reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: ეს ფილმი მსოფლიოში საინფორმაციო ომს ქართველი ხალხის სასარგებლოდ მოიგებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:43
პრეს-დაიჯესტი
გოგა ხაინდრავა: ეს ფილმი მსოფლიოში საინფორმაციო ომს ქართველი ხალხის სასარგებლოდ მოიგებს!
ავტორი:
24 მარტი, 2015. 17:08

 

 

 

საერთაშორისო საზოგადოება მალე იხილავს პოლიტიკურ სერიალს, რომელიც სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ სისასტიკესა და მძიმე დანაშაულებს ასახავს. ფილმი სამართლიანობის აღდგენის გზაზე გადადგმული მყარი ნაბიჯი იქნება და მისი გადაღების ინიციატივა თავად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმინარეობს. „სააკაშვილს მე დავპირდი, ნიურნბერგის პროცესს მოგიწყობ-მეთქი და ამ პირობას აუცილებლად შევუსრულებ!" - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ფილმის რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.


- ბატონო გოგა, ფილმი მართლა 200-სერიანი იქნება?

 

- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს იქნება უბრალოდ, მრავალსერიანი ფილმი და ჯერ ზუსტად არავინ იცის სერიათა რაოდენობა. ახლა არის სასცენარო პერიოდი. დაიწყო კასტინგები, რომელზეც მოდიან ცნობილი მსახიობებიც და უბრალო ადამიანებიც. უამრავი პერსონაჟი მყავს გადასაღები, 10 წლის ამბები უნდა მოვყვე - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, თუნდაც შენი დაპატიმრების, ასევე სხვა ტრაგედიების შესახებ... უნდა მოვყვე, თუ როგორ დაუშვა 21-ე საუკუნეში ქართველმა საზოგადოებამ ამ სიმახინჯის - ავტორიტარიზმის, გროტესკის სრული სახის დამკვიდრება. როგორ დაუჭირეს ამ სიმახინჯეს მხარი სხვადასხვა ბნელმა ძალებმა, როგორც ჩრდილოეთიდან, ისე - დასავლეთიდან. მინდა, ამ ფილმით ქართველმა საზოგადოებამ საკუთარი ნაკლოვანებები და ის სიძულვილიც დაინახოს, რომელშიც 10 წლის განმავლობაში ვეფლობოდით! ამ ყველაფერს რამდენიმე საათში ვერავინ ჩატევს, მაგრამ გარწმუნებთ, მრავალსერიულობის მიუხედავად, ფილმი არ იქნება მოსაწყენი. მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სწორედ პოლიტიკურ თემაზე გადაღებული სერიალებია. ჩვენს ფილმს კი, არ დააკლდება არცერთი კრიტერიუმი, რაც სერიალს სჭირდება. სახეზეა დრამაც, ტრაგედიაც, აბსურდიც, დეტექტივიც, გროტესკიც, ეროტიკაც... რატომ ვერ უნდა მოვახერხოთ მსოფლიო დონის სერიალის შექმნა?


- ფილმში სათამაშოდ რომელიმე უცხოელი მსახიობის მოწვევას ხომ არ აპირებთ?

 

- ჯერ ხეირიანად მუშაობას არ შევდგომივარ და უკვე ამოქმედდა სიცრუის მანქანა. ამაში სამწუხაროდ, ტელევიზიები არიან ჩართულები, ავრცელებენ ყოვლად არალოგიკურ ინფორმაციებს... ერთმა ისიც განაცხადა, თითქოს ამ ფილმში ბიძინა ივანიშვილის როლი ენტონი ჰოპკინსმა უნდა ითამაშოს. იმას აღარ ითვალისწინებენ, რომ ჰოპკინსი 80 წლის გახლავთ, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ჯერ 60-საც არ არის. ვიღაცამ ნიკოლას ქეიჯი მოიგონა. ეს სიცრუის მანქანა ჯერ კიდევ ნაციონალების დროინდელი ინერციით მუშაობს. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ეტაპზე მართლაც მოვიწვიოთ უცხოელი მსახიობები, ისიც იმიტომ, რომ უცხოურ ბაზარზე ფილმი კარგად გავიდეს და გაიყიდოს. მე ხომ მარტო შიდა მოხმარების პროდუქტის შექმნას არ ვაპირებ.


- სცენარი უკვე გაქვთ, ბატონო გოგა?

 

- სცენარი ახლა იწერება. ერთ-ერთი ავტორი იქნება ირაკლი სამსონაძე, რომელიც თავის სტუდენტებთან ერთად მუშაობას ამ საკითხზე. GDS-მა ახალგაზრდა სცენარისტების კონკურსი ჩაატარა და იქაც შევარჩიე ნიჭიერი კანდიდატები. ჯგუფი ამჟამად კომპლექტდება და საბოლოოდ 5-6 სცენარისტი გვეყოლება.


ჩვენი უბედურების თხრობა შევარდნაძის პერიოდიდან დაიწყება, როცა პოლიტიკურ-ეკონომიკური ჭაობი ჩამოყალიბდა. სწორედ ამან განაპირობა, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდო უმეცარმა, ლამის წერა-კითხვის უცოდინარმა გუნდმა.


სცენარი აუცილებლად მოიცავს სიუჟეტებს, როგორ იძალადა ამ გუნდმა, როგორ აჰყარა ღირსება საზოგადოებას, ხოლო ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა... ეს იქნება მხატვრული ფილმი, სადაც დოკუმენტურ კადრებსაც გამოვიყენებთ.

 

- არ აპირებთ, რომ პოლიტპატიმრებს და იმ ადამიანებს, ვინც რეჟიმის სიმწვავე იწვნია, ამ ფილმში საკუთარი თავი ათამაშოთ?

 

- ამაზე მიფიქრია. თუ ისინი მოინდომებენ, დიდი სიამოვნებით! ოღონდ, უნდა შეძლონ კიდეც, რადგან ეს მაინც მხატვრული ფილმია. უკვე 2 თვეა, ვაწარმოებთ იმ ადამიანების ჩაწერას, ვისაც რეჟიმი სასტიკად მოექცა, მორალურად, ფიზიკურად, სულიერად, ეკონომიკურად გაანადგურა. ვწერთ მათ ისტორიებს და ვაგროვებთ არქივს.

 

- ბატონო გოგა, რატომ შეგარჩიათ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ თქვენ ამ ფილმის რეჟისორად?

 

- დიდი ხანია, რეჟიმის ანატომიას ვსწავლობ და ამისი პროდუქტია ჩემი ფილმი „დემოკრატიის შუქურა". ამ პროცესების მონაწილე თავად ვარ, ყველა მოვლენას თავიდანვე კამერის თვალით ვუყურებდი. ფილმის იდეა ბიძინა ივანიშვილისგან მოდის, თუმცა, წინადადება ტელევიზია GDS-მა შემომთავაზა. დარწმუნებული ვარ, ეს ფილმი როცა დასრულდება, მას ინტერესით ნახავს მსოფლიო. ეს იქნება მსოფლიოს გაფრთხილება, რომ ფაშიზმის დაშვება არ შეიძლება. ამ ფილმს უზარმაზარი საინფორმაციო და იდეოლოგიური მნიშვნელობა ექნება. შეიძლება ითქვას, ამ ფილმით დავამარცხებთ სააკაშვილის უტიფარ უცხოელ ლობისტებს, რადგან მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები აუცილებლად აღშფოთდებიან, როცა შეიტყობენ, რა ხდებოდა საქართველოში 10 წლის მანძილზე. დიახ, მე სააკაშვილს დავპირდი, „ნიურნბერგის პროცესს" მოგიწყობ-მეთქი და ამ პირობას შევუსრულებ!


- როგორ მოახერხებთ პირობის შესრულებას?

 

- ფილმის მთავარი სიუჟეტი იქნება რეჟიმის წარმომადგენელთა, ბოროტების ჩამდენთა სასამართლო პროცესი! ამ სასამართლოზე ბრალდებულთა საქმეების, მოწმეთაჩვენებების შესაბამისად, სცენები გასცდება სასამართლო დარბაზს, ქუჩებში, სახლებში, კაბინეტებში და სხვა ადგილებში გადაინაცვლებს. იქნება დროში გადაადგილებაც, ოღონდ ჯამში, ეს მაინც იქნება სასამართლო, სადაც ანტიჰუმანური რეჟიმის შემქმნელებს ქართველი ხალხის სახელით გამოუტანენ განაჩენს! რა თქმა უნდა, ფილმში დიდი ყურადღება დაეთმობა ციხეს, რადგან სააკაშვილმა მთელი საქართველო ერთად დიდ საპყრობილედ გადააქცია. წარმოგიდგენიათ? 330 ათასმა ადამიანმა ამა თუ იმ ფორმით გამოიარა პენიტენციალური სისტემა, ანუ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10 % იყო რეპრესირებული, რადგან წარმოუდგენელია, ქვეყანაში ამ რაოდენობის კრიმინალი მართლაც ყოფილიყო. ეს მოახერხა „დემოკრატიის შუქურამ", რომელსაც დღემდე უმაგრებენ ზურგს „ვაიდემოკრატები" აშშ-დან და ევროპიდან! დიახ! ისეთი ადამიანები, როგორიც მაკ-კეინი და ვერნერი არიან, სწორედაც რომ დემოკრატიის დისკრედიტაცის ახდენენ, რადგან იცავენ გარყვნილ, კრიმინალ, ქურდსა და სამარცხვინო ადამიანს მიხეილ სააკაშვილს.


მე ვაპირებ, მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანების წინაშე ვამხილო ფარისეველი, ცრუდემოკრატები, წარმოვაჩინო, სინამდვილეში ვინც არის მათი ფავორიტი და რას სჩადიოდა საქართველოში! დიახ, ეს ფილმი იქნება სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი!

 

- ახალ ხელისუფლებას საზოგადოება იმის გამო გაუნაწყენდა, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირება არ შეასრულა...

 

- როცა ასეთი პირობა დადო, ახალი ხელისუფლება საკუთარ თავზე მაღლა ახტა, რადგან ვერ გაითვალისწინა მსოფლიო პოლიტიკის ტენდენციები. ამჟამად ძირითადი ფიგურანტების წინააღმდეგ, ვინც ადამიანებს ავიწროებდნენ, საქმეებია აღძრული. ვიღაცებმა ქვეყნიდან გაასწრეს. სამწუხაროდ, მსოფლიოს ბნელი ძალების მხრიდან ჯალათების მხარდაჭერის გამო, პროცესი ფერხდება, მაგრამ ნელ-ნელა მაინც წინ მიიწევს. ასეთ ფონზე, სწორედ ამ ფილმს შეუძლია მოვლენათა გარდატეხა და მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრის შეცვლა. ნუ ვიქნებით უმადურები და დავუფასოთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ მიზნით ფილმის გადაღება და საინფორმაციო ომის მოგება გადაწყვიტა. დიაც, ეს ფილმი მსოფლიოში საინფორმაციო ომს ქართველი ხალხის სასარგებლოდ მოიგებს! ნაცები მართლაც ქუჩაში ხვრეტდნენ ხალხს, სასტიკად აწამებდნენ ციხეებში, მაგრამ ჩვენ ლინჩის წესით კი არა, კანონის ფარგლებში უნდა ვაგებინოთ პასუხი. ამისთვის კი, მათი დანაშაულების დამტკიცებაა საჭირო, რაც არცთუ ადვილია, თანაც ხანგრძლივი პროცესია. გერმანიასაც კი, ფაშიზმის გავლენებისგან თავის დასაღწევად წლები დაჭირდა! ახლა მთავარია, საინფორმაციო ომი მოვიგოთ. მერე ყველაფერი დალაგდება.


მხოლოდ უმადურები ებრძვიან ივანიშვილს. ავიწყდებათ, რომ ნახევარ საქართველოს უკანალებიდან ხელკეტები ამ კაცმა გამოუღო. ერთი წამით დავფიქრდეთ, რა მოხდება, ეს კაცი რომ ქვეყნიდან წავიდეს?! არადა, ამას ცდილობენ. ნაციონალთან ტანდემში სწორედ ამ ტოტს ხერხავენ ირაკლი ალასანია, ბუკა პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე, დავით ზურაბიშვილი და მათი ამფსონები. ახლა ავი ენები იმასაც სისინებენ, რა დროს ფილმზე ფულის ხარჯვაა, როცა ხალხი შიმშილით კვდებაო. არ უნდათ იმ შედეგებზე საუბარი, რასაც ეს ფილმი მოიტანს!


- და მაინც, რამდენია ამ ფილმის ბიუჯეტი?

 

- ცოტა ნამდვილად არ იქნება. თანაც, ჯერ არ არის დადგენილი, რადგან უამრავ გარემოებაზეა დამოკიდებული. უნდა დაიწეროს სცენარი, მუსიკა, ავუნაზღაუროთ შრომა მსახიობებს... თუმცა, ამ ფილმს არ დასჭირდება ძვირად ღირებული დეკორაციები, განსაკუთრებული კოსტიუმები, რადგან უახლოეს ეპოქას ასახავს. მუშაობის პროცესში გამოიკვეთება ბიუჯეტის ზუსტი რაოდენობა. ამჟამად მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპისთვის საჭირო თანხაა გამოყოფილი და ეს თანხა არ არის ისეთი, რომ ვინმე აღაშფოთოს.


- უკვე ცნობილია, ფილმის საუნდთრეკს და მუსიკას ვინ დაწერს?

 

- არა, ჯერჯერობით მუსიკა არ შემიკვეთია. თუმცა, ხმები უკვე მესმის... კადრებსაც ვხედავ. ვხედავ სიმაღლიდან ღამით გადაღებულ გლდანის ციხეს და იქიდან ნაწამები პატიმრების ხმები მესმის. მუსიკა ამ ხმებს უნდა მიესადაგოს. გიმეორებთ,რომ ამ ფილმს გონებაში უკვე ვხედავ. ახლა მჭირდება ნიჭიერი ხალხის თანადგომა, რომ გონების თვალით დანახული რეალობად ვაქციო.


- რა ერქმევა ფილმს

 

- ჯერჯერობით, არ ვიცი. პირობითი სახელწოდებაა 9+1. ფილმები ხშირად ისე იქმნება, რომ სახელი მხოლოდ დასრულების შემდეგ ერქმევა.


ესაუბრა ზაზა დავითაია

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016