„ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი კომპანიის ობიექტებზე მშენებლობების შეჩერების შესახებ „დექსუსის" წარმომადგენლის ირაკლი კილაურიძის განცხადებას ეთანხმება. თუმცა ამბობს, რომ ეს დროებით მოხდა და შაბათიდან მშენებლობები უკვე განახლდა.
შეგახსენებთ: პარასკევს, commersant.ge-ს Businnes-Club-ში სტუმრობისას „დექსუსის" მმართველმა პარტნიორმა ირაკლი კილაურიძემ განაცხადა, რომ „ცენტ-პოინტის" ობიექტების მშენებლობა შეჩერებულია.
„დამფუძნებლების მოტივაცია არა ხალხის დაკმაყოფილება, არამედ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებაა და ამას რჩეულიშვილების მხრიდან კომპანიიდან აქტივების გატანაც მოწმობს...
ჩვენი მართვიდან გამოსვლის შემდეგ, უკვე 5 თვეა, არც ერთ ობიექტზე მნიშვნელოვანი მშენებლობა არ მიმდინარეობს. ეს ხალხი დაკავებულია პირადი გამორჩენით ნაცვლად იმისა, რომ ხალხის დაკმაყოფილება გააგრძელონ. მე ვფიქრობ, რომ ის ქმედებები, რასაც აკეთებენ, რეაბილიტაცია არ არის. ეს ისედაც დაქცეული კომპანიის კიდევ დაქცევაა", - აცხადებს კილაურიძე.
მაია რჩეულიშვილი კი ამბობს, რომ მშენებლობები ყველა ობიექტზე ნამდვილად შეჩერებული იყო, რისი მიზეზიც, მისი მტკიცებით, „დექსუსის" თაღლითური სქემაა. თუმცა, მისივე მტკიცებით, ამ დროისთვის სამუშაოები განახლებულია. რჩეულიშვილის განცხადებითვე, ერთი კვირის განმავლობაში „ცენტრ-პოინტის" ყველა კლიენტმა კომპანიას პასპორტიზაციის მიზნით უნდა მიაკითხოს.
„პროკურატურას ყველა მონაცემი უნდა გადავცეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენმა ადამიანმა რა თანხა გადაიხადა და კიდევ რამდენი დარჩა გადასახდელი. თუმცა იმ ლიენტებს, რომელთაც ყველაფერი გადახდილი აქვთ, ეს არ ეხება",- აცხადებს რჩეულიშვილი.
მისი თქმით, ირაკლი კილაურიძის და გიგი უგულავას ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - კერძოდ, არცერთი არაა დაინტერესებული „ცენტრ-პოინტის" ობიექტების დასრულებით.