„ნაციონალებმა" სწორედაც დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილი უნდა განიცადონ!"
დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, აკაკი ბობოხიძეს პარლამენტში მისი მონაწილეობით დეკემბერში მომხდარი ცნობილი ინციდენტი გაახსენა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. შეგახსენებთ, კვოტების განაწილებით უკმაყოფილო ბობოხიძემ მაშინ ტრიბუნიდან იგინა „დედა რუსეთისკენ მაინც მიექანებით! იმის ნაცვლად, რომ თქვენი ცუდი რეპუტაცია გამოასწოროთ, სამწუხაროდ, თქვენს ძველ გზას ადგახართ. დედა რუსეთისკენ გაქცევას რომ დააპირებთ, იქ უკვე დედარუსეთიც აღარ დაგხვდებათ... ვინ რა თქვა? თქვენ დედებსაც შე.... მართლა თქვენი დედა მო.... თქვენ გგონიათ, რაიმეს მართლა დაგითმობთ?!" ამ სიტყვებს დიდი ჩხუბი და შეხლა-შემოხლა მოყვა.
„ბატონო კაკო, როცა გაქვთ პრეტენზია, რომ პარლამენტარი იყოთ და იმ საკითხებზ ეიმსჯელოთ, რასაც მომავალი თაობების აღზრდა ჰქვია, საზოგადოებას უნდა სცეთ პატივი, შემდეგ პარლამენტარიზმს უნდა სცეთ პატივი და თუ პრეტენზია გაქვთ, რომ სრულიად საქართველოს წარმომადგენელი იყოთ, მაშინ დედის გინება, უწმაწური სიტყვები, კოლეგების და სრულიად საქართველოს დამცირება, უადგილოა. ვფიქრობ, მორალურ მხარესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ შეცდომის შემდეგ, რაც თქვენ სრულიად საქართველოს გასაგონად მოგივიდათ, ვფიქრობ, ელემენტარულად უნდა გამოსულიყავით, ადამიანურად პატივი გეცათ კოლეგებისთვის, პატივი გეცათ მოსახლეობისთვის და შემდეგ გექნებოდათ მორალური უფლება, მომავალ თაობაზე გამოგეთქვათ მოსაზრებები. კიდევ ერთ შენიშვნას გეტყვით-თქვენი ხმამაღალი ტემბრი არავის აშინებს. გთხოვთ, ტემბრს დაუწიეთ. პატივი ეცით ქართველ ერს, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში აუპატიურებდით და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ მომავალ თაობას 5 წლის და რვა თვის შემდეგ დავაწყებინოთ სკოლაში სიარული, თუ ექვსი წლიდან. ჯერ ბოდიში მოიხადეთ და შემდეგ ისაუბრეთ რიხიანად", - მიმართაკურტანიძემ ბობოხიძეს.
ჩვენ ლუკა კურტანიძეს ვესაუბრეთ:
- პირველ რიგში, თავხედობა და უმსგავსობა არ აკლია ქართველ საზოგადოებას არც ბობოხიძისგან, არც გაბაშვილისგან და არც თარგამაძისგან. მაგრამ ერთი რამ არის, რომ ყოველთვის, სანამ ვარ ქართველი ერის წარმომადგენელი პარლამენტში, არ მივცემ საშუალებას და მოსვენებას იმ ადამიანებს, რომლებსაცუკვე დიდი ხანია ერის წინაშე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თავისი დაშვებული შეცდომების გამო, რომელიც სულ სისასტიკე იყო აღებული. შიშის ფაქტორი დომინირებდა საქართველოში მათი მეშვეობით და ეს იცის საზოგადოებამ. ეს ყველამ ერთად გამოვიარეთ.
- ფაქტია, რომ პროვოკაციებს გიწყობთ სხდომებზე.
- სანამ აქ ვარ, ჩემი გამოსვლა სულ იქნება მათთვის შეხსენება იმისა, რომ ეგენი არ არიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ეგენი არიან ნაცდამნაშავეები. ადამიანურად, ძალიან რთულია, როცა საზოგადოება მუდმივად გახსენებს დანაშაულებს. ამიტომ არ მივცემ მათ იმის საშუალებას, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ. ძალიან მინდოდა, რომ ეს ადამიანები სინანულის განცდაში ყოფილიყვნენ, რადგან ქართველი ერი ძალიან მიმტევებელია, მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში ვერ დავინახე მათგან სინანული. უფრო კატეგორიული უნდა იყოს საზოგადოება მათ მიმართ, რახან მათ ასე უნდათ. ხელისუფლება მომართულია იმისკენ, რომ გამოიძიოს დანაშაულები, მაგრამ საზოგადოებამაც მეტად უნდა იაქტიუროს, რადგან ამ ყველაფერს ევროპაში პოლიტიკურ დევნად აღიქვამენ. თუ სიღრმისეულად ჩაიხედავენ უცხოელები ამ პრობლემაში, ისინი არ აღიქვამენ ყველაფერს პოლიტიკურ დევნად. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზერელედ იცნობენ ჩვენს რეალობას და ქართული იგავის არ იყოს, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო. აბა, ჩვენ გვკითხონ, რა გავიარეთ. საზოგადოებას ვერავინ ეტყვის, ვერ უკარნახებს, რომ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი. ამიტომ უნდა იყოს საზოგადოება ძლიერი, მათი წარმომადგენელი მე ვარ და რაც შემეძლება, პარლამენტიდან გავაკეთებ. სულ შევახსენებ მთელი მსოფლიოს გასაგონად მათ, რომ არიან დამნაშავეები. მე არ მოვისმენ მათგან მორალის კითხვას, უკვირთ, რომ გამწარებული ხალხი კეტებსა და ქვებს ესვრის მათ. ვერ მოვისმენ მათგან არგუმენტებს. კიდევ მომთმენია ქართველი ხალხი, თორემ ეგენი მეტის ღირსები არიან. რატომ მივიდა ქართველი ხალხი სასოწარკვეთამდე? მე ვერ ვიქნები მშვიდად და ვერ გავუღიმებ ნაციონალებს, როცა ადამიანი სინანულშია და აღიარებს შეცდომას, კიდევ მიუტევებ, მაგრამ ესენი ისე თავხედობენ, როგორ გეკადრებათ, რა სინანული... ივანიშვილმა ბევრი საჯარო მოხელის ამნისტია მოახდინა და იმდენი მოახერხა, რომ თანაარსებობა გვქონოდა, შვილები გვეზრდებიან ამ ქვეყანაში და თანხმობის მაგალითი მიგვეცა სხვებისთვის, მაგრამ ამათ ვერ შეირგებს... „სად, რა, როდის" თამაშობენ, როცა კამერები ირთვება, გამოირთვება კამერები ირთვება, გამოირთვება კამერები და სულ სხვა ადამიანები ხდებიან. ბარამიძე მამალი კიტრივით დადის პარლამენტში და გამარჯობასაც არ კადრულობს, ისე ჩამივლის გვერდზე. მტერს ეუბნებიან გამარჯობას და ეს ვინ არის? სულაც არ მჭირდება მაგის გამარჯობა, არ მეტყვის გამარჯობას, იმიტომ, რომ ლუკა გიჟი იყო, რომელიც სულ წინააღმდეგობაში იყო. ვერასდროს იქნებიან ეგენი კომფორტულად, სანამ ჩვენ ვართ პარლამენტში. ამ ადამიანებისთვის სულ დისკომფორტს მოვიტანთ. მე ამ ადამიანებს, რომლებიც კიდევ აგრძელბენ ქართველი ხალხის დაკნინებასა და გაჩეხას, დიდხანს არ ვაბოგინებ ამ ქვეყანაში. საქართველოში თუ რამე ინვესტიცია მოემართება, იმასაც ხელს უშლიან და ეუბნებიან ევროტრიბუნიდან, რომ საქართველო არასტაბილური ქვეყანაა. საზოგადოებამ მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს.
- რა სიმკაცრე? აგერ სადღობელაშვილი სულ აქციებს მართავს, დიდი მუშტი-კრივი და გაწევ-გამოწევა აქვს. ქუჩაში გამოსვლისკენ მოგვიწოდებთ?
- ამას ვერც ღარიბაშვილი გეტყვით და ვერც ივანიშვილი, მაგრამ ლადოსთან არის 200-მდე ადამიანი. მხოლოდ ამ ადამიანებს დაატყდათ უბედურება? მილიონობით ადამიანმა გამოსცადა თავის თავზე ყველა სიმწარე, სწორედ ევროპას უნდა დავანახოთ ერთიანობა. მთელი ევროპა ფეხზე დადგა, როცა პოლიციელმა ძალას გადაამეტა. როცა ხელისუფლება მზად არის, რომ წარსული გამოიძიოს, მაგრამ როცა ევროპა უზღუდავს ამ უფლებას, თვითონ საზოგადოებამ უნდა წამოწიოს ეს თემა, რომ დაანახოს, ეს პოლიტიკური თემა კი არა, დამნაშავეების დასჯის პროცესია. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი სხვანაირად ფიქრობს. 12 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ვიცი, რომ ემოცია გვერდზე უნდა გადადო და ფაქტებს დაეყრდნო. ყველაზე დიდი მტკიცებულება არის ერის ხმა. თუ ისინი ჩვენი მეგობრები არიან, თავს შეიკავებენ იმ განცხადებებისგან, რომელიც აძლიერებს სააკაშვილს, აქეთ-იქით რომ დაკუნტრუშობს. „ნაცბანდა" უნდა მოვიშოროთ ყველამ ერთად, პასუხი უნდა აგოს, შეიქმნას პრეცედენტი. 2 წლის წინათ მუხლი მოვიდრიკე ევროპის ჩემპიონატზე. მე გაბაშვილისა და თარგამაძის წინაშე კი არ გამიკეთებია ეს, არამედ მომავალი თაობის წინაშე, ვანახე მაგალითი მათ, რომ ბრძოლაში როცა გადააჭარბებ, უნდა მოინანიო. ქართველ ერს გენში გვაქვს მიმტევებლობა, მაგრამ ბობოხიძე ბოდიშსაც არ იხდის. ეს მაგათი ტაქტიკაა, ეს ხალხი არ იცვლება, რადგან მორალი არ გააჩნია, რომელ მომავალ თაობაზე საუბრობს, როცა დედას იგინება მთელი საქართველოს მისამართით. ადამიანურია, როცა შეცდები, გამოხვიდე და ბოდიში მოიხადო. არა, ისინი ფაქტს არ აფიქსირებენ.
- რას აპირებთ, ეს არის ნერვების ომი. როდემდე გეყოფათ მოთმინება და დიპლომატია?
- ყველა ადამიანი არის ინდივიდი, რომელსაც თავისი ემოცია აქვს. ბევრი უბედურება გამოვიარეთ და ხშირად ემოციას სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ. პარლამენტში მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი. შემდეგ, თუ უმსგავსობა გაგრძელდება, დარბაზის გარეთაც გვექნება ამის საშუალება. იქ უფრო პროდუქტიული იქნება ამ ადამიანებთან ურთიერთობა კადრს მიღმა. ქართველი ერის დამკნინებელთან სულ სხვა ღონისძიებას გავატარებთ. მსოლიო ჩემპიონი იმიტომ გავხდი, რომ დიდი მოთმინების უნარი მაქვს და ვცდილობ, არ გავბრაზდე ბრძოლის დროს. გამძლეობა მაქვს დიდი და ვიცი, რომ მათი ტანჯვა ხანგრძლივი იქნება. „ნაციონალებმა" სწორედაც დიდი სულიერი და ფიზიკური ტკივილი უნდა განიცადონ, რომ იქნებ, სინანულში მერე მაინც ჩავარდნენ.
ჟანა ასანიძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა"