„მოიწვიონ საპარლამენტო კომისია, რატომ არის ეს უკანდასახევი?! გაარკვიონ და პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. განხილვა დამთავრდეს რაღაცა შედეგით",- ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას. მისი განმარტებით, კომისიის შექმნას შედეგი უნდა მოჰყვეს. საყვარელიძის თქმით, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, დამაჯერებელი არ არის.
„არ ვთვლი რომ ალასანიას ყველა განცხადება პასუხისმგებლობის გრძნობით არის განმსჭვალული, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გამოაცხადებს, რომ საქართველომ პოლიტიკურ კურსს გადაუხვიაო და „ადვილად შეშფოთებას" გამოიწვევს დასავლეთის ქვეყნებში, ესეც უპასუხისმგებლო განცხადება იყო თავის დროზე და სად ჩანდა გუშინდელ განცხადებებში პოლიტიკური კურსის გადახვევა?"-აღნიშნა საყვარელიძემ.
„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატები" უახლოეს პერიოდში პარლამენტში შეიტანენ მოთხოვნას, შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, როგორ დაიდო მემორანდუმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით და რა დააკლდა ქვეყანას, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის მერე არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება.