reportiori.ge - მარგო ლუჩკო: შალვა ძალიან ცუდად მომექცა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:42
პრეს-დაიჯესტი
მარგო ლუჩკო: შალვა ძალიან ცუდად მომექცა!
ავტორი:
31 მარტი, 2015. 13:18


მას მერე რაც მარგო ლუჩკომ „შალვა რამიშვილის შოუ" დატოვა, ქალაქში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მარგო ქმარს, ირაკლი ჭყოიძეს გაშორდა. ამბობენ იმასაც, რომ ქმარმა ტელეწამყვანს თანამშრომელთან უღალატა. ეს მარგომ არ აპატია და... დაიშალნენ. დღეს მარგო ლუჩკო „პრაიმტაიმის" სტუმარია და ყველაზე პირადულ შეკითხვებს პასუხობს.


- 2-3 წლის ვიყავი პირველად გაპრანჭვა რომ დავიწყე, დავინახე როგორ იკეთებდა მაკიაჟს სარკის წინ ჩემი ულამაზესი დედა და ისე მომეწონა ეს პროცესი, დედას ვეხვეწებოდი, ტუჩებში მაკოცე, „პომადა" რომ გადმომედოს-მეთქი. რომ მკოცნიდა და „პომადა" ტუჩებზე მეცხობოდა, ყველაზე ბედნიერი ვიყავი მსოფლიოში. ხშირად ვიცვამდი დედის კაბებს, ქუსლიან ფეხსაცმელებს, ვისვამდი ნელსაცხებლებს. კიდევ მახსოვს დასვენება ზღვაზე. „ფლეიბოის" პირველი ფოტო იქ გადავიღე (იცინის). არ მიყვარდა არც საცურაო კოსტიუმისა და არც ტრუსების ჩაცმა. სრულიად შიშველი ვცურავდი. ვაიმე, ეს რა ვთქვი, ახლა სათაურს გააკეთებს, როდის არ უყვარდა ტრუსის ჩაცმა მარგო ლუჩკოს.


- არა, გპირდები, სხვა სათაური იქნება.

 

- მოკლედ, ძალიან პრანჭია ვიყავი. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის გარეგნობა არ არის მთავარი. მთავარია გული, სულიერი სილამაზე, განვითარება, წიგნიერება. გარეგნული სილამაზე მალე გაქრება და თუ სხვა სიმდიდრე არ გაქვს, არაფრად აღარ ღირხარ.


- როცა უკვე საწინააღმდეგო სქესით დაინტერესედი, მაშინაც არ ჰქონდა გარეგნობას გადამწყეტი მნიშვნელობა?

 

- დედას და მამას მადლობა უნდა გადავუხადო, რომ სწორედ ასე გამზარდეს, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანის შინაგანი სამყარო, საწინააღმდეგო სქესშიც. ბევრი ლამაზი ადამიანი მინახავს, მაგრამ პირს გააღებს და ჯობდა არ გაეღო. სულელი ქალები და კაცები არავის მოსწონს.


- პირველად რა ასაკში შეგიყვარდა?

 

- მერვე კლასში ვიყავი. სამი თვე ვიყავი შეყვარებული. აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭს სხვა გოგო უყვარდა. გოგომ უარი უთხრა და ბიჭმა თავი მოიკლა. არ მიყვარს ამ ამბის გახსენება. ძალიან რთულად გადავიტანე ეს ამბავი.


- მეორედ როდის შეგიყვარდა?

 

- ჩემი ძმის კლასელი მიყვარდა. ძალიან კარგი ბიჭი იყო, ჩემზე 8 წლით უფროსი. ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით, თვალებში შევციცინებდით ერთმანეთს. მერე გამოცდები დამეწყო, სულ ვმეცადინეობდი, ვეღარ ვხვდებოდით ერთმანეთს და დავიშალეთ.


- მესამედ?

 

- მესამედ ირაკლი შემიყვარდა და გავთხოვდი.

 

- ამბობ, რომ გარეგნობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებ, თუმცა ირაკლი საკმაოდ სიმპათიური მამაკაცია.


- ირაკლი ყველაზე მაგარი ბიჭია მთელ მსოფლიოში.


- სად გაიცანით ერთმანეთი?

 

- მადლობა, შემდეგი კითხვა თუ შეიძლება.


- მაგრამ, ხომ გაიცანით ერთმანეთი?


- კი, გავიცანით, ის დრო რომ მახსენდება, გულში თაფლი მეღვრება, ჩვენი ულამაზესი, უცნაური შეხვედრა, გაცნობა და სიყვარული. ყველაფერი კარგად იყო, არის და იქნება. თვალებში შემომხედე და მიხვდები, რომ ყველაფერი კარგად არის.


- კი, აშკარად გეტყობა, რომ შეყვარებული ხარ, მაგრამ ვისზე, არ ვიცი.

 

- სიყვარულზე, გაზაფხულზე, ცხოვრებაზე.


- ქალაქში ამბობენ, რომ მარგო ლუჩკო ქმარს გაშორდა...


- მართლა? იჭორაონ. ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და არ მგონია ვინმეს აინტერესებდეს. ყველას აზრს პატივს ვცემ, მათ შორის მათსაც ვინც ამ ჭორებს ავრცელებს. მიყვარს ყველა ადამიანი, ჭორიკანა ხალხიც მიყვარს, რა ქნან, არ აქვთ თავისი პირადი და სხვისი პირადით ცხოვრობენ.


- ჭორი ჩნდება მაშინ, როცა სელებრითი თავის პირადს ასაიდუმლოებს...


- რა ვქნა, ასე მირჩევნია.


- შენი და ირაკლის შვილი, ნიკოზი რამდენი წლის არის?

 

- 6 წლის არის, უნდა, რომ მეცნიერი გამოვიდეს ან არქიტექტორი. უყვარს სიმღერაც. მამასთან ქართულად ლაპარაკობს, დედასთან - რუსულად. ორივე ენას ეუფლება.


- მამა-შვილი რა პერიოდულობით ხვდება ერთმანეთს?

 

- ძალიან მიყვარს შენი კითხვები, მაგრამ ასეთ კითხვებზე არ გაგცემ პასუხს. ინტრიგანი ხარ.


- იმასაც ამობენ, რომ ირაკლიმ თავის თანამშრომელთან გიღალატა.


- მართლა? ილაპარაკონ, რაც მეტს ილაპარაკებენ, მით უფრო პოპულარული ვიქნები. აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რას იტყვიან. ეს ჩემი ცხოვრებაა და ამით დავამთავროთ.

 

-კარგი, საქმიან ცხოვრებაშიც არ გაკლია სკანდალები. ცოტა ხნის წინ „შალვა რამიშვილის შოუ" დატოვე...


- ძალიან მიყვარდა ჩემი შალვა, მაგრამ რა ვქნათ, ყველაფერი ხდება, მთავარია, უკან არ დაიხიო და წინ იარო.


- ამ გადაცემის მერე წინ წახვედი?


- რა თქმა უნდა. შოუდან წამოსვლის შემდეგ ორ ფილმში გადამიღეს, ძალიან სერიოზული ადამიანები გავიცანი, ირაკლი ფირცხალავასთან და ალექსანდრ რევთან ვმუშაობდი. ახლახან გავაკეთე ახალი პროექტი, გადავედი ქართულ ხალხურ სიმღერაში.


- ხუმრობ?


- არა, რატომ? რა გაცინებს? კარგი გაიცინე, დაგელოდები. მე მიყვარს საქართველო და მისი ფოლკლორიც. ეს არის ჩემი და ანსამბლ „ხარებას" ერთობლივი პროექტი. აქამდე ქართულად არ მიმღერია, ეს პირველი მცდელობაა. ვცდილობ ვიყო ქართველი, იმედია ამით ხალხის გაღიზიანებას არ გამოვიწვევ. კიდევ ვმუშაობ ერთ-ერთ საიტზე, რომელიც ქართველი ემიგრანტებისთვისაა და საქართველოს პიარს ემსახურება.

 

- „შალვა რამიშვილის შოუს" დავუბრუნდეთ, სკანდალურად წამოხვედი შოუდან, კონფლიქტით.


- ასეა. ზოგადად ძალიან უკონფლიქტო ადამიანი ვარ, შალვას თავისი პრინციპები აქვს, მეც მაქვს ჩემი პაწაწინა პრინციპები. არ შემიძლია არავის გაბრაზება, გაღიზიანება. ასეთი გამზარდა დედამ, ამაზე ვულგარული არ ვიქნები, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ.


- მთავარი კონფლიქტი რის გამო მოხდა?


- სიუჟეტის გამო. ძალიან ცუდად მომექცა შალვა, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. ზუსტად ათი წუთი გრძელდება ჩემი გაბრაზება, მერე წყენა მავიწყდება.


- რომელმა სიუჟეტმა გამოიწვია თქვენი კონფლიქტი?

 

- უნდა ჩამეცვა კომბინიზონი და წავსულიყავი იმ ადგილებში, სადაც ჯართს აგროვებენ და იბარებენ. ჩავთვალე, რომ ეს დამამცირებელი იქნებოდა მათთვის, ვინც ამ საქმით არის დაკავებული.


- თქვენი კონფლიქტის მიზეზად სხვა ვერსიასაც განიხილავენ.


- რომელს?


- რომ შალვას ფლირტი უნდოდა შენთან, ეს აშკარად გაგრძნობინა და შენ გაბრაზდი.


- ძალიან გთხოვთ, ასეთ კითხვებს ნუ მისვამთ, შალვას ჰყავს ოჯახი, ცოლი, შვილები, მე მას მამას ვეძახდი. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მადლობელი ვარ შალვა რამიშვილის შოუსი და თვითონ შალვასი, რადგან ბევრი რამ მასწავლა. რა მოხდა ყველამ კარგად იცის.


- ერთხელ მითხარი, რომ თუ რეალურ მიზეზებზე დავიწყებ ლაპარაკს, შალვას ცოლს მუცელი მოეშლებაო. შალვას მეუღლემ ბავშვი უკვე გააჩინა, შეგიძლია ილაპარაკო.

 

- არ არის საჭირო, ყველამ ყველაფერი იცის, ეს ნიშნავს ჭუჭყიანი თეთრეულის გამოფენას. რა საჭიროა? შალვას და მის მეუღლეს ბედნიერებას ვუსურვებ. ეს უკვე ძველი თემაა, გავლილია, აღარ განვიხილავ.


- გადაცემაში შენი შემცვლელი ნახე?


- ზოგჯერ ვნახულობ ინტერნეტში, წარმატებებს ვუსურვებ. მე თავისუფალი ვარ, ბედნიერი და ეს მომწონს.


- თავისუფალი და ხიფათიანი, ამასწინათ ფეხის თითი მოიტეხე.

 

- ჰო, ეს ამსიმაღლე ქერათმიანი რომ დავდივარ ქალაქში, თვალს ვიღებ. ძაღლს ვასეირნებდი და წავიქეცი. ახლა კარგად ვარ. ეკლესიაში დავდივარ ხშირად, რომ ბოროტმა თვალებმა აღარ იმოქმედოს.

 

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთ ,,პრაიმტაიმი"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016