ვიცე-პრემიერის ფრაზა: კოალიცია „ქართულმა ოცნებამ" თავისი მისია უკვე შეასრულა, ბევრის მანიშნებელია. როგორც ჩანს, პოლიტიკაში ახალი პროცესები იწყება. ექსპერტებს ჯერ უჭირთ, ზუსტად თქვან, რა კომბინაციები გათამაშდება არჩევნების წინ. კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლა გარდაუვალი ხდება და უკვე შეუქცევადია ცვლილებების განხორციელებაც.
რას ნიშნავს კახი კალაძის განცხადება კოალიციის მისიის დასრულებასა და ალასანიას პარტიასთან დაკავშირებით, ვინ გახდება ლიდერი და რას კარგავს „ნაციონალური მოძრაობა". ასევე, როგორი იქნება საარჩევნო რინგი 2016 წლისთვის და რა თავისებურებებით გამოირჩევა ახალი რეალობა. „პრაიმტაიმს" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრა:
- კოალიციის მისია სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებიდან ჩამოშორება იყო. კოალიცია იმდენად ეკლექტური იყო, პოლიტიკური გემოვნების, გამოცდილების, კულტურის, იდეოლოგიისა თუ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების თვალსაზრისით, რომ მათ სახელმწიფოს აღმშენებლობის ერთიანი გეგმა რომ არ ექნებოდათ, თავიდანვე ცხადი იყო. როგორც წესი, ქართული რეალობა აჩვენებს, რომ კოალიციების შექმნის მიზანი ვიღაცის ან რაღაცის მოშორებაა ხოლმე.
გარდა ამისა, კოალიციაში არიან პარტიები, რომლებსაც, როგორც ბიძინა ივანიშვილამდე არ ჰქონდათ რეიტინგი, არც ახლა აქვთ. ვერც ცალკეულმა ლიდერებმა შეძლეს იმხელა ავტორიტეტის მოპოვება, რომ არჩევნებში საკუთარ პარტიებს ბარიერი გადაალახვინონ. შესაბამისად, მთავარიგამწევი ძალა „ქართული ოცნება" რეალურად დგას სერიოზული არჩევანის წინაშე. უღირს კი მას, ფაქტობრივად, ქაღალდზე არსებული პარტიების გაყვანა მომავალ პარლამენტში. კალაძის განცხადება შეიძლება, ასეც გავიგოთ.
ჩემი გადმოსახედიდან, საუბრები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება" შეიძლება ცალკეც გავიდეს არჩევნებში, საფუძველს მოკლებული არ არის, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე. თუმცა, ჯერ ამაზე კონკრეტულად საუბარი ჭირს.
- ანუ კოალიციის გაერთიანება, როგორც თავადაც აღნიშნე, სააკაშვილის წინააღმდეგ მოხდა. ახლა რა ინტერესების გარშემო შეიძლება კოალიციები გაერთიანდნენ?
- მივიღეთ ის რეალობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - უკვე ვიღაცის წინააღმდეგ კი არ მოხდება გაერთიანება, არამედ, ლოგიკურად, რეალური გარკვეული იდეოლოგიის, საგარეო პოლიტიკური კურსისა და სახელმწიფოს აღმშენებლობის ხედვების ირგვლივ...
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს არჩევანის გაკეთება მოუწევს არა იმიტომ, რომ ვიღაც გაისტუმროს ხელისუფლებიდან, არამედ იმიტომ, რომ ამა თუ იმ პარტიას შეიძლება სხვაზე უკეთესი ხედვა ჰქონდეს ქვეყნის აღმშენებლობის მიმართულებით. ეს არის შანსი, რომელიც ადრე არ გვქონდა. ძნელი სათქმელია, რამდენად გამოიყენებს ელექტორატი ამ შანსს და როგორ აუწყობენ ფეხს ახალ რეალობას თავად პარტიებიც. ამას იმიტომ ვამბობ,რომ პოლიტიკური კულტურა მაინც დაბალია. მაგალითად, ლარის კურსის ვარდნა ავიღოთ. არ მინახავს თითქმის არც ერთი პარტიის ხედვა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ლოზუნგებით აზროვნებენ, ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებით პოპულარული ლოზუნგია სამართლიანობის აღდგენა.
- მაგრამ ნაციონალებს ჰქონდათ თავისი პროგრამა, ჩვენ სპეციალური ვიდეორგოლებიც ვნახეთ, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას ამ კრიზისის დასაძლევად...
- კი, ეს იყო 36-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მათივე წინა წლების საარჩევნო პროგრამებიდან იყო ამოღებული. ძნელი სათქმელია, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა" თავად დადებდა თუ არა იგივე გეგმას, პირადად მე ეჭვი მეპარება იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი რამ არარეალისტურია, თუმცა ნაციონალებმა კეთილი ინებეს და პროგრამა მინც დადეს. დანარჩენ პარტიებს სურვილიც კი არ გასჩენიათ, რომ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ფინანსური კრიზისის პერიოდში საზოგადოებისთვის თავიანთი ხედვა შეეთავაზებინათ. ეს მათ ძალიან დაბალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს.
- ხალხი ხშირ შემთხვევაში დაბნეულია და არ იცის, ვის მისცეს ხმა... რატომ უჭირს არჩევანის გაკეთება? იმიტომ რომ უკვე დღის წესრიგში აღარ დგას ვინმეს წინააღმდეგ დარაზმვა, როგორც თვითონ აღნიშნე? ამის გარდა, ალბათ, პირველად საარჩევნო რინგზე არ იქნებიან ქარიზმატული ფიგურები...
- დღევანდელი სიტუაცია სწორედ ამას ასახავს... ვინც ქარიზმატულ ლიდერებზე იყო აქცენტირებული, დაბნეულია... ახლა არ არის სიტუაცია, როცა ვინმეს წინააღმდეგ უნდა მისცე ხმა... არც ერთი ის მოცემულობა, რითაც აქამდე ვაკეთებდით არჩევანს - ქარიზმატული ლიდერი, კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ გაერთიანება - არ იქნება აქტუალური... ვფიქრობ, პარლამენტი გახდება მინიმუმ ოთხსუბიექტიანი და კოალიციები უკვე პარლამენტის შიგნით შეიქმნება. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ხმათა საჭირო რაოდენობა შესაძლოა, ვერც ერთმა კონკრეტულმა ძალამ ვერ მოაგროვოს...
- ის ოთხი პარტია რომელი იქნება?
- „ქართული ოცნება", თავისთავად. ის ადგილების უმრვლესობას მოიპოვებს. თუმცა, ჯერ რთული სათქმელია, რა კონფიგურაციით გამოვა, ეს ბევრ რამეს განსაზღვრავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიანთი რიგები პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანებით შეავსონ. თუ მორჩილებიდან აქცენტი პროფესიონალიზმზე არ გადაიტანეს, ძალიან გაუჭირდება „ქართულ ოცნებას". ანუ პირველ ადგილზე კი გავა, მაგრამ, თუ თვისობრივად არ შეცვალა ხარისხი და მოაზროვნე ადამიანებზე არ გააკეთა აქცენტი, შეიძლება ეს სერიოზულ პრობლემად შემოუბრუნდეს: სჯობს, ისინი რთულად სამართავები იყვნენ, ვიდრე არაკვალიფიციურები ან არაპოპულარულები.
დეპუტაციის ხარისხს მომავალ პარლამენტში პრინციპული მნიშვნელობა ექნება, რადგანაც პარლამენტში შემოსულ ყველა პარტიას უჩნდება შანსი, რომ პირველ ცდაზეთუ არა, უკვე შემდეგ მოახერხოს შიდასაპარლამენტო „გადატრიალება" და მთავრობის დაკომპლექტებაში მიიღოს მონაწილეობა. ამიტომაც, კონკურენცია მაღალი იქნება. ხელისუფლებაში მყოფ ძალას, როგორც წესი, ყველაზე მეტად უჭირს ხოლმე. ამიტომაც მნიშვნელოვანია აღალი კალიბრის დეპუტაცია ჰყავდეს.
- სხვა პარტიებთან დაკავშირებით, რას იტყვი?
- იქნებიან „თავისუფალი დემოკრატები". სხვათა შორის, ძალიან კარგი პასაჟი ჰქონდა კახი კალაძეს, როცა თქვა: „თავისუფალმა დემოკრატებმა" „ნაციონალები" ჩაანაცვლესო...
- ჩაანაცვლეს უკვე?
- არა და ვერა, რა თქმა უნდა, მაგრამ, როცა ხელისუფლების მაღალი წარმომადგენელი ამაზე ფიქრობს, ეს პრაგმატული და სახელმწიფოებრივი მიდგომაა. ერთია ის წყენა, რაც „თავისუფალ დემოკრატებსა" და კოალიციის დანარჩენ წევრებს შორის შეიძლება იყოს და მეორეა, რა სჭირდება ქვეყანას. და ქვეყანას სჭირდება, რომ პროდასავლური ფლანგის ლიდერობა „თავისუფალმა დემოკრატებმა" ითავონ, რადგან, „ნაციონალების" მიმართ აგრესია საზოგადოებაში ჯეი კიდევ ძალიან მაღალია, რაც პროდასავლური იდეის პროფანაციას იწვევს. ეს რაციონალური და პრაგმატული ხედვაა. პარლამენტში შევლენ „ნაციონალები", ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პარტიები. ვნახოთ, რას იზამს ახლად შექმნილი „ივერია", რომელიც ძალიან მაღალკვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული, თუმცა, მათ უნდა მოიშორონ „ნაციონალური მოძრაობის" კლიშე.
- „ნაციონალური მოძრაობის" კლიშეზე მეტად, ხომ არ ფიქრობ, რომ მათი მთავარი პრობლემა ხალხურობა იქნება?
- კი, ესეც. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ინტელექტუალურ ძალებს ძალიან უჭირს ხოლმე. ამის დასტურია „რესპუბლიკური პარტია", „ახალი მემარჯვენეების" გზა პოლიტიკაში, იგივეა „თავისუფალ დემოკრატებთან" დაკავშირებით... თუმცა, თავისთავად საინტერესოა, რომ ახალ რეალობაში მეორე ადგილი „ნაციონალებს" გარანტირებული აღარ აქვთ...
- მთავარი კონკურენტი ალასანიაა? თუ ბურჯანაძეც?
- ბურჯანაძეც...
- „ქართულ ოცნებას" პრორუსულ ძალებთან მოუწევს კოალიციის გაფორმება?
- ვნახოთ... ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მოხვდებიან თუ არა კოალიციაში „რესპუბლიკელები". რაც შეეხება კოალიციის გაფორმებას, დასავლეთის მიმართ ნიჰილისტურად განწყობილ ძალებთან მოხდება ეს თუ პირქით, ამის ვარაუდი წინასწარ რთულია. ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, ვინ რა რაოდენობით გავა პარლამენტში და ასე შემდეგ. „ნაციონალებთან" არ შეკრავენ კოალიციას, დანარჩენებთან ყველასთან გზა ხსნილი აქვთ.
კიდევ რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ"? ეს არის ლიდერების წინ წამოწევა. ახალ პოლიტიკურ გუნდში ახალი სახეების გაპიარება არ ხდება. ეს რთული ასახსნელია. იგივე სერგეენკოსგან, კალაძისგან, ღარიბაშვილისგან... ბევრი ახალი სახე შემოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში, მაგრამ მათ განვითარების საშუალება არ მიეცათ. მაგალითად, როცა ჩვენ პრემიერზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ის იყოს ყველას უკმაყოფილების მეხამრიდი. იგივე პრეზიდენტთან დაპირისპირებაში, იგივე მედიასთან ურთიერთობაში, არასამთავრობოებთან და ასე შემდეგ... საინტერესოა, რატომ არავინ ზრუნავს ღარიბაშვილის, როგორც ახალი პოლიტიკური ფიგურის მომავალზე? მისი ასაკის პოლიტიკური ლიდერი პარტნიორების შეძენაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ის კი თითქმის ყველა სფეროში კრიტიკოსებს იჩენს.
ივანიშვილმა ბევრ მინისტრს მისცა რეალური შანსი, ისინი ერთგვარად სუფთა დაფასავით იყვნენ - ერთი მხრივ, თუ გამოუცდელობა მათი ნაკლი იყო, მეორე მხრივ, ეს მათი პლუსიც იყო, იმიტომ, რომ პოლიტიკური წარსულით არ იყვნენ დამძიმებულები. მათ განვითარების საშუალება უნდა მისცემოდათ.
- ლიდერებს შეეხე, ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ მაინც, უკვე იკვეთება ის ფიგურა, ვინც შეიძლება „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას ჩაუდგეს სათავეში?
- ძნელია ამის თქმა. არ ვიცი, მთავარია ხელისუფლების პოლიტიკა. რაც ხელისუფლებამ ხალხს უნდა მისცეს, ეს იმედია. რა იქნება ეს იმედი, რა იდეას დაეყრდნობა ის და რომელ ფიგურებს დაუკავშირდება ეს იმედი, განმსაზღვრელი იქნება საარჩევნო სიების დაკომპლექტების დროს.
ქეთი ხატიაშვილი
გაზეთი „პრაიმტაიმი"