reportiori.ge - სამხედრო გადატრიალება იგეგმება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 06:15
პრეს-დაიჯესტი
სამხედრო გადატრიალება იგეგმება
ავტორი:
08 აპრილი, 2015. 12:16

 

 

არსებობს სამალავები, სადაც იარაღი ინახება

 

ეროსი კიწმარიშვილის, იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის გარდაცვალების ფაქტებში სამხედრო ექსპერტი პოლიტიკური ტერორის ნიშნებს ხედავს. ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ დაგეგმილი მკვლელობები კიდევ განხორციელდეს, რაც საბოლოოდ სამხედრო გადატრიალებაში გადაიზრდება. დამნაშავის კვალზე საუბრისას კი ექსპერტი ხელისუფლებას უკვე აღძრული საქმის გამოძიების განახლებას ურჩევს. ვახტანგ მაისაია სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეს გულისხმობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ აღიძრა და მას შემდეგ წინ არ წასულა...


ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:


- წინა ხელისუფლება ყველა ძალისმიერ მეთოდს იყენებდა. შესაბამისად, მათთვის აგრესია უცხო არ არის. არსებობდა სამალავები, სადაც კომპრომატები ინახებოდა - ვიდეო და აუდიოჩანაწერები. არის ინფორმაცია, რომ არსებობს სამალავები, სადაც იარაღი ინახება. მსგავსი სამარხები არსებობდა თავის დროზე ამერიკაში, როდესაც არსებობდნენ სიკვდილის ესკადრონები სალვადორში, გვატემალაში და ასე შემდეგ. საქართველოში მოქმედებდნენ ზონდერბრიგადები, რომლებიც არსად არ წასულან.


- გადამალულ იარაღზე არაერთხელ გაკეთდა უკვე მითითება...

 

- რაც შეეხება იარაღს, ის შეიძლება წინა ხელისუფლების დროს შეიარაღების შედეგად გადამალული მარაგი იყოს, რომელთა გამოყენება კონკრეტული ამოცანების შესრულების მი ზნით მოხდება. როდესაც იატაკქვეშეთში დამალული დაჯგუფება მოქმედებს, იარაღის მარაგის არსებობა ჩვეულებრივი მოვლენაა. მსგავსი ჯგუფები მაშინ აქტიურდებიან, როდესაც დავალებებს იღებენ, ასეთი სტრუქტურები საკმაოდ გავრცელებული ელემენტებია ავტორიტარული რეჟიმისთვის რეპრესიული მანქანების ასამუშავებლად. „ნაციონალური მოძრაობა" იმდენად აგრესიული ძალა იყო, რომ მსგავსი ჯგუფები მათ აუცილებლად ეყოლებათ. „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს პრეტენზია და ამის შესახებ ხმამაღლა აცხადებს,რომ სურს ხელისუფლებაში დაბრუნება. მათ კარგად იციან, რომ მშვიდობიანი გზით, ანუ არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. მათ, არეულობის გარდა, სხვა ალტერნატივა არ დარჩენიათ. ამიტომ  არ არის გამორიცხული, სხვა ტიპის აპოლიტიკური მეთოდების გამოყენებაზე გადავიდნენ: მათ აქვთ აგრესიული პოლიტიკა, პროპაგანდისტული მანქანა საინფორმაციო საშუალებების სახით, ასევე, აქვთ მართული არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ დიდი სპექტრი და რაც მთავარია, ჰყავთ ჩანერგილი თანამშრომლები ძალოვან სტრუქტურებში. იგივე სოსანაშვილის ფაქტი ადასტურებს ამას. არსებობენ ადამიანები, რომლებიც პატიმრების წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ეს ადამიანები, ბუნებრივია, კონკრეტულ სიგნალს ელოდებიან,რომ ამოქმედდნენ. იგივე ბესო ხარძიანის მკვლელობაც ამაზე მეტყველებს. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში სამი გახმაურებული მკვლელობა მოხდა, ვგულისხმობ ეროსი კიწმარიშვილის საიდუმლოებით მოცულ მკვლელობას, ვაზაგაშვილის აფეთქების ფაქტსა და  ხარძიანს.


- კიწმარიშვილის შემთხვევაში გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს...

 

- არ ვიცი, გამოძიება რაზე მუშაობს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ კიწმარიშვილის შემთხვევა მკვლელობა იყო, პროფესიონალი მკვლელის მიერ შესრულებული. მიმაჩნია, რომ კიწმარიშვილის, ვაზაგაშვილისა და ხარძიანის შემთხვევაც აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობებში ჯდება. ვაზაგაშვილის მკვლელობით კარგად ჩანს, რომ იქ მუშაობდა მთელი ჯგუფი, რომელსაც საერთო ნიშნები ჰქონდა კიწმარიშვილის შემთხვევასთან. იგივე ხარძიანის მკვლელობაც საკმაოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზე იყო დაგეგმილი. ამაზე მეტყველებს ის, რომ მასზე მიდიოდა დაკვირვება, თვალთვალი და მისი პიროვნების შესწავლა დიდი ხნის განმავლობაში. მკვლელობის დროც ისე იყო შერჩეული, რომ გადარჩენისა და გაუგებრობის „საფრთხე" თითქმის არ არსებობდა. ეს არის ისეთი დონის მკვლელობები, სადაც გამოიცხულია მსხვერპლის გადარჩენის შანსი. არ გამოვრიცხავ, რომ მოქმედებდეს სხვადასხვა ჯგუფები, მაგრამ ანალოგიურ მეთოდებზე დაყრდნობით. ესენი არიან ყოფილი სპეცსამსახურის, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები, რომლებმაც კარგად იციან ოპერატიული მუშაობის პრინციპნები. განხორციელებული მკვლელობების მეთოდები მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური ტერორი. პოლიტიკური ტერორი კი წინაპირობაა იმისა, რომ გარკვეულ ძალებს პრეტენზია ჰქონდეთ, მოაწყონ სამხედრო გადატრიალება და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს კლასიკური ფორმაა, რომელიცგამოიყენეს, მაგალითად, ჩილეში. იქ პროცესები სწორედ მოტივირებული პოლიტიკური მკვლელობებით დაიწყო, რომელსაც კონკრეტული ტერორისტული ჯგუფები ახორციელებდნენ, ისინი მოქმედებდნენ იატაკქვეშეთში. პროცესი შეიარაღებული ძალების ამოქმედებაში გადაიზარდა და სამხედრო გადატრიაებით დასრულდა. დაახლოებით იგივე სცენარი შეინიშნება საქართველოშიც. ამიტომ მიმაჩნია, რომ, თუ ხელისუფლება კონტრზომებს არ მიიღებს, შეიძლება სიტუაცია აქაც ანალოგიურად დასრულდეს.


- როგორც თქვენ აცხადებთ, პოლიტიკური მკვლელობების გზით არეულობის მიღწევის მცდელობის კონკრეტულ ნიშნებს ნაციონალების ქმედებებში ხედავთ?

 

- მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომ ნებისმიერი გზით დაბრუნდება ხელისუფლებაში, იგივე მეგის ქარდავას მუქარებით აღსავსე განცხადებები პოლიტპატიმრების მიმართ და კიდევ ბევრი სხვა გაქცეული მაღალჩინოსნის მუქარით სავსე განცხადებები მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ. უკრაინაში მოღვაწე ქართველი მაღალჩინოსნების სიტუაციაც ძალიან მყიფეა. უკრაინა ამ ადამიანების ბოლო სავანეა, ამის შემდეგ მათ აღარ ექნებათ ადგილი, სადაც მიმალვას შეძლებენ.

 

- გამოდის, არ გამორიცხავთ, რომ მკვლელობები შეიძლება კიდევ მოხდეს?..

 

- არსებობს ემზარ კვიციანის მიმართ განხორციელებული მუქარები, იგივე ირმა ინაშვილის მისამართით გაკეთებული მუქარები, რომ შეიძლება ტერაქტი იყოს დაგეგმილი მის წინააღმდეგ, ამაზე თავად საუბრობენ ეს ადამიანები. ფაქტია, რომ ინაშვილი დაიკითხა ამ საკითხზე და პროკურატურამ ის მიიღო უსერიოზულეს ფაქტად. შეიძლება იყოს მუქარების სხვა ფაქტებიც, რომლებიც გაჟღერებული არ არის, მაგრამ ეს ორი ფაქტიც საკმარისია, რომ პოლიტიკური ტერორის ტალღა კიდევ გაგრძელდეს. მით უფრო, რომ საქართველოში საკმაოდ რთული სოციალურ-ეკონომიკური ფონი და გეოპოლიტიკურად დაძაბული მდგომარეობაა. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში სწორედ სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდა, რადგან ვარდების რევოლუცია პოლიტიკური გ.ადატრიალება იყო.


- თქვენ აღნიშნეთ, თუ ხელისუფლება კონტრზომებს არ გაატარებს, შედეგად სამხედრო კადატრიალებას მიიღებსო, კონკრეტულად რა კონტრზომაზე საუბრობთ?

 

- მიკვირს, რატომ მოხდა სისხლის სამართლის იმ საქმის შეჩერება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აღიძრა სამხედრო გადატრიალების მუხლით. რატომ არ გაგრძელდა? თუ გამოძიება განახლდება და გაგრძელდება, ის მივა კონკრეტულ პირებამდე და ეს ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ნიშნები, რომ სამხედრო გადატრიალება იგეგმება, არსებობს, შესაბამისად, საგამოძიებო მოქმეებების საფუძველზე, არ არის გამორიცხული, მივიდნენ დაჯგუფებების კონკრეტულ წევრებამდე. ეს არ არის ისეთი რთული და მიუღწეველი საქმე, თუ მას პროფესიონალები განახორციელებენ.



ნაციონალები ხელისუფლებაში დასაბრუნებლად დამრტყმელ ჯგუფებს ამზადებენ და მათ იარაღიც აქვთ. განცხადებას „სახალხო კრების" წევრი, ირაკლი ბათიაშვილი აკეთებს და ირწმუნება, რომ ყოფილ სახელისუფლებო გუნდს კონკრეტული სამოქმედო გეგმაც აქვს...


ირაკლი ბათიაშვილი, „სახალხო კრების" წარმომადგენელი:

 

- მე მაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ არეულობის გზით შეეცდებიან ნაციონალები ხელისუფლებაში დაბრუნებას. დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, დამთავრებული ნებისმიერი ნაციონალით ხაზს უსვამენ და აღიარებენ, რომ არჩევნების გზით ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. მათ ამის არანაირი შანსი არ აქვთ, კარგად აქვთ გათვითცნობიერებული,რომ ხალხის მხარდაჭერას ვერაფრით მოიპოვებენ. აქედან გამომდინარე, ნაციონალების მიზანია ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის ინსპირირება ქვეყანაში. უკვე შემდგომ კი შეეცდებიან,მღვრიე წყალში თევზის დაჭერას. სააკაშვილი დღემდე იმ ილუზიაშია, რომ საქართველოში დაბრუნდება და ტრანსფორმირებულ „ნაცმოძრაობას" ძალაუფლებაში მოიყვანს, სწორედ ხელისუფლების დამხობის გზით. ფული მათ დიდი აქვთ, იარაღიც - საკმაო რაოდენობით. ამაზე მთ ჯერ კიდევ მაშინ იზრუნეს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ.

 

- ფართმასშტაბიანი დესტაბილიზაციის ინსპირირება, როგორც თქვენ ამბობთ, რის საფუძველზე შეეცდებიან?

 

- ამისთვის ისინი სოციალურ თემებსაც გამოიყენებენ. ა მიმართულეით უკვე აქტიურად მუშაობენ და იციან კიდეც, როგორც უნდა იმოქმედონ, რომ შედეგი მიიღონ. ამ მხრივ პროფესიონალეიბ არიან. ნაციონალებს ფინანსური რესურსიც აქვთ საკმაოდ დიდი, ამიტომ ნებისმიერ თემას, იქნება ეს სოციალური თუ პოლიტიკური, საგარეო თუ საშინაო, კორუფციის ფაქტები, მაქიმალურად გამოიყენებენ. მათი პირველი მიზანი, რა თქმა უნდა, არის მოქმედი ხელისუფლების, რაც შეიძლება, სწრაფი დისკრედიტაცია, რის საშუალებას ეს ხელისუფლება იძლევა კიდეც. თუმცა ისიც უნდა აღინშნოს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიზანს მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების  კეთება და შიგა და შიგ მიტინგების მოწყობა არ შეადგენს, მათი მიზანი სერიოზული მასობრივი არეულობაა. მასობრვი არეულობის ინსპირირების ბევრი მეთოდი არსებობს. მასობრივი არეულობა შეიძლება ათი ათასი კაცითაც კი მოაწყო, დიდი მასების მხარდაჭერა საჭირო ნამდვილად არ არის, თუ კარგად ორგანიზებული, მოტივირებული, ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილი ხარ და მით უფრო, ამ ყველაფერს წინასწარ კარგად დაგეგმავ. მოკლედ, მასობრგივი არეულობის ინსპირირება შეიძლება თუ ქვეყანაში მყიფე პოლიტიკური სიტუაციაა.


- არეულობის მოწყობას მარტო შეეცდებიან?

 

- ნაციონალებს ძალოვან სტრუქტურებში სერიოზული დასაყრდენი აქვთ. ასეთ დროს მთავარი შინაგან საქმეთა სამინისტროა, იქაც და მთელ რიგ სტრუქტურებშიც ნაციონალებს სერიოზული კავშირები და დასაყრდენი ძალა ჰყავთ. იციან, როგორ უნდა მოახდინონ კოორდინაცია, ურთიერთობა, რომ არ დაკარგონ ისინი. ურთიერთობების შესანარჩუნებლად მუდმივი კონტაქტია საჭირო, ისინი ამ მიმართულებითაც მუშაობენ. უბრალოდ, ჩემთვის გაურკვეველია, რა მიმართულებით მუშაობს ხელისუფლება.


- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ისინი ვერ ათვითცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს?

 

- ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ვთქვი, რომ მოხდებოდა დაპირისპირება მარგველაშვილთან, ალასანიას გუნდთან. მაშინ ყველა ეჭვის თვალით მიყურებდა, თუმცა შემოდგომაზე პროცესები დაიწყო და ზუსტად ისე განვითარდა, როგორც ვამბობდი. მაშინ ხელისუფლება დაიმედებული და დარწმუნებული იყო, რომ არავითარი განხეთქილება მათ არ ელოდათ, მაგრამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ უცბად. როგორც ვიცი, მთავრობაშიც და ხელისუფლებაშიც ახლაც იგივეს საუბრობენ, გამორიცხულია რამე პრობლემები  შეგვიქმნან ნაციონალებმაო, მაგრამ რასაც ამბობენ, თავადვე აღარ სჯერათ, რადგან პრობლემები უკვე შეექმნათ, თუმცა როდესაც დესტაბილიზაციაზეა საუბარი, ამას სერიოზულად არ აღიქვამენ. ვურჩევ, სერიოზულად შეხედონ ყველაფერ ამას...


- ფიქრობთ, რომ სააკაშვილიც ჩამოვა საქართველოში?

 

- ღმერთმა არ ქნას, რომ ისეთი არეულობა მოხდეს, თუმცა ფაქტია, რომ საქმე აქეთკენ მიდის. რა თქმა უნდა, არეულობის ტალღაზე სააკაშვილისა და მთელი მისი გარემოცვის ჩამოსვლასაც უნდა ველოდოთ. როგორ ფიქრობთ,რა არის უკრაინა ნაციონალებისთვის? მათთვის ეს პლაცდარმია საქართველოში ჩამოსასვლელად მოსამზადებელი, სააკაშვილი კიევში თავის გარემოცვასთან ერთადაა და საქართველოში დაბრუნების გეგმას ამუშავებს. 21 მარტს არაფერი გამოუვიდათ, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, არეულობისთვის მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ არის საჭირო.

 

- თქვენ თქვით, რომ ნაციონალებს იარაღი აქვთ, ფიქრობთ, რომ იარაღსაც გამოიყენებენ?

 

- არეულობა იარაღით არასოდეს იწყება, ვინც არეულობას სწორად გეგმავს. მასობრივი არეულობა იწყება გამოსვლებით, შეჯახებებით, მოლოტოვის კოქტეილებით, ვიტრინების ჩამტვრევებით და უკვე შემდეგ, როდესაც პროცესი გაგრძელდება, ასპარეზზე გამოჩნდება იარაღი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. მათ დიდი ოდენობით იარაღი აქვთ გადამალული. ხელისუფლება ამ არეულობას წინ რომ ვერც აღუდგეს, ხალხი არ დაუშვებს ამას. ნაციონალების დაბრუნების მცდელობას მოჰყვება უმძიმესი რეაქცია საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხრიდან. ამიტომ სანამ საქმე ფიზიკურ შეჯახებამდე, სისხლისღვრამდე და უბედურებამდე მისულა, უმჯობესია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ უბედურება ავიცილოთ თავიდან. ყველაფერში ვგულისხმობ ხალხის მდგომარეობის გაუმჯბესებაზე ზრუნვას, ეს იქნება ყველაზე სწორი გზა. სიტუაცია მყიფე და დაძაბულია იმიტომ, რომ საზოგადოება მძიმე და გაურკვეველ სიტუაციაშია, ხელისუფლებამ უკეთესი საკადრო პოლიტიკა უნდა გაატაროს.

 

ხათუნა მგალობლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016