reportiori.ge - ორი ვარსკვლავის ურეიტინგობისა და წარუმატებლობის მიზეზები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 11:58
პრეს-დაიჯესტი
ორი ვარსკვლავის ურეიტინგობისა და წარუმატებლობის მიზეზები
ავტორი:
09 აპრილი, 2015. 11:36



მუსიკალური პროექტის - „ორი ვარსკვლავის" კრიტიკა ხშირად ისმის, ეს სოციალური ქსელი იქნება თუ უბრალოდ სასაუბრო თემა. ზოგი შოუს კონკურსანტებს იწუნებს, უინტერესოდ არიან შერჩეულნიო, ზოგს მათი ნამღერი არ მოსწონს. იმასაც კი ამბობენ, არაპროფესიონალები რატომღაც უფრო მონდომებით და კარგად მღერიან, ვიდრე პროფესიონალებიო. ხშირ შემთხვევაში, შოუს შეფუთვას იწუნებენ - ხმის ჟღერადობის ხარისხს, ვიზუალს. მოკლედ, ბევრისგან გამიგია, რომ „ორ ვარსკვლავს" არ უყურებს. ჟიურის შეფასებებით უკმაყოფილებას გამოხატავენ კონკურსანტები. მაგალითად, ერთმა კონკურსანტმა ლუკა ზაქარიაძემ პირდაპირ დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება - ფეხებზე მკიდია ჟიურის შეფასებაო. მისმა მეწყვილე მსახიობმა ნათია ფარჯანაძემ კი განაცხადა, მეგონა, რომ ამ პროექტში მუშაობის პროცესი იქნებოდა ძალიან საინტერესო, მაგრამ ამ პროცესზე მაინცდამაინც ვერ „ვიკაიფეო". მაშ ასე, რა არის იმის მიზეზი, რომ „ორ ვარსკვლავს" ასე აკრიტიკებენ და ხშირ შემთხვევაში არ უყურებენ. პირველ რიგში კომპოზიტორების გამოკითხვა ვცადე, თუმცა მათ აზრის საჯაროდ დაფიქსირება არ ისურვეს. მუსიკალური პროდიუსერები კი აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებმაც შუს წარუმატებლობის მიზეზები დაასახელეს.


მარინა ბერიძე:

- მუსიკალურ შოუში მთავარი ხმის ხარისხია. უპირველესი პირობაა, რომ ხმა იდეალურად უნდა ისმოდეს. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ორ ვარსკვლავში" ხმა ჟიურისაც ცუდად ესმის და მონაწილეებსაც. ესიმის მანიშნებელია, რომ შოუს ხარისხი ვარდება. ის, რაც უპირობოდ მაღალ ხარისხში უნდა იყოს აყვანილი და არ არის, შოუს რეიტინგზე მოქმედებს.  მეორე - მუსიკალური თვალსაზრისით მეტი კრეატიულობაა საჭირო. ესეც მაღალ ხარისხს ითხოვს. ვიღაცა რომ მაიმუნობს, ეს მუსიკალური კრეატიულობა არ არის. ამ ბოლო დროს სკანდალურ-მუსიკალური გადაცემების ტენდენციაა. რაღაც ეტაპზე რეიტინგს აწევ, მაგრამ მერე ბეზრდება მაყურებელს. მუსიკალურ პროექტებს ის ადამიანები უყურებენ, ვისაც მუსიკა უყვარს. პირველ პლანზე მუსიკა უნდა იყოს. მაღალ ხარისხში უნდა იყოს აყვანილი ხმა, ვიზუალი, წამყვანები. ამას მაყურებელი აუცილებლად წამოჰყვება. კიდევ ერთი - მონაწილეები ერთობიან, „ორი ვარსკვლავის" პრიორიტეტი გართობაა. მუსიკალურ შოუში ეს არ შეიძლება. არამომღერალს ერთი სარგებელი უნდა ჰქონდეს - სიმღერა იმდენად უნდა უყვარდეს, რომ გარჯას ცდილობდეს. მუსიკალური პროექტის მოტივაციაც ეს არის. მე - მაყურებელი, ტურიდან ტურამდე უნდა ვხედავდე, როგორ იზრდება კონკურსანტი. რაც მე პირადად არ მომწონს - „ორი ვარსკვლავის" ჟიური ვარსკვლავი მომღერლის კრიტიკას იწყებს. ეს დაუშვებელია. ის შემდგარი მომღერალია, მოგწონს, არ მოგწონს - ეს სხვა თემაა. მთელი ყურადღება უნდა იყოს გადასული, იმაზე ვინც ამ კონკურსით სწავლობს სიმღერას.

 

- აკრიტიკებენ მომღერლებს, თითქოს მათზე უკეთ არაპროფესიონალები მღერიან. თითქოს მომღერლები ნახევარი ძალით გამოდიან შოუში.


- ეს თემაც არის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან. მაგრამ აქ შემდგარ მომღერალს სურს თვითონ გამოიჩინოს თავი. მუსიკალური პროდიუსერის საქმეა მომღერალს აუხსნას, რისთვის მოდის კონკურსში. ის არ მოდის თავის გამოსაჩენად. ის დამხმარედ მოდის, რომ მის გვერდით არაპროფესიონალი კონკურსანტი გაიზარდოს. ამიტომ შემდგარ მომღერლებს ბევრი სოლო პარტია არ უნდა ამღერონ, ცოტა მოკრძალებულად უნდა გამოიყვანონ.


- და ჟიური?

 

- ძალიან ძნელია ჟიურში ჯდომა. ყველა ყველას ნაცნობია და ილანძღებიან. „ორი ვარსკვლავის" ჟიურიში სხედან მომღერლები. ისინი სცენაზე გადიან, სჭირდებათ მაყურებელი, კრიტიკული შეფასებებით თავიანთი მაყურებლის გაწბილება არ „აწყობთ". მაგან თვითონ ისწავლოს სიმღერა და მერე სხვას მისცეს შენიშვნაო, ასეთი შეფასებების ეშინიათ. ამიტომ საერთო ფრაზებით გამოდიან. ჟიურიმ საქმე უნდა აკეთოს. მან უნდა მიუთითოს მომღერალს როგორ იმღეროს. ჟიურიში უნდა იჯდეს პროდიუსერი. გაილანძღება, გაილანძღოს - პროდიუსერია. ის უფრო თამამია და არ არის ხალხის მიერ არჩეული. დარბაზის გავსება არ სჭირდება. პროდიუსერი საქმეს აკეთებს, ამიტომ ის სულ თაფლიანი პურით ვერ იქნება. აუცილებლად რაღაც დოზით გააკრიტიკებენ. ამის არ უნდა შეგეშინდეს. როდესაც მომღერალი ხარ, შენ კოლეგას ვერ ეუბნები საყვედურს. ამ ქვეყანაში ძალიან ცოტას შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს. სიმართლე მოდური არ არის. საპასუხოდ დიდ ლანძღვას იღებ.


მგონია, რომ ამ სეზონის ჟიური მოკრძალებული და ფამილარობას მოკლებულია. ალბათ, უფრო სკანდალური უნდათ. ყველანაირ პროექტში ცუდად ვიღებ ფამილარობას. კიდევ ერთი დიდი პრობლემა - კრიტიკას ვერავინ იტანს, ვერც კონკურსანტი და ვერც შემდგარი მომღერალი. ჟიურის მხრიდან კონკრეტული კრიტიკა უნდა იყოს. ეს გაზრდაში მიეხმარება კონკურსანტს. მოფერებით რომ აძლევ შენიშვნას, კონკურსანტს უკვე სახე ენგრევა და აწერია - „რას ბოდიალობ, ვის უბედავო". ეს „ვის უბედავ" არ დამთავრდება ჩვენთან. როგორც კი რაიმე სიტყვა ამოგიფრინდება პირიდან, მაშინვე გდებენ მიწაში. შოუში ბევრი შეცდომაა დაშვებული. დაბოლოს, რეპერტუარს ცოტა უფრო ჭკვიანურად უნდა შერჩევა.


ნატო დუმბაძე:


- „ორმა ვარსკვლავმა" თავისი რეიტინგი ამოწურა. არ ვუყურებ ამ შოუს.


- რატომ, არ არის თქვენთვის საინტერესო?

 

- პატარა ქვეყანა ვართ, პირველი სეზონები უფრო ყურებადია, მერე მაყურებელს ბეზრდება. შესაძლოა ჩავთვალოთ, რომ არჩეული კონკურსანტებიც არ აინტერესებთ. ზოგი ახალი სახეა, ზოგი უკვე იცის მაყურებელმა როგორ მღერის.


- ანუ კონკურსანტები არ არის სწორად შერჩეული?

 

- შეიძლება კონკურსანტები არ არიან მაყურებლისთვის საინტერესონი და ამიტომ არ იყოს ყურებადი შოუ. აქა-იქ ვუყურებ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დაუხვეწავი შოუა. მაგრამ ფაქტია, რომ ინტერესი ნაკლებია.


- არაპროფესიონალები უკეთ მღერიანო, ასე აფასებს მაყურებლის ნაწილი.


- კონკრეტულად ასე ხელაღებით ვერ გეტყვით. რადგან ჩამჯდარი არ ვუყურებ. მიცნობ და იცი, რომ ჩემი მოსაზრების დაფიქსირება არ მომერიდება. „საქართველო გადაქავერდა", მე ასე დავარქვი. მე მგონი უნდა გადავქართულდეთ. უკეთესი იქნეა მეტი ქართული პროდუქტის წარმოჩენა მოხდეს. ქავერის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ქართულის პარალელურად უნდა იმღერონ. პირის აპარატი და ყელი უცხოურ სიმღერებზეა მორგებული და ქართული ტური, მე მგონი, ყველას უჭირს, პროფესიონალებსაც და არაპროფესიონალებსაც. ქართულ სიმღერას დღეს მომღერლების ახალი თაობა გაჭირვებით მღერის. ერთი და იგივეს მოსმენამ ინტერესი დაკარგა. უფრო მეტი ქართული შოუ უნდა გაკეთდეს და უფრო ყურებადი იქნება. „ერთი-ერთში" გაცილებით საინტერესო შესრულებაა, ვიდრე ქავერების პირდაპირ გადმოღება.


- ჟიურის წევრობის შემოთავაზება არასდროს მიგიღიათ?

 

- ბევრი მისვამს ამ კითხვას. არ მქონია! ალბათ, არ ვარ ისეთი ენამახვილი, რომ მუსიკალური შოუების ჟიურიში დამსვან. არ ვიცი, რა კრიტერიუმით არჩევენ ან ვინ არჩევს საერთოდ ჟიურის. სკანდალური ფრაზებით ცნობილი არც ვარ და არც ვიქნები. მე მსგავსი ტიპის შოუებში კულტურული და დახვეწილი შეფასება უფრო მიყვარს. ექსცენტრიულობით არ გამოვირჩევი და აქედან გამომდინარე ვერ ვჯდები ჩარჩოებში, ან პროექტის მესვეურებს არ სურთ ჩემი ჟიურიში დასმა. სიმართლე გითხრათ, ძალიანაც არ ვგიჟდები იქ ჯდომაზე. მე თუ საქმეს არ ვაკეთებ, ისე არ ვჩანვარ. მე არ მაქვს პრეტენზია ამაზე, უბრალოდ, ხალხს ებადება კითხვა, რატომ არ სხედან პროფესიონალები ჟიურიშიო? ალბათ, იმ კრიტერიუმებს არ ვაკმაყოფილებ. სხვათა შორის, წელს ამ სეზონის ჟიური ბევრად მოზომილია. მანამდე რასაც ვუყურებდი, „შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეს" მეტი შეფასება მე იქ არ მომისმენია. მე უცხოურ და რუსულ პროექტებს ვუყურებ. შეიძლება ახლა მტრად გამომაცხადონ, მაგრამ ვუყურებ რუსულ მუსიკალურ პროექტებს, სადაც ბევრი ქართველიც გამოდის. კულტურას და პოლიტიკას არ ვურევ ერთმანეთში. იქ ჟიურისგან შეფასების სხვა მანერაა, უმეტესად პროფესიული შეფასება აქვთ. ზუსტად აფასებენ მომღერალს რა სჭირდება კონკრეტულად, „შენი ჭირიმე-შენ გენაცვალეს" გარეშე. მთავარი პროფესიული შეფასებაა. მე პროდიუსერი ვარ და მაინტერესებს, რა არ მოსწონს ჟიურის წევრს. ხშირად ჩამიწერია საკუთარი შეფასება, მერე შემიდარებია ვთქვათ ბრიტანული შოუს ჟიურის წევრის შეფასებაზე და დამთხვევია. ამით კმაყოფილი დავრჩენილვარ. მოფერება და ჩახუტება კადრს იქით კარგია, ნუ დავჭამთ ქართველები ერთმანეთს. საქმის დროს კი საქმე უნდა გაკეთდეს.

 

თამარ გონგაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016