reportiori.ge - „მოდელირებული ქრონიკის“ შედეგად გარდაცვლილთა საქმეებს პროკურატურა გამოიძიებს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:53
პრეს-დაიჯესტი
„მოდელირებული ქრონიკის“ შედეგად გარდაცვლილთა საქმეებს პროკურატურა გამოიძიებს?
ავტორი:
01 აპრილი, 2015. 10:40


2010 წლის 13 მარტს თელავში სემინარზე ვიმყოფებოდი, როდესაც ტელეკომპანია „იმედით" საქართველოში რუსული არმიის შემოჭრის შესახებ გვამცნეს. სემინარს, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, მანანა კობახიძეც ესწრებოდა, რომელიც იმ დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლს" ხელმძღვანელობდა. კარგად მახსოვს ქალბატონი მანანას აღშფოთება, როდესაც შეიტყო, რომ საქმე ეხებოდა „მოდელირებულ ქრონიკას". მაშინ კობახიძე ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და იდეის ავტორების დასჯას ითხოვდა.


მას შემდეგ 5 წელი გავიდა. ხელისუფლება შეიცვალა და ქალბატონი მანანა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა, თუმცა დღესაც გაურკვეველია, ვის რა წვლილი მიუძღვის საზოგადოების მასობრივ დაშოკვაში, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.


ერთ-ერთი გარდაცვლილის, გაიოზ ოდიშელიძის ოჯახმა პროკურატურას საჩივრით 2010 წელსვე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ადეიშვილის უწყებამ ამ საქმის გამოძიება არ ისურვა. ოდიშელიძეების ადვოკატი მალხაზ ჯანგირიშვილი უახლოეს დღეებში გეგმავს, პროკურატურას კიდევ ერთი განცხადებით მიმართოს და ამ საქმის გამოძიების აუცილებლობა შეახსენოს.


მახლაზ ჯანგირაშვილი, ადვოკატი:

 

- სამწუხაროდ, ამ გადაცემამ გამოიწვია არაერთიტრაგიკული შემთხვევა, მათ შორის დაახლოებით 55 წლის მამაკაცის, გაიოზ ოდიშელიძის გარდაცვალება. ჩვენ მთავარ პროკურატურას 2010 წლის აპრილშივე მივმართეთ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. ჩვენი განცხადების პასუხად მოგვივიდა წერილი, სადაც გვატყობინებდნენ, რომ საქმე გადაეგზავნა მცხეთა-თიანეთის სამხარეო პროკურატურას, მაგრამ ამ პირობებში, როცა „ნაციონალური მოძრაობა" მართავდა ქვეყანას და ეს გადაცემაც  ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ნება-სურვილზე იყო მორგებული, ცხადია, საქმის გამოძიების დიდი ილუზია არ გვქონია.


- თუმცა ეს საქმე არც ახალი ხელისუფლების პირობებში დაძრულა...

 

- სამწუხაროდ, ასეა. დღემდე პროკურატურა ყურს არ იბერტყავს ამ საქმეზე, ამიტომაც უახლოეს დღეებში ვგეგმავთ, კიდევ ერთხელ მივმართოთ პროკრატურას და მოვითხოვოთ ინფორმაცია, რა საგამოძიებო მოქმედებები გატარდა. თუ ასეთი რამ ჯერაც არ მომხდარა, მოვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რადგან ეს არის დანაშაული, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის დამადასტურებელი ყველანაირი მტკიცებულება არსებობს.


პროკურატურაში დევს გარდაცვლილ გაიოზ ოდიშელიძის ოჯახის წევრებისა და მეზობლების გამოკითხვის ოქმები, სადაც პირდაპირ წერია, რომ შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი „მოდელირებული ქრონიკა" გახდა. გთავაზობთ ამონარიდებს გარდაცვლილის მეუღლისა და დედის გამოკითხვის ოქმებიდან, რომელიც ადვოკატმა მოგვაწოდა.


დალი ყარმაზანაშვილი, გარდაცვლილის მეუღლე:

 

„2010 წლის 13 მარტს, დაახლოებით 6-დან 7 საათამდე სამსახურიდან დავბრუნდი სახლში. ჩემი მეუღლე მისაღებ ოთახში ტელევიზორს უყურებდა, მე შემოსასვლელ ოთახში ვსაქმიანობდი, ცოტა ხანში ტელევიზორის ხმა შემომესმა ასეთი ტექსტებით: „პრეზიდენტი მოკლეს", „მცხეთაში შემოვიდნენ" და ა.შ. შემექმნა შათბეჭდილება, რომ ომი დაიწყო. ამ დროს გავიგე ჩემი მეუღლის ხმაც, - ომი დაიწყოო, ხოლო რამდენიმე წამში, - ვაიმე ცუდად ვარო. რომ შევედი მისაღებ ოთახში, მითხრა, - მიშველეთ, ოფლი მასხამს, გულის არეში მჩხვლეტს, მგონი, ვკვდებიო. თან შუბლზე ოფლს იწმენდდა. დავინახე, გრძნობას კარგავდა და ვიკივლე, - გვიშველეთ-თქო. ვცადე, შემეკავებინა, მაგრამ ვერ შევაკავე, გადმოვარდა სკამიდან და დავარდა იატაკზე. ჩემი ყვირილის შემდეგ დედამთილი, რომელიც იმ დროს სამზარეულოში იმყოფებოდა, ასევე, კივილით გავარდა ეზოში, მეზობლებს მოუხმო საშველად. ცოტა ხანში შემოვიდა მეზობელი ვარლამ ყარსიმაშვილი, რომელმაც გულმკერდის მასაჟით სცადა, გონს მოეყვანა ჩემი მეუღლე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ შემოვიდა მისი შვილი ჯუმბერი, რომელსაც სასწრაფოში ჰქონდა დარეკილი, რამდენიმე წუთში სასწრაფოც მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო.


ჩემს მეუღლეს წარსულში გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, მაგრამ მას შემდეგ უკვე 9 წელი იყო გასული და თავს კარგად გრძნობდა. მუშაობდა და სახლშიც ეწეოდა საოჯახო მეურნეობას. მეუღლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არც პოლიცია და არც სხვა სტრუქტურის წარმომადგენელი არ მოსულა".


ლამარა ღაჭიური, გარდაცვლილის დედა:

 

„2010 წლის 13 მარტს ვსაქმიანობდი სამზარეულოში, როდესაც მისაღები ოთახიდან ჩემი რძლის კივილი შემომესმა, - „გვიშველეთო". დავინახე, რომ ჩემი შვილი იატაკზე იწვა და პირიდან ქაფი სდიოდა. მაშინვე მეზობლებს დავუძახე, - გაიოზი ცუდად არის, გვიშველეთ, სასწრაფოს დაურეკეთ-მეთქი.


ჩემმა შვილმა ინერვიულა სატელევიზიო გადაცემის ყურებისას, მას ეგონა, რომ ომი დაიწყო, ცუდად გახდა და ამის გამო გარდაიცვალა".


ოდიშელიძე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც იმ დღეს მიღებული სტრესის შედეგად გარდაიცვალა. უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად რამდენიმე სხვა ოჯახიც მოინახულა, თუმცა უმეტესობა შიშის ფაქტორის გამო, საჩივრის დაწერას არ დასთანხმდა.


ლაშა ჩხარტიშვილი, უფლებადამცველი:

 

- „მოდელირებული ქრონიკა" იყო დანაშაული, როგორც მორალური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან ამან გამოიწვია ადამიანების სიცოცხლის მოსპობა. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ამას აკეთებს სახელმწიფო, მმართველი ელიტა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ამ გადაცემის ეთერში გაშვება მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, ოპოზიციის დისკრედიტაციას და მეორე მხივ, ადამიანების დაშინებას. შემიძლია, დოკუმენტალურად, კონკრეტული მოწმეების ჩვენებით დავადასტურო, რომ ამას მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის მოსპობა. მაშინ ჩვენ შევხვდით გარდაცვლილთა ოჯახებს, კერძოდ, მე, ბატონი იური ვაზაგაშვილი, სოსო რობაქიძე და ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი. ნაწილმა შიშის ფაქტორის გამო უარი თქვა საჩივრის დაწერაზე, თუმცა პირად საუბრებში დაგვიდასტურეს,რომ გარდაცვალება ნამდვილად იმ ავადსახსენებელმა გადაცემამ გამოიწვია. იყო ოჯახი, რომელმაც გარისკა და დაგვთანხმდა საჩივრის დაწერაზე, ეს არის აწ გარდაცვლილი გაიოზ ოდიშელიძის ოჯახი, რომლის საჩივარიც ჩვენ მაშინვე წარვადგინეთ პროკურატურაში, თუმცა, რა თქმა უნდა, დიდი იმედი არც გვქონია, რომ ადეიშვილის უწყება ამ ფაქტს გამოიძიებდა და ასეც მოხდა. ჩემთვის ის უფრო გაუგებარია, რატომ არ ხდება ამჟამად ამ საქმეების გამოძიება, რადგან დანაშაული ცალსახაა და ისიც ფაქტია, რომ ამ დანაშაულს მოჰყვა კონკრეტული ადამიანების გარდაცვალება.


- თქვენი ინფორმაციით, სულ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა?

 

- ჩვენ მივაკვლიეთ ოთხ ოჯახს, სადაც ამ გადაცემის შემდეგ, ნერვიულობით და სტრესით გამოწვეული გულის შეტევით დაიღუპნენ ადამიანები. ერთი გარდაცვლილი იყო დევნილთა ოჯახიდან, რომელიც ცხოვრობდა წყნეთში, ორი ოჯახი კონფლიქტისპირა სოფლიდან, შიდა ქართლის რეგიონიდან გახლდათ, და იყო დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირის მცხოვრები შუახნის მამაკაცი, გაიოზ ოდიშელიძე, რომლის ოჯახმაც თანხმობა განაცხადა საჩივრის დაწერაზე.


- რა იყო გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი?

 

- ამ ადამიანს წარსულში ჰქონდა გულის პრობლემები, თუმცა „მოდელირებული ქრონიკის" ნახვისთანავე მისი მდგომარეობა მომენტალურად დამძიმდა და რამდენიმე წუთში გულის შეტევით გარდაიცვალა. მან მოულოდნელ შოკს ვერ გაუძლო. დაიჯერა გადაცემაში განვითარებული სიუჟეტის ნამდვილობა. ისევე, როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა, რადგან გადაცემას არანაირი წარწერა, არანაირი მინიშნება არ ჰქონდა, რომ ეს იყო მოდელირებული და აღწერილი სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.


- ეს იყო ერთადერთი ოჯახი, რომელიც საჩივრის დაწერას დასთანხმდა?

 

- დიახ, ეს იყო ერადერთი იმ ოთხი ოჯახიდან, თუმცა პირად საუბრებში ყველა მათგანმა დაადასტურა გარდაცვალების რეალური მიზეზი, გარდა ერთი ოჯახისა, რომელიც კონფლიქტისპირა სოფელში ცხოვრობდა. ეს ოჯახი შიშის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან ჩვენი სტუმრობის დროს მის სახლთან პატრულირებდა „პიკაპის" ტიპის პოლიციის მანქანა. შესაბამისად, ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ მათ ამ თემაზე არ უნდა ესაუბრათ. პირდაპირ ჩვენ თვალწინ, მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა. მეორეგან დაგვიდასტურეს, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალება ნამდვილად ამ გადაცემას უკავშირდებოდა, თუმცა ხმას ვერ იღებდნენ, რადგან ეს ოჯახი მატერიალურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ოჯახის ვაჟი ავღანეთის სამხედრო მისიაში აპირებდა წასვლას, სწორედ ამიტომ ჰქონდათ შიში, რომ, თუ ისინი ამ თემაზე ხმამაღლა ისაუბრებდნენ, მას ავღანეთში აღარ წაიყვანდნენ. რაც შეეხება ოდიშელიძეების ოჯახს, მათ საკუთარი რისკის ფასად გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამართლებრივი გზით, დაწერეს საჩივარი, თუმცა ამის იქით საქმე წინ არ წასულა.

 

- როგორ ფიქრობ, ახლა მაინც რატომ არ ხდება ამ საქმის გამოძიება?

 

- ეს კითხვა ჩემთვისაც გამოცანად რჩება. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლებაც ყველა ასეთი ტიპის საქმეზე, ან ძალიან ნელი ტემპით, ან საერთოდ არ მუშაობს. საზოგადოება ცდილობს, გაგებით მოეკიდოს ხელისუფლების ამგვარ პოლიტიკას, თუმცა ამ საზოგადოებასაც აქვს მოთმინების ზღვარი და ამ ზღვარის გადალახვის შემდეგ უკმაყოფილება გაიზრდება. არ მესმის, რაში აწყობს ეს მოქმედ ხელისუფლებას. დღემდე ძალიან ბევრი მკვლელი თავისუფალია, მეტიც, რამდენიმე მათგანი ძალოვან უწყებაში მაღალ თანამდებობაზეც მუშაობს, თუმცა ეს უფრო სხვა თემაა. რაც შეეხება „მოდელირებულ ქრონიკას", მე მივმართავ პროკურატურას, ჩამოიღოს თაროდან და სასწრაფოდ დაიწყოს ამ დანაშაულის გამოძიება, დანაშაულის, რომელსაც, კიდევ ვიმეორებ, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არავინ არ საუბრობს შურისძიებაზე, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დაუსჯელობა შობს ახალ დანაშაულს და ეს ძალიან ცუდად მოუტრიალდება მოქმედ ხელისუფლებას.

 

- კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თუკი გამოძიება დაიწყება?

 

- მე არ დავარღვევ უდანაშულობის პრეზუმპციას, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, ეს უნდა დაადგინოს პროურატურამ და შემდეგ სასამართლომ, თუმცა ერთი რამ ცალსახაა: „მოდელირებული ქრონიკის" შემდეგ საზოგადოებამ იხილა გადაცემის პროდიუსერის ეკა წამალაშვილისა და ტელეკომპანიის დირექტორის, გიორგი არველაძის სატელეფონო საუბარი, რაც ძალიან ბევრ რამეს ჰფენს ნათელს. ამ ჩანაწერშიც ისმის, რომ „მოდელირებული ქრონიკის" მომზადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს თანამდებობაზე მყოფმა პირებმა.

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016