reportiori.ge - დაცვას მიხედე, ხვედელიძე! დაცვას! - სანამ ურემი გადაბრუნებულა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:23
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დაცვას მიხედე, ხვედელიძე! დაცვას! - სანამ ურემი გადაბრუნებულა...
ავტორი:
23 მარტი, 2015. 10:43


როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების სათავეში კახა ცხადაძე დაინიშნა, რომელსაც  იმისთვის, რომ „ჯვაროსნებმა" ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსები გაიჩინონ, პირველივე ოფიციალურ მატჩში თითქმის შეუსრულებელი მისია - გერმანიის ნაკრების დამარცხება ესაჭიროება.


ღრუბლებიდან დავეშვათ და შექმნილ ვითარებას რეალურად შევხედოთ. საქართველოს ნაკრებმა სამივე უშუალო კონკურენტთან (ირლანდია, პოლონეთი და შოტლანდია) მარცხი იგემა და თავს დებიუტანტი გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამარჯვებით „იმშვიდებს". ერთი სიტყვით, შემდეგ ეტაპზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსებიღაა შემორჩენილი და ერთადერთი, რასაც ქართველი გულშემატკივარი ახალი მწვრთნელისგან ითხოვს - ღირსეული თამაშისა და მომავალი პერსპექტივის ხილვაა.


ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ რა ვითარებაა შექმნილი ქართულ ფეხბურთში და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეცვლით რომ ბევრი ვერაფერი გამოსწორდება, ეგეც ვიცით. არც ცხადაძეა ქრისტე-ღმერთი და სამჭკუაშვილი, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იმ რესურსით, რაც გაგვაჩნია, გაცილებით მეტის თუ არა, ოდნავ უკეთესი შედეგის მიღწევაც ძალუძს.


იმედია, ჩვენი წერილი არც ბატონ კახას გააღიზიანებს და არც მკითხველს. არავისთვის ვაპირებ ჭკუის დარიგებას, უბრალოდ, ურემი სანამ გადაბრუნებულა, სწორი გზის პოვნას ერთად შევეცადოთ.


გერმანიის წინააღმდეგ დარაზმული 23-კაციანი შემადგენლობა

 

რა შეიძლება ითქვას ცხადაძის მიერ გამოძახებულ 23-ეულზე - ბევრი არაფერი. ნაკრებში რამდენიმე ახალ ანდა დაბრუნებულ სახეს ვხედავთ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ფეხბურთელები კახა ცხადაძის საფეხბურთო ფილოსოფიას ხორცს შეასხამენ, ისე კი, ძირეული ცვლილებები თემურ ქეცბაიას 23-ეულთან შედარებით არ არის.


ცხადაძის საფეხბურთო ფილოსოფია და საქართველო


შეუძლებელია, კახა ცხადაძეს არ დაეთანხმო იმაში, რომ ქართველ ფეხბურთელებს მწვრთნელი-მასწავლებლები უფრო სჭირდებათ, ვიდრე მწვრთნელი-მენეჯერები. ჩვენს ქვეყანაში ახლაც იბადებიან და იზრდებიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში საკმაო წარმატებით გამოდიან, მათზე დიდ იმედებს ამყარებენ, შემდეგ კი - ჩერდებიან... მათმა უმეტესობამ არ იცის, რომელ პოზიციაზე და რა სტილით თამაში იქნება მისთვის ეფექტური. მათი ფიზიკური მომზადებაც ისევე მოიკოჭლებს, როგორც თეორიული. მისასალმებელია, რომ ცხადაძე მათთვის თვეში ერთხელ მაინც ორდღიანი სანაკრებო შეკრებების მოწყობას გეგმავს. უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები უნდა განვითარდნენ და უმაღლესი ლიგის დონემ იმატოს, რომ შემდგომ ეროვნული ნაკრების წინსვლაზე ვიფიქროთ.


საქართველოს ეროვნული ნაკრები ტაქტიკის ძიებაში

 

მრავალი წაგებისა და მწარე გაკვეთილის მიუხედავად, ჩვენთვის შესაფერისი ტაქტიკა ვერ ვიპოვეთ. ცხადაძისადმი დიდი პატივისცემის მიხედავად, ამ კუთხით მის ხედვას რამდენიმე მიზეზის გამო ვერ დავეთანხმები. როგორც ჩანს, ეროვნული ნაკრების ახალი თავკაცი 3 მცველით თამაშს აპირებს, რაც ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. 3-5-2 ტაქტიკა ბრაზილიის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს - როცა ჰოლანდიის ნაკრებმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და გარკვეული საფეხბურთო თეორიები ჩამოაყალიბა. მაგრამ ეს ხომ ჰოლანდიის ნაკრებია, სადაც საოცარი ფიზიკური მომზადების მქონე ფეხბურთელები ასპარეზობენ. 3-5-2 ტაქტიკის გამოყენებისას მთავარი დატვირთვა ცენტრალურ ხაზზე მოდის, თუმცა ფლანგებზე საოცარი ფიზმომზადების მქონე ფეხბურთლებია საჭირო. „ჯვაროსანთა" რიგებში რობენის სადარის ძიებას რომ შევეშვათ, ისიც კმარა, რომ ნაკრებში ნორმალური გარემარბი ფაქტობრივად არ გვყავს.


დღეისათვის, საკლუბო დონეზე, ამ ტაქტიკის მიმდევართაგან საუკეთესო ტურინის „იუვენტუსია", თუმცა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსთან" გამართულ მატჩში დიეგო სიმეონემ ნათლად დაგვანახა ამ ტაქტიკის სუსტი მხარეები და მათთან ბრძოლის გზები - გუნდი ჩვეული 4-4-2 ტაქტიკით გამოიყვანა და ორთავე ფლანგი დატვირთა. 4 ფლანგელი ფეხბურთელის წინააღმდეგ კი, 2 უძლური დარჩა.


3-5-2 ტაქტიკის კიდევ ერთი სუსტი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ გუნდი 3 გამოკვეთილი მცველით იცავს თავს, რაც კონტრშეტევებზე სერიოზულ ზიანს აყენებს გუნდს. გასაგებია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარცხენა და მარჯვენა მცველების პრობლემა აქვს და ცხადაძე ამის მოგვარებას 3 ცენტრალური მცველის გამოყენებით გეგმავს, მაგრამ ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს ის ფაქტი, რამდენად შეძლებენ ჩვენი გარემარბები ფლანგების სრულად გაკონტროლებას და ეყოფათ თუ არა მათ ფიზიკური მომზადება და სხვა საფეხბურთო უნარ-ჩვევები ამისთვის.


რაც შეეხება თავდასხმას, ცხადაძეს ოფიციალურად არ გაუჟღერებია, რომ ორი ფორვარდით თამაშს გეგმავს, თუმცა ყველაფერს ასეთი პირი უჩანს. როგორც იცით, ჩვენი ნაკრების განაცხადში ბაჩანა ცხადაძე, მათე ვაწაძე, გიორგი ჭანტურია და ლევან მჭედლიძე გახლავთ. ალბათ დამეთანხმებით, რომ მათგან არცერთი გახლავთ იმ დონის, რომ გერმანელებს ინდივიდუალობის ხარჯზე გაუწიოს წინააღმდეგობა, თანაც მაშინ, როცა ბოლო პერიოდში მსოფლიო ჩემპიონები 5-4-1 ტაქტიკას იყენებენ და 5 მცველით გამოდიან მოედანზე.


ცხადაძემ აღნიშნა, რომ მთავარია, რამდენი ფეხბურთელითა და რა ძალებით უტევ და არა რამდენი თავდამსხმელით გამოდიხარ მოედანზე, თუმცა მაშინ, როცა დაცვის ხაზში ფეხბურთელები გვაკლია, ფლანგებს სერიოზული პრობლემები შეექმნება, ნაკლებად სავარაუდოა, ცენტრალურ ნახევარდაცვას ფორვარდთა დასახმარებლად ეცალოს.


იქნებ უპირატესობა გამოგვეყენებინა

 

როცა რაიმეს აკრიტიკებ და იწუნებ, ალტერნატიული გზებიც უნდა შესთავაზო. იმედია, არ გვიწყენთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ჩვენეული ტაქტიკური ხედვა რომ წარმოგიდგინოთ.


ფაქტია, რომ „ჯვაროსანთა" რიგებში ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელები თითქმის არ გვყავს და ძირითადი აქცენტი ცენტრზე უნდა გავაკეთოთ. თემურ ქეცბაიას მიერ დაშვებული შეცდომები რომ არ გავიმეოროთ და არც ახლები წარმოვშვათ, დაცვა და შეტევა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. მითუმეტეს მაშინ, როცა რესურსი ამის საშუალებას გვაძლევს.


ჩვენ დღეისათვის ყველაზე მეტად აპრობირებულ 4-2-3-1 ტაქტიკას გთავაზობთ, რომელიც საკუთარი კარის 6 გამოკვეთილი მოთამაშით დაცვისა და 4 (სტანდარტების შესრულებისას 6) ფეხბურთელით შეტევის საშუალებას იძლება. ამ ტაქტიკის მთავარი მოთხოვნა ძლიერი საყრდენები და გამთამაშებლების ყოლაა, რომლითაც საქართველოს ნაკრები საკმაოდაა განებივრებული.


4-2-3-1 ფანტასტიკურად უნდა მოერგოს ჩვენს ბიჭებს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გუნდში კახა მახარაძის სახით, ბურთის ამომტანი და დამჭერი ნახევარმცველი გამოჩნდა. რაც შეეხება შემქმნელებს,ჭანტურია,  ანანიძე, ოქრიაშვილი, კობახიძე, ყენია, ყაზაიშვილი - ამ ფეხბურთელებს ბრწყინვალედ შეუძლიათ როგორც ლავირება და შეტევის თავად წარმართვა, ასევე გამოკვეთილი ფორვარდის გადაცემებით დახუნძვლა.


სამწუხაროდ, ლევან მჭედლიძისგან ყველა „ტარანის" ტიპის ფორვარდად ჩამოყალიბებას მოითხოვდა და ახლაც მოითხოვს. მისგან რატომღაც ყველა იბრაჰიმოვიჩობას მოითხოვს, თუმცა ლევანს სრულიად სხვა და  არანაკლებ კარგი თვისებები გააჩნია. მას არ შეუძლია იყოს playmaker და თამაშის „ტარანის" ტიპის ფორვარდი, თუმცა დასწრებაზე და მაღალ ბურთზე ყოველთვის მშვენივრად თამაშობს. სწორედ 4-2-3-1 ტაქტიკა აძლევს მას იმ თავისი კარგი თვისებების გამოყენების საშუალებას, რომლებიც გააჩნია.


რაც შეეხება მათე ვაწაძეს, ეს ფეხბურთელი ქართველ გულშემატკივარს კარგი პოზიციური თამაშით ახსოვს. იგი ხშირად ახერხებდა მეკარესთან პირისპირ დარჩენას, რაშიც მას გამოკვეთილი 3 შემტევი ნახევარმცველი ნამდვილად დაეხმარება.


გთავაზობთ ჩვენს მიერ დანახულ საქართველოს ეროვნული ნაკრების ტაქტიკურ ფორმაციას:







კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხედვაა და ბატონი კახას გადასაწყვეტია, რამდენად გაითვალისწინებს მას. იმას კი დრო გვიჩვენებს, თუ ვინ იყო მართალი და რა იქნებოდა ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის უკეთესი.


შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიასთან შეხვედრას „დინამო არენაზე" 29 მარტს თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს, მანამდე კი, 25 მარტს, „ჯვაროსანთა" სპარინგ-მეტოქე მალტა იქნება, მსოფლიო ჩემპიონები კი, ავსტრალიასთან მოსინჯავენ ძალებს.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016