სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ყოვლადწმინდა ტაძრის ხარების ეკლესიაში ქადაგებისას მრევლს, სრულიად საქართველოს ხარების დღესასწაული მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ისეთი დიდი დღესასწაულია, რომ ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს თავისთვის. ფრინველები, ცხოველებიც კი ადიდებენ უფალს. აი, ამ დღეს გამოეცხადა ღვთისმშობელ დედას მთავარანგელოზი გაბრიელი და ახარა, „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა", - ბრძანა უწმინდესმა.
უწმინდესის თქმით, ღვთისმშობლისთვის ყოვლად მოულოდნელი იყო, რომ მისგან იშვებოდა ძე ღმრთისა, რომელიც დაჯდებოდა „მარადიულ ტახტსა დავითისასა".
პატრიარქმა წმინდა სახარებიდან მთავარანგელოზ გაბრიელის ხარება ღვთისმშობლისადმი დეტალურად გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავარანგელოზის ხარება შესრულდა.
„დღეს ვრწმუნდებით, რამდენად დიდია სიყვარული ღვთისა ადამიანის მიმართ, რამდენად დიდია უფლის წყალობა ადამიანის მიმართ. ეს მილოცვა „გიხაროდენ" უძველესი ებრაული მილოცვა იყო. ჩვენ ერს ჰქონდა და აქვს გამარჯვება. სხვადასხვა ერს სხვადასხვაგვარი მილოცვა აქვს. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს უთხრა „გიხაროდენ, მიმადლებულო", მადლმოსილო. ღვთისმშობელმა მადლი მიიღო თავისი სიწმინდით, სარწმუნოებით, სიყვარულით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას და მთავარანგელოზ გაბრიელს და შევთხოვთ მათ, ახარონ საქართველოს გამთლიანება, ახარონ საქართველოს მშვიდობა და ახარონ სიკეთე", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, დღეს ყოველი ადამიანი უნდა გახდეს მახარებელი, რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს ადამიანებისთვის.
პატრიარქის განცხადებით, ის სიხარული, რასაც ისინი მოუტანენ მოყვასს, მათ ათმაგად დაუბრუნდებათ.
ქადაგების ბოლოს პატრიარქმა კიდევ ერთხელ დალოცა ერი, ოჯახები. პატრიარქმა საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის ნიშნად, სიხარულის მინიჭება სურს სასულიერო პირებისათვის. უწმინდესმა მღვდელმონაზონი იოანე მჭედლიშვილი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. მონაზონ ელენე ნაფეტვარიძეს კი ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა.