reportiori.ge - პუტინის ორეულები დაძრწიან ქვეყანაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:24
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პუტინის ორეულები დაძრწიან ქვეყანაში
02 აპრილი, 2015. 17:50



მოკლედ: „რა? სად? როდის?" თამაშის იდიოტური ვარიანტია.


ტყუილია თუ მართალი? არიან ასეთები? ვინ ქმნის მათ? და ვინ მართავს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს? ვინ მეტყველებს ორეულების პირით? რა ძალა?

 

კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.

 

თუმცა, პასუხები მაინც არის.

 

აქვე: რატომ გავიხსენეთ ეს თემა? იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინათ - 2015 წლის 26 მარტს გერმანულმა გაზეთმა „დი ველტმა" (Die Welf) გამოაქვეყნა ლუდმილა პუტინას (ვლადიმირ პუტინის ცოლყოფილის) „აღსარება" - „ჩემი ქმარი, დიდი ხანია, ცოცხალი არ არის", რომელიც ინტერესით აიტაცეს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა.


ვიღაცას ეცინება, ვიღაც იჯერებს.


გააქტუალურდა პრობლემა.


საყოველთაოდ ცნობილია, რომ სპეცსამსახურები ორეულებს ყოველთვის იყენებდნენ დიდ პოლიტიკაში. დასავლეთის პრესამ ააგორა პუტინის ორეულის საკითხი, რომელსაც საგრძნობი ეფექტი უნდა მოჰყოლოდა ბოლო პერიოდის მასშტაბურ საინფორმაციო ომში.


არ არის ეს აქცია პირველი.

არც - უკანასკნელი, ალბათ.


ჯერ კიდევ 2012 წელს, რუსეთის პრეზიდენტად პუტინის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე გაზეთმა Svargaman-მა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საკითხი მიუკიბ-მოუკიბავადაა დაყენებული:


„...ჩვეულებისამებრ, ხეებს იქით ბევრმა ტყე ვერ დაინახა, ანუ უდავოდ მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნების მიღმა ყურადღება ვერ მიაქცია უმნიშვნელოვანეს საკითხს, რამდენნი არიან ის მოქალაქენი, რომლებსაც ტელევიზიით ბატონ პუტინად წარმოგვიდგენენ? მათგან რომელია ორიგინალური პუტინი?"


შემდეგ ხაზგასმითაა თქმული, რომ „პუტინის კლონის კლანის არსებობა კრემლში, დიდი ხანია, განსჯის საგანია, თანაც, განიხილავენ არა მხოლოდ დიასახლისები, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, განიხილავენ პლასტიკური ოპერაციის თემასაც", ბოტოქსის შესაძლებლობასაც და ა. შ., უამრავი ვარიანტია ჩამოთვლილი.


მოდით, ვნახოთ „არგუმენტებით დახუნძლული" ეს ვენახი, რომელსაც ეყრდნობიან, როგორც რეალობას, როგორც დოკუმენტურ სიმართლეს.


„საერთო-სახალხო" აზრთა ეს ჭიდილი სახელდახელოდ გავაანალიზოთ ერთი გაურკვეველი ინტერნეტგამოცემის (Pilar lar lar) მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით („ნამდვილი პუტინი მკვდარია. ვინ მართავს რუსეთს?"), რომელიც საერთო ტენდენციის ყველა ნიშანს ატარებს.


„სასწრაფო!" - ინტრიგისთვის მეტი მიმზიდველობის მისაცემად მიუწერიათ სათაურისთვის: სხვამ არ დაგასწროთ, პირველი თქვენ დაეწაფეთო სენსაციის ამ ამოხეთქილ წყაროს!


იჩქარეთ, რადგან დაყოვნება შეიძლება სიცოცხლედ დაგვიჯდესო იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელსაც შავი დღე დაუდგა, უბედურების ჟამი!


და მეტი დამაჯერებლობისთვის წინასწარ „სანდო საიდუმლოების" ბურუსში ფუთავენ იმ წყაროს, რომლისგანაც მიიღეს სრულიად გასაიდუმლოებული „დოკუმენტები". ჩვენ არ შეგვიძლია მათი ოფიციალურად გამოქვეყნება".


არ შეუძლიათ, მაგრამ არც გაჩუმების უფლება აქვთ, და „პატრიოტებმა" აუშვეს „სენსაციური დოკუმენტების" აფრები, რომლებიც საიდუმლოების გამხელით დაინტერესებულ მკითხველებს ჭეშმარიტების სათავესთან მიიყვანს.


რა დოკუმენტებზეა ლაპარაკი?


„წინ მიდევს ერთ-ერთი სამთავრობო კლინიკის ექიმის წერილი, რომლის გვარსაც და თანამდებობასაც გასაგები მიზეზების გამო ვერ დავასახელებ. მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (რომლებიც ერთი წერილია?!) მიხედვით ირკვევა, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინი მკვდარია. რუსეთის პრეზიდენტი მოულოდნელად გარდაიცვალა ჯერ კიდევ 2004 წლის 6 ივნისს, 23 საათსა და 15 წუთზე მოსკოვის დროით, ათეროტრომბული იშემიური ინსულტისგან".


ზუსტად ასე - მოკვდა და გათავდა!


ექიმის წერილში (რომელიც „დოკუმენტია") დეტალურად არის აღწერილი პრეზიდენტის ამქვეყნად ყოფნის უკანასკნელი საათები - დეტალების სიუხვემ უნდა დაარწმუნოს მკითხველი ამ ტრაგიკული მომენტის უტყუარობაში:


„6 ივნისის საღამოს პაციენტი უჩიოდა თავის ტკივილს, ღებინებას, თვალის კაკლების ტკივილს, მძინარობას, სისუსტეს, უჭირდა მეტყველება... დაუდგინდა მაღალი არტერიული წნევა (220/120). იშემიური შეტევების გამეორების გამო პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა, დაკარგა გრძნობა და სასწრაფოდ იქნა ჰოსპიტალიზებული".


მიაქციეთ ყურადღება: კაცი ხელში აკვდებათ და მის გადასარჩენად იმასღა ახერხებენ, რომ საავადმყოფოში გადაჰყავთ. გასაიდუმლოებული ექიმის ამ ჩანაწერში სიტყვაც არ არის თქმული, თუ რა სასწრაფო, პირველადი დახმარების ღონისძიებები განახორციელეს ადგილზე იმ ჩივილების აღსაკვეთად, რომლებიც თურმე აწუხებდა რუსეთის პრეზიდენტს. ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ ამ ჩანაწერის ავტორი არაპროფესიონალია, რომელსაც წარმოდგენაც არ აქვს მედიცინის სფეროზე, თუნდაც - დილეტანტური.


შემდეგ - უარესი: „სამედიცინო დაწესებულების პირობებში აღმოუჩინეს დროული (?!) დახმარება, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა".


დროულად აღმოჩენილი დახმარების შედეგად ადამიანის გარდაცვალება - ეს რაღაც სიახლეა სამკურნალო დარგში.


მაგრამ ასეთი „ინოვაცია" ავტორებს არ ადარდებს: მთავარია, რომ დააფიქსირეს ადამიანის გარდაცვალება, რაც უფლებას აძლევს, დაასკვნან: „ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას მართავს, ვინც გნებავთ, ის, მაგრამ არა პუტინი, რომელსაც ხმა მივეცით 2000 წელს".


ასე „მოკლე გზით" მივიდნენ მიზნამდე.


მთავარზე უმთავრესი კი ამის შემდეგ იწყება: ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველი ექიმი წერს, რომ კლინიკაში, სადაც იგი მუშაობს, უმკაცრესი კონფიდენციურობის პირობებში ამზადებენ ვლადიმირ პუტინის ორეულებს".


რის საფუძველზე გვიმხელს ეს გასაიდუმლოებული ექიმი ამ სენსაციურ ფაქტს? მონაწილეობდა კლონირებაში? ან იქნებ საკუთარი თვალით ნახა, ეგების გაარღვია „უმკაცრესი კონფიდენციურობის" წინაღობანი და შეაღწია საიდუმლო ლაბორატორიაში?


არც - ერთი, არც - მეორე.


„ამის შესახებ მან შემთხვევით შეიტყო მაშინ, როცა დაინტერესდა თავისი იმ კოლეგის სამეცნიერო კვლევებით, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ ექსპერიმენტში".


მეგობარი კოლეგა იმდენად წინდაუხედავი აღმოჩნდა, რომ გულიც გადაუშალა და წვრილად მოუყვა ყველაფერს, რაც გასაიდუმლოებული კლინიკის ცხრაკლიტულით გადარაზულ კარს მიღმა ხდებოდა: „ორეულების მოსამზადებლად გამოიყენებენ სამედიცინო მეცნიერების უახლეს მიღწევებს - მუშაობს პლასტიკური ქირურგიისა და ფსიქოლოგიის წამყვანი სპეციალისტების გუნდი. შედეგები, რომლებსაც მიაღწიეს, შთამბეჭდავია - ვერავინ ამჩნევს (პრეზიდენტის სხვებით) ჩანაცვლებას".


დაგვარწმუნეს!


ახლა იმასაც გვეტყვიან, სად მდებარეობს კლინიკა, რომელშიც ასეთ სასწაულებს ახდენენ. „...კლინიკა არც მოსკოვშია, არ სანკტ-პეტერბურგში, არამედ - სოჭის შემოგარენში".


სოჭი ვითომ რატომაო?

 

„სწორედ ამიტომ „პუტინი" ამდენ დროს ატარებს შავიზღვისპირა კურორტზე. მისი რეზიდენციის ინტერიერი ზუსტი ასლია მისივე მოსკოვური კაბინეტის, მოსკოვში „პრეზიდენტი" თვეობით არ ჩნდება ხოლმე".


აქ მთავრდება გამხელილი საიდუმლოს პირველი ნახევარი. აქედან იწყება - ორეულის მომზადების ტექნოლოგიური პროცესის აღწერა, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, სპეცსამსახურების შესახებ გადაღებულ ფილმებზე გაზრდილი ავტორის „შემოქმედებას" ჰგავს, უარეს შემთხვევაში - ფრანგული კომედიური ფილმის „ფანტომასის" სერიების პლაგიატობის ნიმუშია:


ჩააქრეთ სინათლე და მზერა ეკრანისკენ მიმართეთ!


„ფიზიკური სხეულის მომზადება ფსიქოლოგიური ვარჯიშის პარალელურად მიმდინარეობს. ორეულმა საკუთარი თავი ორიგინალთან აბსოლუტურად იდენტიფიცირებულად უნდა აღიქვას და შეითვისოს. ამიტომ მას (მათ) უმკაცრესი ჰიპნოზის სეანსებს უტარებენ, სხვადასხვაგვარი ფსიქოტექნიკით დაამუშავებენ, იზოლირებულ სათავსში, სრულ სიბნელეში უჭმელ-უსმელს ამყოფებენ ან პირიქით, რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში გამომწყვდეული ჰყავთ კაშკაშასინათლიან სადგომში, რათა ადამიანმა დაკარგოს დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარი. ასე აღწევენ ორეულის პიროვნების თითქმის სრულად წაშლასა და დარღვევას".


შემდეგ: „ორეულებს სახეები ნიღბებით აქვთ დაფარული". ალბათ, ამ ნიღბებით გამოარჩევენ მათ რიგითი თანამშრომლები „მომავალი პუტინისგან". არსებობენ კი ეს ნიღბიანები ორეულები? ალაჰმა უწყის!


სამაგიეროდ, იქაურმა მკვლევარებმა იციან (დარწმუნებულები არიან), რომ „პუტინმა" დაივიწყა გერმანული ენა, რომელსაც სრულყოფილად ფლობდა" (აბა, როგორ ესაუბრებოდა ანგელა მერკელს თარჯიმნის გარეშე მინსკის შეხვედრაზე?! ტელეეკრანზე მათი საუბარი აშკარად ჩანდა).


„დღევანდელმა „პუტინმა" პრაქტიკულად დაივიწყა სპორტი" (ერთ-ერთი ვარჯიშის დროს პუტინმა ხერხემალი რომ დაიზიანა, საყოველთაოდ ცნობილია. სიარულიც კი უჭირდა, ესეც ყველამ ვიხილეთ. ასეთი ტრამვის შემდეგ პროფესიონალი ძიუდოისტებიც კი თავს ანებენენ ვარჯიშს, მოყვარული სპორტსმენისგან გაგვკვირვებია?).


ყველაზე საოცარი მაინც ის არის, რომ ანონიმი ექიმის „დაკვირვებით", პუტინის ორეულებს „ახასიათებთ ფსიქოლოგიური გადახრები, პიროვნების შეუქცევადი დეგრადაცია". პრაქტიკულად ყველა, ვისაც ავარჯიშებენ, „სიცოცხლის ბოლომდე იძენს დიაგნოზს - „შიზოფრენია" (ჰოდა, ეს გიჟები, პირდაპირ ვთქვათ, თამაშობენ სახელმწიფოს პირველი კაცის როლს ჭკვიანად, შეუცდომლად, ისე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ათობითმილიონიანი ტელეაუდიტორიის წინაშე განასახიერებენ ვლადიმირ პუტინს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის წარმომადგენელთა შეკითხვებს პირდაპირ ეთერში საქმის ცოდნით უპასუხებს?!).


მოკლედ, „რა? სად? როდის?" თამაშის იდიოტური ვარიანტია.


მოკლედ ასე კი არის, მაგრამ წერტილის დასმას ნუ ვიჩქარებთ, რადგან ცრუპუტინიანას ადეპტებს თავიანთი ვერსიების დასამტკიცებლად სხვა არგუმენტებიც აქვთ შემონახული.


მაგალითად, მიხაილ სალტინი და გლებ შჩერბატოვი სტატიაში „უბრალო ადამიანებიც კი ამჩნევენ, რომ „ვლადიმირ ვლადიმიროვიჩები" რამდენიმეა", წერენ: „...ვლადიმირ ვლადიმირის ძის მსგავსი ადამიანების ეკრანზე გამოჩენისას ისეთი კაზუსები ხდება, რომ ტექნიკური საშუალებების გარეშეც, შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ჩანს".


და მაგალითად ასახელებენ პუტინის „რომელიღაც(!) ინტერვიუს ქალაქ სოჭიდან, რომელიც, მას უყვარს": „ეს სიყვარული აშკარად აისახება ვლადიმირ ვლადიმირის ძის სახეზე, რომელიც ჯანმრთელი გარუჯვის სქელი ფენითაა დაფარული (ასეა დედანში). კრემლში ასე ვერ გაირუჯები (მაგრამ მოსკოვის ნებისმიერ სალონში შეძლებ ამის გაკეთებას). და, აი, გადის 24 საათი, რუსეთის პრეზიდენტი ჩადის ყაზახეთში რომელიღაც(!) შეხვედრაზე და წარმოგვიდგება ფერმკრთალი, სახის თეთრი კანით (ასეა დედანში), რომელსაც კარგა ხანია, არ მოხვედრია მზის სხივი: როგორ ავხსნათ ასეთი რამ?"


გაკვირვება - აშკარა ირონია! ვერ მოგვატყუებთ, ვერ შეგვაცდენთო!


ასეთი ფერისცვალების ახსნა მარტივზე უმარტივესია. პროფესიონალებმა იციან, რომ ტელეკადრის გაფერმკრთალება შეიძლება მოხდეს ტელეკამერების ფერთა დისბალანსის ან ტელეარხების ტექნიკური შესაძლებლობების განსხვავებულობის მიზეზით, ან, ბოლოს და ბოლოს, იმ ტელემიმღების („ტელეყუთის") მარკის ტექნიკური პარამეტრების სატელევიზიო სიგნალთან შეუთავსებლობის, უხარისხობის გამო, რომლის წინაც ისხდნენ ზემოთ ნახსენები ავტორები (ან ერთ-ერთი მათგანი) და მეთევზის მოთმინებით ელოდნენ, ამოჰყვებოდა თუ არა მათ გადაგდებულ პროვოკაციულ ანკესს „ცხელი" ფაქტი.

 

ვერ დარწმუნდა ფართო საზოგადოება ზემოთ ჩამოთვლილი სენსაციების უტყუარობაში და ყვითელმა პრესამ ორეულებიდან სხვა აქცენტებზე გადაინაცვლა: აალაპარაკა პუტინის „ქვრივი", ქალბატონი ლუდმილა (იხ. გერმანული ტაბლოიდის „დი ველტის" 26 მარტის ნომერი):


„ჩემი ქმარი, სამწუხაროდ, დიდი ხანია, ცოცხალი არ არის... ჩვენს ოჯახს იდეალურს ვერ უწოდებდით. როცა ვთხოვდებოდი, შეყვარებული ვიყავი მზვერავ ოფიცერზე, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი აღმოჩნდა. პუტინი აღმოჩნდა ფლიდი, დაუნდობელი, ტირანი ადამიანი... მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ვამბობ, რომ პუტინი მცემდა, მამცირებდა, ბოროტად დამცინოდა"... და წავიდა და წავიდააა!


არ ღირს გამეორებად ორღობის დედაკაცისეული ამ მოგონილი მონოლოგის სიბინძურეთა გამეორება.


რატომ მოგონილ-შეთითხნილის? იმიტომ, რომ ამ „აღსარების" შემდგენლებმა პირველსავე აბზაცში გაყიდეს თავიანთი თავი, როცა ქალბატონ ლუდმილას „ათქმევინეს": „იძულებული ვარ, საჯაროდ ვაღიარო ეს, რადგან არ შემიძლია იმის მოთმენა, რასაც მისი სახელით აკეთებენ".


დაგვიანებული ოპოზიციონერობა?!


თუ ის აწუხებს, რომ მისი „გარდაცვლილი" ქმრის სახელის შებღალვის წინააღმდეგ გამოდის?!


რა სახელზე შეიძლება ლაპარაკი, როცა „ნამდვილი" პუტინი ოჯახში „ტირანი" იყო?


ასეთ აბდაუბდაში დაიბნენ ავტორები და თავიანთი პირით თქვეს: ლუდმილა პუტინა მათ მხარეზეა, ვინც პუტინს (ცოცხალს თუ მკვდარს) ებრძვის, რადგან არ შეუძლია იმის მოთმენა, რასაც პუტინის სახელით იქმს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება: „ახლა მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ, კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ მიმძიმს იმის ყურება, რაც რუსეთს ემართება".


სოფლის ცალკალოშიანი აგიტატორის პოლიტლექსიკონიდანაა თითქოს ამოღებული ეს ტირადა.


პუტინის გარდაცვალების ერთ ვარიანტს ზემოთ უკვე გავეცანით. ახლა მეორე მოისმინეთ („ლუდმილას ვარიანტი"):


„...სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, ღამით, გაუფრთხილებლად წაიყვანა გოგონები (თავისი შვილები), არც კი ვიცი, სად.


შემდეგ კი, საერთოდ, გაქრა. ღამით (ყველაფერი ღამით ხდება, ასე უფრო მეტად გაასაიდუმლოეს ვითომ ყველაფერი) ვიღაც ადამიანებმა... გადააქოთეს ყველაფერი, ყველა ქაღალდი გადაათვალიერეს, სახლის ყველა კედელი ჩამოაკაკუნეს (რაღა დროის „კოდალების" ამ მეთოდის გამოყენებაა გამოძიების ტექნიკური აღჭურვილობის დღევანდელ პირობებში?!). მე მხოლოდ ერთი რამ მითხრეს: „თუ სიცოცხლე გინდა, ხმა არ ამოიღო".


ოცდამეერთე საუკუნეში შავ-თეთრი კინოსდროინდელი დეტექტური სიუჟეტის შემოსაღების ამაო მცდელობაა.


ე. ი. ცოლს ქმრის სიკვდილი არ უნახავს(!). პუტინი თავისით გაქრა.


გაქრა და მორჩა: ბრმამ ღამით ლოგინში ხელის ფათურით ცოლი რომ ვერ იპოვა, მიხვდა, - მოკვდაო. ცნობილი ანეკდოტია!

 

ასე აბითურებს გერმანულ საზოგადოებას Die Welt: „ბრმების შკოლაა"?!


P.S. გინდ პუტინი მართავდეს რუსეთს, გინდ - მისი ორეულების კლანი, სახელმწიფოს პოლიტიკა არ იცვლება.


თქვენც ხომ ასე ფიქრობთ? ან - არ ფიქრობთ ასე.


თბილისელი მედიაჭორიკნები კი გაფაშფაშებულები სხედან ეკრანებზე და ისეთი მონდომებით აკნატუნებენ ამ ინფორმაციას, როგორც ჭუჭყიანი სადარბაზოების წინ მდგარ მერხებზე ჩამორიგებული უსაქმური დედაკაცები მოხალულ მზესუმზირას, რომელიც თბილისში ბითუმად იყიდება (იხილეთ თევდორე მღვდლის ქუჩის ბაზრობაზე გადაღებული ფოტო).


 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016