საფრთხეებს უქმნიან ძალოვან სისტემაში ჩანერგილი „ნაცაგენტები“ ქვეყანას?
„ნაცმოძრაობას ძალოვან უწყებებში საკუთარი აგენტურა რომ ჰყავდა და ეს ხალხი საჭირო ინფორმაციას აწვდიდა მათ, ეს ყველამ ვიცოდით. ამის შესახებ პოლიტიკოსები, ექსპერტები და ჟურნალისტები ფაქტებით წერდნენ და ლაპარაკობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების პოლიტიკური ნება არ იყო, რომ ეს აგენტურა ძალოვანი უწყებებიდან გამოეპანღურებინათ, თორემ მათი კონკრეტული გვარ-სახელები და თანამდებობებიც სახელდებოდა. ხელისუფლება, მგონი, გონს მოეგო და მიხვდა, რომ „ნაციონალთა“ აგენტურას თუ არ გამოყრიან ძალოვანი უწყებებიდან, მაშინ თავად გამოეთხრებათ ძირი. შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა – საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას „ნაცმოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა. შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ საკუთარი ეთერისთვის გამოიყენა. ასევე, დადგინდა, რომ რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს შსს-ს დაცული ინფორმაცია სხვადასხვა პერიოდში არაერთხელ გადასცა. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ბაზიაშვილი სამსახურიდან დათხოვნილია. ასევე, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროდან კიდევ 9 თანამშრომელი დაითხოვეს. გივი თარგამაძის გარდა, შსს-ს თანამშრომლები დაცულ ინფორმაციას ადვოკატებსა და კერძო პირებსაც გადასცემდნენ. შეგახსენებთ, რომ რუსლან ბაზიაშვილი იმ რამაზ დევაძის შესახებ აწვდიდა გივი თარგამაძეს ინფორმაციას, რომელიც „კანონიერ ქურდთან“, მინდია გორაძესთან, იგივე „ლავას ოღლისთან“ იყო დაკავშირებული. ამის შესახებ „ნაცებმა“ არაერთი ბრიფინგი გამართეს და ირწმუნებოდნენ, რომ 19 ივნისს საქართველოს საზღვრებს, სარფის საბაჟოს მხრიდან მოადგა ავტომანქანით „ლავას ოღლი“. ვინაიდან „ლავას ოღლიზე“ გამოცხადებულია ძებნა სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით, საზღვარზე მობილიზებული იქნა შსს-ს ოთხი დეპარტამენტის – სუს-ის, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის დაცვის თანამშრომლები „ლავას ოღლის“ დაკავების მიზნით, მაგრამ მათ ბოლო მომენტში მიიღეს ბრძანება, რომ ის უპრობლემოდ შემოსულიყო საქართველოში. 19 ივნისს, 4 საათზე მინდია გორაძე მინდია აბაშიძის სახელით შემოვიდა ბათუმში, სადაც დახვდნენ მას მისი მეგობრები ფაღავა და რამაზ დევაძე. რამაზ დევაძის „ბეემვეს“ მარკის ავტომობილით უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ ბათუმში მთელი დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს სასტუმრო „გოლდენ პალასში“ ოჯახებთან ერთად იქეიფეს. მეორე დღეს კი „ლავას ოღლიმ“ საქართველო დატოვა. „ნაციონალებმა“ „ლავას ოღლის“ მიერ სარფის საბაჟოს გადმოკვეთის ამსახველი ფოტოებიც ააფრიალეს, ასევე, მისი და რამაზ დევაძის ბათუმში ერთად ყოფნის დამადასტურებელი ფოტოსურათები. ცხადია, ამ ყველაფერს შესაბამისი პიარხერხებით აშუქებდა „რუსთავი 2“, ერთი ფაქტის განზოგადებით მთელ ხელისუფლებას ბრალს სდებდა „კანონიერი ქურდების“ მფარველობაში.
გივი თარგამაძემ დაადასტურა, რომ ბაზიაშვილი მას ინფორმაციებს აწვდიდა და განაცხადა, მერე რა მოხდა, როგორც დეპუტატს, ისე მაძლევდა ამ ინფორმაციებსო. ამ მართლა ნაძირალას სიცრუეში ამოხდება სული – დეპუტატისთვის ინფორმაციის მოწოდება სხვადასხვა უწყებიდან კანონით რეგულირდება და რაც მთავარია, ის არ გულისხმობს ძალოვანი უწყების დაცული ინფორმაციის საიდუმლოდ გადაცემას, როგორც ამას ბაზიაშვილი აკეთებდა. დეპუტატისთვის საიდუმლო, დაცული ინფორმაციის გადაცემისას, მინიმუმ, მინისტრის მოადგილის წერილობითი თანხმობაა საჭირო. ასევე, თარგამაძემ თქვა, ბაზიაშვილი კარგი პოლიციელია, „ქურდულ სამყაროსთან“ მედგარი მებრძოლიაო. ბაზიაშვილი კარგი პოლიციელი კი არა, „ნაცების“ აგენტი გამოდგა, რომელმაც მართლა კარგი პოლიციელები, საკუთარი თანამშრომლები დააღალატა, მათ ინფორმაცია მოჰპარა და თარგამაძეს გადასცა. „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლა კი, რამდენადაც ვიცი, პოლიციელთა მოვალეობაა და ხელფასს სწორედ ამაში უხდიან.
„ნაცმოძრაობას“ ძალოვანი უწყებებიდან უხვად რომ აწვდიდნენ ინფორმაციებს, ამის დასტურად ერთ ფაქტს გავიხსენებ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმის გამოძიების პროცესში, რომელშიც სხვებთან ერთად ბრალდებულები დათა და ბაჩო ახალაიებიც იყვნენ, ბრალდების დაცვის მხარეს პროკურატურიდან სისტემატურად აწვდიდნენ ინფორმაციებს გამოძიების გეგმების შესახებ, მათმა ადვოკატებმა და ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა, სულ ზეპირად იცოდნენ, როდის და რას აპირებდა გამოძიება. მათ გამოძიების საიდუმლო მოწმეების ვინაობაც კი იცოდნენ და მათზე ზეწოლას ახდენდნენ, ინფორმაციის ნაწილს კი ბრიფინგებზე ასაჯაროებდნენ. ამ ინფორმაციათა ბრალდებულთა დაცვის მხარისთვის გადაცემამ, გამოძიება ზუსტად რვაჯერ აიძულა, საგამოძიებო სტრატეგია შეეცვალა, რამაც გამოძიების პროცესი ძალიან გაჭიმა. ეს თავის დროზე პროკურატურის ერთმა თანამშრომელმა მითხრა. ყველგან არიან „ნაცაგენტები“, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, მაგრამ მათი ყოფნა განსაკუთრებით სახიფათო ძალოვან სტრუქტურებშია. კიდევ არაერთი ფაქტის გახსენება შეიძლება, როცა ძალოვანი უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, „ნაციონალებს“ ბრიფინგები გაუმართავთ, ხელისუფლებისთვის დაურტყამთ ან, სხვაგვარად გამოუყენებიათ ის.
„ალიამ“ მომხდარი ფაქტის ანალიზი და „ნაცმოძრაობის“ აგენტურის საფრთხეების შეფასება, უსაფრთხოების ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას სთხოვა.
– ბატონო ვახტანგ, რას იტყვით მომხდარ ფაქტზე?
– ადრეც ვამბობდი, ძალოვანი სტრუქტურები სავსეა „ნაცების“ აგენტებით. ამ 9 კაცის გამოვლენა ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი. ასეულობით ასეთი აგენტი ჰყავს „ნაცმოძრაობას“ შსს-ში, თავდაცვის სამინისტროში და პროკურატურის სისტემაში. ეს ხალხი აწვდის საიდუმლო ინფორმაციას „ნაციონალებს“, ამით ხელი ეშლება გამოძიებების პროცესებს, ამ სტრუქტურების გამართულ მუშაობას. ესენი არიან ნაღმები, რომლებიც კაცმა არ იცის, როდის აფეთქდებიან. ხელისუფლების უდიდესი შეცდომაა, რომ ეს ადამიანები დროულად არ მოაშორა ამ უწყებებს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ უნდა განეხორციელებინა რეფორმები და ამ აგენტურისგან გაეწმინდა ძალოვანი უწყებები.
– როგორ ფიქრობთ, „ნაციონალთა“ ამ 9 აგენტის გამოვლენა შეუქცევადი პროცესის დასაწყისია, მართლა გაწმენდენ „ნაცების“ „შპიონებისგან“ შსსს თუ ახალი ცოცხი – მინისტრი გელა გომელაური კარგად გვის?
– მე მგონი, ხელისუფლება მიხვდა, რომ თუ „ნაცებისგან“ არ გაწმენდს ძალოვან უწყებებს, „ნაცები“ მათგან გაწმენდენ საქართველოს. ეს საფრთხე იგრძნეს და მოქმედება დაიწყეს“. „ნაცები“ ყველაფრის მკადრებლები, ყველაფერზე წამსვლელები არიან და ეს ყველამ გაიგო, ხელისუფლების გარდა. ახლა, მგონი, მიხვდნენ ამას და შედეგიც სახეზეა. ვერ დავუკარგავ გომელაურს, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ 9 აგენტის გამოვლენა და მოცილება, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა, შსს-ში ბევრი აგენტი ჰყავთ „ნაცებს“. ეს არ უნდა იყოს რაღაც საჩვენებელი ფაქტი, პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყველანი უნდა გამოყარონ შსს-დანაც და სხვა ძალოვანი უწყებებიდანაც. აი, ის ხალხი კი, ვინც გამოყარეს, სისხლის სამართლის კანონით უნდა დასაჯონ. კანონი ამას ითვალისწინებს. მე რამდენადაც ვიცი, დაცული ინფორმაციის გამჟღავნება ან გადაცემა სხვა პირისთვის 3-დან 5 წლამდე ციხეს ითვალისწინებს.
– ეს ხალხი საკუთარი ნებით აწვდის ინფორმაციას გივი თარგამაძესა და სხვა „ნაცლიდერებს“ თუ ფულის სანაცვლოდ?
– აგენტების სამი კატეგორია ჰყავთ. „ნაცების“ ფანატიკოსი მომხრეები, რომლებიც ნებისმიერი საფრთხის მიუხედავად, მზად არიან, მათთვის რაც შეუძლიათ, ყველაფერი გააკეთონ, ინფორმაციას აწვდიან და თავს საფრთხეში იგდებენ. მეორე კატეგორია ფულის სანაცვლოდ ყიდის ინფორმაციას, ასევე, არიან ისეთებიც და ალბათ, ძალიან მრავლად, ვისზეც კომპრომატები აქვთ „ნაცებს“ და მათი გამოქვეყნების შიშით, ეს ხალხი მზად არის, მათ ემსახუროს. ხომ ვიცით, რომ თუნდაც იმავე შსს-ს ხელმძღვანელები, თითქმის ყველა თანამშრომელზე ქმნიდნენ კომპრომატს და ეს კომპრომატები ვანო მერაბიშვილის ხელთ იყო. ასევე, თავდაცვის სამინისტროს, პროკურატურის თანამშრომლებზეც არსებობს კომპრომატები და ისინი ბაჩო და დათა ახალაიების, ზურაბ ადეიშვილისა და სხვათა ხელშია.
– სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა საფრთხეს წარმოადგენენ ძალოვან უწყებებში თავშეფარებული „ნაცაგენტები“?
– დღევანდელ ხელისუფლებას ძირს რომ გამოუთხრიან, ეს ერთია. მეორეც, არიან „ნაცების“ აგენტები, რომელთაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ან სხვა ღირებულ ინფორმაციებზე მიუწვდებათ ხელი. დღეს ეს ხალხი „ნაცების“ სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ, დავუშვათ, იმ კატეგორიას, ვისაც ფულს უხდიან, ვერ ან არ გადაუხადეს ფული, ან მათი ინფორმაციები აღარ დასჭირდათ „ნაცებს“. როგორ ფიქრობთ, ეს ხალხი რას იზამს? ადგებიან და ამ საიდუმლო ინფორმაციას უცხოეთის სპეცსამსახურებს მიჰყიდიან, ამით კი ქვეყნის უსაფრთხოებას დაარტყამენ. ასევე, ამ ხალხისგან მოსალოდნელია საბოტაჟი, რომელიც ქვეყანას დიდად დააზარალებს. მაგალითად, კუდ-ის ყოფილი ჩინოვნიკი და „ნაციონალთა“ მრავალი დანაშაულის შემსრულებელი, ოთარ ორჯონიკიძე, დღეს „საქაერონავიგაციაშია“ „ოდეერად“ ჩანერგილი. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ორჯონიკიძეს საკუთარი აგენტურა ჰყავს ამ სამსახურში? მე დარწმუნებული ვარ, რომ ჰყავს. „საქაერონავიგაცია“ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სტრატეგიული სამსახურია, მის სადისპეტჩეროში ან სხვა სამსახურში, საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და საქართველოს საჰაერო სივრციდან ათეულობით თვითმფრინავი ჩამოვარდება. სად არის გარანტია, რომ ასეთ „შეცდომას“ არ დაუშვებენ ორჯონიკიძის აგენტები მისი დავალებით და ათასობით ადამიანს არ დაღუპავენ? მსხვერპლი ერთია და ამით სახელმწიფო სხვა ზარალსაც ნახავს – ქვეყნის იმიჯის შელახვა ცალკე, საქართველოს ცა აღარ იქნება უსაფრთხო და ამით უზარმაზარი მატერიალური ზარალი მიადგება ქვეყანას – ავიაკომპანიები შეეცდებიან, საქართველოს საჰაერო სივრცეს თავი აარიდონ. აი, რამხელა უბედურების მოტანა შეუძლია „ნაცების“ ერთ აგენტს ქვეყნისთვის და ეს ყველაფერი არ არის. ასეთი ორჯონიკიძეები მრავლად არიან სხვადასხვა უწყებებში. ეს ერთი უბედურებაა. მეორე კი ის არის, რომ ამ ოთარ ორჯონიკიძის შესახებ ვიცით მაინც, ვინ იყო და დღეს სად არის, მაგრამ კიდევ რამდენი რუსლან ბაზიაშვილია ჩანერგილი, ეს უკვე სხვა უბედურებაა.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „ალია“