reportiori.ge - როგორ ცხოვრობს სასამართლოდან წასული კოტე კუბლაშვილი და რა სთხოვა მან პრემიერს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 06:15
პრეს-დაიჯესტი
როგორ ცხოვრობს სასამართლოდან წასული კოტე კუბლაშვილი და რა სთხოვა მან პრემიერს?
ავტორი:
08 აპრილი, 2015. 10:28


რა მოხდა უზენაეს სასამართლოში ახალი თავმჯდომარის მისვლის შემდეგ? რა სთხოვა კუბლაშვილმა პრემიერს? „ქრონიკას" ამ თემებზე საინტერესო ინფორმაცია მოაწოდა ადამიანმა, რომელიც დღეს უზენაესში მუშაობს და გასაგები მიზეზების გამო ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, რის უფლებაც მას აქვს.


- ნინო გვენეტაძეს თანამშრომლები მეტ-ნაკლებად კარგად შეხვდნენ... ნინო პრეზიდენტთან ერთად მოვიდა უზენაესში, ოფიციალური ცერემონია იყო და სახელმწიფო დაცის სამსახურმა ლადო ჭანტურიას ყოფილი პირადი დაცვის უფროსი ახლა ნინო გვენეტაძის დაცვის უფროსად მოავლინა. კუბლაშვილი ესწრებოდა ახალი თავმჯდომარის მოსვლას და, რომ იტყვიან, ცალყბად მიულოცა დანიშვნა. წესით, არ ველოდით კუბლაშვილის მოსვლას, რადგანაც სწორედ მან გააგდო ნინო თავის დროზე არაფრის გამო... ახალმა თავმჯდომარემ კი თქვა, რაღაც რეფორმები იქნებაო, მაგრამ ძირითადი ბირთვი სასამართლოში ის ხალხია, ვინც კუბლაშვილის დროს არიან დაწინაურებულები და ვალდებულება აქვთ სწორედ კუბლაშვილის მიმართ და გვენეტაძე მათთან როგორ დაალაგებს ურთიერთობას, ჯერ არ ვიცით. თავის დროზე ამ ადამიანებს გადაწყვეტილებები როგორ და რა პირობებში გამოჰქონდათ, ეს ხომ გვენეტაძემაც იცის და ისიც იცის, რომ ეს მოსამართლეები, არც კი ეცნობოდნენ საქმეებს, რადგანაც ამ შემთხვევაში მთავარ გადაწყვეტილებას პროკურატურა იღებდა და ისინი მხოლოდ ფორმალურად აწერდნენ ხელს. ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, უზენაეს სასამართლოში მხოლოდ თავმჯდომარე შეიცვალა და ასევე, დაუნიშნეს მას პირადი დაცვა, კოტეს ძველი დაცვა კი სახლში გაუშვეს. დანარჩენი ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან მეიშვილი, ჩინჩალაძე და სხვები, რომლებიც პროკურატურის მითითებების პირდაპირი შემსრულებლები იყვნენ,ვიმეორებ, ყველა ადგილზეა.


- კი მაგრამ, ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მივიდა და მას ძველ მოადგილეებთან შეეძლება მუშაობა?


- რა თქმა უნდა, ახალ თავმჯდომარესთან ძველი მოადგილეები ვერ იქნებიან შეხმატკბილებულები, რადგანაც ისინი სხვა ბრძანებებს არიან მიჩვეულები და მათ კანონის შესაბამისად საკუთარი გადაწყვეტილება არც გამოჰქონდათ. უბედურება ის არის, რომ ამ შემთხვევაში გვენეტაძე მათ ვერ მოხსნის, რადგანაც ისინი გარკვეული ვადით არიან არჩეულები და, თუ პირადად არ დაწერეს განცხადება წასვლაზე, ან დისციპლინური გადაცდომა არ დაუფიქსირდებათ, მანამდე თავიანთ ადგილებზე დარჩებიან. თუმცა თავის დროზე სწორედ გვენეტაძეზე მოხდა ყოველგვარი მიზეზის გარეშე დისციპლინური დევნა და მას ეს ახსოვს. ანუ გვენეტაძეს ჯერჯერობით თავისი გუნდი იქ არ ჰყავს, ასევე, საქალაქო სასამართლოშიც თავმჯდომარე და მისი მოადგილეებიც ადგილზე არიან, თუმცა გვენეტაძეს შეუძლია, მოიწვიოს იუსტიციის საბჭოს სხდომა და შეუძლია, ეს ადამიანები გადააყენოს, მაგრამ აქ ისეთი სიტუაციაა, რომ ის პიროვნებები, ვინც ამ ადგილებზე არიან დანიშნულები, იგივე საქალაქოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, იგივე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ცერცვაძე, იქით ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარე გურული... ეს ადამიანები საკუთარი ნებით არ დაწერენ განცხადებას და მათ, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ახალ თავმჯდომარესთან მუშაობის გაგრძელების იმედი აქვთ. შეიძლება სხვა მომენტიც იყოს და ისინი ჩასაფრებულები იყვნენ, რადგანაც სულ მცირე რამ და ხმამაღლა აყვირდებიან, ჩვენზე ზეწოლას აქვს ადგილიო. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო, როგორ დაემშვიდობნენ უზენაესში თავად კუბლაშვილს: სანამ კოტე კუბლაშვილს პრეზიდენტი გადაუხდიდა მადლობას და მედალს დაჰკიდებდა, მანამდე გაცილება მოუწყვეს საკმაოდ პომპეზური უზარმაზარი ტორტით, რომლის პირველი ნაჭერიც თავად კუბლაშვილმა ჩამოჭრა და იყო ლამაზი სიტყვები. კუბლაშვილს ნამდვილად არ უნდოდა წასვლა, იმ დღეს იყო ძალიან ცუდ ხასიათზე...


- რა, კიდევ ხომ არ უნდოდა ვადის გაგრძელება?


- მანამდე კუბლაშვილმა იბრძოლა, რომ კოდექსიდან ამოეღოთ მუხლი, სადაც წერია, რომ მოსამართლე ინიშნება 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, ამ მუხლის ამოღების შემთხვევაში მოსამართლე უკვე სამუდამო ვადით ინიშნება. აი, სწორედ ეს ვერ მოასწრო კუბლაშვილმა, რომ გაეკეთებინა, თორემ სამუდამოდ გვეყოლებოდნენ. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა თხოვნით, რომ მისთვის დაეტოვებინათ პირადი სახელმწიფო დაცვა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყოფილმა მაღალჩინოსანმა უნდა დაასაბუთოს, რომ მას ნამდვილად ემუქრება რაიმე საშიშროება და ამის შემდეგ გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი, დაუნიშნავს თუ არა დაცვას... როგორც ითქვა, კუბლაშვილმა ითხოვა როგორც პირადი დაცვა, ასევე, სახლის დაცვაც, მაგრამ ჯერჯერობით პრემიერ-მინისტრისგან პასუხი არ არის. სხვათა შორის, ჯერჯერობით სახლის დაცვა მას დარჩა, ეტყობა, კუბლაშვილი გულის სიღრმეში შიშობს, რადგანაც ამდენი წელი იყო ამ თანამდებობაზე და თვლის, რომ ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, ისე იცხოვრა ამ 10 წლის მანძილზე თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან  გამომდინარე, რომ ვინმემ რამე არ მოუწყოს, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოში დარჩენას გადაწყვეტს. ახლა, როგორც მითხრეს, ძირითადად სახლში ზის, თვითონ მანქანის ტარება არ იცის და თუ გარეთ გამოდის, ცოლს დაჰყავს. სხვათა შორის, მისმა მეუღლემაც დატოვა თანამდებობა, ჯანდაცვის სამინისტროში ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სამსახურის უფროსად მუშაობდა.


- რა, ორივე, უმუშევარი და უფულო, სახლში ზის? როგორ უნდა იცხოვრონ?


- (ეცინება) უფულოები, უკაცრავად... როგორც თვითონ კუბლაშვილი აცხადებს, საქართველოში უნდა მუშაობის გაგრძელება, მეცნიერული საქმით უნდა დავკავდეო, უთქვამს.


- რა მეცნიერული საქმიანობით?


- ლექციების წაკითხვის სურვილი აქვს, მანამდე სახელმწიფო უნივერსიტეტში ისედაც ჰქონდა მას გამოყოფილი სალექციო კურსი, თუმცა შეიძლება უკრაინაშიც მოძუძგოს, ისე, ითქვა მის გერმანიაში წასვლაზეც, იქ სახლი აქვსო, ამბობენ... წესით, პროკურატურა თუ მოინდომებს და შესაბამისი უწყებები, შეიძლება ამოწიონ ის საქმეები, რაც მის დროს ხდებოდა, პლუს, ამას ემატება რემონტების თემაც, სამეურნეო განყოფილებაში იყვნენ კუბლაშვილის ახლობლები: მისი ქვისლი დღემდე იქ მუშაობს, ესაა მაიზერ გიორგაძე და უზენაეს სასამართლოში ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის დაახლოებით 5-6 წელი, რემონტი არ გაჩერებულა. იყო ასეთი ფირმა „მთაწმინდა-2007", ასევე, სხვა კომპანიები, რომელიც, სავარაუდოდ, ძმები კალაძეებისაა, რომლებიც ასრულებდნენ სასამართლოებში რემონტებს. სავარაუდოდ, აქ დარღვევებია, რადგანაც კონტროლის სამსახურმა დაიწყო ამ საქმეების შესწავლა, გარდა ამისა, კუბლაშვილი უახლოეს გარემოცვაში იყო გიორგი ბერძული, რომელიც მანამდე მუშაობდა შაშიაშვილთან, ეს ბერძული მუშაობდა აპარატის უფროსად უზენაეს სასამართლოში, რომელიც ასევე კურირებდა რემონტებს და თუ ფინანსური პოლიციის ნება იქნება, შეუძლიათ, შევიდნენ და ნახონ, სინამდვილეში იქ რა ხდებოდა. როგორც გითხარით, საქალაქო სასამართლოში თავმჯდომარე კუბლაშვილის კაცია, მამუკა ახვლედიანი, სამივე პალატის თავმჯდომარე მაგისი ხალხია, ერთ-ერთი არის შოთა გეწაძე, უკრაინაში ცნობილი „ნაციონალის", გია გეწაძის ძმა. სხვათა შორის, შოთა გეწაძე წლების მანძილზე იყო ჩინჩალაძის მარჯვენა ხელი უზენაეს სასამართლოში და ზუსტად ჩინჩალაძის წარდგინებით მოხვდა საქალაქო სასამართლოში. ეს ის შოთა გეწაძეა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემაზე და, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ნახევარი საათით ადრე იმყოფებოდა ჩვენთან, უზენაესში, ჩინჩალაძესთან აუდიენციაზე, მერე წამოვიდა და...


- წამოვიდა და მე გამომაგდო სასამართლო დარბაზიდან, მე ვიყავი იმ პროცესზე და ისეთი აბსურდული ტექსტი ჰქონდა, გამეცინა. მახსოვს ეგ გეწაძე!


- (ეცინება) ეგ არ ვიცოდი. ამ ხალხს დაუმატეთ გიორგი ებანოიძე, სამოქალაქო საქმეების კურატორი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა ბიუროს უფროსად და, პირადად, კუბლაშვილის ნდობით აღჭურვილი კაცი იყო. ასევე, მოსამართლე ბუგიანიშვილი, რომელიც ასევე ბიუროს ხელმძღვანელობდა და მერე გახდა თავმჯდომარე.


- ამ ხალხს რა ელის?


- ესენი ყველანი ვადით არიან არჩეულები და ესენი ჯერჯერობით ნამუსის ჩამორეცხვას არ აპირებენ. მაგალითად, ჯერ კიდევ მოსამართლეა დალი მეტრეველი, რომელმაც 14 წლის გვანცა ყუფარაძე უდანაშაულოდ ამყოფა ციხეში, რომელსაც, რომ იტყვიან, შეტენა ბავშვის დაჭრა და 5 წელი გამოკეტა საპყრობილეში და განაცხადა, მე დღესაც იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდიო. კითხვა მაქვს, რატომ არ უნდა გადაიხედოს დისციპლინარულის მიერ ამ მოსამართლეების საქმეები? მოსამართლე ჩემიას საქმე არ უნდა შეისწავლონ, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე პირდაპირ მიიღო პროკურორისგან მითითება? ურთმელიძე არ უნდა შეისწავლონ, რომელიც პრესაზე მუშაობს უშუალოდ? და რომელმაც არაერთი უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა პრესასთან დაკავშირებით, იგივე „ალიასა" და „ასავალ-დასავალზე?" კაცი, რომელიც ფაქტებს არ განიხილავს და სულით დღესაც პროკურორია და არც მტკიცებულებას იზიარებს და არც ფაქტებს? თავად ცერცვაძე, სააპელაციოს თავმჯდომარე, რომელიც უშუალოდ ზურაბ ადეიშვილის კადრია და ხელისბიჭი? უზენაესში კუბლაშვილის გოგოები რომ არიან, რომლებსაც არც ისე დიდი გამოცდილება აქვთ და ჩინჩალაძის ხელდასხმულები რომ არიან? საქალაქო მანდატურის უფროსი არის კუბლაშვილის დაცვის ყოფილი წევრი დავით ქამუშაძე, აი, ეს ხალხია თავის სამსახურებში დარჩენილი. უზენაესის აპარატში იყო უამრავი ფაქტი, რომ პირდაპირ უშვებდნენ, ვინც არ მოსწონდათ და ვინც მაგათ აზრებს არ იზიარებდა და მათ ადგილზე პროკურატურის ხალხი ინიშნებოდა. მაგალითად, სანდრო ჯორბენაძე მუშაობდა, რომლის აზრებიც უცებ არ მოეწონათ და გაუშვეს და ასეთ განთავისუფლებულ ადგილებზე ან კუბლაშვილის ახლობელი და, ან ადეიშვილის კადრი ინიშნებოდა. ახლა დაველოდოთ და ვნახოთ, რა და როგორ დალაგდება, ისე, მგონია, რომ საინტერესო სურათი უნდა იყოს მომავალში.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016