მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 14:00 საათზე, შევა და საფლავი დაიხურება. მანამდე პატრიარქს სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირები საგულდაგულოდ გაჩხრეკენ. მათ შორის - ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები.
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავლენ, მათ შორის იქნებიან მომლოცველები საქართველოდან.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში შაბათს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)