გასულ კვირას ზურაბ ჟვანიას საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით გასამართლებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
ლევან ჩაჩუა იმიტომ გათავისუფლდა, რომ არ ჩატარებულა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია და ექსპერტიზა, რომელიც საბოლოოდ წერტილს დაუსვამს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების რეალურ მიზეზს. სასამართლოს ჰქონდა მხოლოდ ერთადერთი სასამართლო-სამედიცინო დასკვნა და ისიც ჩაჩუას მიერ შედგენილი. ჯერ კიდევ რვა წლის წინათ ვადა გაუვიდა ჟვანიასა და უსუპოვის გვამებიდან აღებულ შინაგანი ორგანოების ნიმუშებს. შინაგანაწესის მიხედვით, გვამებიდან აღებულ ნიმუშებს მხლოდ ორი წლის განმავლობაში ინახავენ. ამიტომ სიმართლის დასადგენად რჩება მხოლოდ ექსჰუმაცია! გამოძიება, რომელიც ზურაბ ჟვანიას საქმეზე მუშაობს, ვალდებული იყო, ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესების დასრულებამდე, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, პროკურატურისთვის წარმოედგინა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაციის შედეგები. გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას ოჯახი კატეგორიულად არითხოვს გვამის ექსჰუმაციას. ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესებს (ჩატარდა 20 სხდომა), თუ არ ჩავთვლით მეუღლეს ნინო ქადაგიძე-ჟვანიას და რძალს - თამილა აფაქიძეს, რომლებიც ბრალდების მხარეს მოწმედ ჰყავდა მოყვანილი, ჟვანიას ოჯახის წევრებიდან და ნათესავებიდან არავინ დასწრებია. საზოგადოებაში მკვიდრდება აქამდე გავრცელებული აზრიც, რომ იქნებ არც ზურაბ ჟვანიას ოჯახს სურს საქმის ბოლომდე მიყვანა, მითუმეტეს, არაერთხელ ითქვა, რომ ოჯახმა გარკვეული მატერიალური სიკეთეები მიიღო: გიორგი ჟვანიამ - დეპუტატობა, გერმანიაში ბიზნესის აწყობა, მისმა მეუღლემ - მინისტრის მოადგილეობა, უფრო ადრე - ვაშლიჯვრის ოფისის უსასყიდლოდ გადაცემა (რომელიც შემდეგ „ცენტრ-პოინტზე" გაიყიდა) და ა.შ.
ხალხს ლევან ჩაჩუას გათავისუფლება ისე არ გაჰკვირვებია, როგორც გიორგი ჟვანიას განცხადება, ჩაჩუას პატიმრობა ჩემთვის მეორეხარისხოვანი საკითხია, მთავარია, გამოძიების დასრულებაო და ექსჰუმაციაც უახლოეს მომავალში გადაამისამართა.
ცხადია, ექსჰუმაციისა და ჟვანიას გვამის შესწავლის გარეშე გამოძიება ვერ გაგრძელდება - ბოლოს და ბოლოს, უნდა დაიდოს დასკვნა, ჟვანიას თავის მაგარ გარსზე ჰქონდა თუ არა დაზიანება.
ექსჰუმაციის არჩატარება ამძაფრებს ეჭვს, რომ დიდუბის პანთეონში არსებულ საფლავში ზურაბ ჟვანიას გვამი არ არის და დაკრძალვიდან ერთი თვის განმავლობაში მის საფლავთან სახელმწიფო დაცვის დაყენებაც სამარიდან გვამის გაქრობას ემსახურებოდა (დიდუბის პანთეონს არც დარაჯი ჰყავს, არც დაცვის სამსახური). ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჟვანიას საფლავი გაათხრევინეს არა დიდუბის პანთეონის თანამშრომლებს, არამედ „ჰერმესის" მესაფლავეებს და მათვე ამოავსებინეს. ცნობილია ჟვანის დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის საეჭვო ღელვაც ჟვანიას გვამის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით. გამოძიებამ, კეთილი ინებოს ან უარყოს ზემოთქმული, ან დაადასტუროს! ექსჰუმაცია ერთადერთი სამხილია, რომელიც ნათელს მოჰფენს საუკუნის მკვლელობას. დარწმუნებული ვართ, საფლავის გახსნას ომი მოჰყვება, ოღონდ ომი სამართლიანობის აღდგენისთვის და ზურაბ ჟვანია, რომელმაც სააკაშვილი 1995 წელს მოიყვანა ქართულ პოლიტიკაში, მისი მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ და სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნის 20 წლისთავზე იმავე სააკაშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრებს.
ასე რომ, დიდუბის პანთეონის 101-ე ნომერი საფლავი გახსნის მოლოდინშია და, თუ ეს პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო, დავიწყებას მიეცემა ჩაჩუას სასამართლო პროცესებზე მოწმეების აღიარება ამ დანაშაულზე: რომ ჟვანიას გვამს თავზე შემაგრებული ადგილი ჰქონდა, ორგანოებში ჰქონდა სისხლჩაქცევები, რომ ტუჩზე ნაჭდევი იყო სიცოცხლისდროინდელი, რომ პათანატომებმა ისე მოაწერეს ხელი ჩაჩუას სასამართლო-სამედიცინო დასკვნას, ბოლომდე არ წაუკითხავთ, რომ უსუპოვის გვამზე არსებული ნაჩხვლეტები არ იყო ბალზამირების შედეგი, რომ ცხედრებზე იყო დაზიანებები, რომ მოხდა მათი გადაადგილება, რომ იმ ღმეს იმ შენობაში გაზი არ იყო და ექსპერიმენტის შედეგადაც ნახშირჟანგის მაჩვენებელს სიცოცხლის საშიში ზღვრისთვის არ გადაუჭარბებია. აღარაფერს ვამბობთ 2005 წლის 3 თებერვალს მომხდარ ფაქტებზე - კობა ხარშილაძის მიერ პრემიერის სეიფების გახსნაზე, სააკაშვილის ესკორტის მანქანის ავარიაზე და ჟვანიას მეგობრების საეჭვო გადაადგილებებზე.
ბოლოთქმა
ექსჰუმაციის გარეშე აზრი ეკარგება ჟვანიას საქმეში მტკიცებულების გაყალბების მიზეზით დაკავებული პროკურორის მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას გასამართლებას, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას სასამართლო პროცესებს და, თუ მათ სამსახურებრივი გულგრილობა დაუმტკიცდათ, ეს იქნება მათივე აღიარების შედეგი (რომ პრემიერ-მინისტრი დაცვის გარეშე დატოვეს) და არა გამოძიების წინგადადგმული ნაბიჯი. გამოძიებამ იცის, ვინ ჩაიდინა პრემიერ-მინისტრის მკვლელობა, ამიტომაც დუმს!
მოამზადა ქეთევან ხამიცაშვილმა
გაზეთი „ასავალ-დასავალი"