საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია პარტიაში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში" შიდა განახლების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ბესელიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სახეზეა 3000-ზე მეტი ახალი წევრის განცხადება, რომლებიც პარტიაში გაწევრიანებას ითხოვენ.
„პარტიული სტრუქტურის თვალსაზრისით სიახლეები იგეგმება, მომზადდა შიდა დებულება სრულიად ახალი და საინტერესო მოდელი, რომლითაც მოხდება საოლქო სტრუქტურების გადაწყობა. ვგეგმავთ გარკვეულ სიახლეებს რაიონულ ორგანიზაციებში. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ადგილზე ჩატარდეს კონფერენციები და ადგილზევე შეირჩეს ახალი კადრები. პარტია ძლიერდება სტრუქტურულად და ევროპული ტიპის მოდელზე ხდება გადაწყობა. საინტერესოა სტრუქტურა, რომელიც არის შემოთავაზებული და რომელიც გულისხმობს იმას, რომ პარტიაში როგორც ცენტრალური, ასევე რაიონული ორგანიზაციები გადაეწყოს ახალ სქემაზე. ეს იქნება შიდაპარტიული, ორგანიზებულობის თვალსაზრისით საინტერესო პროცესი. დაახლოებით ორი-სამი თვე დავკავდებით ამ პროცესით, რომ მთლიანად მოვიცვათ მთელი პარტია, საქართველოს ყველა რაიონული ორგანიზაციის ჩათვლით და შემდეგ მოვემზადებით დიდი პარტიული კონფერენციისთვის - ყრილობისთვის. სიახლეები იქნება, ბევრი ადამიანი შეიძლება შემოემატოს, მსურველი ბევრია, 3000-ზე მეტი ახალი წევრის განცხადებაა, რომელიც ითხოვს გაწევრიანებას",- განაცხადა ბესელიამ.