2 მარტს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული მისიის" გამგეობის წევრებსა და უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო, უკრაინის კონსული ლიუბომირ კოროლი და „ქართული მისიის" გამგეობის წევრები - არჩილ შველიძე და გიორგი ზარნაძე. შეხვედრა შედგა უკრაინის საელჩოს ინიციატივით. „ქართული მისიის" გამგეობის წევრებმა მასპინძლებს წარუდგინეს ახალი პროექტი, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის უსასყიდლო იურიდიული მომსახურების გაწევას უკრაინის ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის საქართველოში. დიპლომატებმა მადლობა გადაიხადეს გაწეული თანადგომისთვის და „ქართული მისიის" გამგეობის წევრებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მადლობის წერილიც გადასცეს. თქვენი არ ვიცი და, მე პირადად ცოტა უცნაურად და საინტერესოდ მეჩვენება ასეთი დასაწყისი. მსახიობ გია კორკოტაშვილის საზოგადოებრივპოლიტიკური ორგანიზაცია ჯერ ბოლომდე არც კი ჩამოყალიბებულა და უკვე უკრაინის საელჩოში იწვევენ.
ამ თემაზე „ალიას" თავად ბატონი გია ესაუბრება:
- გია, მომკალით და ვერ გავიგე, რა შუაშია უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში იურიდიული მომსახურება?
_ სანამ „ქართული მისია" ჩამოყალიბდებოდა, იყო „ალტერნატიული მოძრაობა"... ალბათ, გახსოვთ, შევქმენით „გაბრაზებული მოქალაქეც" და ახლა ამ ყველაფერმა თავი მოიყარა „ქართულ მისიაში". 2014 წლის დეკემბერში ამ ბიჭებს ჰქონდათ პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა უცხოელი ბიზნესმენებისა თუ ჩვეულებრივი მოქალაქეების დაცვას საქართველოში. ისინი მაშინვე მივიდნენ უკრაინის საელჩოში და უთხრეს, თუ ვინმეს დახმარება დასჭირდება, ჩვენ მზად ვართ, ამ ფორმით დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს ყოველგვარი ანგარების გარეშეო. არჩილ შველიძე და გიორგი ზარნაძე იურისტები არიან, კარგად იციან თავიანთი საქმე და ამ წინადადების შემდეგ სულ იყო ხუთი ზარი, სამ ადამიანს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა, ჩავერიეთ, მოვუგვარეთ და ორსაც მსუბუქი პრობლემები გადავუწყვიტეთ იურიდიული თვალსაზრისით. როდესაც ეს უკრაინელები სამშობლოში დაბრუნდნენ, მათ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცეს ინფორმაცია და სწორედ სამინისტროს დავალებით მიიწვია საელჩომ ჩვენი წარმომადგენლები. ზოგი მოხალისედ მიდის უკრაინაში, ზოგი წინდებს აგზავნის, ჩვენ კი ასე გამოვხატეთ თანადგომა. ახლა უკრაინის საელჩოს უნდა, რომ ეს ფრონტი უფრო გააფართოოს, საქართველოში უკვე ბევრი ლტოლვილია ჩამოსული და დახმარება სჭირდებათ. ძალიან გაუხარდათ, ასე რომ დავუდექით გვერდით. კომისია
- სანაცვლოდ რას იძლევიან, მიშა სააკაშვილს?
- (იცინის) მაგაზე ჯერ არ გვქონია ლაპარაკი. ჩვენ ვაპირებთ, გავზარდოთ იურისტების რაოდენობაც და მე ვფიქრობ, ურთიერთობების რაღაც ახალი ნოვაციაა. ეს ჩვენი საქმიანობის ერთი მიმართულება იქნება. უბრალოდ ვცადეთ, გამოგვივიდა, ხალხი მადლიერი დარჩა, სულ ესაა.
- ამ ყველაფერს, აღმა-დაღმა სირბილს სჭირდება ფინანსები, ამის საშუალება გაქვთ?
- ჩვენ დავიწყეთ საქმე, რომელსაც დიდი ფინანსები არ სჭირდებოდა, ერთადერთი - ბენზინის ფული. ჩვენი თავი გამოვცადეთ, რამე ფინანსებზე ლაპარაკი არავისთან არ ყოფილა. თუ ვინმე დაგვეხმარება ალალად, უარს არ ვიტყვით.
- უკრაინელებს ეხმარებით, მაგრამ ქართველმა ბიზნესმენებმა რა ქნან, სათითაოდ რომ აგორებენ სადარბაზოებში?
- ქართველ ბიზნესმენებს აქ იმდენი პატრონი ჰყავთ, ვერც კი დაითვლით... პროკურატურიდან დაწყებული ყველა მაგათი პატრონია. ეს ხუმრობით, „ქართული მისია", თუ საჭირო იქნება, მთელ საქართველოს მოემსახურება, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ადამიანის ღირსება, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საკუთარი ინტერესების გარშემო, საზოგადოებამ თვითონ უნდა დაიცვას თავი. არ არის საჭირო ვიღაცების ძებნა ჩრდილოეთში, სამხრეთსა და დასავლეთში, ჯერ შიგნით უნდა მოვშველდეთ ერთმანეთში და მერე გარეთ ისე გავიხედოთ.
- დღეს საქართველოში დიდი ისტერიკაა, სულ მესმის, ამას მოკლავენ, იმას ჩამოახრჩობენ, ამას გააგორებენ და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა განცხადება 2 აპრილს, დაუსჯელი არავინ არ დარჩებაო, ეგ სულ მასე ლაპარაკობს 2012 წლის შემდეგ, მაგრამ დასჯილი ვერავინ ვნახეთ.
- დიახ, ასე იქნება, სანამ საზოგადოება თავის სიმაღლეზე არ დადგება, გათითოკაცებულ ადამიანებს არ შეუძლიათ სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ მხოლოდ იმისთვის მაინც უნდა გავერთიანდეთ, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი მოისპოს და დამნაშავეებს ძალა ვაჩვენოთ. მე ბევრ ადამიანს ველაპარაკები, ვაკეთებ ჩემეულ კვლევებს, მომავალ არჩევნებში დაპირებები არ იქნება, არც ფულზე და არც სხვა რამეზე, ეს უნდა მოისპოს.
- რამდენი დაჰპირდნენ, ხალხს არაფერი მისცეს და, წესით, აღარც უნდა დაიჯერონ.
- ჰოდა, დამთავრდა ეს დაპირებები!
- ისე, რა მაგის პასუხია და მე მგონი, ჩვენ გვინდა თუ არა, მაინც ამერიკული მოდელისკენ მივდივართ, თუ ხელისუფლებას უნდა, რომ საქართველოში მშვიდობა დამყარდეს, უნდა დააკანონოს იარაღის ტარების უფლება. უკვე ყოველწუთს უკან იყურებიან ადამიანები, ვენმე ხომ არ ამეკიდა, მოსაკლავად ხომ არ მომდევსო. თუ ამ ეტაპზე ყველასთვის არ იქნება დასაშვები, უნდა გამოიყოს სარისკო პროფესიები მაინც, არ მეთანხმებით?
- რატომაც არა? ეს ჭკუასთან ძალიან ახლოსაა. მე მაგ საკითხზე არ მიფიქრია, მაგრამ როცა სახელმწიფო ვერ გიცავს, აბა, რა უნდა გააკეთო? აქ მეორე მომენტიც არსებობს: უკვე მესამე წელი მიდის და სახელმწიფომ უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების ერთი პრეცედენტიც კი ვერ შექმნა. ამიტომ ვერ გადატეხა წელში დამნაშავეთა კასტა, დასაწყისშივე იყო მწარე დარტყმები საჭირო. გაიგოს ყველამ, რომ წართმეული ქონება ადამიანებს უნდა დაუბრუნდეთ, ეს არის ორჯერ ორი ოთხი და უნდა დაისაჯონ ისინიც, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს. თუ საზოგადოება გააქტიურდება და ხელისუფლება დარტყმებს განახორციელებს, მკვლელები განეიტრალდებიან, მათ შანსი აქვთ ნული, ზერო, მორჩა! ვინც მკვლელობები დაუკვეთა, იმედი ჰქონდა, რომ გადარჩებოდა, ერთი ჩინოვნიკი დააბეს, მეორე - დააბეს... ამდენი ხანი რომ საქმეები იწელება, ეს როგორ მოხდა, ისე? საქმეები რაღაცის სანაცვლოდ გადააცურეს მაღალმა ჩინებმა, რომლებიც დასაწყისში იყვნენ პროკურატურაში. ესენიც უნდა დაისაჯონ, მაგრამ ამას ვერც მე ვხედავ და ვერც საზოგადოება.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"