reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხელისუფლებამ აღკვეთა ირაკლი ალასანიას პროვოკაციული ინიციატივა, საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნილიყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 05:43
პრეს-დაიჯესტი
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხელისუფლებამ აღკვეთა ირაკლი ალასანიას პროვოკაციული ინიციატივა, საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნილიყო!
ავტორი:
08 აპრილი, 2015. 12:44



გვესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე:


- ბატონო დიმიტრი, ქვეყანაში ქუჩის ტერორი დაბრუნდა, რაც ბევრს „მხედრიონის" პერიოდს ახსენებს. გაჩნდა დაუცველობის და იმის შიში, რომ სამართლიანობის აღდგენის მაძიებელნი სათანადოდ დაისჯებიან. რამდენად უკავშირდება შექმნილი სიტუაცია ხელისუფლების დაგვიანებულ რეაქციებს და ასე სადამდე შეიძლება მივიდეთ?


- რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკური ტერორის კიდევ ერთი მსხვერპლი, ბესო ხარძიანი მიწას მივაბარეთ. რა თქმა უნდა, ახლო პერიოდში მომხდარი ეროსი კიწმარიშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალება, საკუთარი შვილის საფლავზე იურა ვაზაგაშვილის ცინიზმით აღსავსე აფეთქება და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ბესო ხარძიანის მკვლელობა, პოლიტიკური მოტივაციით ნაკარნახევი ტერორებია, რომლებიც მიზნად მხოლოდ ამ პირთა ლიკვიდაციას კი არ ისახავდა, არამედ კონკრეტული პოლიტიკური წრეების მიერ მომზადებულ მზაკვრული გეგმის სისრულეში მოყვანას. ეს, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური აქტია. სხვათა შორის, პრეზიდენტმა პარლამენტში ვიზიტისას ტერორისტული აქტების სერიას პოლიტიკური შეფასება არ მისცა. მარგველაშვილის პასიურობა მიანიშნებს შემდეგზე - ე.წ. პრო-დასავლური ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების მატარებელი ძალები ქვეყნის ექსკალაციაში არიან დაინტერესებულნი. ეს ძალები ბესო ხარძიანის გასვენებაში არც კი მოსულან და არც ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთათვისაც ადამიანის უფლებების დაცვა ვითომ მთავარი პრიორიტეტია. მხედველობაში მყავს ის პერსონები, რომლებიც ყოველდღიურად ჩანან ტელე-არხებზე და ზოგადად, ადამიანის უფლებებთან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან და ა.შ დაკავშირებით საზოგადოებას თავიანთ „ექსპერტულ" დასკვნებს აცნობენ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", რომლის პოლიტიკური რეიტინგი ყველა კვლვის თანახმად, დღითიდღე იკლებს, შეიძლება, როგორც უსუსური და რეალურად ძალაუფლების არმქონე პოლიტიკური ძალა ამ პროცესების მიღმა აღმოჩნდეს, ხოლო საზოგადოების მხრიდან მასობრივი მღელვარებისა და პროტესტის ფონზე, კიევური მაიდანი მივიღოთ, რომლის სცენარიც თბილისში იწერება. სწორედ, ამ ჩანაფიქრის შედეგია დღისით, მზისით ადამიანების კვლა. დღეს, გაჩნდა კითხვა - ვინ იქნება შემდეგი? თუ ეს საქმეები დროულად არ გაიხსნება, თუ შესაძლო გამოწვევებთან დაკავშირებით პრევენცია დროულად არ ჩატარდება, ხვალ-ზეგ უკვე ძალიან გვიანი იქნება. ელემენტარულად, თუ მკვლელობების სერია გაგრძელდა, ხელისუფლება ჩამოიშლება. ხელისუფლებას არავინ გლოვობს, იგი შეიძლება, პოლიტიკური სივრციდან, უკვე დიდი ხანია გასაცილებელიცაა, მაგრამ უფლება არ გვაქვს თავად სახელმწიფოს არ გავუფრთხილდეთ. იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ბავშვი ნაბან წყალს გადავაყოლოთ. თქვენ კითხვაში აღნიშნეთ, რომ ერმა მსგავსი რამ უკვე გამოიარა. თუ „მხედრიონის" დროს თეთრი 09-ის მარკის უნომრო მანქანებით ხოცავდნენ ადამიანებს ქუჩაში, დღეს, ჩაფხუტიანი მოტოციკლეტისტები გაჩდნენ. პოლიტიკური ხასიათის მკვლელობები მაშინაც იყო. დღეს, ეს მკვლელობები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიზნად პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებას ისახავს. ამ ცვლილების მოსურნე დასავლური მოდელი ყველა შესაძლებლობას ებღაუჭება, რათა ხელისუფლების არაპროდასავლური პოლიტიკური კურსი ამხილოს.


- რას გულისხმობთ, ვინ ცდილობს ხელისუფლებისთვის „ნიღბის ჩამოხსნას"?


- ეს ძალიან საინტერესო მომენტია, მითუმეტეს, ალასანიას განცხადების ფონზე, როდესაც მან ივანიშვილი და ღარიბაშვილი დაადანაშაულა. ალასანია ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე, წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა ქვეყანაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დაყენების აუცილებლობაზე. თუმცა, ამავე პერიოდში, საქართველოში, ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა, რომელსაც ამ კითხვაზე პასუხი არ აღმოაჩნდა. როგორც ჩანს, ალასანიას ამ კურსის ლობირებასთან დაკავშირებით დირექტივები სულ სხვა კაბინეტებიდან ჰქონდა მიღებული და ეს საკითხი, ზოგადად, ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების დონეზე შეთანხმებული არ იყო. მაშინ, მაია ფანჯიკიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ირაკლი ალასანიას პირადი მოსაზრება იყო და არა მთავრობის ოფიციალური პოზიცია. მაშინ, ყველას გვეგონა, რომ ალასანია ამ პროექტის გატანას საკუთარი ინიციატივით ცდილობდა და არა დასავლური კაბინეტების წარმომადგენელთა ერთი ნაწილის აქტიურობით. როგორც ჩანს, ყოველივე, მიზნად ისახავდა ამიერ-კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, ავანტიურისტული ჩანაფიქრის მცდელობას, რაც დროში სწორედ დონბასის, ლუგანსკის და ყირიმში განვითარებულ პროცესებს ემთხვეოდა. ვფიქრობ, თუკი ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა მსგავსი შეთანხმების გაფორმებას მართლაც შეუშალეს ხელი, ამით, მათ, ქვეყანას მხოლოდ სიკეთე გაუკეთეს და სერიოზული საფრთხე ააცილეს. გამოდის, ივანიშვილის შეწევნით, ძალიან სერიოზულ მაპროვოცირებელ ფაქტორებს ავცდით. ვინაიდან, ილუზია იმისა, რომ სამხედრო კონფრონტაციაში ჩაბმით საქართველო, რუსეთთან ომის პირობებში, თავის პოლიტიკურ ამოცანებს გადაჭრის, არამცთუ უტოპისტური და ილუზორულია, არამედ აბსოლუტურად ბრიყვულიც. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ეს ნათლად დაგვანახა მიუხედავად იმისა, რომ  ამ დროს თავდაცვასა და შეიარაღებაზე, საქართველოს ბიუჯეტიდან, მილიარდ ორასი მილიონი დაიხარჯა. კიდევ ვიმეორებ, სიბრიყვეა სამხედრო რიტორიკა იქონიო იმ ატომური სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დედამიწის 1/6-ზეა გაშლილი და რომელსაც დიდი რვიანის წარმომადგენელი ყველა სახელმწიფო ანგარიშს უწევს. რაც შეეხება მთავარ ფაქტს _ ალასანიას ბრიფინგი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მისგან და მის მსგავსად მოაზროვნე ადამიანებისგან მთელი რიგი პროვოკაციების სერია მომდინარეობს. ეს ადამიანები ცდილობენ, საქართველო და ზოგადად, ამიერ-კავკასიის რეგიონი დაპირისპირების პოლიგონად აქციონ. ვგულისხმობ შემდეგს, დასავლეთი ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, ყველა ღონე და ხერხი გამოიყენოს, იგი ეკონომიკურად დაასუსტოს, მოაქციოს სამხედრო ექსპანსიური და პოლიტიკური პროცესების ჭრილში, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს მისი სახელმწიფოებრივი ჩამოშლა. ამ პროცესში, დასავლეთს, სწორედ, საქართველოს გამოყენება სურს. რას აძლევს ეს ჩვენს ქვეყანას _ ხომ არ გვიქადის აღგვას პირისაგან მიწისა და ისედაც გაღატაკებული მოსახლეობის ქვეყნიდან საბოლოოდ განდევნას? ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტია? ეს არის ჩვენი თვითმყობადობის შენარჩუნების გარანტია? ამ საკითხებზე, სამწუხაროდ, ალასანია ხმას არ იღებს.


- რა ხდება თვითონ „ქართულ ოცნებაში"? რატომ არის ის ასეთი ინეტრული და ფლეგმატური?


- გავიხსენოთ, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა იყო ის ბრენდი, რომელსაც ივანიშვილს ხელიდან ვერავინ ვეღარ ართმევდა, მაგრამ პირობა არ შესრულდა. დღეს, ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის აღდგენის თვალსაზრისით მიმართულება არათუ მკაფიო არაა, არამედ  ჩნდება ეჭვი - „ქართული ოცნება" ამ ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების მატარებელი ძალების გაერთიანებას და შემდგომში, ახალი უმრავლესობით, მათი მოსვლის მცდელობას ხომ არ ემსახურება. ვგულისხმობ, „ნაცმოძრაობას" რეინკარნირებული ფორმით, „თავისუფალ დემოკრატებს", რომლის ლიდერის ბრიფინგი „ნაცმოძრაობის" რიტორიკისგან აბსოლუტურად არაფრით განსხვავდებოდა, და „რესპუბლიკელებს", რომლებიც თავიანთ დროს მშვიდად, აუღელვებლად ელიან. ამავე დროს, იგულისხმება ის ძალებიც, რომლებიც მზად არიან მესამე, მეოთხე, მეხუთე ლოჟა გაინაწილონ და რომლებიც თვალსა და ხელს შუა ფორმირდებიან. მათ შორისაა ის ძალებიც, რომელთა ერთ დროს მთავარი ლოზუნგი - არა ნატოს, დღეს რადიკალურად შეიცვალა. თუ დავაკვირდებით, ივანიშვილი ამ ძალთა კონსოლიდაციას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მათ მკაფიო ფორმირების ჩამოყალიბებას, ხელს უწყობს. 2016 წლამდე „ქართული ოცნება", აბსოლუტურად, მილევად რეჟიმში იქნება. ეს ვითარება იმ ორაგულს მაგონებს, რომელიც ზღვიდან მდინარეში შედის, რათა მის სათავეებს მიაღწიოს, დაყაროს ქვირითი და გამოჩეკილ ლიფსიტებს საკუთარი თავი შეაჭამოს. აი, ეს პროცესია და აქ, მნიშვნელოვანია ქართველმა ამომრჩეველმა თეთრი შავისგან გაარჩიოს და არ აყვეს რიტორიკას, რასაც ე.წ. პრო-დასავლელი ძალებისგან ვისმენთ. ჩვენ, ქვეყნის უბლოკო სტატუსზეც  უნდა ვიფიქროთ. დავამთავროთ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვაჭრობა -  ვისი წევრი უნდა იყოს საქართველო ევრაზიული კავშირის, შანხაის, ნატოს თუ ა.შ. ვფიქრობ, უბლოკო სტატუსის არსებობის პირობებში, საქართველოს, განვითარების განსაკუთრებული პოტენციალი ექნება.


- რა გვჭირს, რატომ ვერ ჩამოვყალიბდით სამოქალაქო საზოგადოებად?


- ეს კითხვა ყველა ნორმალურ ქართველს აწუხებს. სამწუხაროდ, როგორც სახელმწიფო ვერ შევდექით. ფორმალურად ვართ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია გერბი, დროშა, ჰიმნი, მაგრამ სამწუხაროდ, ის კლასიკური ნიშნები, რაც ჩვენი სუვერენიტეტის განსაზღვრის მთავარი პირობაა, არ გვაქვს. ვგულისხმობ, დღემდე, საზღვრებთან დაკავშირებით მოუგვარებელ პრობლემებს - საზღვრის მხოლოდ 42%-ია დემარკირებული, ეს საშინელი განცდაა. საგარეო ვალმა კი 23 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ქვეყანას, ეკონომიკურ-ფინანსური განვითარების თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მომავალით ემუქრება. ასევე, საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან უკან შემოუსვლელად გადის, საქართველო, დღემდე, კოლონიალისტური რეჟიმის მსხვერპლია. გამოსავალი თვითმყობადი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა და უნარია. უნდა გავთავისუფლდეთ კლიშეებისგან, რომელსაც ათწლეულებია თავს გვახვევენ. გავიხსენოთ, 1990 წლის 28 ოქტომბერი, როდესაც ეროვნული ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობა გვქონდა, როგორ ვამაყობდით ამით, შემდეგ, როგორ ვერ გავუფრთხილდით ამ არჩევანს და როგორ შემოგვეპარა მტერი საკუთარ წიაღში - იმ ხელისუფლებაში რომელიც ავირჩიეთ და როგორ გამოშიგნა ის ეროვნული და თვითმყობადი, რომლის შეუნარჩუნებლობის გამოც დღემდე ვისჯებით. ამ მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა `ქართულ ოცნებას~ ჰქონოდა იმის პოლიტიკური ნება, რომ პარლამენტის თვითლიკვიდაცია მოეხდინა, მოეწვია უზენაესი საბჭო, რომელიც ქვეყანას ჯერ კიდევ შემორჩა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოცხადებულიყო. ამით, შემდეგის თქმა მინდა - როცა სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ აქ, მხოლოდ, სააკაშვილის ქმედებების მძიმე შედეგები არ უნდა წარმოვიდგინოთ. პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ, რაც გვჭირს საკუთარი თავით გვჭირს _ საიდან აღმოჩნდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, როგორ მოვიდა შევარდნაძე, ამას უნდა ჩავუღრმავდეთ. თუ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, ერთადერთი სამართალი უნდა აღვადგინოთ - გვინდა რეალური ეროვნული თანხმობა? ვინც დასაჭერია უნდა დავიჭიროთ, მაგრამ ყველას სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ხომ არ უნდა გავყვეთ შთამომავლობით?! საჭიროა ეროვნული თანხმობა ფუნდამენტშივე ანუ იმ მომენტში იქნას აღდგენილი, სადაც წყვეტა მოხდა. ეს წყვეტა მოხდა სწორედ ეროვნული ხელისუფლების ქვეყნიდან განდევნის მომენტში. ამიტომ, საჭიროა უზენაესმა საბჭომ თუნდაც ერთი საათით იმუშაოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს, ქვეყანამ კი არსებობა იმ მომენტიდან გააგრძელოს, სადაც თავისი სახელი დაერქმევა პუტჩსაც, სამხედრო გადატრიალებასაც, აფხაზეთში, ცხინვალში განვითარებულ მოვლენებსაც და მთელი ერი შევთანხმდებით, მათ შორის, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, სად ვუშვებთ შეცდომებს, რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა, სტრატეგია და იზიარებენ თუ არა ამას ჩვენი მოძმე აფხაზები და ოსები. თუ გვინდა ეროვნული თანხმობის ჭრილში ვიაზროვნოთ, გამოსავალი სწორედ ესაა. ყველა სხვა შემთხვევა, თუ ის მარიონეტულ ჩარჩოებში გააგრძელებს არსებობას, სრულ კრახამდე მიგვიყვანს.


- ახლა სამართლიანობის აღდგენა ახსენეთ. ბევრი მაღალჩინოსანი - უდესიანი, სააკაშვილი, კეზერაშვილი და სხვები ქვეყნიდან არჩევნების მერე „გაგვეპარნენ" და მხოლოდ ამის მერე დავიწყეთ მათთვის ბრალის წაყენება. რას ნიშნავს ეს?

 

- ხელისუფლებამ ბეწვის ხიდზე გაიარა, როცა საზოგადოების დაკვეთაზე - სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით რადიკალური ყოფილიყო, უარი თქვა, ხოლო მეორე მხრივ ყაბულს იყო დანაშაულებრივ რეჟიმთან მხოლოდ იმიტომ ეთანამშრომლა, რომ ამას დასავლეთი მოითხოვდა. კი, მერაბიშვილი, ახალაია და უგულავა საკანში აღმოჩდნენ. ეს კიდევ იქნებოდა გასაზიარებელი რომ არა სასამართლოს დამოკიდებულება მათ მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებზე - სამართალწარმოების პროცესში პროკურატურა გამიზნულ შეცდომებს უშვებდა, ბევრ საქმეში გამართლდნენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ხარკია, რომელსაც ისინი სიამოვნებით იხდიან. იმიტომ, რომ ციხეებიდან გამოვლენ და ოფშორებში თუ არა მილიარდები, მილიონები ელოდებათ. ასე, რომ ზოგიერთისთვის ციხეში ჯდომა სიცოცხლის გარანტიაცაა და მომავალი საქმინობის გაგრძელების შესაძლებლობაც. ხოლო ვინც ციხეში არ სხედან, ისინი, სიტუაციას გარედან მართავენ. საზოგადოების აზრით, სწორედ მათი უშუალო ჩარევის შედეგია ის პოლიტიკური ტერაქტები, რაც ქვეყანაში ხდება. კარგად გვესმის, რომ სააკაშვილმა მილიარდების გატანა შეძლო, მზადაა ძალაუფლება დაიბრუნოს, რაზეც ხმამაღლა საუბრობს. მეტიც, მას აშშ-ს, დასავლური ინსტიტუციების მხარდაჭერა აქვს. ეს მხარდაჭერა რეალურია. ამის დემონსტრირებაა ისიც, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ადამიანებს საკვანძო თანამდებობებზე ნიშნავს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ფორმალურად გაგზავნილი წერილები უკრაინის მთავარი პროკურატურისგან უარყოფილია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი დავით საყვარელიძეა - საქართველოს მოქმედი პარლამენტის წევრი, რომელმაც უფლებამოსილება შეიწყვიტა და დამნაშავე სააკაშვილის მორჩილებაში გადავიდა. დღესაც, ჩვენი ხელისუფლებისგან, პროკურატურისგანაც არაორაზროვნად ისმის, რომ თურმე უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და მის შიდა საქმეებში ჩარევა არ შეიძლება. ეს ხომ მართული პროცესია, ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი, დაწერილი სცენარით ვითარდება.


გამოსავალი ქართველი ამომრჩევლის მიერ პრო-ქართული იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ძალების მოყვანაა. პროპაგანდისტულ მანქანას არ უნდა ავყვეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ „ნაცმოძრაობას", „რუსთავი-2-"ის სახით, მნიშვნელოვანი, ძლიერი სატელეკომუნიკაციო საშუალება გააჩნია. რეალურად ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისტული მანქანა ყველა ძირითად წამყვან ტელევიზიას ემყარება. ქართული საზოგადოება დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს მოკლებულია. ვრჩებით პრესის, ინტერნეტის, ალღოს და ინტუიციის ამარა. მნიშვნელოვანია, ალღომ არ გვიმტყუნოს. გვეშველება, თუ კონსოლიდაცია იმ იდეების გარშემო მოხდება, რასაც ილია, ზვიადი, მერაბ კოსტავა, ჩვენი წმინდა მეფეები შეეწირნენ.

 

თამარ შველიძე

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016