„ჩემო უთბილესო ოქროებო, 19 მარტს, 17 საათზე ვაპირებთ, პარლამენტის წინ გავმართოთ აქცია, რომლის მიზანია, გავახსენოთ საზოგადოებას, როგორ ჩაგრავდა, აუპატიურებდა სულში აფურთხებდა „ნაციონალების" რეჟიმი 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას. იქნება ნაჩვენები ფილმი და კლიპები. ასევე, თავის აზრს გამოხატავს რამდენიმე ადამიანი. თუ სურვილი და დრო გექნებათ, გამოიარეთ. ბოლო-ბოლო, ის ადამიანები მაინც ვნახავთ ერთმანეთს, ვისი იმედიც ჩემს ქვეყანას აქვს, გაბუტვის დრო არ არის, სიმსივნე უნდა მოვიცილოთ. არავის არ ვეჯიბრებით რაოდენობით, თუ ავმა ძალებმა ქვეყნის არევა მოინდომეს, მაშინ უკვე დაგენახვებით, რამდენიც ვართ. პატივისცემით, თბილისის დირექცია".
განცხადებას მსახიობი გია კორკოტაშვილი ავრცელებს.
რა გეგმები აქვთ „ნაციონალებს" 21 მარტისთვის? რა გაფრთხილებას უთვლის მათ კორკოტაშვილი და რისთვის ემზადება „თბილისის დირექცია"? გია კორკოტაშვილი, ამაზე თავად მოგვითხრობს:
- მე ამ ეტაპზე ვფიქრობ ორ რამეზე: პირველი - მაინც მაქვს ჩვენი ხელისუფლების იმედი, რომ სახელმწიფოებრიობას მშვიდად შეინარჩუნებს, თუ რამე გადაცდომა იქნება, ძალოვანი სტრუქტურები აღკვეთენ. ხალხი ცოტა ხნის წინ ფიქრობდა, რომ ეს „ნაციონალების" ბოლო ამოსუნთქვა იქნებოდა, მაგრამ, როგორც ვხედავ, იმედი ჯერ კიდევ არ გაჰქრობიათ. ისინი რატომღაც ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მცდარი ნაბიჯები ხალხს თვითონ გამოიყვანს ქუჩაში და რისხვა არ ასცდება, ეს რაღაც ლოგიკაში ჯდება, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი და ახლა მინდა, მივმართო „ნაციონალებს": თქვენ იმიტომ მოგიძულათ ხალხმა, რომ 10 წლის განმავლობაში დაზაფრეთ და გააუბედურეთ ჩვენი ქვეყანა. თუ იმაზეა ლაპარაკი, თქვენ მამულიშვილები ხართ და ამიტომ გინდათ მთავრობის გადაყენება, ეს არის სრული სიცრუე. თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება, ამ თემაზე ილაპარაკოთ, თუ გადაყენება და შეცდომებზე მითითებაა, ამაზე უნდა ილაპარაკოს იმ საზოგადოებამ, ვისი არჩეულიც არის დღევანდელი ხელისუფალი. „ნაციონალებო", თქვენ გინდათ, რომ დაბრუნდეთ, ეს თქვენი სურვილია, 21-ში მიტინგის ჩატარების უფლებაც გაქვთ, ამას მშვენივრად აპიარებთ, ეს საქმე კარგად გეხერხებათ. კი, ბატონო, ჩაატარეთ, ხელს არავინ გახლებთ, არ იქნება ის, რასაც თქვენ აკეთებდით და როგორც არბევდით მიტინგებს, რომელშიც პირადად მეც ვმონაწილეობდი. ბევრი მიტინგი დაამთავრეთ მსხვერპლით და უბედურებით. მიუხედავად ამისა, თქვენ ჩაატარებთ ნორმალურად, მაგრამ გადაცდომა და პროვოკაციები არ იყოს. თუ საქმე ისე წავიდა, რომ თქვენი პროვოკაციები ვერ აღკვეთა ხელისუფლებამ, მაშინ საზოგადოება ამას არ დაუშვებს თავისი სიცოცხლის ფასად. ჩათვალეთ, რომ ეს არის „მესიჯი", ჩვენ მზად ვართ, ტყვიასაც კი გადავეფაროთ და დავამთავროთ „ნაციონალების" პარპაში ამ ქვეყანაში. მე კარგად ვიცი, ჩვენი ხელისუფლების ლოიალობა თქვენდამი და ზედემოკრატიულობა რითაც არის განპირობებული, დასავლეთის ჩარევით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ არ შეიძლება, ამორალურებმა მორალზე ილაპარაკოთ. თქვენი ტელევიზიის ყურებაც კი შეუძლებელია, ბოლო დღეებში ერთი და იგივე ტრიალებს.
- ისე, მაგარი მეთოდი აქვთ „ნაციონალებს", იმას კი არ ამბობენ, ეს რა საშინელება ჩავიდინეთ, ეს რა გაგვიკეთებიაო, აი, ამ საშინელებას მოზარდებს ნუ აყურებინებთ, ეს არის ძალიან ცუდიო.
- არა, ეს უკვე ანეკდოტია... სწორედ მაგას ვამბობ, ამორალური ხალხი მორალზე არ უნდა ლაპარაკობდეს!
- ბატონო გია, „თბილისის დირექციას" რა ინფორმაცია აქვს, მაინც რა რაოდენობის ხალხს გამოიყვანენ „ნაციონალები"?
- ამათ აქვთ რამდენიმე სახის გეგმა, ანუ გეგმა აქვთ 10 ათას კაცზე, 20 ათას კაცზე და ამის შემდეგ რაოდენობაზე. მანიპულაციებს დაიწყებენ ამის მიხედვით. აქ ერთი ფაქტორია: 20-30 ათას კაცს თუ გამოიყვანენ, აქედან 90 პროცენტი ეყოლებათ რეგიონებიდან ჩამოყვანილი მხოლოდ ფულით. ასეთები კი მხოლოდ ადგილების შესავსებად თუ გამოდგებიან, თუ რამე დააპირეს „ნაციონალებმა", ისევე დაბრუნდებიან სახლებში, როგორც ჩამობრძანდებიან. მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ „ნაციონალებს": თუ თქვენ მოინდომებთ ქვეყნის ჩაბმას სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომში, აქეთ უფრო მოტივირებულები ვართ, რომ ამ განზრახვაზე ხელი აგაღებინოთ და პასუხი გაგცეთ, თქვენ 10 წლის განმავლობაში გვაწამეთ!
- შეიძლება ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ თავის დამშვიდებაც ზედმეტი იქნება, სადაც ბევრი ფული იხარჯება, იქ ყველაფერია მოსალოდნელი, თუ ვითარება გამწვავდა, თბილისში გარკვეული წრეები მზად არიან, რომ „ნაციონალების" პარპაში ალაგმონ?
- პირდაპირ ვაცხადებ: თუ ვითარება გამწვავდა, ჩვენი მხარდაჭერა ხელისუფლებას კი არ ექნება, ამ შემთხვევაში გვაქვს პირადი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობასთან". ჩვენ თავზე არ გადავახტებით ხელისუფლებას, 21 მარტს „ნაციონალებს" მივცემთ საშუალებას, დემოკრატიულ პირობებში ჩაატარონ მიტინგი, რაც უნდათ, ის თქვან, მაგრამ, თუ დაპირისპირება და სისხლისღვრა მოინდომეს, საზოგადოების დიდი ნაწილი თავისით დაიწყებს ქმედებას, საამისო ძალა ჩვენ შეგვწევს - ძველი სამხედროებიც არიან, სხვა ღირსეული ადამიანებიც არიან, რომლებიც ამ უმსგავსობას წერტილს დაუსვამენ. არეულობაზე „ნაციონალები" არც უნდა ფიქრობდნენ, მაგაზე შეიძლება ფიქრობდნენ მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია. ეს ორი ადამიანია ყველა უბედურების სათავე. „ნაცმოძრაობას" ვეუბნები: გაემიჯნეთ ამ ორ ავანტიურისტს, თუ საქართველოსთვის კარგი გინდათ, დაამთავრეთ მაგათთან ლაპარაკი. თუ წვლილი არ მიგიძღვით ადამიანების წამებასა და გაუბედურებაში, მაშინ შეგიძლიათ, ჩვეულებრივად იცხოვროთ ამ ქვეყანაში. დაივიწყეთ მიხეილ სააკაშვილი, ეს ადამიანი ცუდი სიზმარია საქართველოსთვის და სადღაც უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში ხალხისა და ხელისუფლების იდეა ერთმანეთს ემთხვევა, საქართველოს თქვენი გადასაყენებელი მთავრობა არ ჰყავს, თუ რამეს დააშავებს, ჩვენ თვითონ მივხედავთ. 19 მარტს პარლამენტის შენობის წინ ვაჩვენებთ ფილმს - „სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკა", ნუ დაგვავიწყდება, რაც ამათ 10 წლის განმავლობაში გაგვიკეთეს. არც ხალხის რაოდენობაზე ვჩალიჩობთ, არც არაფერი, ვისაც უნდა, მოვიდეს. ძალიან დიდხანს არ დავაყოვნებთ ადამიანებს, უბრალოდ, შევახსენებთ ფაქტებს, ჩვენ აღარ გვინდა „ნაციონალური მოძრაობის" პარპაში, ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს!
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"