reportiori.ge - „სითი პარკმა“ უკვე კორპუსის ეზოების „მიტაცებაც“ დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:50
პრეს-დაიჯესტი
„სითი პარკმა“ უკვე კორპუსის ეზოების „მიტაცებაც“ დაიწყო
ავტორი:
26 მარტი, 2015. 13:57

 

 

 

ალეკო შალამბერიძე: „თვითნებურად დაყენებული ნიშნები მოვჭერით. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, ვიდრე ეს ორგანიზაცია არ გაუქმდება


„თავისუფალი საქართველოს" ლიდერებმა გუშინ პროტესტის ნიშნად „სითი პარკის" სანიშნე ბოძი მოხერხეს და განცხადება გაავრცელეს: „მიუხედავად თბილისელთა კატეგორიული უარყოფითი დამოკიდებულებისა მძარცველი „სითი პარკის" მიმართ, ეს ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას და საცხოვრებელ ეზოებშიც გვივარდება. მას აღარ ჰყოფნის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარების მანქანების სადგომად გამოყენება და ჩვენს ეზოებშიც შემოიჭრა. თუ ასე გაგრძელდა და ჩვენ თვითონ გადამჭრელ ზომებს არ მივმართეთ, „სითი პარკი" უკვე სახლებშიც შემოგვეჭრება და ღამით, ძილის გამო, ყოველ ერთ აღებულ საწოლზე ჯარიმას დაგვაკისრებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, სადაც ასეთი ფაქტები არის და ვიდრე მერია გონს მოეგება, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები და დემონტაჟი გაუკეთონ „სითი პარკის" მიერ ეზოებში თვითნებურად დამაგრებულ ნიშნებს".


რა მისამართებზე მიიტაცა „სითი პარკმა" საცხოვრებელი კორპუსების ეზოები თავის სადგომებად? როდის გახდება ცნობილი აუდიტის დასკვნა „სითი პარკზე"?


„ალიას" პარტიის გენერალური მდივანი, ალექსანდრე შალამბერიძე ესაუბრა:


- მიუხედავად თბილისელთა დიდი ძალისხმევისა, „სითი პარკის" გაუქმება, დღემდე არ მომხდარა. ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებული პროცესები არ მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენ მივმართეთ შემდეგ გზას - ვჭრით „სითი პარკის" მიერ ეზოებში დაყენებულ ნიშნულებს. ადამიანი საღამოს ეზოში რომ დააყენებს მანქანას, თუ პარკირების გადასახადი, 50 ლარი არ აქვს გადახდილი, მას, ძილის დროს, საკუთარი ეზოდან ჰპარავენ მანქანებს და აჯარიმებენ.


- სად აღმოაჩინეთ ასეთი ფაქტები?


- ასეთი რამ გამოვლინდა მერაბ კოსტავას ქუჩაზე, პირველ შესახვევში, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. აი, მანდ უკვე დადგმული იყო სანიშნები და პარკირების ზოლები იყო გაკეთებული. ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა გვთხოვეს ადგილზე მისვლა, მისული გახლდით მე და ბეჟან გუნავა და ეს თვითნებურად დაყენებული ნიშნები მოვჭერით. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, ვიდრე ეს ორგანიზაცია არ გაუქმდება და დედაქალაქის მერია არ აიღებს პასუხისმგებლობას პარკირების შექმნაზე, როგორც მრავალსართულიანზე, ასევე მიწისქვეშა და არ მოწესრიგება ქალაქში პარკირების საკითხი. როგორც ვიცით, ასეთი შემთხვევები კიდევ ბევრგან არის, უკვე მოგვმართეს დიღმის მასივიდანაც. რაც ეს ფაქტები გასაჯაროვდება, ველოდებით ხალხის მომართვების მატებასაც.


- ამ სანიშნების მოჭრა თქვენი მხრიდან არ იყო კანონდარღვევა? ეგ ნიშნები, ალბათ, უნებართვოდ არ იქნებოდა დაყენებული და როგორ გგონიათ, რა იქნება შედეგი, სხვისი ქონების დაზიანებისთვის ხომ პასუხს მოგთხოვენ?


- შესაძლოა ასე იყოს კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისელებმა ვერანაირად ვერ მივაღწიეთ ცივილიზებული მეთოდებით ამ პრობლემის გადაწყვეტას. მრავალჯერადი ხასიათი რომ მიეცემა ჩვენს ქმედებას, მერე, ალბათ, რაიმე სანქციებს პირიქით, „სითი პარკის" მიმართ გამოიყენებენ, საბოლოოდ კი სასამართლო გადაწყვეტს ყველაფერს.


„სითი პარკი" გიგი უგულავამ ერთ-ერთ ვითომფირმას გადააბარა, საიდანაც ფული მისდიოდა. ამ კომპანიას უნდა მოეწყო მანქანის გასაჩერებელი ადგილები, მიწისზედა, მიწისქვეშა, უნდა დაედგა ფასიანი გადასახდელი ფეიბოქსები, ნაცვლად ამისა მხოლოდ და მხოლოდ საღებავები იყიდეს, ტროტუარები დახაზეს და ნიშნები დააყენეს. ეს იყო მთელი მათი ინვესტიცია. ეს გააკეთეს თბილისში პარკინგის მოწყობისთვის და საცობების შემცირებისთვის. მათ არ გადაწყვიტეს არც ერთი საკითხი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ჩვენ დიდი ხანია, ვითხოვთ ამ კომპანიის გაუქმებას, რომელმაც არ შეასრულა კანონით გაწერილი პირობები, ამიტომ ეს ყველაფერი არის უკანონოდ გაკეთებული. ამის პარალელურად კი ჩვენი და თბილისელების მოთხოვნა არის კანონიერი - ყაჩაღი „სითი პარკი" უნდა მოშორდეს ქალაქს, ფუნქციები უნდა აიღოს ქალაქის მერიამ თავის თავზე, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს.


- კონკრეტულად ეზოებში შესვლის თაობაზე თუ ელაპარაკეთ „სითი პარკს" ან მერიას და რა გიპასუხეს?


- „სითი პარკთან" დიდი ხანია კონფრონტაციის რეჟიმში ვართ, წელიწადნახევარია. მას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც ჩვენთან საუბარს ყოველთვის ერიდებოდა. რაც შეეხება მერიას, დიდი ხანია, თხოვნა გვაქვს გაგზავნილი, შეხვედრა გვინდა მერთან, ან კომპეტენტურ პირთან და ველოდებით პასუხს. თხოვნით ერთი თვის წინ მივმართეთ. იმედია, ეს შეხვედრა მალე შედგება, მაგრამ მანამდე, როცა მეზობლები და ადგილობრივები გვთხოვენ, რომ მათი მანქანები არ მოიტაცონ, გულზეხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით.


- რას აპირებთ ამ საკითხზე?


- სასურველია, ეს საკითხი მერთან შეხვედრით, ცივილიზებული გზით გადაწყდეს. ჩვენ ამ კომპანიის მუშაობის გასაპროტესტებლად აქციები წელიწად-ნახევრის წინათ დავიწყეთ, დღემდე ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ, პრობლემის სრულ მოხსნამდე. ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოვილაპარაკებთ, შევთანხმდებით დროზე და ვაპირებთ მასშტაბურ აქციებს, მანამდე ნელნელა მივყვებით სიტუაციას.


ალექსანდრე შალამბერიძესთან საუბრის შემდეგ, „ალია" მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.


გვაინტერესებდა, კოსტავას ქუჩის პირველ შესახვევზე თუ მისცა მერიამ ნებართვა „სითი პარკს", ადგილი პარკინგისთვის გამოეყენებინა და იცოდა თუ არა მერიამ, რომ ეს ტერიტორია კორპუსის ეზო იყო? ასევე, პარტია „თავისუფალი საქართველოს" თხოვნაზე - მერთან ან სხვა კომპეტენტურ პირთან შეხვედრის თაობაზე რას ფიქრობდნენ მერიაში? ასევე, დავინტერესდით, დეკემბერში „სითი პარკში" საერთაშორისო აუდიტის შეყვანაზე რომ ისაუბრა მერმა, მას მერე სამ თვეზე მეტი გავიდა და რატომ არ არის ცნობილი ამ დრომდე დასკვნის თაობაზე?


პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მაგდა პოპიაშვილმა ასეთი შინაარსის წერილობითი პასუხი გამოგვიგზავნა:


„ტერიტორია, რომელზეც „თავისუფალი საქართველოს" ლიდერებმა ვანდალური ფაქტი განახორციელეს, არის პარკირების, კერძოდ, შშმ პირებისთვის განკუთვნილი ადგილი, რითაც მათ შელახეს შშმ პირთა უფლებები. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ისინი ითხოვენ „სითი პარკთან" დაკავშირებით თბილისის მერთან შეხვედრას, სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან მათ ოფიციალური წერილით მერიისთვის არ მოუმართავთ. ერთადერთი წერილი ალექსანდრე შალამბერიძის სახელით აღნიშნულ საკითხზე მერიაში გიგი უგულავას სახელზეა შემოსული. რაც შეეხება „სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესწავლის საკითხს, საერთაშორისო აუდიტმა დასკვნა მერიას უკვე წარუდგინა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახური აღნიშნულ დასკვნას შეისწავლის, რის შემდეგაც მერია საკუთარ პოზიციას საზოგადოებას გააცნობს".

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016