reportiori.ge - მერაბ შათირიშვილი: რასაც ახლა ვიტყვი, თუ სიმართლე არ არის, გამოვიდეს ვინმე და შემომედავოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 06:12
პრეს-დაიჯესტი
მერაბ შათირიშვილი: რასაც ახლა ვიტყვი, თუ სიმართლე არ არის, გამოვიდეს ვინმე და შემომედავოს!
ავტორი:
25 მარტი, 2015. 15:00


 

პოლიტიკური გლდანაშაულის ანატომია



„ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, მწერალი და საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისათვის" ხელმძღვანელი მერაბ შათირიშვილი გლდანის რიონის გამგეობაში მრავლად დაბუდებულ ნაციონალებსა და მათთან კოჰაბიტაციაში მყოფ „ქართული ოცნების" გამგებელს ბესარიონ ქარცივაძეს ამხელს:


- ვეღარ გამირკვევია,რისთვის ვიბრძოლეთ, იმისთვის, რომ „ქართული ოცნება" და ნაციონალური მოძრაობა ასე შერწყმოდნენ ერთმანეთს და ამორი ძალის სახით პოლიტიკური სიამის ტყუპები მიგვეღო?!


საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმ თუ იციან, რა ხდება გლდანის გამგეობაში და რა ამბები ტრიალებს თბილისის სხვა რაიონების გამგეობებში?!  თუ ეს იციან და გაჩუმებულები არიან, მაშინ გამოდის,რომ სულ სხვა მოვლენასთან გვქონია საქმე!


- რა მოვლენასთან?

 

- შეგნებულად ხომ არ ხდება ნაციონალური მოძრაობისათვის ისეთი ბაზისის შექმნა, რომ მან მუდმივად შეინარჩუნოს ხელისუფლების ერთადერთი რეალური ალტერნატივისა და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი?!


აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ საჯარო სამსახურში ნაცმოძრაობის აქტივისტების არათუ შენარჩუნება, არამედ „ქართული ოცნების" აქტივისტებზე წინ  დაყენება, რისი თვალნათელი ნიმუშიც გლდანის რაიონის გამგეობაში გახლავთ.


- კონკრეტულად რა ხდება გლდანის გამგეობაში და რითი ხართ აღშფოთებული?

 

- პირველ რიგში, ხმამაღლა ვაცხადებ - რასაც ახლა „ასავალ-დასავალის" საშუალებით ვეტყვი ხელისუფლებას და მკითხველს, თუ სიმართლე არ არის, გამოვიდეს ვინმე და შემომედავოს!


გლდანის რაიონის გამგებელი ბესარიონ ქარცივაძე, რომელიც შევარდნაძის დროს უშიშროებაში მუშაობდა, სააკაშვილის დროს კი ადვოკატობდა, „ქართულ ოცნებასთან" არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია; მას არ გაუვლია ის სამკვიდრო-სასიცოცხლო ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც „ქართული ოცნების" აქტივისტებმა გამოიარეს.


მე ვფიქრობ ერთადერთ რამეს - ბესარიონ ქარცივაძემ გლდანის გამგეობაში ნაციონალური მოძრაობის თითქმის მთელი აქტივი დატოვა იმიტომ, რომ მას ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნების მოლოდინი აქვს, და თუკი ეს მოხდება, მერე მათთან თავს იმართლებს, მე თქვენი კადრებისთვის ხელი არ მიხლიაო!


ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას" ასეთი გამგებლები?! ამგვარი საკადრო პოლიტიკა დამღუპველია ქვენისათვის და თავად „ქართული ოცნებისათვის".


- ბატონო მერაბ, ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, შეგიძლიათ, კონკრეტული გვარები დაასახელოთ, ვინ არიან ნაციონალები გლდანის გამგეობაში?

 

- ნაციონალური მოძრაობის დროს გლდანის გამგებლის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი ბესარიონ არველაძე, რომელიც დღესაც ნაციონალური მოძრაობის გლდანის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია, „ქართული ოცნების" გამგებელს ბესარიონ ქარცივაძეს საკუთარ მრჩევლად ჰყავს დანიშნული.


ეს არველაძე „ქართული ოცნების" აქტივისტებსა და თავგადაკლულ მხარდამჭერებს ექილიკება, ხომ ხედავთ, რა დრო დაგიდგათ, გამგეობაში ჩემი შემოსაშვებნი ხართ, მე თუ საშვი არ დავუშვი, ისე ვერ შემოხვალთო!


ბესარიონ არველაძის ძმა, ასევე „მამალი" ნაციონალი ზურაბ არველაძე გლდანის გამგეობაში ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტია.


ძმები არველაძეები გლდანში ბოლომდე ებრძოდნენ „ქართულ ოცნებას" და ბოლომდე ატერორებდნენ „ქართული ოცნების" აქტივისტებს.


ვერ გავიგე, თუ „ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა, წამყვან თანამდებობებზე ნაცმოძრაობის აქტივისტები რატომ უნდა რჩებოდნენ?!


დიახ, სახელისუფლო პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების" აქტივმა უნდა აიღოს და თუ ისინი თავს ვერ გაართმევენ ამ პასუხისმგებლობას, მოვა არჩვენები და ხალხი სხვას აირჩევს!


- გლდანის გამგეობაში მარტო ძმები არველაძეები არიან ნაციონალები?

 

- ვაგრძელებ გლდანის გამგეობაში დასაქმებული ნაციონალების ჩამოთვლას:


დავით გაბადაძე - ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი;


ნინო ანდღულაძე - „ნაცმოძრაობის" დროინდელი გამგებლის თანაშემწე იყო და ახლაც „ქართული ოცნების" გამგებლის თანაშემწეა;


ალექსანდრე გეშიძე - მთავარი ფინანსისტი;


თამარ გუგავა - სოციალური განყოფილების მთავარი სპეციალისტი;


ბესო გუგავა (თამარ გუგავას ძმა) - გლდანის კენტი მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი;


მიშა კაკაურიძე - გლდანის ლუწი მუნიციპალიტეტის წამყვანი სპეციალისტი;


მაია ჯაფარიძე - სოციალური განყოფილების უფროსი.

 

- ვინც ჩამოთვალეთ, ყველა თუ ნაციონალია, „ქართული ოცნებიდან" ვინღა მუშაობს გლდანის გამგეობაში?

 

- უტყუარი ინფორმაცია მაქვს,რომ „ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებმაც ტესტირება წარმატებით გაიარეს, გასაუბრების ეტაპზე დაწუნებულნი იქნენ და უარი ეთქვათ სამსახურში მიღებაზე. ამ პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობდა გლდანის გამგებელი ბესარიონ ქარცივაძე.


კიდევ ერთხელ ვიმეორებ და პასუხს ვაგებ ჩემ სიყტვეზე - გლდანის გამგებელს ბესარიონ ქარცივაძეს ეშინია, რომ ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდება, რის გამოც, ნაციონალებთან ჩახუტებულია და მათთან ვასვასებს!


ქარცივაძემ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მოიყვანა თავისი ნათლული - ვინმე მარიამ კეშელავა, 23 წლის გოგო.


არადა, „ქართული ოცნების" უამრავმა აქტივისტმა თავდადებით იბრძოლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. სამი არჩევნები მოაგებინა „ქართულ ოცნებას" და ასეთ ხალხს რომ იგნორირებას უკეთებ, ხოლო თანამდებობაზე ისეთი ვიღაც მოგყავს, ვისაც ეს არანაირად არ დაუმსახურებია, ასეთი საკადრო პოლიტიკა ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს.


- ბატონო მერაბ... (მაწყვეტინებს).


- ერთი წუთით, ჯერ არ დამიმთავრებია გლდანის გამგეობაში დასაქმებული ნაციონალების ჩამოთვლა:


ნანა კვარაცხელია - სპეციალისტი, კანცელარიის მუშაკი;


ნინო ხაჭაპურიძე - სოციალური განყოფილების სპეციალისტი;


სულხან აბესაძე - სოციალური განყოფილების სპეციალისტი;


ეკა ზურაბაშვილი - ინფრასტრუქტურის განყოფილების სპეციალისტი;


რატი ბუსკივაძე - სამხედრო კომისარი.


ნაციონალური მოძრაობის გლდანის რაიონული ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე ვიტალი გოგუაძე ამა წლის 5 მარტამდე მუშაობდა გლდანის გამგებლის ბესარიონ ქარცივაძის მრჩევლად. საინტერესოა, ადგილობრივი არჩევნებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში, რა რჩევებს აძლევდა „ქართული ოცნების" გამგებელს გლდანის ნაცმოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე?!


ეს ხომ მარაზმია?! ჩვენ ამისთვის ვიბრძოლეთ?!

 

- კი მაგრამ, ნაცმოძრაობის ამ აქტივისტებს თუკი რაიმე დანაშაული არა აქვთ ჩადენილი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში შემჩნეულნი არ არიან, რატომ არა აქვთ უფლება, საჯარო სამსახურში იმუშაონ?!

 

- მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია - სახელისუფლო პასუხისმგებლობას იღებს ის პარტია და მისი აქტივი, რომელიც არჩევნებში იმარჯვებს. „ქართულ ოცნებას", რომელმაც ზედიზედ სამ არჩევნებში გაიმარჯვა, ქვეყნის მართვა არ შეუძლია და ამისათვის ნაცმოძრაობის კადრები სჭირდება?! კი მაგრამ, თქვე ოჯახაშანებულებო, ქვეყნის მართვა თუ არ შეგეძლოთ და საჯარო და სახელმწიფო სამსახურებში ნაციონალების დასაქმება მოგიწევდათ, მაშინ რატომღა მოხვედით ხელისუფლებაში?!


ნაციონალური მოძრაობის კადრებმა ქვეყნის მართვას თავი რომ ვერ გაართვეს, სწორედ ამიტომ უთხრა მათ უარი არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ და თქვენ ისევ ნაცმოძრაობის კადრებს ტოვებთ თანამდებობებზე?!


საერთოდ, ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, უნდა გასამართლდეს 2007 წლის 7 ნოემბრი სგამო, 2008 წლის 8 აგვისტოს გამო, 2011 წლის 26 მაისის გამო, მკვლელობების გამო, ტერორის გამო  ქონებების წართმევის გამო და საქართველოში ევროპული ღირებულებების გაბიაბრუების გამო!

 

- გარდა გლდანისა, თბილისის კიდევ რომელ რაიონშია ანალოგიური სიტუაცია?


- ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით, კიდევ უარესი მდგომარეობაა კრწანისის გამგეობაში.


კერძოდ, კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი ამ თანამდებობაზე აბსოლუტურად შემთხვევითი კაცია, რომელიც არ იცნობს არც კრწანისის რაიონს და არც „ქართული ოცნების" კრწანისის აქტივს. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ კრწანისის „ქართული ოცნების" აქტივი მწვავედ უპირისპირდება საკუთარ გამგებელს.


კრწანისის გამგებელს მთავარ ფინანსისტად დანიშნული ჰყავს გაქანებული ნაციონალი დავით ხერხეულიძე, აპარატის უფროსად - შორენა ლომაია, ასევე გაქანებული ნაცი იურიდიული სამსახურის უფროსად - თამარ გეგია, სოციალური განყოფილების უფროსად - მედეა გაბელაია...


ფონიჭალის მუნიციპალიტეტის უფროსია შალვა დათიკაშვილი - კაცი, რომელიც „ქართული ოცნების" აქტივისტებს ატერორებდა და ეუბნებოდა „ოცნების" მაისურებს თქვენით გაიხდით თუ მე გაგხადოთ და თავზე დაგახიოთო?!


„ქართული ოცნების" ამომრჩეველი დღეს, ამ კაცს თანამდებობაზე რომ უყურებს, როგორ ფიქრობთ, კმაყოფილი იქნება?! ეს ხომ ყველაფრის წყალში ჩაყრაა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოლეთ?!


- ამ ყველაფრიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

 

- გამოსავალი არის ერთადერთ რამეში - უნდა შეწყდეს ნაციონალურ მოძრაობასთან ფლირტი და სიამის ტყუპობანას თამაში! სახელისუფლო პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ".


კიდევ ვიმეორებ - ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, უნდა გასამართლდეს!

თუ გვინდა, რომ ქვეყანა ვიყოთ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას მონაწილეობა არ უნდა მივაღებინოთ!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016