგორ არის საქმე?!. ღარიბაშვილს თავისი ცოდვები და შეცდომები ეყოფა, ნადირაშვილის ნალაპარაკები და თან ტყუილი ინფორმაცია ძალიან არასერიოზულია, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ხალხი ამ ტყუილებს იჯერებს.
- როგორ ფიქრობთ, „ნაცმოძრაობას" აქვს რესურსი, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს?
- თბილისში მათ სახელმწიფო გადატრიალება არ გამოუვათ, ამის რესურსი არ აქვთ და ვერ შეძლებენ. მათი მიზანია, შექმნან არასტაბილური გარემო, 21 მარტი იქნება პერმანენტული აქციების დასაწყისი, არასტაბილურ გარემოს შექმნას სჭირდება ექსცესი, ტერაქტი, არეულობა და ა.შ. ამის გაკეთება მათ შეუძლიათ. ისე, უნდა გითხრათ, რომ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პრევენციული განცხადება ამ თვალსაზრისით ძალიან საქმიანი იყო, მომეწონა. იმდენად თავდაჯერებული იყო, საზოგადოებაში გაჩნდა იმედი, რომ შს სამინისტრო ყველაფრის საქმის კურსშია და არ დაუშვებს არასტაბილურ სიტუაციას.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"