პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები უსისხლოდ, მოლაპარაკების გზით დაიბრუნოს.
„პროცესი, რომელსაც რუსეთის საფრთხის შემცირება ჰქვია, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სამხედრო დახმარება არც დაგვჭირდეს. შეიძლება ეკონომიკური პროცესებით მოხდეს რუსეთის ისეთი რეგულაცია, რა მიმართულებითაც დასავლეთი მიდის. შესაძლოა, ამ ცვლილებებით საქართველოსთვის საინტერესო პერსპექტივები გამოჩნდეს არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური წონის მოპოვების მხრივ, არამედ ტერიტორიული მთლიანობის ცივილიზებული, უსისხლო აღდგენის მხრივაც",- განაცხადა საყვარელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.
პოლიტოლოგის განმარტებით, რადგან ჩინეთს ევროპისკენ სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გავლით გაჰყავს, შესაძლოა, ამ მიზეზით ჩინეთი საქართველოს უსაფრთხოების გარანტორად იქცეს.
„ირანი გამოდის ნავთობისა და გაზის ბაზარზე, შესაბამისად, არა მხოლოდ ნავთობის, გაზის ფასებიც დაბლა დაიწევს, რაც რუსეთის კატასტროფაა. თუკი ჩინეთი გაძლიერდა, რუსეთი დგება მძიმე მდგომარეობაში. ჩინეთი არის დაინტერესებული რუსეთის იმ ცარიელი ტერიტორიებით, ციმბირში რომ არის გადაჭიმული.
საქართველოს აქვს შანსი, წესით, აქამდეც უნდა ჰქონოდა, როგორც ე.წ. ხიდის შემსრულებელ ქვეყანას, რომ მარტო ამ ხიდის ერთ მხარეს არ ეძებოს მომხრეები, არამედ მეორე მხარესაც. როგორც დასავლეთში ამერიკა არის მთელი დასავლეთის ცენტრალური სუბიექტი, აღმოსავლეთის მხრივ ისაა საინტერესო, რომ აღმოსავლეთის ცენტრალური სუბიექტი ჩინეთი გახდა ჩვენი პარტნიორი. მგონი, უკეთესი პერსპექტივები გვაქვს, ვიდრე ველოდებით",- აღნიშნა საყვარელიძემ.