მართლმადიდებლები დღეს იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოსხნასა და დასაფლავებას იხსენებენ.
წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.
მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი მზადდება, საკურთხეველში კი წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.
გარდამოხსნას პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. მოხდება ტაძარში სამჯერ შემოტარება და მას ტაძრის შუაგულში სპეციალურ სადგამზე დააბრძანებენ.
გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.
დიდ პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასქასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.