საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონს, ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩი, ქალაქ ალბასეტეში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია მიიჩნევს, რომ თამაშის ფრედ დასრულება შესანიშნავი შედეგი იქნება.
„ჩვენ ყველას გამარჯვება გვსურს, თუმცა მეტოქიდან გამომდინარე, ფრეც შესანიშნავი შედეგი იქნება. სიტყვებით ვერ აღვწერ, რა შეიძლება ვიგრძნო, ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონების დამარცხება რომ შევძლოთ" - აღნიშნა ქეცბაიამ.
საქართველოს ნაკრები დღევანდელ შეხვედრაში ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ჯგუფში ბოლოს წინა, მეოთხე ადგილს დაიკავებს.
ჯგუფს ესპანეთი ლიდერობს 17 ქულით, მეორე ადგილზე საფრანგეთია 14 ქულით, მესამე ადგილზე ფინეთი 9 ქულით, მეოთხეზე საქართველო 5 ქულით და ბოლო ადგილს 4 ქულით ბელორუსი იკავებს.