დედა, რა იყო ეს! არადა, მეგონა, უკვე გავლილი გვქონდა, თან არაერთხელ: 80-იანების ბოლოში, 90-იანების გარიჟრაჟზე, 2008-ის ზაფხულში...
შეგახსენებთ, ვლადიმირ პუტინი ერთი კვირით გაეცალა საჯარო სივრცეს. ამ გაუჩინარების იდუმალ მიზეზებზე მარჩიელობა არ მსურს, სიმართლეს მაინც არავინ მეტყვის, ხოლო უმიზეზოდ ბირთვული სახელმწოფოს აღიარებული ლიდერი საკუთარ და მსოფლიო საზოგადოებას რომ არ განერიდებოდა, პირადად ჩემთვის სავსებით ცხადია. თან ეს მიზეზი უაღრესად სერიოზული უნდა ყოფილიყო - ფიზიკური, სამედიცინო თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ დაე ეს რომელიმე სხვა წერილის თემა გახდეს.
უფრო მიწიერ მოვლენაზე მინდა რომ გავამახვილო თქვენი ყურადღება. არა რაღაც შორეულზე, ყურით მოთრეულზე, რუსულზე, ევროპულზე, ჩინურზე ან ამერიკულზე, არამედ საკუთრივ ჩვენზე, ასე ვთქვათ, ქართულ-ისტერიულზე და - ჩემი გადასახედიდან - ფრიად სამწუხაროზე. რამეთუ ის, პირველ რიგში, ჩვენი "დემოკრატიული ელიტარებისა" და მათ უნებლიე მიმდევართა კულტურული და ინტელექტუალური დონის სწრაფ დაქვეითებასა და დაბერწებაზე მეტყველებს.
ეს მოვლენა გამოიხატა პუტინის შესაძლო გარდაცვალებაზე ჩვენი საკმაოდ "მოწინავე" და განათლებული ადამიანების მყისიერი და დაუფარავი რეაქციითა და ამ რეაქციის ფორმით. დაახლოებით ისე გაეხარდათ, სამამულო ომის დროს ჰიტლერის სიკვდილი რომ გაეხარდებოდა სანგარში მყოფ უბრალო მეომარს... ქართულ სოციალურ ქსელებში პუტინის იმქვეყნად გასტუმრების (სნეულებით, გადატრიალებით და ა.შ.) ვარაუდმა გამოიწვია გაუგონარი ვირტუალური ყიჟინა და შობა გულუბრყვილო ნატვრებისა და მოლოდინების მდიდარი პალიტრა - რუსეთის დაშლიდან აფხაზეთის დაბრუნებამდე. ეგ კი გასაგებია, მაგრამ როგორ არ აღვნიშნო ის გარემოება, რომ მავანთათვის ესოდენ ბუნებრივი რეაქციის გამოხატვის ფორმა და ვერბალური დონე ელემენტარულზე ელემენტარული და პრიმიტიულზე პრიმიტიული აღმოჩნდა. მაგალითად, ფეისბუკში - დღეს კი ფეისბუკი, თავისი უთუო დემოკრატიულობისა და კომუნიკაბელურობის გამო, უკვე იქცა ქართული საზოგადოების ლამის ყველაზე უტყუარ სარკედ - მან ჰპოვა სრული გამოხატულება ბოღმიან გრძნობათა ნთხევასა და წყელვა-კრულვების ნიაღვარში. რასაკვირველია, იმ იმედში, რომ ჭორი გამართლდებოდა, კვლავაც გამოჩნდა ჩვენი ერისთვის აგრერიგად დამახასიათებელი უსაზღვრო ტოლერანტობა და კეთილშობილება (ნეტავ, ირონიას თუ მიმიხვდება ვინმე?)... პრინციპში, სიტყვა "ჩაძაღლდა" ყველაზე რბილი იყო, რაც კი ფეისბუკის გრძელ "ძაფზე" ამ თემასთან დაკავშირებით მეორდებოდა - და არ გეგონოთ, გაუნათლებელი ან პოლიტიკურად უმწიფარი დამკვირვებლებლის ხელიდან. მეტიც, ყველაზე დიდმა "ავანგარდისტებმა" ხსენებული სავარაუდო სიკვდილის შესაძლო შედეგების ანალიზისთვისაც კი მოიცალეს - ცალკე მოვკარი თვალი როგორ მსჯელობდნენ "მაღალინტელექტუალური" დისკუსიის ფარგლებში იმაზე, თუ რა აწყობს დღეს საქართველოს მეტად - პუტინის სიკვდილი თუ მისი გადარჩენა და ა.შ.
რა შეიძლება ითქვას ამ "ბაზრულ" ტენდენციასთან დაკავშირებით? იქნებ, ბევრი არც არაფერი, ვინაიდან, როგორც ძველ რომაელებს უყვარდათ ხოლმე თქმა, გემოვნებაზე არ დავობენ. არაა დასამალი, რომ ბევრ ჩვენ გამოჩენილ "პატრიოტს" (მაგალითისთვის) ძალზე მოსწონს კლინიკურად იდიოტური (ჩემი აზრით) შეძახილი "პუტინ ხუილო", რომელიც აქ ადვილად გადმოიღეს უკრაინელი ნაცისტებისგან და მას მერე ვეღარ ეშვებიან ამ სათამაშოს. მაგრამ მეზობელი ქვეყნის ლიდერის სიკვდილის სურვილთან, მეტიც - ამის უნისონში გახმაურებულ ერთობლივ წადილთან - შედარებით ეს ხულიგნური ლოზუნგი ერთობ უმანკო ხუმრობად შეიძლება ჩაითვალოს, რამეთუ მეტზე "ვერ გაქაჩავს".
ეს - ისე, ირონიით. თორემ რაღაც თუ მართლა ცხადად გამოჩნდა სოციალურ ქსელში, ეს გახლავთ თითქოსდა შესანიშნავად განათლებული ადამიანების სრულიად ერთუჯრედიანი ემოციები - რასაც, ძირითადად, ისინი ამართლებენ პუტინის ჰიტლერთან სრულიად არადექვატური შედარებით და რუსეთის ლიდერისთვის ზედმეტსახელ "პუტლერის" მინიჭებით. სინამდვილეში კი ესოდენ გულუბრყვილო (უარესი რომ არ ვთქვა) მიდგომების საფუძველში სიბეცეში გარდამავალი რიგორისტული სულსწრაფობა ძევს. სწორედ ის სულსწრაფობა, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინათ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ტერიტორიალურ დანაწევრებაში და რომლისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია როგორც კრიტიკული აზროვნება, ისე, შესაბამისად, მინიმალური თვითკრიტიკა - ცნებებისა და ვარაუდების დონეზეც კი.
პუტინის ნაადრევად სიკვდილის აპოლოგეტებს მაინც შევახსენებდი, რომ საქართველოს ტერიტორიულ უბედურებათა სათავე - გარდა ზემოთხსენებული ქართული სულსწრაფობისა, რომელსაც თავისი კონკრეტული გვარ-სახელები გააჩნია - მოსაძიებელია არა იმდენად პრეზიდენტ პუტინის საქმიანობაში (რომელთანაც, პირიქით, თავის დროზე გალის ქართველობის ბედზე უნდა გვესაუბრა, მაგრამ ჩვენეულ ავანტიურისტებს და მათ ამერიკელ პატრონებს მშვიდობა არც მაშინ სჭირდებოდათ და არც ეხლა ეხატებათ გულზე), არამედ "დიდი რუსი დემოკრატის" ბორის ელცინის პოლიტიკაში. აფხაზეთის კონფლიქტის დროს პუტინი პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, ჰყავდა კონკრეტული შეფი ანატოლი სობჩაკის სახით და საქართველოს ბედ-იღბალს მაშინ მას არავინ ეკითხებოდა. ხოლო 2008 წლის ომს რაც შეეხება - მიშა უფრო დამნაშავე იყო, თუ ვოვა - მოდით, ქალბატონ ტალიავინისა და ქართულ საზოგადოებას დავუთმოთ ეს ამოუწურავი თემა, მით უმეტეს, რომ არც ეგ მიმაჩნია საკმარის მოტივად იმისთვის, რომ ვიღაცის სიკვდილი ასე გამიხარდეს, ასე დაუფარავად გამოვხატო ეს სიხარული და თან კულტურულობაზე და ინტელიგენტობაზე ორიენტირებული პიროვნების რეპუტაცია შემრჩეს.
მკითხველთაგან ვინც მართლა გონიერია, ადვილად მიმიხვდება, რომ ამ სტრიქონებს არც პუტინისადმი სიყვარული მაწერინებს და არც მისი დაცვის სურვილი (როგორმე თავად დაიცავს - ან ვერა - საკუთარ თავს), ხოლო ვინც ვერ მიმიხვდება - ნუ, ჩემი მოკრძალებული აზრით, მათთან შეკამათება დროის ფუჭი კარგვა იქნებოდა მხოლოდ.
დაბოლოს: სულ ახლახან, პირველად თავისი გაუჩინარების შემდეგ, პრეზიდენტმა პუტინმა გამართა ოფიციალური შეხვედრა - ყირგიზეთის პრემიერთან. ნამდვილად არ დავიწყებ აქ იმის მტკიცებას, რომ მხოლოდ საინფორმაციო გარღვევის ხათრით ჩამოუწერა რუსეთმა ყირგიზეთს 500 (უფრო ზუსტად - 489) მლნ. ამერიკული დოლარის (რუბლი არ გეგონოთ!) ვალი. მაგრამ მაინც არ დაგვიშლიდა ამ ფაქტის ცოდნა ამ ცხოვრების ამაოებაზე დაფიქრებას...
სულაც არ ვამტკიცებ და არც მაქვს იმის პრეტენზია თითქოს ადამიანებს თავისი გულწრფელი გრძნობების გამოხატვა უნდა აეკრძალოთ - მით უმეტეს, სოციალური ქსელების უაღრესად გახსნილ და დემოკრატიულ ფორმატში. უბრალოდ აქ ყველაფერი იმდენად კარგად მოსჩანს... ბრბოც ყოველთვის იარსებებს ამ ქვეყნად - ილუზია იქნებოდა ამის უარყოფა. მე ერთადერთს ვამბობ: კულტურულ ერს, რომელიც გარკვეულ კრიტიკულ სიტუაციებში ასე სწრაფად ემსგავსება ყველაზე მდაბიურ ბრბოს და ესოდენ დაუფარავად სულსწრაფია, დიდი შანსი აქვს მიიღოს მარტივი შამათი ორ სვლაში ან გაიტანოს ბურთი საკუთარ კარში მისი მოგიერიების ნაცვლად. გარკვეული სენის ნიშანია ეგ.
აირჩიეთ, რომელი შედარება უფრო მოგწონთ. სენის დიაგნოზი კი სათაურში მაქვს გამოტანილი.
ნეტავ, კიდევ რამდენი მსგავსი გაკვეთილი და გამოცდა გველის წინ?