გაუქმების დაპირებიდან სამ მოთხოვნამდე დაყვანილი ურთიერთობა მერიასა და „სითი პარკს" შორის დღეს ასე გამოიყურება: 1. ჩვენ ვითხოვთ, რომ საჯარიმო სადგომზე ავტომანქანის გადაყვანა შეიცვალოს ავტომანქანის ადგილზე დაჯარიმებით; 2. ვითხოვთ იმასაც, რომ პარკირების ადგილები გაუქმდეს და შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება და 3. ძალიან პრინციპულად ვითხოვთ, შემოსავლების უთანასწორო განაწილების აღდგენას ქალაქსა და კომპანიას შორის. დღეს „სითი პარკი" მეტ შემოსავლებს იღებს, ვიდრე ქალაქის ბიუჯეტში შედის. დედაქალაქის მერის სამივე მოთხოვნა ჯერჯერობით იგნორირებულია. არადა, დაპირება აშკარად სხვა იყო და ის ყველას კარგად გვახსოვს. მაშინ მერობის ყველა კანდიდატი საკუთარ წინასაარჩევნო გამოსვლას სწორედ შემდეგი სიტყვებით იწყებდა: „სითი პარკი" ვეღარ შეძლებს ქუჩებიდან ავტომანქანების გატაცებას და მოქალაქეების დაყაჩაღებას. დღეს ამ თემაზე უკვე ხუმრობით საუბრობენ და როგორც ამბობენ, „არაბების ბატონობის შემდეგ, თბილისის მოსახლეობა ისე არავის გაუძარცვავს და დაუყაჩაღებია, როგორც ამ კომპანიას".
„ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელის, გია ბურჯანაძის განცხადებით, „სითი პარკი" მოქალაქეებს კერძო საკუთრების ტერიტორიაზეც აჯარიმებს, სადაც მათ ჯარიმის დაწერის უფლება არ აქვთ.
გია ბურჯანაძე, ანტიკორუფციული კავშირის ხელმძღვანელი:
- თბილისში უკვე ჩნდება ადგილები, რომლებიც მრავალწლიანი იჯარით არის გაცემული. ის კორუფციული გარიგებები, რომლებიც ჯოკია ბოდოკიების წყალობით დღესდღეობითაც მოქმედებს, შედეგს კვლავ იძლევა და, ალბათ, კიდევ დიდი ხნის შემდეგაც მივიღებთ. 2014 წლის დასაწყისში ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს, 1400 კვ.მ ფართი კერძო პირზე გაცემულია 49 წლის იჯარით. ეს არის ტერიტორია, სადაც ძირითადად ის ადამიანები აჩერებენ მანქანებს, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში შედიან. ავტოპარკინგი ისედაც ფასიანია, ამიტომ ადამიანებს, რომლებიც რაიონებიდან ჩამოდიან და არ აქვთ საშუალება, „სითი პარკის" ერთ ან ორკვირიანი მომსახურების ბარათი აიღონ, ურჩევნიათ, ავტოპარკინგის ორი თუ სამი ლარი გადაიხადონ და მანქანა კერძო პარკინგზე მოათავსონ. არის ფაქტები, როდესაც კერძო ტერიტორიაზე „სითი პარკი" აფორმებს ჯარიმებს, რა თქმა უნდა, უკანონოდ. ტერიტორიაზე არანაირი ნიშანი იმისა, რომ აღნიშნულ ქუჩას „სითი პარკი" აკონტროლებს, არ არსებობს. ეს მაშინ, როდესაც ნარმანიას მერად არჩევის წინ მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ „სითი პარკს" შეეხებოდა, თავად აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიით ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მდიდრდებოდნენ. ნარმანია მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებდა. რა გამოდის? ადრე „სითი პარკი" ნაციონალებს თუ ამდიდრებდა, ახლა ნარმანიას უწყებას ამდიდრებს? გარდა იმისა, რომ ცალკე შესწავლილი საკითხია, რატომ და როგორ ხდება მრავალწლიანი იჯარით ტერიტორიების კონკრეტულ პირებზე გაცემა, რატომ გრძელდება დედაქალაქის „ოკუპირება" მაღალჩინოსნების მიერ. ფაქტია, რომ ბიუროკრატიული აპარატი და კორუფციული სქემა შესისხლხორცებულია ძველ და და ახალ ხელისუფლებასთან, ეს კარგს არაფერს მოასწავებს. პროგნოზი არის ის, რომ ძალიან ცუდი განწყობა ნელ-ნელა კიდევ უფრო მძიმდება იმ ადამიანებში, რომლებსაც ცვლილებების იმედები ჰქონდათ.
- ვინ არის აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრე?
- შპს „იბერკომპანია", რომლის მფლობელიცაა ერთ-ერთი დეპუტატი. სწორედ მასზეა გადაცემული იჯარით ეს ტერიტორია, სადაც ფასიანი ავტოპარკინგი მდებარეობს. თუ კერძო ავტოპარკინგია, მაშინ იქ აღარ უნდა დაჯარიმდნენ მძღოლები. თუ „სითი პარკის" ტერიტორიაა, მაშინ შესაბამისი ნიშანი უნდა არსებობდეს, რომ მძღოლმა იცოდეს, საჭირო ბარათის არქონის შემთხვევაში ის აუცილებლად დაჯარიმდება. შედეგად კი ის მივიღეთ, მძღოლსილუზიაექმნება, რომმანქანასკერძოავტოპარკინგზეაჩერებს, რეალურადკიორფინანსურდარტყმასიღებს: იხდისფასიანიპარკინგისგადასახადსდაჯარიმდება „სითიპარკის" ბარათისარქონისგამოც.
- ასეთი შემთხვევები რამდენად ხშირია?
- უკვე იკვეთება ასეთი შემთხვევები. მაგალითად, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური ცაბაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიას ამზადებენ მსგავსი ტიპის ობიექტის გასაცემად. ძირითადად მრავალწლიანი იჯარით გაცემულია დიდუბე-ჩუღურეთის ტერიტორიაზე არსებული ფართები, მაგრამ არა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, არამედ ახლო ნათესავებსა და მეგობრებზე.
„სითი პარკის" წარმომადგენლის განცხადებით, არასწორ ადგილზე დაჯარიმების ფაქტები იშვიათობაა, თუმცა აღნიშნული შემთხვევა გადამოწმების შემდეგ დადასტურდა. ლევან ტაბიძის განცხადებით, კონკრეტულ ავტომანქანას უკვე მოეხსნა არასწორად დაწერილი ჯარიმა და მფლობელს აღარ მოუწევს მისი გადახდა. ეს ერთი შემთხვევა ნამდვილად „ჰეფი ენდით" დასრულდა, თუმცა, გია ბურჯანაძის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები ნამდვილად ბევრია. მათი მოძებნა კი საკმაოდ რთული, ამას თავად „სითი პარკის" წარმომადგენელიც ადასტურებს. ტაბიძის განცხადებით, უკვე დაწერილი ჯარიმების სათითაოდ გადამოწმებაა საჭირო, რომ შეცდომა გამოვლინდეს, რაც თავისთავად წარმოუდგენელია.
ლევან ტაბიძე, „სითი პარკის" წარმომადგენელი:
- ვაჟა-ფშაველას №29-ში დაწერილი ჯარიმა წარმოადგენს ინსპექტორის მიერ დაშვებულ მექანიკურ შეცდომას და ეს ჯარიმა ავტომატურად ითვლება გაუქმებულად. შესაბამისად, მძღოლს, რომელსაც ჯარიმა გამოუწერეს, არ დაეკისრება მისი გადახდა. ამ დარღვევის შესახებ აუცილებლად ეცნობება კონკრეტულ ინსპექტორს, რომელმაც ჯარიმა გამოწერა და ჩვენ მოვისმენთ მის განმარტებას, რატომ დაფიქსირდა აღნიშნული შემთხვევა და რატომ მოხდა ჯარიმის გამოწერა იქ, სადაც არ ეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში ჯარიმა არ აისახება მძღოლზე. თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდება, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე, გადაამოწმონ და შეცდომის შემთხვევაში ის აუცილებლად გამოსწორება, თუმცა მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება.
ხათუნა მგალობლიშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი