არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" დამფუძნებელი და თავმჯდომარე ლალი მოროშკინა მოითხოვს, რომ ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი გიორგი ტუღუში კანონის წინაშე წარსდგეს:
- გასულ კვირას პროკურატურაში ვიმყოფებოდი, სადაც დავადასტურე, რომ მე და დიმა ლორთქიფანიძეს ნამდვილად გვქონდა საუბარი ბესო ხარძიანთან იმ საშინელ ფაქტებზე, რომელიც მას ციხეში გადახდა. გარდა იმისა, რომ ბესოს სასტიკად უსწორდებოდნენ და ქონების გია უდესიანზე გადაფორმებას აიძულებდნენ, ადგილი ჰქონდა მისი გაუპატიურების მცდელობასაც. ამ საშინელებისგან მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ მის განწირულ ყვირილს მთელი ციხე გამოეხმაურა და ისეთი ამბავი ატყდა, რომ საქმე ლამის ბუნტამდე მივიდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ვსვამ კითხვას - რატომ არ არის დღემდე დაკითხული ყოფილი სახალხო დამცველი, რომელიც დღეს უკვე არასამთავრობოებს შეფარებული, თავს უფლებას აძლევს და ტელეეთერიდან გვმოძღვრავს?!
- გიორგი ტუღუშის ბრალეულობას კონკრეტულად რაში ხედავთ?
- ტუღუშმა სრულად გაანადგურა ციხის სათვალთვალო ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, როგორ გაჰყავთ ბესო ხარძიანი საკნიდან, როგორ შედის შუაღამისას ციხეში ნოტარიუსი და აფორმებინებს ქონებას უდესიანის სახელზე და იმ პირებზე, ვისზეც მიუთითეს. არსებობს მკვლელი და არსებობს „ჩისტილშიკი", რომელიც დანაშაულის ადგილს ასუფთავებს, რათა კვალი არ დარჩეს. ტუღუში ციხეში სწორედ „ჩისტილშიკის" ფუნქციას ასრულებდა. მისი „დამსახურებაა" რომ არ ვიცით იმ ადამიანების ვინაობა, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უპრობლემოდ შედიოდა და ამა თუ იმ ჩინოვნიკის დავალებით პატიმრებს აწამებდა. მაქვს მტკიცებულებები, როგორ მალავდა მისი უწყება პატიმრების წერილებს,რომ ისინი ადრესატამდე არ მისულიყო. პირდაპირ ვაცხადებ - გიორგი ტუღუში სისხლის სამართლის დამნაშავეა და ის უნდა დაისაჯოს!
- ქალბატონო ლალი, ხარძიანმა გითხრათ, რომ გაუპატიურებას უდესიანის დავალებით უპირებდნენ?
- დიახ, მასთან შედიოდნენ მხოლოდ უდესიანის სახელით. სხვათა შორის, როდესაც ბესო ციხიდან გამოვიდა, ვკითხე - ხომ არ იყენებდნენ უდესიანის სახელს, რათა ისედაც დაპირისპირებული ეს ორი ადამიანი ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად გადამტერებოდა. მან მიპასუხა - კონტაქტზე საერთოდ არ გამოდის და მხოლოდ ასეთი რამ შემომითვალა - მე უკვე მოვახერხე და ამ მთავრობასთანაც ვიპოვე გზები, ძალიან მალე თბილისშიც ჩამოვალ, შენ კი, კუს ტბაზე ფხის დადგმას ვერ ეღირსებიო.
- ანუ თქვენც ეთანხმებით ოჯახის ვერსიას, რომ მკვლელობაში უდესიანის ხელი ურევია?
- მე ვამბობ იმას, რასაც ამბობდა თავად ბესო ხარძიანი. თუ წილების ძალდატანებით გადაფორმებაში ან ციხეში ხარძიანის არაერთგზის წამებაში უდესიანის ხელი არ ერია, მაშინ მას მარტივად შეეძლო ამის უარყოფა. მაგრამ უდესიანმა ყველაფერი არათუ უარყო, სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა იმ განცხადებით, რომ დღევანდელ მთავრობასთანაც „მოაგვარა".
- იმ ნოტარიუსის ვინაობა თუ არის ცნობილი, ვინც წილის გადაფორმება მოახდინა?
- იციან ოჯახის წევრებმა და იცის პროკურატურამ. ამიტომაც ვამბობ,რომ ეს არ არის განსაკუთრებული სირთულის საქმე, რომლის გამოძიებაც დღემდე ვერ მოხერხდა. საკმარისია მხოლოდ ნება საქმის გასახსნელად!
- თქვით,რომ ხარძიანის მკვლელი შესაძლოა, მალე გამოჩნდეს, მაგრამ საკუთარი დამკვეთისგან ლიკვიდირებული...
- მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ უკვე გაცემულია დავალება შემსრულებელთა ლიკვიდაციაზე. შემიძლია გითხრათ ისიც, რომ დამკვეთების ერთი და იგივე დაინტერესებული წრე არსებობს.
- რას გულისხმობთ?
- თქვენ გახსოვთ, ალბათ, გიორგი გუდაძის შემთხვევა, რომელსაც ვაკის აუზთან ესროლეს და გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მკვლელმა საკონტროლო გასროლა ააცილა. გიორგი გუდაძისა და ბესო ხარძიანის შემთხვევაში ერთი და იგივე მაყუჩიანი იარაღით არის ნასროლი, ანუ არსებობს დამკვეთთა ერთი წრე და მათი შემდეგი დაკვეთაა უკვე შემსრულებლების ლიკვიდაცია. ვიმეორებ, მაქვს აბსოლუტურად დაზსუტებული ინფორმაცია.
- ანუ, როგორც ამბობთ, ქალაქში „მაყუჩიანი მკვლელი" დადის...
- სამწუხაროდ, ასეა! ამიტომაც მივმართავ ხელისუფლებას - თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის შეჩერებას, დაგვირიგეთ იარაღი და ჩვენ მიგვიშვით-მეთქი. უკვე სხვა გზა აღარ არის. უარს ვამბობ დაცვაზე, რადგან ისედაც გაჭირვებულ ქვეყანას ზედმეტი ხარჯი არ სჭირდება.
- ფიქრობთ, რომ საქმე ასე ცუდადაა?
- მეტი რა უნდა მოხდეს? სახეზეა ორგანიზებული მკვლელობები და, სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში ისმის ერთადერთი შეკითხვა - შემდეგი ვინ იქნება? კიდევ ერთი მოკლული ადამიანი აუცილებლად გამოიწვევს ქაოსს და სამოქალაქო ომს. ეს კი ვისაც აწყობს, ყვეულამ კარგად ვიცით. კიევში ჩაბუდებული სააკაშვილი და მისი ბანდა შესაფერის მომენტს ელოდება, რომ საქართველოში მოხვდეს, ქვეყანა ჩაკეტოს და ხუნტის რეჟიმი დაამყაროს! ვიმეორებ, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით!
- „ოცნების" წევრებს „ტრიფონიები" უწოდეთ, რატომ?
- ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ „ოცნების" უმრავლესობა სწორედ ტრიფონიას დაემსგავსა, რომელსაც მხოლოდ ორი საკითხი აწუხებს - ის შავი კაცი ვინ იყო და თუ კაი საქმეზე მიდიხართ, ჩვენც გაგვიყოლეთ.
საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, ვინც არსებულ საფრთხეებს რეალურად აფასებს და შესაბამის ქმედებებზეც გადავიდა. ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში სააკაშვილის რამდენიმე აგენტი უკვე გამოავლინა. ამ პროცესის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ვიდრე გვიან არ არის, გაწმინდეთ უწყებები უკვე გაშიფრული ზონდერებისაგან და სისხლის სამართლის დამნაშავეებისაგან, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ჯაშუშობას სააკაშვილის სასარგებლოდ!
ესაუბრა ნონა ბენდელიანი
გაზეთი „ასავალ-დასავალი"