სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15:16 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლი იერუსალიმის მართლმადიდებელთა პატრიარქმა თეოფილოს III- მ გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)