reportiori.ge - ვალერი ხაბურძანია: ამჟამად საიდუმლო ქსელებსა და მოსმენებს აკონტროლებენ ვანო მერაბიშვილის კადრები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:26
პრეს-დაიჯესტი
ვალერი ხაბურძანია: ამჟამად საიდუმლო ქსელებსა და მოსმენებს აკონტროლებენ ვანო მერაბიშვილის კადრები!
ავტორი:
26 მარტი, 2015. 13:53

 

 


19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 9 პოლიციელი გაუშვეს. ისინი რეგულარულად შედიოდნენ სამინისტროს სერვერებზე და გამოჰქონდათ ინფორმაცია პარლამენტარ გივი თარგამაძისთვის. თავის მხრივ, თარგამაძე აცხადებს, რომ, როგორც დეპუტატსა და ნდობის ჯგუფის წევრს, ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ ეს ადამიანი რომ არც სანდოა და არც რაიმე საიდუმლო ინფორმაციაზე უნდა ჰქონდეს წვდომა, ეს მისმა განვლილმა მოღვაწეობამ უკვე გვაჩვენა. და მაინც, როგორ ხდება, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ვინმე რუსლან ბაზიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო ბაზაში შეღწევას ახერხებს და მნიშვნელოვან ინფორმაციას "ნაციონალებს" გადასცემს? ნუთუ ყველა რიგით თანამშრომელს შეუძლია იქიდან ინფორმაციის გამოტანა? ამაზე "ქრონიკას" უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია საინტერესო ფაქტებს უმხელს:


- მოდით, გეტყვით, ჩემ დროს როგორ ხდებოდა ოპერატიული ინფორმაციის მიღება და შემდეგ შევადაროთ, ახლა რა ხდება: მაშინ ე.წ. სამორიგეოში მოდიოდა ტელეფონოგრამა, რეკავდნენ ოპერატიული კავშირით, ამას ბეჭდავდნენ საბეჭდ მანქანაზე, ლამის ქაღალდს რომ ხვრეტდა და ამის მერე მოჰქონდათ ჩემთან. როცა მინისტრად დავინიშნე, ჩემი პირადი კომპიუტერი მივიტანე, ვახტანგ ქუთათელაძისგან დამხვდა ძალიან ძველი კომპიუტერი. ჩემი და ეს ძველი ერთმანეთთან დავაკავშირე ქსელით, დავდგი სამორიგეოში და თანამშრომლებს ავუხსენი, რომ შეეძლოთ, იქვე აეკრიფათ ტექსტი, დაეჭირათ ხელი კლავიატურაზე და გამოეგზავნათ. პირველი ინფორმაცია რომ მივიღე, მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მერე გაკეთდა მეორე ქსელი, შეიქმნა აგენტების ბაზა, მქონდა ჩემი პაროლი, შევდიოდი და ვიღებდი ინფორმაციას, ყველა დახურულ ქსელში ასე ხდება. საპატრულო პოლიციის თითქმის ყველა თანამშრომელს აქვს რაღაც ინფორმაციაზე წვდომა, მაგრამ, როგორც ვხედავ, ვინმე ბაზიაშვილმა სხვა საინფორმაციო ქსელში შეაღწია და იქიდან ამოიღო ინფორმაცია ვიღაცის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით. ეტყობა, გივი თარგამაძემ ამ ადამიანს დაავალა, ესეც შევიდა სპეციალურად, საიდანღაც მოიპოვა პაროლი, წესით, პაროლი ყოველდღიურად უნდა იცვლებოდეს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ იკვეთება ერთი რამე - გივი თარგამაძეს ჰყავს სპეციალური აგენტურა შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელთა წევრებსაც, ალბათ, უხდის ფულს. წარმოუდგენელია, ვინმემ ასეთი რაღაცები ფულის გარეშე აკეთოს, 1000-ლარიან ხელფასს არავინ დაკარგავს იდეური მოსაზრებების გამო. "ნაციონალების" იდეოლოგია არის ერთადერთი - დასაჯე, მოსპე, მოკალი, გაანადგურე, ნულოვანი ტოლერანტობა. ასეთი აგენტურა "ნაციონალებს" ყველგან ჰყავთ, ყველა უწყებაში, ამას სჭირდება გამოვლენა. როდესაც ნდობის ჯგუფის წევრი ეწევა ასეთ საქმიანობას, ვფიქრობ, ამას კრიმინალის სუნი ასდის, აქ სულ სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი, მისთვის შეიძლება გახდეს ცნობილი ინფორმაცია, რომელიც განიხილებოდა რომელიმე კომიტეტში, ან გადასცა რომელიმე მოქალაქემ. აქ საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ აგენტურულ ქსელთან. სააკაშვილი ასეთ საკითხებს ადვილად წყვეტდა, ჩინგიზ ყაენის პრინციპით მოქმედებდა, როგორც კი რომელიმე დანაყოფიდან ინფორმაცია გაჟონავდა, მთელ დანაყოფს სჯიდნენ - მინიმუმ, სამსახურს ატოვებინებდნენ, მაქსიმუმ - ციხეში ამწყვდევდნენ. თვითონ რომ მონღოლოიდებს ეძახის რუსებს, ბოლო დროს თვითონაც მაგრად დაემსგავსა მონღოლს ბოტოქსებისგან. არა, სააკაშვილი თვითონ გახდა დამპყრობელი მონღოლური მეთოდებით, თორემ დღევანდელ მონღოლებს არაფერი სჭირთ მისი დასაცინი.



- პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, გივი თარგამაძემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშეო, მაგრამ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს?



- მე ვფიქრობ, უნდა აღძრან და დეპუტატის იმუნიტეტიც უნდა მოუხსნან, რასაც ის ჰყვება, ეს არის მოგონილი ლეგენდა. ვიმეორებ: მას აქვს ჩამოყალიბებული აგენტურული ქსელი, ეს არის ფაქტი. ამის გამოძიება ადვილი არ არის, მაგრამ არც ისეთი რთული უნდა იყოს. უნდა იმუშაონ ამ ხალხთან და ყველაფერი დადგინდება, რა კავშირები არსებობდა და რის საფასურად. საერთოდ, გივი თარგამაძეს რომ პასუხი არაფერზე არ აგებინეს, ეს არის საოცარი ამ ქვეყანაში.



- თქვენ როგორ ფიქრობთ, გივი თარგამაძეს მხოლოდ 9 კაცი ჰყავდა?



- რა თქმა უნდა, არა, იქ ბევრია ამ ქსელში ჩაბმული. ჯერ ერთი, ლაპარაკი რომ დაიწყეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების გამოყოფაზე, ამანაც გამოიწვია უწყებაში დემორალიზება, ყველამ იმაზე დაიწყო ფიქრი, ვინ სად წავა, ვინ სად წამოვა, ვის სად გადაიყვანენ და ასე შემდეგ. ასევე, დიდი შეცდომა იყო იმ ძველი კადრების დატოვება მოსმენების სისტემაში, იქ დატოვეს აბსოლუტურად ძველი ხალხი და რაღაც რაოდენობით მოიყვანეს თავიანთი ხალხი, რომელსაც არა აქვს უნარი, გააკონტროლოს ძველი კადრები. დღეს ძველები ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში. ამჟამად საიდუმლო ქსელებსა და მოსმენებს აკონტროლებენ ვანო მერაბიშვილის კადრები, არსებობს თუ არა დამატებითი სერვერი, სადაც ეს ყველაფერი თავს იყრის, ღმერთმა უწყის. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, შეამოწმონ თავიანთი კომპიუტერები, ის ვირუსები, რომელიც შეუშვეს პოლიტიკოსების კომპიუტერებში, შეიძლება კიდევ აქტიურია და რომელიღაც სერვერის საშუალებით ვანო მერაბიშვილის ხალხი ისმენს. მთელ სისტემას უნდა გამოყენება-გაწმენდა და არა იგივე ადამიანების დატოვება. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება წავიდა მარტივი გზით, თავი არ შეიწუხეს და იფიქრეს, ამ საქმეში იგივე კადრებს გამოვიყენებთო. იგივე ადამიანების გამოყენება მართლაც შესაძლებელია, მე არ ვამბობ, რომ ყველა უნდა გაყარონ ან დაიჭირონ, მაგრამ მათ უნდათ მკაცრი კონტროლი. არადა, ვინ გააკონტროლებს, როცა თვითონ აქვთ ყველა ბერკეტი ხელში? სხვათა შორის, ამ ქსელისთვის ყურადღება უნდა მიექციათ მაშინ, როცა იყო საუბრები გელა ხვედელიძეზე და რაღაც წილებში ჩაჯდომაზე, მერე იგივე საუბარი დაიწყო ზვიად ჯანყარაშვილზე. როცა ამათ დაიწყეს გარკვეულ ბიზნეს-ჯგუფებთან დაახლოება და წილებში ჩაჯდომა, დაავიწყდათ, რომ ამ ჯგუფებიდან სააკაშვილის დროს ყველა თეთრად არ მუშაობდა, იქ იყო ე.წ. რუხი სქემები, ანუ ნახევრად თეთრი სქემები. ეს ყველაფერი ისევ დარჩა და ვინ არიან მოწილეები ან პარტნიორები, ღმერთმა უწყის. მაგალითად, გივი თარგამაძე თავისი დღე და მოსწრება, ჯერ კიდევ "თავისუფლების ინსტიტუტში" ძალიან იყო დაინტერესებული კონტრაბანდული სქემებით. მაშინ დასდევდა კონტრაბანდას, დარბოდა, რამდენიმეჯერ ჩემს სამსახურებთანაც ჰქონდა შეხლა-შემოხლა, მანქანებს უთვალთვალებდა. ამ კაცის შინაგანი მოწოდება იყო კონტრაბანდა და როცა თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში, თურქეთიდან გადმოზიდულ საქონელს, რომელიც ხვდება რუსეთში, მაშინაც გივი თარგამაძე აკონტროლებდა და დარწმუნებული ვარ, დღესაც აკონტროლებს.



- დავიჯერო, დღესაც?



- თურქეთიდან შემოდის საქონელი, კორუფციული გარიგება არის ვლადიკავკაზში, ხდება შეთანხმება, ვითომ საქართველოს არავითარი ზიანი არ ადგება, ატარებენ მანქანებს და ამ გატარებაშიც იღებენ მუქთ ფულს. ამ თემას ადრე გივი თარგამაძე კურირებდა და ახლაც მაქვს გონივრული ეჭვი, რომ დღესაც კურირებს.



- კი, მაგრამ სააკაშვილის დროს ეს კონტრაბანდული სქემა მუშაობდა?



- რა თქმა უნდა, მუშაობდა, საქონელი როგორც კი შემოჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე, იცვლებოდა დოკუმენტაცია, იწერებოდა, რომ სხვა ტიპის პროდუქცია იყო და შედიოდა რუსეთის ტერიტორიაზე. მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ძველი სქემები ისევ მუშაობს და ამაში გარეულია გივი თარგამაძე. მაგალითად, ენერგეტიკას კურირებდა ვანო მერაბიშვილი, ფულის კონცენტრირება ხდებოდა მასთან. ბიზნესების რეკეტი იყო ზურაბ ადეიშვილის ხელში. დღეს "საქართველოს ბანკი" არის ძმებ გილაურების, ხომ? თავის დროზე ეს ბანკი წაართვეს ვლადიმერ პატეიშვილს. ამ კაცმა მერე ინფარქტი მიიღო და დაიღუპა. ახლა თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ბანკი მარტო გილაურებისაა, ძალიან ცდება. ჩემი აზრით, აქ სხვებიც არიან ჩარეულები, თუ ამ მხრივ თავად გილაურები განგვანათლებენ, კარგი იქნება. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ვერც ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაცია და ვერც ფინანსური, თუ ადრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ქადაგიძე ფარული "ნაციონალი" იყო, ახლა უკვე აშკარა და გაბრაზებული "ნაციონალია", უკვე ხვდება, რომ რაღაცას უმზადებენ. ასეთ პირობებში ლარის კურსის დაცემა კი არა, ლარი საერთოდ რომ დახოხავს, ისიც უნდა გვიკვირდეს.



- მოკლედ, ყველა სფეროში აგენტურული ქსელის კვალი ჩანს. კულუარებში ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილს ციხეში მისდის ინფორმაციები.



- რა თქმა უნდა... შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასრებიდან ამოღებული ვიდეოფაილები რომ გაანადგურა და იყო ერთი ამბავი, არიქა, გავანადგუროთ თუ არაო, ამ ყველაფრისგან გაკეთებულია ასლები, ერთი ცნობილი ჟურნალისტის მეუღლე ზის ერთ-ერთ ქვეყანაში და იქიდან უგზავნის ვიღაც-ვიღაცებს. ვანო მერაბიშვილი თავის თანამშრომლებს არა მხოლოდ დაბადების დღეებს ულოცავდა და პრემიებს ურიგებდა, ყველას ოჯახებიანად აკონტროლებდა, აბა, ერთი კაი ბიჭი იყო და ვინმეს რამე გაებედა.



- ამათ ინფორმაციის გამყიდველები გაუშვეს სახლში, სააკაშვილი რომ ყოფილიყო, გაუშვებდა პირდაპირ ციხეში.



- სააკაშვილის დროს ყველა იქნებოდა ციხეში. ფოტოგრაფები სურათის გადაღების გამო დაიჭირეს, რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?



- ბატონო ვალერი, რა მოხდა პუტინთან დაკავშირებით, რას ამბობენ რუსეთის პოლიტიკური წრეების კულუარებში, სად დაიკარგა 10 დღე?



- კულუარებში იყო ორი ვერსია, პირველი - შვილის შეძენა და მეორე - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ეს შეეხებოდა ესთეტიკურ ჯანმრთელობას, რამე დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა... ბოტოქსს თუ იკეთებს სააკაშვილი, სხვებიც იკეთებენ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ პუტინმა მსოფლიოს რეაქციის დონე მოსინჯა.



P.S. რა სჯობია, როცა ჟურნალისტს სკანდალური და თან გასაიდუმლოებული დოკუმენტები და ფაქტები უვარდება ხელში. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, ამას ვინ აწვდის მას (თუ საქმე სახელმწიფოებრივ საიდუმლოებასა და უსაფრთხოებას არ ეხება) - ხელისუფლება თუ ოპოზიცია. მკითხველიც მოგებულია, იცის, ვინ რა მოატყუა, რაც მინიმუმ მომავალ არჩევნებში უნდა გაითვალისწინოს. ასე რომ, პროფესიული თვალსაზრისით, ჩვენთვის ეს მისწრებაა, ხელისუფლებისთვის კი ნამდვილად საბოტაჟია, როდესაც მის ჩინოვნიკს გასაიდუმლოებული ინფორმაცია "მტრის" ბანაკში მიაქვს, რაც მხოლოდ მათი პრობლემაა და მათვე უნდა მიხედონ


 

გაზეთი "კვირის ქრონიკა", გელა ზედელაშვილი



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016