reportiori.ge - ვინ გააფრთხილეს ბესო ხარძიანის მკვლელობით?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:32
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ გააფრთხილეს ბესო ხარძიანის მკვლელობით?!
ავტორი:
30 მარტი, 2015. 13:42

 

 

 

28 მარტს, ვაკეში, საკუთარ სახლთან მოკლეს ცნობილი ბიზნესმენი, ბესო ხარძიანი. მას მკვლელმა მოპედიდან 4 ტყვია ესროლა. 2 ტყვია ხარძიანს თავში აქვს მოხვედრილი, ერთი გულ-მკერდის არეში და ერთიც - ფეხში, სასიკვდილო თავში მოხვედრილი ერთ-ერთი ტყვია აღმოჩნდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაყვანილი ისე გარდაიცვალა, რომ ექიმებმა ოპერაციის დაწყებაც კი ვერ მოასწრეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. საინტერესოა, რომ ბესო ხარძიანს მაშინ ესროლეს, როცა ის საკუთარი სახლის სადარბაზოდან გამოდიოდა და აივანზე მისი მეუღლე, ეკა ნონიკაშვილი იმყოფებოდა. მან დაინახა, როგორ მოუკლეს მეუღლე. ეს ერთი დასკვნის საშუალებას იძლევა. მკვლელს, სავარაუდოდ, ქილერს, ძალიან ეჩქარებოდა ბესო ხარძიანის მოკვლა, ის ზუსტად 28 მარტს და საკუთარ სახლთან უნდა მოეკლა, თუნდაც მეუღლის, ანუ მოწმის თვალწინ... ქილერი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ერიდება მოწმისა თუ მოწმეთა თვალწინ შეკვეთილი ადამიანის მკვლელობას, თუ სხვა გზა არ აქვს. მოკლედ, ვთანხმდებით, რომ ამ მკვლელობის შემკვეთს ძალიან ეჩქარებოდა ბესო ხარძიანის თავიდან მოცილება.


მკვლელი, როგორც მოგახსენეთ, მოპედზე, მინი მოტოციკლზე იჯდა, ესროლა ხარძიანს და თავქვე დაეშვა. ის მოკლულის მეუღლის გარდა, მისმა ძმისშვილმაც დაინახა. მისი თქმით, სადარბაზოსთან სროლის ხმა დაახლოებით 13:45 წუთზე გაისმა და ბიძამისს მოპედზე მჯდომმა, დაბალი ტანის შავებში ჩაცმულმა და ჩაფხუტიანმა პიროვნებამ ესროლა. მოპედიდან მოტეხილი სარკე სადარბაზოსთან ეგდო. მკვლელი კაცია თუ ქალი, ჯერ ამის დადგენა გამოძიებამ ვერ მოახერხა. ერთი ვერსიით, ხარძიანს მაყუჩიანი პისტოლეტიდან ესროლეს და როგორ გაიგო სროლის ხმა მისმა ძმისშვილმა ქუჩაში, ცოტა უცნაურია. თუმცა, მაყუჩიანი იარაღიდან გასროლასაც ახლავს გარკვეული ხმა, ცხადია, არა მჭახე, მაგრამ მოგუდული ხმა და ის უფრო მკვეთრი გაშლილ სივრცეშია, მით უფრო, გარეთ. ბესო ხარძიანის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, მაგრამ დააფიქსირა ამ კამერებმა მკვლელი თუ მან ოსტატურად აუარა მათ გვერდი, ეს უცნობია. დაუჯერებელია, რომ მკვლელს წინასწარ არ სცოდნოდა ამ კამერების არსებობა. მოპედი, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, კეკელიძის ქუჩაზე აღმოაჩინეს.


ბესო ხარძიანი 2 საათის დაღუპული იყო, რომ მისმა დამ, მაია ხარძიანმა, მისმა მეუღლემ და ოჯახის სხვა წევრებმა და ახლობლებმა განაცხადეს, რომ ბესო გია უდესიანის მოკლულია და ამ საქმეში ბადრი ქურასბედიანიც არის გარეულიო. ბადრი ქურასბედიანის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი გია უდესიანს მივხედოთ. გია უდესიანი თბილისის მერიაში სპორტის სამსახურის უფროსი იყო, ეს ყველაზე მაღალი თანამდებობაა, რაც მან „ნაცმოძრაობის" დროს მიიღო, მერე კი ჩინოვნიკობა მიატოვა და ბიზნესში გადაინაცვლა. უდესიანის შესახებ ძალიან ბევრი უარყოფითი ინფორმაციაა გავრცელებული მედიით. 2003 წლამდე გია უდესიანს მხოლოდ უკრაინაში ჰქონდა ბიზნესი, რამდენიმე წელიწადში კი საქართველოში არაერთი ათეული მილიონის ქონების პატრონი ხდება. მისმა ქონებამ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ იბარტყა. მის სახელზე აფორმებდნენ „ნაციონალები" იმ ქონებას, რომელთაც სხვებს ართმევდნენ წამებითა და ათასი უბედურებით, თუმცა, ამ ბიზნესებიდან უდესიანს თავისი წილიც ჰქონდა. ის თავადვე იყო ჩართული ბიზნესმენებისთვის წილების წართმევაში და მისი ერთ-ერთი მსხვერპლი სწორედ ბესო ხარძიანი გახლდათ. გია უდესიანს კონკრეტული პირები ხელს ადებენ, რომ მან ხელოვნურად გააკოტრა ზაჰესის საბაჟო ტერმინალი და მერე კაპიკებად ჩაიგდო ხელთ. ამ ტერმინალში მისი პარტნიორი ყოფილი მხედრიონელი ლონგი ჭელიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, თავად უდესიანიც „მხედრიონელი" იყო. ის ფლობს სამშენებლო კომპანიის წილსაც და იპოდრომზე მშენებარე თუ აშენებული კორპუსების დიდი ნაწილი მისი კომპანიისაა. ფლობს წილს კომპანია `იოლიში~. არის რუსთავის ავტობაზრობის ერთ-ერთი მფლობელი. საინტერესოა, რომ გია უდესიანმა რუსთავში 1კვ.მ მიწა 4 ლარად შეისყიდა სახელმწიფოსგან, 51 000 კვ.მ მიწაში 204 000 ლარი გადაიხადა, როცა იმ დროს რუსთავში, იმ ადგილას, 1 კვ.მ. მიწის ღირებულება 50 ლარი და ამ მიწის ღირებულება 2 მილიონ 550 000 იყო. რუსთავის ბაზრობა ზუსტად 51 000 კვ.მ-ზე მდებარეობს, ანუ გია უდესიანის კუთვნილ მიწაზე. სწორედ ამ მიწით შევიდა ის ბაზრობის წილში. გარდა ამისა, გია უდესიანმა არაერთი ადამიანი აიძულა, დაეთმო მიწის ნაკვეთები იმ ადგილას, სადაც ავტობაზრობა უნდა აშენებულიყო. ცხადია, ამ მიწების წართმევაში უდესიანი ძალოვან უწყებებს იყენებდა და ამ ხალხს დაჭერით ემუქრებოდა, თუ მიწებს არ დათმობდნენ. ახლა ამ ხალხს პროკურატურაში აქვთ შეტანილი საჩივრები და უკანონოდ, ძალით წართმეული მიწების დაბრუნებას ითხოვენ.


თავდაპირველად, გია უდესიანის მფარველები „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დათა ახალაია და ყოფილი „მხედრიონელი", ნიკა რურუა იყვნენ. არსებობს ინფორმაციები, რომელთა თანახმადაც, სწორედ ნიკა რურუას დავალებით, გია უდესიანმა ყოფილი სპორტსმენებისგან შექმნა „ზონდერჯგუფი" და მათ „ნაცმოძრაობა" იქ და იმ დროს იყენებდა ხალხის დასარბევად, სადაც ფორმიანი პოლიციელის ან სპეცრაზმელის გამოჩენა არ აწყობდათ. 2005 წლის 1-ელ დეკემბერს გია უდესიანი და მისი ბიჭები თბილისის საკრებულოში შეცვივდნენ და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა გვარიანად სცემეს, მათ სხვებიც მიაყოლეს. ამის შემდეგ, არ ყოფილა „ნაცმოძრაობის" მიერ ხალხის რბევის არც ერთი შემთხვევა, რომელშიც გია უდესიანსა და მის „ზონდერებს" არ მიეღოთ მონაწილეობა, მათ შორის, 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის დარბევებში. აი, ამის საფასურად მდიდრდებოდა გია უდესიანი, რომელსაც სხვა ქონებასთან ერთად, რამდენიმე ბინა თბილისშიც აქვს და ორი ფეშენებელური სახლი წყნეთში, მათგან ერთი ისეთია, მარტო ქვაბურის ამოღებას, წინასამშენებლო სხვა სამუშაოებსა და უშველებელ ღობეს, ერთი სახლის ასაშენებლად საკმარისი ფული შეეწირა. ვინც ამ სახლის მშენებლობაზე იყო დასაქმებული, ეს მათგან ვიცი.


წლების წინ ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა ნათია მიქიაშვილმა და გია უდესიანის „ანატომიაში" დათა ახალაიასა და უგულავას ინტერესებზეც ისაუბრა. ბესო ხარძიანსა და გია უდესიანს უამრავი საერთო მეგობარი ჰყავთ, ორივე სვანები არიან და ეს ბუნებრივია. გარდა ამისა, ერთხანს თავადაც მეგობრობდნენ. მიუხედავად ამისა, უდესიანმა მეგობარი გაწირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბესო ხარძიანის კუთვნილ კომპანია „კუს ტბა-კალას" დათა ახალაიამ და გიგი უგულავამ ერთდროულად დაადგეს თვალი. არა იმიტომ, რომ მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, უბრალოდ, სიმართლე უნდა ვთქვა. უკვე ჭაობად ქცეული კუს ტბა, სადაც კაციშვილი აღარ ადიოდა საბანაოდ და იქ ერთი კაფეც კი არ იყო, რომ ადამიანს ნაყინი ეჭამა, სწორედ ბესო ხარძიანმა აქცია თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო დასვენებისა და გართობის ცენტრად, რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და კუს ტბასაც სიცოცხლე დაუბრუნა და თავადაც სოლიდურ ფინანსურ მოგებაზე წავიდა. სხვის მიერ აწყობილი ბიზნესის წართმევა „ნაციონალთა" ხელობა იყო. ბესო ხარძიანისთვის კუს ტბის წართმევა კი დათა ახალაიამ განიზრახა, თუმცა, ამ საქმეში მარტო ის არ იყო ჩართული, სხვა მაღალჩინოსანთა ინტერესებიც იყო. თავდაპირველად, კუს ტბის მფლობელი კომპანიის „კუს ტბა-კალას" 93% ბესო ხარძიანი საკუთრება იყი, 7% კი - მომღერალ ბუბა კიკაბიძისა. კიკაბიძემ, როგორც ამბობენ, ფული დააბანდა კომპანიაში და ეს 7% იმიტომ გადაუფორმეს. ამის შემდეგ ამ კომპანიის წილებმა რამდენჯერმე შეიცვალა მეპატრონეები, თუმცა, ამ დეტალებით თავს არ შეგაწყენთ და მთავარს მოგახსენებთ. ბესო ხარძიანი აცხადებდა, რომ გია უდესიანმა დათა ახალაიასა და სხვა მაღალჩინოსნების დავალება შეასრულა და მას კუს ტბა წაართვა. უდესიანმა ბესო ხარძიანს სამსახურში მოსასმენი მოწყობილობა დაუმონტაჟა. ეს საკუთარი ნებით გააკეთა თუ დათა ახალაიას დაკვეთით, უცნობია, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ ვისაც აინტერესებდა, ხარძიანის ყველა საქმიან საუბარს ისმენდა. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ამ ფარული მოსმენებით გახდა ნათელი, რომ ხარძიანს „ნაცმოძრაობა" არ ეპიტნავებოდა და მიხეილ სააკაშვილიც არაერთხელ მოიხსენია, რბილად რომ ვთქვათ, უკმეხად. ამან უფრო დააჩქარა ბესო ხარძიანის შემდგომი ტრაგედია, ის ხელისუფლებამ მისთვის მიუღებელ ბიზნესმენთა „შავ სიაში" შეიყვანა და განაჩენიც მალევე გამოუტანა. 2012 წლის თებერვალში დააკავეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით და 8 წელი მიუსაჯეს. ბესო ხარძიანი ირწმუნებოდა, რომ დაკავებისას მას პირში ჰეროინი ძალით ჩააყარეს, რათა ექსპერტიზას ის ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ მყოფი დაეფიქსირებინა. სარწმუნოა, რადგან ბესო ხარძიანს ნარკოტიკებთან შეხება არასდროს ჰქონია, ვანო მერაბიშვილის ხელქვეითები კი, ამ მეთოდს ხშირად მიმართავდნენ. ციხეში ყოფნისას ბესო ხარძიანს ძალით დაათმობინეს კუს ტბის წილები. მისი თქმით, დაკავებიდან რამდენიმე დღეში, დათა ახალაია ნასვამ მდგომარეობაში მისული იყო გლდანის ციხის დირექტორთან. მისი მითითებით საპატიმრო დაწესებულების დირექტორის ოთახში ბიზნესმენისთვის „ყველაფერი საშინელება უნდა ჩაეტარებინათ". „გლდანის ციხის კორპუსიდან გავიქეცი გასასვლელამდე, ვყვიროდი, რომ მოკვლას მიპირებდნენ და ამან შეაფერხა. ორი წელი ციხეში მაწამებდნენ, მაგრამ სულიერად ვერ გამტეხეს. სანამ ე.წ. კარანტინში ვიჯექი, ყოველდღე მცემდნენ", იხსენებდა იმ საშინელ პერიოდს ხარძიანი. მისი თქმით, კუს ტბის წართმევის პროცესში, დათა ახალაიას გარდა, ჩართულნი იყვნენ ზურაბ ადეიშვილი, მისი მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი, დავით კეზერაშვილი და თავისთავად, გია უდესიანი. 2 თვეზე მეტი არ წყდებოდა ბესო ხარძიანზე ზეწოლა, მისი ცემა და წამება. ბოლოს, გია უდესიანმა შეუთვალა, 20 აპრილამდე თუ არ დათმობ კუს ტბას, ციხიდან ცოცხალი ვერ გამოხვალო. ამის შემდეგ, ბესო ხარძიანმა საკუთარი ოჯახის წევრებს შეუთვალა, რომ მათ სახელზე გადაფორმებული „კუს ტბა-კაპიტალის" წილები იმ პირებზე გადაეფორმებინა, ვისზეც გია უდესიანი ეტყოდა. ამ დროისთვის კომპანიის წილებს ბესო ხარძიანი, მისი ოჯახის წევრები ფლობდნენ. ერთ დღეს, 20 აპრილს, ერთი ოჯახის ექვსმა წევრმა „კუს ტბა კაპიტალის" წილების გასხვისების 6 ნოტარიული ხელშეკრულება გააფორმა - ბესო ხარძიანის მეუღლემ ეკა ნონიკაშვილმა, ძმამ გია ხარძიანმა, რძალმა ეკა პატეიშვილმა, დამ მაია ხარძიანმა, ბიძაშვილმა ილია ხარძიანმა და თავად ციხეში მყოფმა ბესო ხარძიანმა, „კუს ტბა-კალას" წილები გადაუფორმეს პანამაში, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას, მეორე დღესვე კი, ამ პანამური კომპანიიდან ეს წილები გადაფორმდა „ე ვორლდის" შვილობილ კომპანია „ე ვორლდ კაპიტალსზე"~. ამ კომპანიის უკან კი კახა ბენდუქიძე იდგა და ამის შესახებ ქართულ მედიაში არაერთხელ თქმულა და დაწერილა. შეიძლება ითქვას, მთელი სახელისუფლებო მანქანა მოქმედებდა ბესო ხარძიანისთვის კუს ტბის წართმევის საქმეში.


გია უდესიანი ბესო ხარძიანს დაჰპირდა, რომ, თუ კუს ტბას დათმობდა, მაშინ ციხესაც დააღწევდა თავს, მაგრამ ეს პირობა არ შეუსრულა, წაართვეს კუს ტბა და სრულიად უდანაშაულო ადამიანი 8-წლიანი ციხისთვის გაიმეტეს. ხარძიანი პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე, 2014 წელს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა. 2 წელი მოუწია ციხეში ჯდომა ხარძიანს, თუმცა, ციხიდან გამოვიდა თუ არა, წართმეული ქონების დაბრუნებისთვის ბრძოლა დაიწყო და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 5 თვის წინ სასამართლომ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და მას და მისი ოჯახის წევრებს, უკანონოდ წართმეული „კუს ტბა-კაპიტალის" წილები დაუბრუნდათ. იცით, ვის ეკუთვნოდა ბოლო მომენტში „კუს ტბაკაპიტალი"? უკრაინის მოქალაქე ბადრი ქურასბედიანს. ეს ქურასბედიანი კი, გია უდესიანის მეგობარი და 2001 წლიდან მისი ბიზნესპარტნიორია. უდესიანს ოდესაში ჰქონდა პირველი ბიზნესი. საქალაქო სასამართლოში კი მოიგო პროცესი ხარძიანმა, მაგრამ ძველმა მფლობელმა ის გაასაჩივრა და ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია დავა.


ბადრი ქურასბედიანი დღეს უარყოფს ამ ტრაგედიასთან რაიმე ფორმით კავშირს და აცხადებს, რომ ბესოს პერიოდულად ეხმარებოდა, 10 მილიონიც კი მისცა და მისგან უკან არაფერი მიუღია. თუმცა, ქურასბედიანის უკან გია უდესიანი რომ დგას და მის უკან დათა ახალაია და „ნაცმოძრაობის" სხვა მაღალჩინოსნები, ამის შესახებ თავად ბესო ხარძიანი აცხადებდა. ბიზნესმენი სულ რამდენიმე თვის წინ ამბობდა, თუ სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყო, მაშინ საქართველოში ისეთი ამბები დატრიალდება, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი იქნებაო. მგონი, მართალი იყო, ცხონებული და ეს პროცესი მართლა დაიწყო. უცნობია, ვინ არის ბესო ხარძიანის მკვლელობის შემკვეთი, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, ვინ გაათამამა ეს ნაძირალა ისე, რომ ასეთი ნაბიჯი გადაედგა. მე საქართველოს ხელისუფლებას ბრალს ვდებ ბესო ხარძიანის მკვლელობაში, ხელისუფლებას დროული და ადეკვატური ნაბიჯები რომ გადაედგა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, დღეს ბესო ხარძიანი ცოცხალი იქნებოდა. ახლა უფრო დეტალურად მოგახსენებთ და ზემოთქმულს დაგისაბუთებთ. 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა თუ არა, ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოდან გაიქცა და გერმანიას შეაფარა თავი, გია უდესიანი იყო. ერთი, რომ მას ბესო ხარძიანის მუქარისა ეშინოდა, ციხიდან შემოუთვალა, თუ ცოცხალი გამოვედი, ღორივით გამოგჭრი ყელსო, მეორე და მთავარი, გია უდესიანმა იცოდა, რომ მრავალი სიბინძურე ჰქონდა ჩადენილი, მისი „ზონდერსპორტსმენების" მიერ დარბეული აქციებით დაწყებული, ათეულობით ადამიანისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევით დამთავრებული. ერთი წელი ისე იყო მოყუჩებული გერმანიაში უდესიანი, ბევრმა მისმა ახლობელმაც კი არ იცოდა. „ნაცმოძრაობა" მოაშორა თუ არა ქვეყანას ქართველმა ხალხმა, როცა პარალიზებული იყო დამნაშავეთა ეს პარტია, მაშინვე უნდა დაწყებულიყო სამართლიანობის მართლიანობის აღდგენა, კოაბიტაციას არ უნდა წაეღო, როგორც ახლა ვხედავთ, ძვირფასი წელიწადი, რამაც „ნაცები" მოაფერიანა და მერე, დიდ გულზე მოიყვანა.


ბესო ხარძიანი 2014 წელს პრეზიდენტ მარგველაშვილის შესაწყალებელი კი არ უნდა გამხდარიყო, რადგან საამისო უკანონო პატიმარს არაფერი სჭირდა, ის 2012 წელსვე უნდა გამოეშვათ ციხიდან, მისი შეთითხნილი სს საქმე უნდა გადასინჯულიყო და უკანონო პატიმარი გაემართლებინათ, ეს შემთითხვნელები კი, პროკურორიანმოსამართლიანად, ციხეში უნდა ჩაეყუდებინათ. ჰო, ნოტარიუსიც, რომელმაც ერთ დღეში ოჯახის 6 წევრის წილების გადაფორმება მოახდინა „ნებაყოფლობით" და ერთისა - ციხეში.


ასევე, სასწრაფოდ, სახელმწიფოს უნდა უზრუნველეყო, რომ მისთვის წართმეული კუს ტბა უკან დაებრუნებინათ მის უკანონო მფლობელებს. ბესო ხარძიანს იმ დროს ბუზს ვერავინ აუფრენდა, კუს ტბასაც დაუბრუნებდნენ და იქნებ ხურდაშიც გამოეყოლებინათ რამე, უკანონობის შემოქმედნი ისეთ შავ დღეში და დამფრთხალნი იყვნენ. ამ დროს, გია უდესიანი, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი და სხვები უცხოეთში იმალებოდნენ და ცხადში თუ სიზმარში ის ელანდებოდათ, როგორ ადებდნენ ხელბორკილებს და ციხეში როგორ მიათრევდნენ. ეს ხალხი შეგუებული იყო, რომ დაიჭერდნენ, იცოდნენ, იმდენი სიბინძურე ჰქონდათ ჩადენილი, რომ კანონიერ სასჯელს ვერ გადაურჩებოდნენ და ამიტომ გაიქცნენ. დიახ, დროულად რომ ემოქმედა ხელისუფლებას, დღეს ბესო ხარძიანი ცოცხალი იქნებოდა და კუს ტბაც კარგა ხნის დაბრუნებული ექნებოდა, გია უდესიანზე კი ძებნა იქნებოდა გამოცხადებული, თუ ვერ დაიჭერდნენ. ახლა კი უდესიანის ოჯახის წევრები იქით იმუქრებიან - არიქა, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა და ვინც კი გია მკვლელობასთან კავშირში დაასახელა, ყველას ვუჩივლებთ სასამართლოშიო!



ხელისუფლების უტრაკობის ბრალია ის ტრაგედია, რაც 28 მარტს მოხდა. თანაც, ერთ მომენტსაც დაუკვირდით. იური ვაზაგაშვილი მოკლეს მაშინ, როცა მისი შვილის მკვლელობის „კორტების სპეცოპერაციის" საქმე დღედღეზე გახსნილად უნდა გამოცხადებულიყო და ეს იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვინც ამ დანაშაულში იყო გარეული. მისი მკვლელობა სხვა არაფერი იყო, თუ არა გაფრთხილება, ვინც სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალთა" დასჯას მოითხოვთ, თქვენც ეგრე დაგემართებათო. ბესო ხარძიანი მოკლეს მაშინ, როცა მან საქალაქო სასამართლოში პროცესი მოიგო, წართმეული ქონება დაიბრუნა. ჩემი აზრით, ეს მკვლელობაც ერთგვარი გაფრთხილებაა მათთვის, ვინც „ნაციონალთა" მიერ წართმეულ ქონებას დაობს და მათი კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების მიზნით, პროკურატურაში საგანგებო დეპარტამენტიც კი შეიქმნა. ბესო ხარძიანის მკვლელობას, შესაძლოა, უფრო შორსმიმავალი მიზანიც ჰქონდეს - იმ ხალხის გაფრთხილება, ვინც უკანონოდ წართმეული ქონების პროკურატურის დახმარებით დაბრუნებას აპირებს. საერთო ჯამში, ლაპარაკია მილიარდზე მეტი დოლარის ღირებულების ქონებაზე, ამ პროცესს მრავალი ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკი, მოსამართლე, გამომძიებელი და პროკურორი გადაყვება, მათ დაიჭერენ, რადგან მრავალი უკანონობა აქვთ ჩადენილი. ამ ხალხს მიამატეთ ის ათასობით ადამიანი, ვისაც უკანონოდ მითვისებულ ქონებას ჩამოართმევენ. „ნაციონალთა" მმართველობისას, მრავალი მდაბიო სხვათა ძარცვა-გლეჯით აღზევდა, სხვის ქონებას დაეპატრონა, კარგ ცხოვრებას გემო გაუგო და ის ახლა არ წავა ყველაფერზე, როცა ამ დალხენილი ცხოვრების დასასრული, რამდენიმემილიონიანი ქონების დათმობის საფრთხე ემუქრება? ცხადია, წავა და ბევრი დიდ ფულსაც არ დაიშურებს, რომ ქილერი დაიქირაოს, ის ხალხი, ამ ქონების უწინდელი და კანონიერი მფლობელები თავიდან მოიშოროს და წართმეული მილიონები შეინარჩუნოს. ბევრი ერთი ადამიანის მკვლელობაზე კი არა, მთელი ოჯახის ამოწყვეტაზეც წავა, რომ მომდავებელი არ დარჩეს. საქმე უზარმაზარი, მილიარდიანი ქონების გადანაწილების პროცესს ეხება და მგონი, მართალი იყო ბესო ხარძიანი, 70-იანი წლების სიცილია სანატრელი უნდა გაგვიხდეს. ამ სავარაუდო საფრთხეს კი ავირიდებდით, ჩვენს ხელისუფალთ ერთი ადგილი დროულად რომ გაენძრიათ და სამართლიანობის აღდგენა დაეწყოთ.


და კიდევ უმთავრესი. ბესო ხარძიანი, შესაძლოა, ცოცხალი ყოფილიყო, საქართველოში იარაღის ტარება ნებადართული რომ იყოს. ხარძიანს ბოლო პერიოდში ემუქრებოდნენ, უთვალთვალებდნენ კიდეც. ბესო ხარძიანმა საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ხელისუფლებისთვის მიემართა და დაცვის დანიშვნა მოეთხოვა. თუმცა, მას სახლში ჰქონდა იარაღი და ტარების ნებართვა რომ ჰქონოდა, ცხადია, თან ექნებოდა. ასეთ დროს კი, შესაძლოა, მას მოესწრო იარაღის ამოღება და თავდამსხმელი მოეგერიებინა. კი, მომხდარიდან გამომდინარე, ამის უმცირესი შანსი არსებობდა, მაგრამ ეს შანსი ხომ წინასწარ წაართვა ხარძიანს სახელმწიფომ და შეიარაღებულ მკვლელთან პირისპირ უიარაღოდ დატოვა? ამ სამართლიანობის აღდგენის პროცესში კიდევ რამდენი ადამიანია „ნაციონალთა" სამიზნედ გადაქცეული, ეს არავინ იცის და ამ ხალხისთვის იარაღის ტარება და თავდაცვის ეს ეფექტური საშუალება ახლა მისწრება იქნება. იუსტიციის სამინისტრო კი, იმის ნაცვლად, რომ ხალხს იარაღი დაუკანონოს, იარაღის შეძენა-შენახვის წესებსაც კი ამკაცრებს და სრულიად უაზრო რეგულაციებს ამკვიდრებს.


ბესო ხარძიანის მკვლელობამ ერთი გახმაურებული მკვლელობა გამახსენა. 2012 წლის 24 მაისს, მოსკოვში მოკლეს გენერალი რომან დუმბაძე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლა, 2008 წლის ომის დროს კი, ასლან აბაშიძის ჩარევით, ქართველ ტყვეებზე გაცვალეს და მოსკოვში ჩაიყვანეს. მაშინ ამბობდნენ, რომ რომან დუმბაძე „ნაციონალების", კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის სპეცსამსახურების დაკვეთით მოკლეს. სხვათა შორის, დუმბაძესაც საკუთარ სახლთან, მოპედიდან ესროლეს. ეს ორი მკვლელობა ერთნაირი ხელწერითაა შესრულებული და ბევრის მთქმელია...

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016